"წინა ხელისუფლებამ პროვოკაციის აცილება ვერ მოახერხა" - კვირის პალიტრა

"წინა ხელისუფლებამ პროვოკაციის აცილება ვერ მოახერხა"

"კმაყოფილი ვარ, რომ  ჩვენს უახლეს ისტორიაში პირველად  ხელისუფლება დემოკრატიულად შეიცვალა"

"ფრიდონ თოდუას აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ ასეთი რამ არ აკადრონ"

"მედიცინა ძალზე სათუთი სფეროა და არ შეიძლება  ხელაღებით მსგავსი სკანდალური განცხადებების გაკეთება"

საქართველოში ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო დაწესებულებას - კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, მისი დამაარსებლისა და ხელმძღვანელის სახელით უფრო იცნობს ჩვენი საზოგადოება. თოდუას კლინიკაზე მოგახსენებთ.

მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ფრიდონ თოდუა მიუხედავად იმისა, რომ თავს პოლიტიკოსად არ მიიჩნევს, დღესაც მოიაზრება როგორც პიროვნება, რომელსაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე აქტიური გავლენა აქვს. ჩვენ მას დღევანდელობის აქტუალურ და მტკივნეულ პრობლემებზე სასაუბროდ ვეწვიეთ.

პარლამენტის  ყოფილი ვიცე-სპიკერი ფრიდონ თოდუა ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა და იმ მწვავე შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ბოლო დროს როგორც წინა ხელისუფლებასთან, ასევე მასთანაც გაჩნდა. მაინც რა შეცდომები დაუშვა წინა ხელისუფლებამ? ნანობს თუ არა ფრიდონ თოდუა პოლიტიკაში მოსვლას? უკავშირდება თუ არა წითელას გავრცელება საიდუმლო ლაბორატორიას? ამ თემებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" ფრიდონ თოდუას კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ეწვია.

- ევროპარლამენტში ივანიშვილის გამოსვლას დადებითად ვაფასებ. ამ გამოსვლით ივანიშვილმა ერთხელ კიდევ გაუსვა ხაზი, რომ არ შეცვლილა ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი - ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ სწრაფვა. ვეთანხმები ბატონ ბიძინას იმ პუნქტშიც, რომ აუცილებლად უნდა ვცადოთ ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან. მხოლოდ მოლაპარაკებით შეიძლება ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება. ვაღიარებ, რომ 2008 წლის ომი ჩვენთვის ნამდვილად ტრაგედია იყო. ის, რაც მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის, არ უნდა მომხდარიყო.

- როცა პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყავით, მაშინ თუ განაცხადეთ ეს?

- ბევრჯერ მითქვამს ხელისუფლებისთვისაც და პრესაშიც დამიწერია. მთავარი შეცდომა იყო ის, რომ ვერ ავიცილეთ თავიდან პროვოკაცია. ამის გამო სრული სიგრძე-სიგანით ვიწვნიეთ ომის საშინელება. დაიღუპა ხალხი, დავკარგეთ ტერიტორია. გზების ძიება ურთიერთობის აღსადგენად არასოდეს არის გვიან.  ცხადია, ერთ დღეში ეს ვერ მოხერხდება. ამას გეუბნებით კაცი, რომელმაც 25 წელი იცხოვრა და იღვაწა რუსეთში და ახლა ყველა დამსახურების მიუხედავად, ამ ქვეყანაში წასასვლელად ვიზა სჭირდება.

- ზოგს მიაჩნია, რომ ევროპარლამენტში ბიძინა ივანიშვილი რუსეთისადმი უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო...

- ნებისმიერი კრიტიკა საფუძვლიანი უნდა იყოს და არა პოპულიზმზე აგებული.  მინდა ვთქვა, კმაყოფილი ვარ, რომ  ჩვენს უახლეს ისტორიაში პირველად  ხელისუფლება დემოკრატიულად შეიცვალა. იმედია, საპრეზიდენტო არჩევნებიც ასევე მშვიდად ჩაივლის.

- გასულ კვირას უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა გია ხუბუამ სკანდალური განცხადება გააკეთა. თქვა, რომ ხელისუფლებამ შეთითხნილი ბრალდებითა და მუქარით აიძულა, რექტორის თანამდებობა დაეტოვებინა. მისი განცხადებით, ზეწოლასა და მუქარაში თქვენც მონაწილეობდით.

- ვიღაცის დადანაშაულება ფაქტების საფუძველზე შეიძLლება, რომ მერე ბოდიში არ ვიხადოთ და საზოგადოება ჩვენი მერკანტილური ინტერესების გამო შეცდომაში  არ შევიყვანოთ.

მე, როგორც აკადემიური საბჭოს  წევრი,  ვიცნობდი ბატონ გიას. ერთ დღეს ტელევიზიით შევიტყვე, რომ დააპატიმრეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედებოდა უნიკალური წიგნების გატანა და ბიბლიოთეკის გაძარცვა. როგორც გავიგე, ამბობდა, რომ ამას გია ხუბუას დავალებით აკეთებდა. მხოლოდ ამ ინფორმაციის საფუძველზე ვურჩიე ბატონ გიას, გადამდგარიყო, რადგან ბრალდება მართლაც მძიმე იყო და მან თავად მიმართა აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით. ეს არავის დავალებით არ გამიკეთებია. ეს გახლდაც ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია.

