ხელგაწვდილი ბავშვობა - კვირის პალიტრა

ხელგაწვდილი ბავშვობა

პროფესია თუ გადარჩენის ერთადერთი გზა

გაუსაძლის ყოფას ისინი სამყაროს სიძულვილამდე მიჰყავს

საქართველოს ქალაქებში წელიწადის ყველა დროს - დარსა თუ ავდარში, ხშირად შეხვდებით მოწყალების მთხოვნელ მოხუცებსა და მოხეტიალე ბავშვებს. მათი სიმრავლე განსაკუთრებით რელიგიურ დღესასწაულებზე შეიმჩნევა. ტაძრების წინ მიმოფანტულები სხვადასხვაგვარად ცდილობენ მოწყალების მიღებას - ზოგი სახეს იბურავს, ზოგი უხმოდ, სევდიანი თვალებით გაგრძნობინებს, რომ დაეხმარო, ზოგიც აგრესიულად და უხეშად ცდილობს შედეგის მიღწევას.

მოწყალების მთხოვნელი ბავშვებისა თუ მოხუცების უმეტესობა ხალხთან საუბარს გაურბის, თუმცა, თუკი ნდობას მოიპოვებ, გულწრფელად გესაუბრება თავის საქმიანობაზე. როგორც ამბობენ, ბავშვებს თავიანთი "პატრონები" ჰყავთ, რომლებიც მითითებებს აძლევენ... ქუჩის ბინადრებს მუშაობის სხვადასხვა სტილი აქვთ.

მაგალითად, ბოშები ხშირად ჯგუფურად ცდილობენ თანხის გამოძალვას და ამისათვის ქუჩაში მოსიარულეთა ლანძღვა-გინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან...

ხშირად მოწყალების მთხოვნელნი ბავშვების ფოტოებით დადიან და მოსახლეობას თავს აცოდებენ, თითქოს ავადმყოფი შვილის გადასარჩენად აგროვებენ ფულს. ამასთან, გამვლელებს არწმუნებენ, რომ სასულიერო პირების კურთხევა აქვთ მიღებული. ზოგი უფრო მორიდებულია და უბრალოდ ხატების, სანთლების ან ყვავილების ყიდვას გვთავაზობს.

ყველას შეგვინიშნავს ტაძრების წინ მსხდომი, ცხოვრებისგან გადაღლილი მოხუცების დაღარული სახეები. ისინი გამუდმებით ელიან, როდის გაიღებენ ტაძრიდან გამოსულები მოწყალებას. შიმშილისა და გაუსაძლისი ყოფისგან ზოგი ისეა გამწარებული, თუ ფული არ მიეცი, წყევლა-კრულვასაც მოგაყოლებს.(?!)

ასეა თუ ისე, ზოგს მართლაც სჭირდება დახმარება და სხვა გამოსავალი არ დარჩენია, ზოგისთვის კი მოწყალების თხოვნა უბრალოდ, პროფესიად იქცა, თუმცა სასულიერო პირების თქმით, მოწყალების მთხოვნელებს ყურადღება სჭირდებათ და მათ სიცრუესაც, სიბრაზესაც და მწუხარებასაც სათნოებითა და სიბრალულით უნდა ვუპასუხოთ. მამა ივანე სამხარაძის აზრით, შეიძლება ვინმე იტყუებოდეს, აგრესიას ამჟღავნებდეს, მაგრამ მოწყალების გაღეEბა მაინც მადლია, რადგან მაგალითს თავად უფალი იძლევა და შენც საუფლო საქმეს აკეთებ, თუმცა წყევლა, რაც უნდა გამწარებული იყოს ადამიანი, მაინც  გაუმართლებელია...

ხშირად ბავშვებს ოჯახური ძალადობა, მშობლებთან კონფლიქტი და არაჯანსაღი ცხოვრება ქუჩისკენ უბიძგებს. ორგანიზაციის "გადავარჩინოთ ბავშვები" კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა მათხოვარი ბავშვების სამი კატეგორია: ბავშვები, რომლებსაც არ გააჩნიათ ოჯახი და მუდმივად ქუჩაში ცხოვრობენ; ბავშვები, რომლებიც დღისით მოწყალებას ითხოვენ და ღამით შინ ბრუნდებიან და ბავშვები, რომელთა ოჯახის წევრებსაც ქუჩაში სძინავთ. სწორედ ამიტომ, საერო და სასულიერო პირებს განსაკუთრებით ბავშვების მომავალი აღელვებთ. ამ საკითხზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის ქადაგებაშიც ისაუბრა. მან მრევლს კურთხევა მისცა, მოწყალების მთხოვნელ ბავშვებს დაეხმარონ, მაგრამ ისე, რომ ბავშვი მათხოვრობას არ მიეჩვიოს...

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევრიჩაილდის" დირექტორის, ვანო დადიანის თქმით, მოქალაქეები უნდა მოერიდონ ბავშვებისთვის ფულის მიცემას, რადგან ამით დათვურ სამსახურს უწევენ მათ, იოლი და გაუმართლებელი წესით ცხოვრებას აჩვევენ და ბედნიერი მომავლის პერსპექტივას უსპობენ... არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ პრობლემის მიუხედავად, სახელმწიფო ამ საკითხს სათანადო ყურადღებას არ უთმობს - სოციალური სამსახურები გაუმართავია, ცხელი ხაზი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მოქმედებს, ნაკლებად რეაგირებს ზარებზე. იგრძნობა ქუჩის ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ნაკლებობა.

P.S. გალაკტიონ ტაბიძემ თავის ლექსში - "ბავშვები კაფეში", კარგად აღწერა, თუ რას გრძნობს ბავშვი, როცა მასზე არავინ ზრუნავს:

"...მშიერი სახით კაფეში შედის,

ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი...

...მათი თვალები აღარ იცინის,

ხედვაში ხანჯლის არის ციება,

არ ეპატიოს, - კვნესენ ისინი,

-  ქვეყანას ჩვენზე შურისძიება.

მათ ნატყვიარი აკრავთ წარბებზე,

გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით,

ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,

ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით".

ამ ბავშვებს ცხოვრებამ მძიმე დაღი დაასვა. გაუსაძლის ყოფას ისინი სამყაროს სიძულვილამდე მიჰყავს. ყველასგან მიტოვებულები გამოსავალს ეძებენ, ეს გამოსავალი კი, სამწუხაროდ, ხშირად მოწყალების თხოვნაა.

უტა ბიწაძე