"ჯიგარი" იუველირის მოგზაურობა "სალხინეთში" - კვირის პალიტრა

"ჯიგარი" იუველირის მოგზაურობა "სალხინეთში"

ქართველებით განცვიფრებული ბრიტანეთის სამეფო კარის იუველირი

"ცხოვრებისადმი ქართველების დამოკიდებულებით ვისწავლე, თუ რას ნიშნავს სიტყვა "წუთისოფელი"

მარკ ევანსის ინგლისური კულტურისა და ტრადიციების ამსახველი საიუველირო საქმიანობა, რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ 1934 წელს წამოიწყო და საგვარეულო ბიზნესი გახლავთ, დიდი ბრიტანეთის დედოფალსა და უელსის პრინცს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. აღიარების ნიშნად, მარკს სამეფო ოჯახის იუველირის პატივი ერგო.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოზე შექმნილი სტერეოტიპიდან გამომდინარე, მარკისთვის ქართველი კარგა ხანს ასოცირდებოდა დაბალ, მსუქან და უშნო ხალხთან, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ეს წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა.

- რამდენიმე წლის წინ პოლონურ რესტორანში რუსულ რომანსებს ვუსმენდი. მოულოდნელად დარბაზი ჩემთვის უჩვეულო მუსიკის ტკბილი ჰანგებით აივსო. დავინტერესდი, რომელ ქვეყანაში მღეროდნენ ასე... პირველსავე ქართველთან გამოლაპარაკების შემდეგ მივხვდი, რომ ქართველები  დიდსულოვნები, დინჯი, ალალ-მართალი ბუნებისა და ფაქიზი სულის ადამიანები არიან.  გასაოცარი ის იყო, თუ რა სიზუსტით გამოხატავდა ამ თვისებებს ქართული სიმღერა...

შემდეგ, ყოველი ქართველის გაცნობისას, ლონდონსა თუ სხვა ქალაქებში, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება რაღაცით ივსებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და გადავწყვიტე, საქართველოს ვწვეოდი...

ამ ქვეყნის ნახვით ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს ჩაეყარა საფუძველი - არა რომელიმე პიროვნების, არამედ ქართველი ერის მიმართ. მას შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვედი და მოსაგონარიც ბევრი მაქვს...

თუნდაც ის ერთი დღე, რომელმაც ყველაფერი დამანახა, რაც ვიცოდი ქართველების შესახებ - მთელი დღის დაღლილებმა მანქანა ბენზინგასამართ სადგურთან გავაჩერეთ და იქვე ფეხით გავისეირნეთ. გზიდან ოდნავ მოშორებით წყალმცენარეებით სავსე მოზრდილი გუბურა დავინახე, გუბურაში პატარა ნავი ტივტივებდა. ნავში კაცი იწვა და ტკბილად ეძინა... მაშინ ვიფიქრე, - აი, ეს არის ნამდვილი ქართველი, რომელმაც იცის ცხოვრების გემო-მეთქი...

იმავე დღეს ჩემმა მასპინძელმა, რომელსაც ქართველები ჯიგარს ეძახდნენ "(ამ სიტყვას მარკი მართლაც ჯიგრულად გამოთქვამს. - ავტ.), თავისი საამაყო პაპისეული სახლის ჩვენება გადაწყვიტა. მანქანა აღმართს შეუდგა. ფანჯრები ღია გვაქვს და ერთმანეთს ღვინით სავსე ჭიქებს ვაწვდით, როცა მთის წვერს მივადექით, მძღოლმა საჭეს ხელი უშვა. მარჯვენაში სასმისი უჭირავს, მარცხენა კი ჯიბეში აქვს ჩაყოფილი. მერე ამოიღო ჯიბიდან იარაღი და იქაურობა გააყრუა... გავიფიქრე, მოვიდა აღსასრული-მეთქი...

მთის წვერზე მოძრავი წერტილები შევნიშნე. რაც უფრო ვუახლოვდებოდით, მით მეტად იკვეთებოდა. ბოლოს, ოთხი მოცეკვავე შეგვრჩა ხელში. მანქანა გზიდან გადაეყენებინათ, გაეღოთ ყველა კარი, ბოლომდე აეწიათ რადიოსთვის და ცეკვავდნენ, ასე უნდოდათ "ქეიფი "(მარკი ამ სიტყვასაც ჯიგრულად გამოთქვამს. - ავტ.) და მოახერხეს...

ცხოვრებისადმი ქართველების ასეთი დამოკიდებულებით ვისწავლე, თუ რას ნიშნავს სიტყვა "წუთისოფელი" - ხანმოკლე ცხოვრების ბედნიერად გატარების ხერხები სისხლ-ხორცში გაქვთ გამჯდარი.

- შესანიშნავად გამოთქვამთ ქართულ სიტყვებს, არასოდეს გქონიათ ენის შესწავლის სურვილი?

- თუ გავითვალისწინებთ ჩემს ასაკს, უკვე გვიანია, თუმცა საქართველოსადმი ჩემი უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე, ეს აუცილებელია.

- ქართული ტრადიციებიდან რომელს გამოჰყოფდით?

- ქართული სუფრის ტრადიციას. ეს ხომ ერთმანეთისა და სტუმრის პატივისცემის არაჩვეულებრივი დემონსტრირებაა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია სადღეგრძელოს ფორმა, შინაარსი. ეს არის ხელოვნება, რომელიც არ არსებობს სხვა ქვეყანაში.

ძალიან მომწონს თქვენი დამოკიდებულება მოხუცების, ოჯახისა და მეგობრების მიმართ. ქართული ტრადიციებიდან ზოგიერთი ძნელად აღსაქმელია ინგლისელისთვის...

ჩემი აზრით, არ არსებობს ქართველი, რომელსაც თავი პოეტად, მოცეკვავედ, მუსიკოსად ან მომღერლად არ მოჰქონდეს.

თქვენი ცეკვა რეალური ცხოვრების ინსცენირებაა, რა შეიძლება შეედაროს უნატიფესი ქართველი ქალის ხილვას, რომელიც კი არ მოძრაობს, ნარნარებს და დამატყვევებელი სანახაობაა. მამაკაცთა ცეკვა ხომ ნამდვილი ბრძოლაა... გრძნობ, რომ სისხლი კი არ მოედინება, თავაწყვეტილი მოქუხს მათ დაბერილ ძარღვებში... ზოგადად, ხელოვნება ყველა ქვეყანაში  დიდი ფუფუნებაა, საქართველოში კი ცხოვრების ნაწილია...

და რაც ყველაზე მეტად მიფორიაქებს სულს, ეს ქართული ხალხური სიმღერაა. საოცარია, როგორ უწყვეტ ხაზად მოედინება მელოდია. მომღერლები თითქოს მხრებით ზიდავენ ერთმანეთის, ოჯახისა თუ ქვეყნის სატკივარსა და გასაჭირს - რაც ერთი კაცისთვის  მძიმე სატარებელია, მეორე მზად არის გაინაწილოს... თითქოს მათ შემსრულებლებს ცალ თვალში ცრემლი უდგათ, მეორეში - სიხარულის სხივი. ჩემი აზრით, ეს გუშინდელ დღეზე დარდი და ხვალინდელი დღის იმედია... ვფიქრობ, მსოფლიოს ნებისმიერ კონსერვატორიაში უნდა ისმინებოდეს ჰამლეტ გონაშვილის სიმღერები. ქართველებს დიდი და მდიდარი ისტორია გაქვთ, ფასდაუდებელი საგანძური არ მისცეთ დავიწყებას...

გურამ სოზაშვილი