5 მაისს, აღდგომა ღამეს წაიყვანა უფალმა ფიროსმანი მიწიერი საქართველოდან!
06-05-2013
5 მაისს, აღდგომა ღამეს წაიყვანა უფალმა ფიროსმანი მიწიერი საქართველოდან!
ნიკალას დაკრძალვაზე სულ სამი კაცი ყოფილა  და მათაც მალე დავიწყებიათ მხატვრის სამარე

ჭეშმარიტი მხატვრის ყოველი ქმნილება მისი სულის ტვიფარი და ანაბეჭდია. შესცქერი ფიროსმანის ნახატებს და განცვიფრებული რჩები - რამდენ ხანს "აქანავა წუთისოფელმა თავის ზვირთებში და მაინც ვერ დანთქა, მაინც ვერ სძლია; ისევ იმ ნიკალად დარჩა, ნაზი, ფაქიზი სულის ადამიანად".

7-8 წლისა დაობლებულა და ვინმე ქალანთაროვის ოჯახს სამადლოდ გამოუზრდია. პატარა ნიკო ძალზე გონიერი ყმაწვილი ყოფილა, ჰყვარებია კითხვა
და ხატვა. უაღრესად პატიოსანსა და ერთგულს შეძლებული ქალანთაროვები ხშირად ანდობდნენ ოჯახს - ნიკოს ხომ ნივთიერი სიკეთე არ აინტერესებდა. როგორც კი თავისუფალ წუთს მოიხელთებდა, ან ხატავდა, ან ოცნებას მიეცემოდა. ოცნებით კი, ვინ იცის, რაზე ოცნებობდა...

როცა წამოიზარდა, სტამბის საქმის შესასწავლად მიაბარეს, მაგრამ დიდხანს ვერ გაძლო. უთქვამს, მე იქ ყოფნა არ
შემიძლია, ერთი მუშისგან სულ გარყვნილი სიტყვები ისმისო. რომ დავაჟკაცდა, რკინიგზაზე კონდუქტორად მოეწყო, მაგრამ მძიმე სამუშაოს დაუავადებია და 2 წლის შემდეგ გათავისუფლება უთხოვია... რკინიგზაზე ცოტაოდენი ფული მიუციათ და საქმე წამოუწყია - ვერის დაღმართზე (იქ, სადაც ახლა ე.წ. მელიქ-აზარიანცის სახლია) რძის დუქანი გაუხსნია. შეამხანაგებია დიმიტრი ალუღაშვილს, მისთვის ბავშვიც მოუნათლავს. მერე კი... ყველა ერთმანეთს აბრალებდა ნიკალას გაკოტრებას. დიმიტრი იფიცებოდა, მე ბრალი არ მიმიძღვის, დამ ბანკიდან ფული გამოატანინა, ფქვილი აყიდვინა, ქიზიყში შიმშილობაა და კარგ ფასად გაგიყიდითო, სოფელში წამოდი და ცოლს შეგრთავთო...
ნიკო ბავშვივით მიმნდობი იყო, უფროს დას როგორ არ დაუჯერებდა! დამ და სიძემ კიდევ, მირზაანში ჩატანილი ფქვილი ჩალის ფასად გაუყიდეს და ფული შეუჭამესო.

არც ქალი მოსწონებია, ქორწილის თუ ნიშნობის სუფრიდან გამოქცეულაო... სხვები კი ამბობდნენ, ნათლიმამამ უღალატა ნიკალას, მაგან გამოსჭრა ყელიო.

ან ნიკალასგან რა ვაჭარი გამოვიდოდა - ვისაც რა დასჭირდებოდა, ნისიად მიჰქონდა. იმიტომაც იყო, "ნეტარი ნიკალა" რომ შეარქვეს დაცინვით... შემდეგ ოთახი დაიქირავა ვერაზე და რამდენიმე მხატვართან ერთად სახელოსნო გახსნა, მაგრამ მათი ამხანაგობა დიდხანს არ გაგრძელებულა.  
უწყინარი ყოფილა, პატიოსანი, დაუზარელი, თუმცა ამაყი, თანაც ისეთი ამაყი, ხუმრობით "გრაფს" ეძახდნენ თურმე... ხატავდა და ხატავდა. ვაგზლის არემარეზე დუქანი არ იყო, ნიკალას ხელით რომ არ ყოფილიყო მოხატული. ზოგ ნახატში ფულს უხდიდნენ, ზოგში - პურმარილს გაუშლიდნენ, ზოგი კი სულაც არაფერს აძლევდა. სიღარიბე თანამგზავრად ექცა...

