"ნება მიბოძეთ, ვიყო ის, ვინც ვარ! - კვირის პალიტრა

"ნება მიბოძეთ, ვიყო ის, ვინც ვარ!

ოთარ მეღვინეთუხუცესი რომ 80 წლის გახდა, შემთხვევით სწორედ მაშინ შევხვდი აღმაშენებლის გამზირზე. თეატრისკენ ჩაუხვია... დიდხანს ვუყურებდი მიმავალს - წელგამართული მიდიოდა, რაღაცნაირი ახალგაზრდული ჟინით მიაბიჯებდა, თან ჩქარობდა, თანაც შემხვედრთა აღფრთოვანებულ მზერას ემალებოდა თითქოს... ცხადია, მაინც გაიგონებდა, პატარა ბიჭმა მამას რომ სახელო ჩამოქაჩა და - დათა თუთაშხიაო, - შესცინა. ბატონმა ოთარმა კარგად იცოდა, რომ მთელმა საქართველომ გააიგივა იმ როლთან, რომელიც დიდი ოსტატობით განასახიერა.

თავისი პროფესია უსაზღვროდ უყვარდა, თუმცა ის, რაც ცნობილ არტისტობას სდევს თან - პოპულარობა, საზოგადოების მუდმივი ინტერესი, დიდად არ მოსწონდა. არ მოსწონდა კი არა, ეუხერხულებოდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ დიდი მსახიობი ძალიან მორცხვი იყო. იმხელა ძალას ართმევდა მასმედიის პირისპირ იძულებითი ყოფნა, რომ როგორც შეეძლო, თავს არიდებდა.

- გაგიკვირდებათ: ჩემი ხელობის კაცი საზოგადოებაში ცუდად რატომ უნდა ვიყო... სულ ცუდად ვარ, უხერხულობის გრძნობა ვერ მოვიშორე. ეტყობა, ბალღობიდანვე დამყვა კომპლექსი... ჩემი ქალიშვილი სწავლობდა ამერიკის კოლეჯში... იმასაც კომპლექსები ჰქონდა. რომ ჩამოვიდა, მითხრა, - სულ შევიცვალეო. იქ ეუბნებოდნენ, - მხოლოდ ის თქვი, შენ რას ფიქრობ, თუნდაც მცდარი იყოსო. ეს ათავისუფლებს ადამიანს... რასაც ფიქრობ, ის არის მთავარი. რაც ხარ, ის უნდა იყო. ამისი როგორ უნდა გრცხვენოდეს კაცს?!

თქვა და აასრულა კიდეც. იქ არ გამოჩნდა, სადაც არ უნდოდა გამოჩენა, ის არ თქვა, რაც ძლიერთა ყურს ეამებოდა... არც ის გაიმეორა, რასაც მისგან მოითხოვდნენ... თითქოს საქვეყნოდ გამოაცხადა: ნება მიბოძეთ, ვიყო ის, ვინც ვარო და დარაბები მიხურა.

მარტოობა ადრეც ჰქონდა გამოცდილი:

-  მინდოდა, მეც ისეთი ვყოფილიყავი, როგორებიც ჩემი თაობის ბიჭები იყვნენ. პურმარილზე ყოფნაც მიყვარდა, გოგი გელოვანთან ერთად სიმღერაც, ჩხუბიც შემეძლო, ქალებისკენაც მებრიცებოდა თვალები, მაგრამ სული რომ არსებობს, ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის და ეს დალოცვილი სული თავისას ითხოვდა. ის მაფიქრებდა. მერე, ლიტერატურა გვაქვს ისეთი, პირდაპირ სულზე რომ ზემოქმედებს, - ძუნწად ამბობდა სათქმელს დიდი მსახიობი...

