"სულ ვიმეორებ, სიკვდილო, არ მოგიშვებ ჩემს შვილებთან! და ისიც მიდის"
06-05-2013
"სულ ვიმეორებ, სიკვდილო, არ მოგიშვებ ჩემს შვილებთან! და ისიც მიდის"
"ჩემი ნება რომ იყოს, დროს შევაჩერებდი, ჩემს შვილებს ასე დავტოვებდი, როგორც არიან"

არმაზში წასასვლელად ძალიან დიდხანს ვიკრებდი ძალას, რომ სადაც მივდიოდი, იქ ყოფნისთვის გამეძლო - რამდენიმე თვის წინ გიგა და მარიამ ზარიძეებზე ჩემი კოლეგის, იზო რიკაძის სტატიას თავზარდაცემული ვკითხულობდი "კვირის პალიტრაში" - როგორი წასაკითხია, დედას ორი პატარა შვილი ჰყავდეს, უყურებდეს და ყურში გამუდმებით ექიმის ხმა ჩაესმოდეს, - ესენი დიდხანს ვერ იცოცხლებენო...

როცა ვიწრო ერთოთახიან ბინაში შევედი და ეტლში 7 წლის
მარიამის დაგრეხილი სხეული, დეფორმირებული პატარა ხელები, მკერდზე და ზურგზე ამობურცული ძვლები დავინახე, სიკვდილი ვინატრე.  თავდაპირველად გოგონას თვალს ვერ ვუსწორებდი და მხოლოდ მის ძმას ვუყურებდი, რომელსაც ერთი შეხედვით დეფორმაცია არ ეტყობოდა. მაგრამ როგორც კი  დაბალ მაგიდაზე დაყრდნობილმა გიგამ სამიოდე ნაბიჯი ფეხების ჩოჩებით გადადგა, თვალთ დამიბნელდა. მარიამის
პატარა, უღონო ხელებმა მიხსნა, იმ ხელებმა, რომლებიც წყლიან ჭიქასაც კი ვერ იღებენ. მივეფერე და ისეთი სითბო ვიგრძენი, მივხვდი, რა აძლევს მის დედას ბელა უბილავას ძალას, არაადამიანური სიმამაცით ებრძოლოს შვილების სიკვდილს. მან ეს ბრძოლა ასე აღმიწერა: - იცი, როგორ ვებრძვი სიკვდილს? სულ ვიმეორებ: სიკვდილო, არ მოგიშვებ ჩემს შვილებთან! და ისიც მიდის.

- როგორ დაგეწყოთ ეს უბედურება?

- მარიამი რომ გამიჩნდა, ანგელოზს ჰგავდა. შვიდი თვიდან დაეტყო ცვლილება - სხვა ბავშვებით აქტიური არ იყო. ექიმებმა - მაგის დაავადებას სპინალური ამიოტროფია ჰქვიაო, მაგრამ არ განმიმარტეს ეს რას ნიშნავდა, - მეორე ბავშვზე ორსულად ვიყავი და, ჩანს, დამინდეს. მარიამს დავცქეროდი და ვხედავდი, დღითიდღე როგორ ეცვლებოდა სხეული, გულში ვიხუტებდი და ვპირდებოდი, - ნუ გეშინია, დედა აუცილებლად დაგეხმარები-მეთქი. ამასობაში გიგაც დაიბადა. გიგაზეც იგივე მითხრეს, - ეს გენეტიკური დაავადებააო... ამის გაგონებაზე სივრცე თითქოს ყინულმა დაფარა.  მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მითხრეს ექიმებმა, ეს რაც იყო, - ასეთი ავადმყოფობის დროს ბავშვი ვერ გაივლის, ორგანიზმში ყველა კუნთი განელევა, სასუნთქი გზები ჩაეკეტება, სხეული დაუმახინჯდება და მოკვდებაო. მე ინტერნეტში ამ სენით დაავადებულთა სურათები მოვძებნე, დავაკვირდი, ბოლო სტადიაში როგორ აქვთ ავადმყოფებს კანი ძვლებზე გადაკრული და ვთქვი, - მე ვიცოცხლებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები ვაცოცხლო-მეთქი.

ჩემი ნება რომ იყოს, დროს შევაჩერებდი, ჩემს შვილებს ასე დავტოვებდი, როგორც არიან. მაგრამ  რაც დრო გადის, უფრო და უფრო ცუდად ხდებიან. ექიმმა მითხრა, ჩვენ რომ ტრაქეა სწორი გვაქვს, მარიამს სამკუთხედივით აქვს მოქცეულიო. საკმარისია ვირუსი შეხვდეს, რომ ფილტვებში ნახველი უგროვდება და იხრჩობა. ამ დროს  მხოლოდ მე შემიძლია დავეხმარო, როცა პირს არ გამიღებს, მაშინაც კი პლასტმასის ზონდს ცხვირიდან ფილტვებში ვუშვებ, რომ ნახველი ამოვწოვო და შვილი დახრჩობას გადავრჩინო. ამ დაავადების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, შევძლებ და შვილებს გადავარჩენ.

