სიმონ ხეჩინაშვილი 90 წლისაა
დიდი მეცნიერი

მათი სახლის კარი სტუმრისათვის მუდამ ღია იყო. კვირა ისე როგორ გავიდოდა, რამდენჯერმე არ გაშლილიყო სუფრა მეგობრებისათვის. უყვარდათ აქ გატარებული ყოველი საათი - უსაზღვროდ განათლებული მასპინძელი ჰყავდათ და მისგან ათასნაირ ახალ ამბავს ისმენდნენ. შესაბამისად, მეგობრებიც გამორჩეულნი და საინტერესონი იყვნენ - ტუშკი მირაქიშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, გია ყანჩელი, რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი... ყველას რას ჩამოთვლი!
ურთულესი ოპერაციების შემდეგ შინ დაბრუნებულ მასპინძელს - დიდ მეცნიერს, სიმონ ხეჩინაშვილს ხალისიანი საზოგადოება შემოეგებებოდა ხოლმე. თვითონაც
უხაროდა მათი ნახვა, ხალისი ემატებოდა, მაგრამ გონება, რომელიც უფლის განგებით, ადამიანის ჯანმრთელობის აღსადგენად იყო მომართული, ლხინის დროსაც მასზე მუშაობდა - მკურნალობის შედეგებს აჯამებდა, ახალი ტექნოლოგიების
დანერგვაზე, ხვალინდელი დღის დაგეგმვასა და წარმართვაზე ფიქრობდა. ზოგჯერ კი ისე მოულოდნელად მიაგნებდა იმას, რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო, გაშლილ სუფრას მიატოვებდა და კაბინეტში სამუშაოს მიუბრუნდებოდა. იქ, საბეჭდ მანქანებზე, ყოველთვის ელოდა დაწყებული საქმე - სამეცნიერო წერილი, კვლევა. ერთი საბეჭდი მანქანა თუ ქართულად ბეჭდავდა, მეორე რუსულად, მესამე კი ლათინურად...
ასეთი იყო ლხინი ხეჩინაშვილებთან - ნაწილობრივ საბეჭდი მანქანის კაკუნის თანხლებით.