ფულს, რომც ჰქონოდა, ჯიბეში არ იჩერებდა. თვითონ ღატაკი უკანასკნელ გროშსაც გლახაკს მისცემდა. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო, იტყვიან... "მალიარ" ნიკალას სამშობლოში კარგა ხანს აგდებით უყურებდნენ. იგი, როგორც მხატვარი, პირველად ფრანგ ხელოვანს ლე დანტიუს აღმოუჩენია, შეუძენია მისი რამდენიმე ნამუშევარი და თავის ქვეყანაში გამოუფენია. დიდი წვლილი მიუძღვით ფიროსმანის ნახატების გადარჩენაში ძმებს ილია და კირილ ზდანევიჩებს, რომლებიც შემთხვევით წასწყდომიან და ერთი ნახვით მოხიბლულან. მათაც შეუძენიათ რამდენიმე სურათი და პეტერბურგში გამოუფენიათ, რასაც დიდი გამოძახილი მოჰყოლია.

1916 წელს მხატვარმა და საზოგადო მოღვაწემ, დიმიტრი შევარდნაძემ  "ქართველ მხატვართა საზოგადოება" შექმნა და ნიკალაც მიიწვია (ამან თურმე ფრიად განაცვიფრა და აღაშფოთა მისი მეგობრები). დიმიტრის ნიკალას სურათების შეგროვება დაუწყია. ვიღაცას 4.000 მანეთი შეუწირავს და ამით ნიკოს 20 ნახატი შეუძენია (მიკიტნები ძნელად ელეოდნენ სურათებს, თუმცა თავს იმშვიდებდნენ, ნიკო უკეთესს დაგვიხატავსო...).

მწერალი და პუბლიცისტი გრიგოლ რობაქიძეც აღფრთოვანებით საუბრობდა ფიროსმანზე - იმ ხანებში ილია ზდანევიჩმა ნიკალას ნახატების ერთდღიანი გამოფენა გამართა თავის სახლში და ეტყობა, ამას ეხმიანებოდა. გამოფენაზე დიდძალი ხალხი მისულიყო. უმეტესობა, თურმე, კიცხავდა ზდანევიჩს "მაყურებელთა მოტყუებისთვის". აღმოჩნდნენ ნიკოს დამცველნიც, მაგრამ უფრო მეტნი იყვნენ "კეთილშობილურად აღშფოთებულნი".

გაზეთ "სახალხო ფურცლის" დამატებაში ნიკოს კარიკატურა გამოუჭიმავთ: ღარიბულად ჩაცმული, ფეხშიშველა ფიროსმანი ჟირაფს ხატავს, გვერდით გრიგოლ რობაქიძე უდგას და არიგებს: "უნდა ისწავლო, ძმობილო... შენს ასაკში მყოფს კიდევ ბევრის შექმნა შეუძლია... ერთი 10-20 წლის შემდეგ კარგი მხატვარი გამოხვალ... აი, მაშინ გაგგზავნით ახალგაზრდების გამოფენაზე..."

საწყალ ნიკალას ეიმედებოდა, ეგებ ვინმე მადლიანი გამოჩნდეს, რომ ჩემი საყვარელი ხელობით ლუკმაპურის შოვნაში დამეხმაროსო, მაგრამ იმათ, ვისი იმედიც ჰქონდა, მასხრად აიგდეს. გულს ისიც უკლავდა, რომ ამ კარიკატურის ავტორად გიგო ზაზიაშვილს ამბობდნენ, იმ გიგოს, ვისთანაც ერთად ადრე სამხატვრო სახელოსნო ჰქონდა გახსნილი. რაღა ვთქვა ახლა, რიღას იმედით უნდა იცხოვროს ადამიანმაო, - დაუკვნესია...