- როგორ?
- ერთ ამბავს მოვყვები. წელს, იანვარში, ორივეს ვირუსი შეეყარა და იაშვილის საავადმყოფოში გადავიყვანე. გიგა ნაკლებადმძიმედ იყო და - პალატაში დააწვინეს. მარიამი - რეანიმაციაში 15 დღე აპარატზე იყო მიერთებული.  და ერთ დილას რომ მითხრა ექიმმა, - შენი შვილის გადარჩენის შანსი არ არსებობსო, წამოვიძახე - თუ თქვენ ვერ გადაარჩენთ, ღმერთი გადაარჩენს-მეთქი და არმაზში წამოვედი. აქ ჩემი სახლიდან წმინდა ნინოს მონასტრამდე კილომეტრნახევრიანი გზაა. ამ გზას ჩოქვით გავყევი. ბნელი ღამე იყო, მაგრამ შემხვედრი მანქანების შუქი მინათებდა. მეორე დღეს, როცა წმინდა გაბრიელის საფლავზეც მივედი, მაშინღა ვნახე რომ  მუხლები დასისხლიანებული  და დაჩეჩქვილი მქონდა. სწორედ ამ დროს დამირეკეს, - მარიამის მდგომარეობა  დასტაბილურდაო. გადარჩა ჩემი შვილი.
თვალები რომ გაახილა, სიცოცხლეში თავი რომ არასოდეს აუწევია, მაშინ წამოწია და სანთლები ერთი სულის შებერვით ჩამიქრო. მოძღვარი მოვიდა, - მარიამმა უკვე მოიარა ის ქვეყანა და უკან დაბრუნება ძალიან ძნელად მოახერხაო.

ღამით არასოდეს მძინავს, ჩემი შვილები დეფორმაციის გამო ერთ ადგილას ვერ ჩერდებიან, ყოველ თხუთმეტ წუთში გვერდი უნდა ვუცვალო და ამ დროს მარიამის ხმა მესმის, - დედა, ძალიან ხომ არ გაგაწვალეო... ამას წინათ ხატებთან ვიდექი და მთხოვა, - დედა, სთხოვე ღმერთს, ერთხელ მაინც გამატაროსო. ექიმები მეუბნებიან, ათ წლამდე იცოცხლებსო. რატომ მეუბნებიან ასე, რა იცის ექიმმა, რამდენ ხანს აცოცხლებს ღმერთი ჩემს შვილს?!

- დღეს ყველაზე მეტად რა გჭირდებათ, ადამიანი რით უნდა დაგეხმაროთ?
- მას შემდეგ, რაც "კვირის პალიტრამ" ჩემზე წერილი დაბეჭდა, უამრავი მეგობარი გამიჩნდა. განა ვის რამდენი აქვს, რომ ცალი ხელი მუდამ ჩემკენ ჰქონდეთ, მაგრამ ჩემი ჭირი იმხელაა, ესეც არ ჰყოფნის, - გიგა მალე 30 კილო გახდება და ეზოში ვეღარ ჩამყავს. გავივლი, შევხედავ ჩემი კორპუსის წინ ერთსართულიან მიგდებულ შენობას  და ვნატრობ, ნეტავ აქ ერთი ოთახი მქონდეს, რომ შვილები ჰაერზე გამოვიყვანო-მეთქი.  მარიამის  ოპერაციის ფულს ვაგროვებ, - ასეთი ოპერაცია დანიაში კეთდება - გულმკერდის არეში ლითონის კედელს უდგამენ და ტრაქეას ასწორებენ. ვიცი, რომ ეს ძალიან ბევრი ღირს - 44.000 დოლარი...  მაგრამ 7.400 ლარი, რაც "პალიტრის" მკითხველებმა შემომწირეს, ახლაც ისე მიდევს ანგარიშზე, ერთი ლარიც არ მომიკლია. იქნებ მოხდეს სასწაული - დანარჩენიც შევაგროვო!
და კიდევ, როგორც ჩემი შვილების გავლაზე ვოცნებობ, ასევე ვოცნებობ მესამე შვილზე, მინდა ბავშვი ვიშვილო... ამაზე ჩემი ქმარ-შვილიც ოცნებობს. მეუბნებიან, - მალე მოგვიყვანე პატარაო. ისიც ზუსტად ისე  მეყვარება, როგორც მარიამი და გიგა. ისიც ჩემი სამყარო იქნება. შვილების გარდა მე სხვა სამყარო არ გამაჩნია...

P.S. გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს (საბანკო რეკვიზიტები შეცდომით იყო მითითებული, ამჟამად შეცდომა გასწორებულია):
საქართველოს ბანკი, კოდი - BAGAGE22
ანგარიში  GE71BG0000000303245200
მიმღები ბელა უბილავა

alexander shelia
12 მაისი 2013 18:27
უკაცრავად, სახელი იყო შეცდომით - alexander shelia
lexander shelia
12 მაისი 2013 17:00
სტატიის ავტორს ძალიან ვთხოვ გამომეხმაუროს!

ძალიან მინდა ამ ანგელოზებს ვუყიდო წყლის მატრასი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ არ ვიცი შეიძლება თუ არა მათი წყლის მატრასზე დაწვენა,იმიტომ რომ ის ძალიან რბილია და ღებულობს იმ ფორმებს რა ფორმისაცაა სხეული. ღამით მაინც ნორმალურად დაიძინებენ და ტკივილები შეუმსუბუქდებათ. ძალიან გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია რა ზომის მატრასი დაეტევა ოთახში და შეძლებთ თუ არა მიაწოდოთ ეს საჩუქარი ოჯახს. ფეისბუკზე შეგიძლიათ მომძებნოთ იმ სახელით და გვარით რომელიც კომენტარის სახელის გრაფაშია მოცემული და იქ მომაწოდოთ ინფორმაცია.
პ.ს. შეიძლება ვინმემ მომაწოდოთ ინფორმაცია თუ სად შემიძლია ვიყიდო ასეთი მატრასი საქართველოში და ამერიკიდენ გამოწერას გადავრჩე.ამერიკიდან ჩამოსვლას უნდა დრო და ბავშვებისთვის ყოველი დაკარგული წუთი მენანება:(
გიორგი
10 მაისი 2013 16:34
ეხლა ჩაირიცხა უპრობლემოდ!

რედაქტორის რჩევით