ისი ბავშვობის მეგობარი, ტუშკი მირაქიშვილი იხსენებს: - საოცრად შრომისმოყვარე იყო, მიზანდასახული და საქმის ერთგული. ჩვენმა მშობლებმა მუსიკალურ ტექნიკუმში მიგვაბარეს ორივე. კი გვეზარებოდა, მაგრამ სიმონმა მაინც შეძლო და დაამთავრა. მე გამრიცხეს... ჩვენმა ნათესავმა - ზაქარია ფალიაშვილის ძმამ გამრიცხა, როგორც კი ჩვენი სასწავლებლის დირექტორად დანიშნეს... სიმონი ახლაც უკრავს, თანაც არაჩვეულებრივად. უნიჭიერესი კაცია, მარტო ენა რამდენი იცის! ერთხელ, ლენინგრადში ჩატარდა დიდი საკავშირო ოტოლარინგოლოგთა ყრილობა. შვიდი დელეგატი აირჩიეს, მათ შორის მეც მოვხვდი, სიმონი, ცხადია, მიწვეული იყო. ევროპიდანაც ესწრებოდნენ დიდი მეცნიერები. ამიტომ მოიყვანეს თარჯიმანი, რომელიც მაინცდამაინც მარჯვედ ვერ თარგმნიდა და სიმონმა ითხოვა, მე ვითარჯიმნებო. ერთდროულად რამდენიმე ენაზე თარგმნიდა. საზოგადოება გაკვირვებული იყო. ისე თარგმნიდა, გეგონებოდა, თავის მოხსენებას კითხულობდა. სიმონი არა მარტო საუცხოო ექიმი, დიდი თეორეტიკოსი და ფიზიოლოგია.
დრო მძიმე და რთული იყო, მაგრამ როგორც მზის სინათლეს ვერ ჩაახშობ ხელისგულით, ისე ვერ დამალავ დიდ მეცნიერს, რაც უნდა რკინის ფარდით იყოს შემოსაზღვრული ქვეყანა. ამიტომაც იძულებულები იყვნენ, გაეშვათ ხოლმე უცხოეთში. პირველი მივლინება ინგლისში მოუხდა. სიმონ ხეჩინაშვილის მეუღლე, ქალბატონი ლალი მიქელაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებლის, დათა ვაჩნაძის შვილიშვილი იყო. ბაბუამისი, ცხადია, ემიგრაციაში გახლდათ - გერმანიაში აფარებდა თავს. ასეთი ოჯახის წევრს თვალს ვინ მოაცილებდა! ამიტომაც როცა ინგლისიდან გერმანიაში გადავიდა, საელჩოში მიანიშნეს: - შეგიძლიათ შეხვდეთ კოლეგებს, მაგრამ... ჩვენ ყველაფერი ვიცით, თქვენი სიდედრის ქალიშვილობის გვარიც კიო...
ერთხელ საქართველოში საფრანგეთიდან რაღაცნაირად მოაწვდინეს ოჯახს დათა ვაჩნაძის გამოგზავნილი წერილი პატარა საჩუქრით - თავსაფრით. შეშინებულმა ქალიშვილმა და შვილიშვილმა ვერ გაბედეს მომტანისთვის წერილის გამორთმევა. ნერვიულობის გამო კი სიმონ ხეჩინაშვილის ქალიშვილი მაია სავარაუდო დროზე ორი კვირით ადრე გაჩნდა... წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნებოდა ოჯახი...
ბატონი სიმონი სიტყვაუხვი არასოდეს ყოფილა, არც ლოზუნგებით ლაპარაკი სჩვევია, მაგრამ საქმეს კი აკეთებდა... ქალბატონი კირა მიქელაძე (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის მეუღლე) იხსენებს, - სიმონი დილით ცალი ხელით წვერს იპარსავდა, მეორით რადიო ეჭირა და ახალ ამბებს უსმენდა, ძირითადად უცხო ენაზე, და იმ ინფორმაციებს, რომელიც აქ შეზღუდული, ან აკრძალული იყო.
- სიმონი რომელიღაც სლავურ ქვეყანაში იყო ლექციის წასაკითხად, მგონი, ბულგარეთში. მეორე დღეს იმათ ენაზე წაიკითხა ლექცია, - იხსენებს ბატონი მერაბ ბერძენიშვილი, - უნიკალური ნიჭი აქვს, მართლაც დიდი მეცნიერი და ადამიანია.
- ერთხელ, იცით, რა მოხდა? - ღიმილით ერთვება საუბარში ქალბატონი კირა, - მერაბი მეცხრე საავადმყოფოში მივიდა მეგობართან, დავით ქემერტელიძესთან ერთად,  ოთარ მამამთავრიშვილს ელოდებოდნენ - საქეიფოდ აპირებდნენ წასვლას... ამ დროს შემოვიდა სიმონ ხეჩინაშვილი. მერაბმა შესჩივლა, - რატომღაც შუბლი მტკივა და რა ვქნა, არ ვიციო... სიმონმა - ახლავე გაგსინჯავო. წაიყვანა, სურათი გადაუღო... მერე სავარძელში ჩასვა და დინჯად დაუწყო საუბარი. მართალია, მერაბს სამედიცინო ინსტრუმენტების დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ არაფერი უკითხავს. თანაც მისი მეგობარი ისე მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს, რას წარმოიდგენდა, თუ ამ მანიპულაციას პატარა, მაგრამ მაინც ოპერაცია ერქვა... ყველაფერი დამთავრდა და მერაბმა ჰკითხა: - ბიჭები მელოდებიან და ხომ შეიძლება რესტორანში წავყვეო. კი, ბატონოო. წაჰყვა და მოილხინა კიდეც. დილით სახე ისე ჰქონდა გასივებული, თვალებს ვერ ახელდა. დაურეკა სიმონს. იმან - შემთხვევით ხომ არ დაგილევიაო... აბა, რა მინდოდა რესტორანშიო... სიმონმა - ახლა ის მაინც გეცოდინება, რომ პატარა ოპერაციის მერეც არ შეიძლება დალევაო.
- მახსოვს, რა სხვანაირად განათებული იყო, როცა საავადმყოფოს აშენებდა, - მიამბობს ბატონი მერაბ ბერძენიშვილი, - გადართული იყო ამ საქმეზე, ყველა ნიუანსს თვითონ აკონტროლებდა... საღამოს კი შვილებს ეტყოდა: - წამოდით, მშენებლობას დავხედოთო. მანქანაში ჩაისვამდა და მიჰყავდა ამ მშენებარე საავადმყოფოს სანახავად, თითქოს ამაზე უკეთესი ბავშვებისათვისაც არანაირი სანახაობა არ არსებობდა. ამ საავადმყოფოს ახლა სიმონ ხეჩინაშვილის სახელი აქვს მინიჭებული. ეს, მგონი, ერთადერთი შემთხვევაა, როცა მეცნიერის სახელი  სიცოცხლეშივე მიანიჭეს კლინიკას.
გამეჩხრებული სიკეთისა და აზვირთებული პიარის სამყაროში, როცა აღარც კი ვიცით, ვინ ვინ არის, როცა ზოგიერთი მასმედიის საშუალებიდან დიდძალი გონების წამლეკავი ინფორმაცია მოედინება, ჩვენ გვერდით ცხოვრობს კაცი - ამაგდარი მეცნიერი სიმონ ხეჩინაშვილი. ის 90 წლის ხდება და ძველებურად საყვარელ საქმეს დასტრიალებს მისი გონება...


marina
21 დეკემბერი 2009 17:04
ძალიან გასახარია,რომ ასეტი მეცნიერი ,უდიდესი მკურნალი გვჟავს
erisatvi
16 დეკემბერი 2009 15:50
ვეთანხმები ჩემს წინამორბედს, უნდა გაეგზავნოს მცხოვან მეცნიერს გაზეთის ეს ეგზემპლარი და გაზეთის მესვეურებმა გადაცენ,რომ ქართველ ხალხს მისი დიდი სიყვარული აქვს!
machabeli
09 დეკემბერი 2009 17:09
ჩემი კომენტარი ისაა, რომ გაზეთის ეს ნომერი საჩუქრად გაეგზავნოს ბატონ სიმონს იმის ნიშნად, რომ ადამიანებს იგი ახსოვთ და უყვართ..............

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის საქმეზე?