ომი მძვინვარებდა, ყველას თავისი გასჭირვებოდა; თვით ვაჟა-ფშაველა შიმშილმა და უყურადღებობამ დააავადა და მოკლა, ნიკალასთვის ვინღა მოიცლიდა... ეგ კი არა, მეგობარს, ბეგო იაქიევს რომ არ შეეფარებინა, ღამის გასათევიც არ ჰქონდა.

1918 წელს თბილისს "ისპანკის" ეპიდემია მოედო. ქალაქში წამალი აღარ იშოვებოდა. გახშირდა სიკვდილიანობა. ნიკოც გატეხა ავადმყოფობამ, შიმშილმა, სიცივემ, კიბის ქვეშ, ბნელ სარდაფში გდებამ... დაუდგა ამ ცხოვრებიდან, დიდი მწუხარებიდან, დიდი ტკივილიდან სასუფეველში გადასვლის ჟამი. 1918 წელს, 5 მაისს (ახალი სტილით), აღდგომა ღამეს წაიყვანა უფალმა მიწიერი საქართველოდან. "მე ჩემ საქართველოდამ არ წავალო", - უთქვამს ერთხელ. ვსასოებთ, რომ იქ, ზეციურ საქართველოში, შეიწყნარა მაცხოვარმა, რამეთუ, როგორც ღირსი მამა პორფირიოსი ბრძანებს: "ქრისტეს არ სურს, თავის გარშემო სქელკანიანი ადამიანები შემოიკრიბოს, ნაზები და მგრძნობიარენი ურჩევნია... წმინდანი-პოეტები..."

ნაცნობმა მეეტლემ უპატრონა თურმე გარდაცვლილს, წესი აუგიათ და პეტრე-პავლეს ეკლესიის სასაფლაოზე დაუკრძალავთ. სულ სამი კაცი ყოფილა მის დაკრძალვაზე და მათაც მალე დავიწყებიათ მხატვრის სამარე.
"margali"-s
10 მაისი 2013 13:44
ძვირფასო "მარგალი", რატომ გამოეყოფი ქართველებს ასეთი სტატიების კომენტარებში? დარწმუნებული ვარ, რაიმე საამაყო რომ დაეწერად, მაშინ პირველ პირში დადებდი გულზე მჯიღის ცემით კომენტარებს...
sofio
07 მაისი 2013 18:45
ესეთი ფაქიზი სულის და სუფთა ადამიანებს, მითუმეტეს გენიოსებს მუდამ ასე ექცეოდნენ ექცევიან და მოექცევიან მომავალშიც,სამაგიეროდ სიკვდილის შემდეგ განადიდებენ და დააფასებენ მის ღვაწლს,კაცობრიობა არ იცვლება,ბატონო ,,მარგალი "!ეგ მარტო ჩვენი პრობლემა არ არის,ბევრი გენიოსი გაუწირავთ შიმშილით სიკვდილისთვის და სიმარტოვისთვის თანამედროვეებს,გოგენი, გნებავთ მოცარტი,თუსხვა ,ასე რომ თვენ თუ ქართველების მიმართ ბოღმა გაწუხებთ ქვენს თავს მიხედეთ თორემ მართლა გაგინებთ ბევრი,თანაც მესამე პირში!
sofio
07 მაისი 2013 18:45
ესეთი ფაქიზი სულის და სუფთა ადამიანებს, მითუმეტეს გენიოსებს მუდამ ასე ექცეოდნენ ექცევიან და მოექცევიან მომავალშიც,სამაგიეროდ სიკვდილის შემდეგ განადიდებენ და დააფასებენ მის ღვაწლს,კაცობრიობა არ იცვლება,ბატონო ,,მარგალი "!ეგ მარტო ჩვენი პრობლემა არ არის,ბევრი გენიოსი გაუწირავთ შიმშილით სიკვდილისთვის და სიმარტოვისთვის თანამედროვეებს,გოგენი, გნებავთ მოცარტი,თუსხვა ,ასე რომ თვენ თუ ქართველების მიმართ ბოღმა გაწუხებთ ქვენს თავს მიხედეთ თორემ მართლა გაგინებთ ბევრი,თანაც მესამე პირში!

რედაქტორის რჩევით