"ლეხ კაჩინსკი და ჯონ მაკკეინი... დავათვრე!" - კვირის პალიტრა

"ლეხ კაჩინსკი და ჯონ მაკკეინი... დავათვრე!"

გრან-პრის მფლობელი  ჯორჯია, "წინანდალი"!

ხალხურ სიმღერას გურამ ურჩუხიშვილი ბავშვობაში ეზიარა და მისი პროფესიულ სცენაზე შესრულების სურვილი ანსამბლ "წინანდალში" აისრულა. 25 წლის განმავლობაში თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა მოიარა. კახეთში ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებელი გამორჩეული თამადაცაა და სუფრასთან პოლონეთის ექსპრეზიდენტისა და ამერიკელი კონგრესმენის დათრობა ღვინით თუ ვერა, სიმღერით მაინც შეძლო...

- სიმღერის ნიჭი ჯიშად გამოგვყვა - ზაქარა პაპა "ოროველას" რომ შემოსძახებდა, მთელი სოფელი გატრუნული უსმენდა. რადიოთი ცნობილი თელაველი ლოტბარის, ფირუზ მახათელაშვილის შესრულებით "ურმულსა" და "წინწყაროს" რომ ვუსმენდი, მეც მინდოდა მემღერა. ეს სურვილი ლევან აბაშიძემ ამისრულა - 80-იან წლებში წინანდალში ხალხური სიმღერის ანსამბლი "წინანდალი" ჩამოაყალიბა. მახსოვს, მე და ახლა უკვე ანსამბლის სოლისტ დათო გაგანაშვილს გვკითხა, "შემოძახილს" თუ იმღერებთო... მას შემდეგ 25 წელია, ჩოხა არ გაგვიხდია.

80-იან წლებში პროფკავშირმა კუბაში გაგვგზავნა. კონცერტები ღია ცის ქვეშ, სანაპიროზეც კი გვქონდა. ცნობილ ვარადეროზეც მოვხვდით. კარიბის ზღვის ლილასავით ლურჯი წყალი, თეთრი ქვიშა და სამეფო პალმები საოცარ ფონს ქმნიდა. ანსამბლში კონდოლელი ჯემალ მამუკელაშვილი გვყავდა. კონცერტის დაწყებამდე ვარადეროს პლაჟზე ვართ წამოწოლილი, თავი სამოთხეში გვგონია და უცებ  ტოტებიანი ტრუსით წამომადგა თავზე და როხროხა ხმით დამძახა, - ჯო, აქ მთელი წელი ეგრე ცხელა? წამოვიწიე და - ეგრეა, ნოემბერში თითქმის 30 გრადუსია, იანვარში კი 20-25 მაინც-მეთქი. მა ეს შობელძაღლები ღორებს როდისღა კლავენო, - მხრები აიჩეჩა და გამშორდა.

ჰავანაში საბჭოთა ჯარისკაცების საფლავის გვირგვინით შემკობის ცერემონიალს დავესწარით. მწყობრი ნაბიჯით მიდიოდნენ, მათში რამდენიმე შავგვრემანი გამოვარჩიეთ. ქართველები აღმოჩნდნენ. ხომ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, დედამიწის მეორე ნახევარსფეროზე შენს თანამემამულეს რომ შეხვდები... ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი რომ გაიგეს, გვთხოვეს, იმღერეთ, ჩვენი ქართული გაგვაგებინეთო. მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და დიდიან-პატარიანად ყველა ერთი ადგილისკენ დაიძრა - ფიდელ კასტროს სანახავად მირბოდნენ. თურმე კასტრო ყოველი წლის 7 ნოემბერს საბჭოთა ჯარისკაცების საფლავს გვირგვინით ამკობდა...

ერთხელ გერმანიის ქალაქ ბიბერახში დიდხანს მოგვიწია დარჩენამ. მე და ჩვენი ანსამბლის წევრი ლევან ლაშხი მასპინძელ ოჯახში, ფანჯარასთან ვიდექით და წვიმიან ქუჩას გავყურებდით, რომ ჩვენი მასპინძელი გერჰარდი შემოვიდა ლამაზად შეფუთული ორი პარკითა და დამტვრეული ქართულით გვითხრა, - შენი ცოლი, შენი დედაო.  ერთმანეთს გადავხედეთ და სიცილი აგვიტყდა.  თურმე, მის ქართველ მეუღლეს დაუბარებია, - ეს საჩუქრები სათითაოდ გადაეცი და უთხარი, ერთი ლევანის მეუღლისთვის არის, მეორე - გურამის დედისთვისო...

2003 წელს წინანდალს ინგლისელი ქალბატონი სტუმრობდა, ჩვენი სიმღერები რომ მოისმინა, ფესტივალზე მიგვიწვია, რომელიც უელსის პრინცმა გახსნა. პირველი სიმღერა ლუჩანო პავაროტიმ შეასრულა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილი ასობით შემსრულებელი დადიოდა ლანგოველის ქუჩებში. საქართველოდან კი მხოლოდ ჩვენ ვიყავით. დასრულდა საკონკურსო გამოსვლები და ჟიურის შეფასებას ვისმენთ - მესამე ადგილი ინდოეთი, მეორე - სარდინია, პირველი... და ამ დროს სადღაც, თითქოს ბუნდოვნად ჩაგვესმა: "ჯორჯია," "წინანდალი". ბიჭები ერთმანეთს ვუყურებთ, გვესმის და თითქოს არც გვესმის. ამ დროს ჩვენმა თანმხლებმა ქალბატონმა, რომელიც ლონდონში საქართველოს ბიზნესისა და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობაში მუშაობდა, კივილით და ხელის ქნევით სცენისკენ მიგვიხმო: - ბიჭებო, მოდით, გრან-პრი და პირველი ადგილი თქვენიაო. ამ ამბავმა ჩვენს ანსამბლს ერთგვარი გვირგვინი დაადგა.

- თქვენ აღიარებული თამადა ბრძანდებით.

- ადრე ვფიქრობდი, გაშლილი სუფრა იყოს და განსაკუთრებული არაფერი უნდა-მეთქი, მაგრამ ასე არ ყოფილა. ერთ თამადობას მეორე მოჰყვა და... ახლა უკვე ბევრისთვის არქაული კანონი ძნელად ასატანი გახდა - ტექნიკური პროგრესის საუკუნეში სადღეგრძელო ლაკონიურად უნდა თქვა. თან ისე, სიძველის ეშხი არ დაუკარგო. თამადობის დროს გულწრფელი ვარ, არაფერს ვგეგმავ, თავისით მოდის. ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად ვყოფილვარ სუფრასთან, პოლონეთის აწ განსვენებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან, ამერიკელ კონგრესმენ ჯონ მაკკეინთან, მაგრამ ისინი ღვინით კი არა, სიმღერით დავათვრე.

- გაქვთ გამორჩეული სადღეგრძელო?

- რა თქმა უნდა, სიკეთის... ამქვეყნად ყველა ადამიანი სიკეთისთვის არის მოწოდებული. სიკეთე არასდროს იკარგება, თუ ის უანგაროდ, უშურველად, გულის კარნახით მოდის. როდესაც ყველა ადამიანი შეიგნებს, რომ ბოროტება გულშიც არ უნდა გაივლოს, მაშინ დაისადგურებს დედამიწაზე ჰარმონია. მაშ, ამ ქვეყნიერებაზე სიკეთეს გაუმარჯოს, სიმდიდრეზე მეტი სიკეთე მოგვანიჭოს ღმერთმა, რომ უშფოთველად და ლამაზად გავლიოთ წუთისოფელი...

გურამ სოზაშვილი