პოლიეთილენი - საუკუნის ნაგავი - კვირის პალიტრა

პოლიეთილენი - საუკუნის ნაგავი

"ცელოფანის ხიდებზე" სიარულით, აპოკალიფსს ვუმზადებთ მომავალს...

1000 წელია საჭირო, რომ ცელოფანი გაიხრწნას და ნიადაგს სრულფასოვნად განვითარების საშუალება მისცეს

მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება

"რაც უფრო დავაგვიანებთ ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო დავანაგვიანებთ არა მხოლოდ ეზოს, ქუჩას, გზებსა და საზოგადოდ, ბუნებას, არამედ მომავალსაც"

ამას წინათ ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას პოლიეთილენის, იმავე ცელოფანის პარკების მავნებლობის შესახებ. თურმე ზღვაში ჩაყრილი ცელოფანი ზღვის კუს მედუზა ჰგონია და როგორც კი შესაჭმელად მიუახლოვდება, შიგ გაიხლართება და კვდება. ეკოლოგების მტკიცებით, ამ პრობლემამ ზღვის კუს რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა. სამწუხაროდ, ეკოსისტემისთვის მხოლოდ ამ პრობლემას არ ქმნის ცელოფანის პარკი. უფრო სწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ პრობლემას ქმნის ადამიანი, რომელიც დაუდევრად მოისვრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე ან ცარიელ პარკებს მდინარეებსა თუ ხევებში, საიდანაც საბოლოოდ ყველაფერი ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება, ან მიწაში იმარხება, სადაც სპეციალისტების განმარტებით, მთელი 1000 წელია საჭირო, რომ ცელოფანი გაიხრწნას და ნიადაგს სრულფასოვნად განვითარების საშუალება მისცეს.  საქართველოში ცელოფანის პარკებით ბუნებისთვის მიყენებული ზარალის მასშტაბი ყოველდღიურად იზრდება, მაგალითების მოსაძებნად შორს წასვლა არ დაგჭირდებათ:

რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალი ავტომობილით სამსაათიანი მგზავრობის დროს, ცენტრალურ ტრასაზე შავი "ტოიოტას" მარკის ჯიპმა "დაგვიაბგონა" და ფანჯრიდან პოლიეთილენის ცარიელი ბოთლი ისროლა. მჯერა, განზრახული არ ჰქონდათ ბოთლის ჩვენკენ სროლა, მაგრამ ქარის მიმართულებამ საგანი პირდაპირ ჩვენს საქარე მინას მიანარცხა. მალევე სხვა ავტომობილიდან, სავარაუდოდ, ხელდახელ წახემსების შემდგომ მორჩენილი ნამუსრევი ცელოფანის პარკით გადმოაგდეს გზის პირზე. ჩვენი საქარე მინა გადარჩა, ეკოლოგიას კი კიდევ ერთი დარტყმა მიადგა.

რიკოთის უღელტეხილზე, მდინარის პირას შევჩერდით შესასვენებლად, მაგრამ სურათი, რომელიც იქ დამხვდა, დასვენების სურვილს მოგისპობდათ - ყველგან პოლიეთილენის ბოთლები და პარკები ეყარა, ზოგი ქვებში გამოჩრილიყო ან ხის ტოტებზე კონწიალებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემების შესახებ არაერთხელ თქმულა და დაწერილა, პრობლემა პრობლემად რჩება. საზოგადოება ვერ აცნობიერებს, რა საფრთხეს უქმნის საკუთარ მომავალს.

კახა რუხაია, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი: - ბუნებაში ერთი ორგანიზმისგან წარმოქმნილი ნარჩენი მეორე ორგანიზმისთვის საარსებო საკვებია. მიკროორგანიზმები და ჭიაყელები გარდაქმნიან ფოთლებსა და მკვდარ ცხოველებს ჰუმუსად, რომელიც მცენარეებს კვებავს. ამ ციკლების ჩამოყალიბებას მილიონობით წელი დასჭირდა, ნარჩენების მზარდი რაოდენობა კი სწრაფად არღვევს ბუნებრივ ბალანსს. სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში წამის განმავლობაში მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება.

დაახლოებით მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება წელიწადში პოლიეთილენის პარკების გადაყლაპვის გამო.