- ხუბუამ  პირდაპირ თქვა, ფრიდონ თოდუამ მითხრა, სათვალიანი მოითხოვს, რომ  თანამდებობა დატოვოო. სათვალიანს კი, როგორც ვიცით, ადეიშვილს ეძახდნენ.

- არ მჩვევია ადამიანებზე, მით უფრო, საზოგადოებაში, ამგვარი ფამილიარული მეტსახელებით საუბარი. ვინც მიცნობს, მიხვდება, რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის. ადეიშვილი მე ვერაფერს დამავალებდა. უფრო მეტიც, ფრიდონ თოდუას აქვს იმდენი ავტორიტეტი, რომ ასეთი რამ არ აკადრონ. უცნაური ის არის, რომ იმ ამბების შემდეგ ბატონ გიასთან რამდენჯერმე მქონდა გულთბილი შეხვედრა და მას ჩემთვის საყვედური ან რაღაც ამდაგვარი არ უთქვამს. ახლა რაში დასჭირდა ეს ყველაფერი, არ ვიცი. როცა პირადად ვნახავ, აუცილებლად გავარკვევ.

- ბატონო ფრიდონ, ხომ არ ნანობთ, რომ თავის დროზე პოლიტიკაში იყავით?

- არა ვარ პოლიტიკოსი, მე ექიმი ვარ, მაგრამ ჩემი მშობლიური ქალაქიდან მთხოვეს მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭი მეყარა. პრეზიდენტმაც მთხოვა.  ვფიქრობ, ზუგდიდელებისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთე და არცთუ ურიგო მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი. ისინი დღესაც მაკითხავენ, როცა რამე დასჭირდებათ და კმაყოფილი ვარ, როცა დახმარება შემიძლია. ექიმის ვალიც ხომ ესაა.…ასე რომ, არაფერს ვნანობ.

ამ ხნის მანძილზე უამრავ ადამიანს  გავუწიეთ სამედიცინო დახმარება. განა ეს საქმე არ არის? 32 სმენადაკარგულ ბავშვს უფასოდ გავუკეთეთ ოპერაცია.…იმ ყველაფრისთვის, რაც კარგი გაკეთდა, ხელაღებით ხაზის გადასმა არ ივარგებს. თუმცა ვიცი, რომ დეპუტატობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხს დაეხმარო. არა ვარ დეპუტატი, მაგრამ მაინც მოდის ხალხი, ვეხმარები როგორც შემიძლია, ვშუამდგომლობ იქ, სადაც ხელი მიმიწვდება.

ამ ოთხი წლის განმავლობაში რაღაცნაირად მოწყვეტილი ვიყავი ინსტიტუტსაც, მეცნიერებათა აკადემიასაც. ახლა დავუბრუნდი, რადგან მეცნიერება, ავადმყოფის მკურნალობა ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო.

- საყოველთაო დაზღვევის პროგრამას როგორ აფასებთ?

- იდეალური შედეგი საყოველთაო დაზღვევის ამოქმედებას ასე ერთბაშად არ შეიძლება მოჰყვეს და ამას არც უნდა ველოდოთ. მიუხედავად ამისა, ეს აუცილებლად გასაკეთებელია, თუნდაც სოციალურად დაუცველი და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის, რადგან ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა და ეს არ გახლავთ რიტორიკა. ჯანდაცვას დიდძალი ხარჯი სჭირდება და თუ ქვეყანას უნდა, რომ ცივილიზებული იყოს,  მის ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს ეს სიკეთე.

- ბოლო დროს  წითელას ეპიდემიამ იფეთქა. თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი?

- წითელა მწვავე ინფექციური, ვირუსული დაავადებაა და ძნელია თქმა, რა გახდა მისი გავრცელების მიზეზი. ასეთი რამ ხდება პერიოდულად. მიზეზი ზოგჯერ არის ბუნებაში მიმდინარე პროცესები, როგორიცაა, ვთქვათ, მუტაცია დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებში, რაც ახალი შტამების გაჩენასა და მათი ვირულენტობის გაზრდას იწვევს, გეგმურ ვაქცინაციაზე მოსახლეობის უყურადღებობა ან სულაც შეგნებულად უარის თქმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა ამირან გამყრელიძემ ტელევიზიით გამოსვლისას პირდაპირ დაადანაშაულა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იმაში, რომ რამდენიმე წლის წინ მათმა უპასუხისმგებლო განცხადებებმა შემოტანილი ვაქცინების თითქოსდა უხარისხობისა და სიცოცხლისთვის მავნებლობის შესახებ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია და გავლენა იქონია ვაქცინაციის ჩავარდნაზე.

- მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი სილვერმანმა განაცხადა, რომ საქართველოში, აეროპორტთან ახლოს, არის ლაბორატორია, სადაც H1N1 ვირუსის, წითელას, ჯილეხის გამომწვევ ბაქტერიებს ქმნიან. რას ფიქრობთ ამაზე?