მისი სიფიცხე ბევრი მითქმა-მოთქმის საბაბი გამხდარა. არც თავად მალავდა, რომ "გაცეცხლება" იცოდა, მაგრამ მაშინ, როცა უსამართლობას ხედავდა. ამდენად, კარგა ხანს იყო ცეცხლწაკიდებული! ბოროტი ენები არ ცხრებოდნენ: რა უნდა, პოლიტიკაში რომ ერევა, იყოს თეატრში და ითამაშოსო... მარტო ის რად უნდოდა, თეატრში ყოფილიყო, თუ ქვეყანაში საშინელება ხდებოდა...

პრობლემებს შეიქმნი, გაჩუმდი, ხმა არ ამოიღოო... მეტი პრობლემა რაღა უნდა შემექმნა, ვხედავდი, ქვეყანა გადაშენების პირზე იყოო. სნეულიც კი არ ყოფილა ფარ-ხმალდაყრილი, როგორც უნდა გასჭირვებოდა შინიდან გამოსვლა, გარეთ არ შეიმჩნევდა, მივიდოდა იქ, სადაც გული მიუწევდა და სათქმელს აუცილებლად იტყოდა...

მას ეძებდნენ, მისი აზრი აინტერესებდათ - მოხდენილი, ვაჟკაცური, რომანტიკული ოთარ მეღვინეთუხუცესის როლები თითქოს წინა პირობად იქცა და ადამიანები შეეჩვივნენ მისგან გმირის განსახიერებას, ცხოვრებაშიც გაჩნდა მოლოდინი: მეღვინეთუხუცესი იტყვის, ის დაიცავს, ის ბრძოლას განაგრძობს...

სულ ბოლოს, როცა სნეულება მოერია - მასთან მიდიოდნენ მეგობრები, ნახულობდნენ, ეფერებოდნენ. იმასაც ახერხებდა, რომ სარეცელზე მყოფი სხვის კეთილდღეობაზე დაფიქრებულიყო, გაჭირვებულზე ეზრუნა. სწორედ იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, თენგიზ არჩვაძე მასთან მიდიოდა შინ, რომ ერთ კაცს დახმარებოდნენ...

ოთარ მეღვინეთუხუცესს არაერთი ძლიერი სახე აქვს შექმნილი. ხალხმა დათა თუთაშხია აირჩია. ჭაბუა ამირეჯიბის პერსონაჟის გაცოცხლება რეალურ სამყაროშიც ოცნებად იყო ქცეული, გაჩნდა ქვეცნობიერი მოლოდინი - თუ ოთარ მეღვინეთუხუცესმა ეს ეკრანზე შეძლო, ცხოვრებაშიც შეძლებს... ცხოვრებაშიც ბევრი შეძლო... თუმცა დათა თუთაშხიას პერსონაჟზე გაცილებით წინააღმდეგობრივი, რთული, ამოუცნობი ხასიათი ჰქონდა. ერთ რამეში კი საზოგადოების ალღო გამართლდა. ის, ვისაც სიყვარულით დათა თუთაშხიას ეძახდნენ, ბოლომდე დარჩა მხედარი, მებრძოლი და რაინდი, ბოლომდე იდგა სცენაზეც და საზოგადოებრივ ასპარეზზეც. არ დაცემულა, არ ჩამოქვეითებულა...

"80 წლის რომ გავხდი, ოთარი თამადა იყოეს ოთარის ბოლო ქეიფი იყო"

იმდენად თავზარდამცემია ჩემთვის მისი წასვლა, აღარაფრის თქმა აღარ შემიძლია. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ და მერჩივნა, მე წავსულიყავი, ბატონო!" -  ამბობს თენგიზ არჩვაძე...