- როგორც ჩანს, რაღაც უნდა ვიღონოთ, ცელოფანის პარკების გამოყენებას რომ გადავეჩვიოთ. იქნებ ამ შემთხვევაში "პანაცეად" ჩაითვალოს ქაღალდის პარკების გამოყენება?

- შესაძლებელია, ცელოფანი ქაღალდმა ან ქსოვილის ხელჩანთამ ჩაანაცვლოს.

ქაღალდის პარკები მალე იხრწნება და ნიადაგს საფრთხეს არ უქმნის. პატარა, ქსოვილის ხელჩანთა კი ბუნებას ორმაგად იცავს, მისი გამოყენებით უარს ვამბობთ ცელოფანის პარკებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.

ალექსანდრე მინდორაშვილი, გარემოს დაცვის ექსპერტი: - ევროპამ მტკიცედ გადაწყვიტა, უარი თქვას ცელოფანზე და ქაღალდის პარკი აწარმოოს. ამავე დროს საზოგადოებაში აქტიურად ატარებენ შემეცნებით აქციებს, რომ ხალხმა ქაღალდის პარკების გამოყენებაც შეზღუდოს და თან იქონიოს პატარა ქსოვილის ჩანთა, რომელიც საფულეშიც კი ეტევა. 2005 წლის მონაცემებით, საფრანგეთში წელიწადში დაახლოებით 17 მილიარდ, ანუ 80 000 ტონა ცელოფანის პარკს იყენებდნენ. ამიტომაც საფრანგეთმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემასთან.

მეცნიერები მუშაობენ ისეთი შემადგენლობის პლასტიკური ჭურჭლის შექმნაზე, რომელსაც ბიოლოგიური დაშლის უნარი ექნება. დიდ ბრიტანეთსა და ბეტლანდში (შვეიცარია) კერძო კომპანიების მიერ სუბსიდირებული მეცნიერები უკვე მივიდნენ ე.წ. ჭკვიანი პლასტიკატის ფორმულამდე. მისი გამოყენებით დამზადდა პლასტიკური ჭურჭლის საცდელი პარტია, რომელიც ბუნებრივი გზით ან სპეციალური რეაგენტების გამოყენებით იშლება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ჭურჭელი უკვე მიღებულია, მაღალი საწარმოო ღირებულების გამო მისი მასობრივად წარმოება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

- როგორ აგვარებს ევროპა ცელოფანის პარკებისგან უკვე წარმოქმნილ პრობლემებს?

- ევროპა უზარმაზარ თანხებს ხარჯავს პოლიეთილენით ბუნებისთვის უკვე მიყენებული ზარალის შესამცირებლად. ამისთვის საკმარისი ფული და რესურსიც აქვს. ჩვენ კი, რაც უფრო დავაგვიანებთ ევროპული გამოცდილების გაზიარებას, მით უფრო დავანაგვიანებთ არა მხოლოდ ეზოს, ქუჩას, გზებსა და საზოგადოდ, ბუნებას, არამედ მომავალსაც. ასეთი დასკვნისთვის საკმარისია გაათვითცნობიერო, რას განიცდის მიწა, რომელიც 1000 წელი უნდა ეჭიდაოს ალაგ-ალაგ ჩამარხულ ცელოფანის პარკებს.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს. დროა, უარი ვთქვათ ცელოფანის პარკებზე და გამოვიყენოთ ქაღალდი (ისიც ეკონომიურად), რათა პრობლემა, რომელიც დღეს არ ჩანს და კეთილდღეობა გვგონია, ხვალ ბუმერანგივით არ დაგვიბრუნდეს უკან.

მიიღეთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში "ცელოფანი" - საშიში ესთეტიკა

გამოგზავნეთ ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რეგიონსა თუ სოფელში, ცელოფანის პარკებით შექმნილი ხედები, დაბინძურებული გარემო: ხეები, ქუჩები, ტყეები, მდინარეები, ზღვა თუ სხვა ადგილები.

ერთად დავინახოთ, რა საშიშროებას ვუქმნით ჩვენს მომავალს.

პოლიეთილენის გადამუშავებას საუკუნეები სჭირდება!

ნუ გავწირავთ ჩვენს შვილებს და ჩვენს მცირემიწიან ულამაზეს ქვეყანას!

ფოტოები გამოგვიგზავნეთ www.konkurs.ge