- მედიცინა ძალზე სათუთი სფეროა და არ შეიძლება ასე ხელაღებით მსგავსი სკანდალური განცხადებების გაკეთება. თქვენ რომ ლაბორატორიაზე ბრძანებთ, ეს გახლავთ ამ განსაკუთრებით საშიშ დაავადებებთან ბრძოლის ლაბორატორია. Aაქ არ იქმნება ვირუსები, პირიქით, აქ ბიოლოგიური საფრთხის თავიდან აცილების მიზნით მათი გამოვლენა და გაუვნებლება ხდება.

- თქვენ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკა თანამედროვე აპარატურით აღჭურვეთ და ქართველი სპეციალისტები უცხოეთიდან დააბრუნეთ. თქვენმა მცდელობამ  გაამართლა?

- საქართველოში ჩამოსვლის დღიდან კადრების მომზადება დავიწყე, ამას თითქმის 20 წელიწადი ვაკეთებდი. მეამაყება, რომ პირადად ჩემი ხელშეწყობით არაერთი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმი დაბრუნდა სამშობლოში. რამდენიმე წლის წინ საფრანგეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა ონკოგინეკოლოგი მოვიდა ჩემთან სურვილით, დაბრუნებულიყო საქართველოში. მანამდე არაერთ კლინიკაში ყოფილა, მაგრამ ვერავინ გაბედა ინვესტიციის ჩადება. დღეს ის თავისი დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ბელორუსიდან ჩამოვიდა თენგიზ გუგეშაშვილი, შესანიშნავი ქირურგი. მათ უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი იცნობს. ჩემი აზრით, ექიმისთვის ყველაზე დიდი რეკლამა განკურნებული ადამიანები არიან. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი ინსტიტუტი ლიდერია დღეს საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებათა შორის როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე პრაქტიკული საქმიანობით და სამეცნიერო პოტენციალითაც.

ახლახან სამგანზომილებიანი ლაპარასკოპიული აპარატი შევიძინეთ, რომლის მსგავსიც ჯერჯერობით პოსტსაბჭოთა ქვეყნის კლინიკებში არა აქვთ.

შეუძლებელია საქმეში ამგვარმა მიდგომამ არ გაამართლოს.

- თქვენი კლინიკის დერეფნებში ძვირად ღირებული  ნახატებია გამოფენილი. რატომ ან ვისთვის შექმენით ეს კოლექცია?

- პაციენტს კლინიკაში შემოსვლისთანავე მძიმე გარემო არ უნდა დახვდეს. აქ გამოფენილია კალანდაძის, ნიჟარაძის, ხერკილაძის, ჯაფარიძის, აბულაძის, მატუაშვილის, თორდიას და სხვათა ძვირად ღირებული ნახატები. ჩვენ გვაქვს მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებებიც. ბევრ ადამიანს ამ ნამუშევრების  გაცნობის საშუალება ჩვენს კლინიკაში ეძლევა, რაც დადებით ემოციურ ფონს ქმნის.

საერთოდ, ერთი ნაკლი გვაქვს ქართველებს - ერთმანეთის დაფასება არ ვიცით, სათანადო პატივს ვერც  ხელოვანებს მივაგებთ და ვერც სახელოვან მეცნიერებს, რაც გულდასაწყვეტია. მეტი ყურადღება სჭირდება ჩვენს ინტელიგენციას, ვინც ჩვენი ქვეყნის სახეს ქმნიდა და დღემდე მოიტანა ქართული კულტურა, ქართული ტექნიკური აზროვნება თუ ხელოვნება. მე ჯერ კიდევ სამედიცინო ინსტიტუტში მაზიარეს ჩემმა დიდმა პედაგოგებმა ერთ დიდებულ ჭეშმარიტებას - ყოველი ადამიანის წარმატების საუკეთესო შეფასება მის მოწაფეებშია, ხოლო მისი ადამიანობის საზომი კი ის, თუ როგორ მიაგებს პატივს იგი მასწავლებლებს.

ჩემთვის მართლაც უზომო სიამაყის საგანია ჩემი მოწაფეები, რომლებიც დღეს წარმატებული ექიმები და არანაკლებ წარმატებული პედაგოგებიც არიან.

ყველას გვინდა მშვიდ, ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება. ამიტომ ნუ დაგვავიწყდება, რომ სახელმწიფოს განვითარების უპირველესი კრიტერიუმი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის განათლებაზე ზრუნვაა. ცხადია, ნებისმიერ მოქალაქეს სურს ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისცემს საშუალებას იცხოვროს, იმუშაოს, ჰქონდეს ხელშეუხებლობის გარანტია და ეამაყებოდეს საქართველოს მოქალაქეობა და კიდევ, რომ ამ გარდაქმნებს ჰქონდეს ცივილიზებული, სახელმწიფოს საკადრისი ფორმა. თუ გვინდა ევროპის განვითარებული ქვეყნების გვერდით დგომა, უპირველესად ჩვენი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დონე უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. ამისათვის კი თავდაუზოგავი შრომა, ერთმანეთის გვერდით დგომა, პატივისცემა და მეტი შემწყნარებლობაა საჭირო.