- ოთარი 16 იანვარს დაიბადა, მე სამ აგვისტოს. სულ ჭიდილი გვქონდა, რომელი ვიყავით უფროს-უმცროსი. 80 წლის რომ გავხდი, მეგობრებმა მომიწყვეს დიდი სუფრა და ოთარი თამადა იყო. ეს მისი ბოლო ქეიფი იყო. თვითონ 82 წლის რომ გახდებოდა, მე უნდა ვყოფილიყავი თამადა, მაგრამ... ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით... რამაზ ჩხიკვაძე, გურამ საღარაძე... ყველანი წავიდნენ. ახლა ოთარი შეუერთდა მათ, მეც ცხვარი მყავს ფეხზე გამობმული... გარდაცვალების დღეს მასთან მივდიოდი სახლში, გადაწყვეტილი გვქონდა, ერთ კაცს დავხმარებოდით... მე და ოთარი მეგობრები კი არა, ძმები ვიყავით. დიდი კაცი იყო, რომელმაც თავისი ხელობა იცოდა. ხელობაა ყველაფერი, კაცობაც ხელობაა...

"შენგან ხომ კაცი არ გამოვაო, ჩაიქნია ხელი და ფერდაკარგული მიტრიალდა"

გივი ბერიკაშვილი: - მარტო მე კი არა, მთელი საქართველო ოთარ მეღვინეთუხუცესს სიკვდილამდე არ დაივიწყებს. უზარმაზარი არტისტი იყო, განუმეორებელი მონაცემებით. ნამდვილი დათა თუთაშხია, კეთილშობილებით სავსე, ოჯახის, მეგობრების მოყვარული და თავისი საქმის მოთაყვანე... კაცურად წავიდა! ვენაცვალე, იმდენი გააკეთა, რომ მთელი საქართველო გულწრფელად დაიტირებს... ჩვენ პირველი კურსიდან ერთად მოვდიოდით, ძალიან თბილად და ტკბილად ვიყავით ერთმანეთთან ოჯახებით. მახსოვს, ურთულესი ოპერაცია რომ გავიკეთე და ოთარი მოვიდა. სისხლს მისხამდნენ და ეს სისხლიანი ბოთლი ხელში მეჭირა. ოთარმა რომ შეხედა, შევატყვე, ცუდად გახდა.  ოთარ, საფერავია, ხომ არ დალევ ერთ ჭიქას-მეთქი, მივაძახე. შენგან ხომ კაცი არ გამოვაო, ჩაიქნია ხელი და ფერდაკარგული მიტრიალდა... იმხელა გულისტკივილია მისი ამ ქვეყნიდან წასვლა, ვერაფრით გადმოგცემთ.

ოთარ მეღვინეთუხუცესი

იყო საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი, მარჯანიშვილის სახელობის, საქართველოს სსრ სახელმწიფო, რუსთაველის პრემიების ლაურეატი, მინიჭებული ჰქონდა ტოკიოს V საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში "იზიდი"... მაყურებელს სამუდამოდ დაამახსოვრდა მისი კინოროლები: ჯამბულატი ("ფატიმა")", გიგა ბეთანელი ("კეთილი ადამიანები")", ჯოყოლა“("ვედრება")", მეფე გიორგი ("დიდოსტატის მარჯვენა")", არზაყანი ("მთვარის მოტაცება")", ვახტანგი ("მზე შემოდგომისა"),"  ელიოზი ("ნატვრის ხე")...

განუმეორებელია თეატრის სცენაზე განხორციელებული მისი როლებიც: გივი ("ჩვენი ერთი საღამო"), სირანო ("სირანო დე ბერჟერაკი")", ნიკოლოზ პირველი ("ასის წლის შემდეგ")", სატინი ("ფსკერზე")", ლიმონა ("საბრალდებო დასკვნა"), დონ კიხოტი ("ლამანჩელი")", უჯუშ ემხა ("ჰაკი აძბა"), ფიროსმანი ("მარტოობის დღესასწაული")", ჰამლეტი ("ჰამლეტი")," ჩონთა ("მოკვეთილი"), ოიდიპოსი ("ოიდიპოს მეფე")", ოტელო ("ოტელო"), პილატე ("პილატე")...

"კვირის პალიტრის" რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს