ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა
20-05-2013
ღიმილის კაცი - გივი ბერიკაშვილი 80  წლის გახდა
ღიმილის კაცი

მაყურებლის უდიდესი სიყვარული ერგო "ჰონორარად"...


ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი გივი ბერიკაშვილი 80 წლის გახდა. ეკრანისა და სცენის ღიმილი - ასე შეიძლება დაახასიათო ორი სიტყვით... ის არის ადამიანი, რომელიც თანაბრად უყვართ სოფლებსა და ქალაქებში,  მისი თანაბრად ესმით სწავლულებსა და გლეხებს...

მე და პრეზიდენტი ბუში ორი კაცი ვართ მსოფლიოში, ვისი სახელიც ქუჩებს სიცოცხლეშივე დაარქვეს. ორივე ქუჩა საქართველოშია, ერთი  აეროპორტის გზაზე, მეორე კი სოფელ კოლაგში -
გივი ბერიკაშვილის გამზირიო, - ხუმრობს გივი ბერიკაშვილი და მსმენელი გულიანად იცინის. შეუძლებელია, გულგრილი დარჩეს. ეს ხომ გივი ბერიკაშვილია, მსახიობი, რომელიც იმდენად უყვართ, რომ მარტო თვითონ კი არა, პაპამისი პანწკალაც ახლობლად მიაჩნიათ... ცნობილი არტისტი ხომ ყველგან სიამაყით აცხადებს - მამაჩემის მამამ, პანწკალა პაპამ აღმზარდაო...
ქართველი გლეხკაცის
გამჭრიახი, ხალასი იუმორიც პანწკალა პაპისგან მოსდევს. ხალისით ჰყვება არაერთ ამბავს პაპაზე:

- მიყვარს სოფელი... იქაურებსაც ვუყვარვარ. ზურა ქაფიანიძემ ჩამოიტანა ჩვენი სოფლიდან აფიშა, რომელზეც დაუწერიათ: "კოლაგის კლუბში ნაჩვენები იქნება ქართული მხ. ფილმი "ლონდრე". მთავარ როლში ჩვენი სოფლის მკვიდრი - პანწკალას შვილიშვილი გივია ბერიკაშვილი".
ერთ ზაფხულს შინ მისულს პაპამ ვიღაცის სამხედრო ბილეთი მომცა.
ეს რა არის-მეთქი. ამან და მისმა ძმაკაცმა ჯიბიდან 80 მანეთი ამომაცალესო.
გავიკითხე და ვიპოვე, ვინც იყო ქურდი. ის 80 მანეთი გამოვართვი, მაგრამ მეუბნება: - იცი, რა მაინტერესებს, ჯიგარო? ეგ ფული რომ ამოვაცალეთ, გაქანებული მანქანიდან გადმოვხტით მე და ჩემი ძმაკაცი. ეგეც რომ გადმოხტაო!..

მანქანის "კუზაოდან" გადმომხტარა პაპაჩემი. ერთი დაუჭერია და საბუთი წაურთმევია, მეორე კი გაქცეულა. კაცო, ეს რა გიქნია-მეთქი, - მივვარდი პაპას.
რა გითხრესო... გაქანებული მანქანიდან გადმომხტარხარ-მეთქი.

ეგენი სხვისი ფულის გულისთვის გადახტნენ და მე ჩემი ფულის გულისთვის აღარ გადავმხტარიყავიო?
პანწკალა პაპას ნათქვამი, "პალტოიანი მკვდარი გინახავსო", ხომ ფრთიან გამოთქმად დადის: - რამდენი პალტოც უნდა გქონდეს, რომ მოკვდები, არც ერთს არ ჩაგაცმევენო, - ასწავლიდა შვილიშვილს, - ამიტომ პალტოებსა და ქონებაზე თვალი არ უნდა დაგრჩესო... არც დარჩენია... გივი ბერიკაშვილს თავისი საქმე უყვარს და აკეთებს კიდეც ბრწყინვალედ...

- ფიანდაზებით მოფენილი გზა არ დამხვედრია, დიდი შრომა დამჭირდა, სანამ მაღიარებდნენ. ქუჩაში რომ ცნობა დამიწყეს, 40 წელს გადაცილებული ვიყავი.

ერთხანს გადაწყვეტილი მქონდა, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. სამედიცინო სფეროში უფრო ბევრი ძმაკაცი მყავს, ვიდრე ჩემი პროფესიისა. სამეზობლო, სკოლის მეგობრები - სულ ექიმები გახდნენ. ერთ-ერთმა მითხრა, - წამოდი, საწყობში წაგიყვან, კარში დაჯექი და დაითვალე, რამდენ "მეშოკსაც" გაიტანენ, აღრიცხავ და სულ ეს იქნება შენი საქმე. ხელფასი 400-500 მანეთი გექნებაო. ჩავფიქრდი. თან ეს დიდი თანხა იყო. იმავდროულად, გიორგი შატბერაშვილის პიესაზე, "მკვდრის მზეზე" როლები განაწილდა. მე სოფლის გიჟის, ყაჭიას როლი მომცეს, რომელმაც შვიდზე მეტი თვლა არ იცოდა. მთავარ როლს ალე ომიაძე თამაშობდა. სპექტაკლი რომ დამთავრდა და "მაყურებელთან სამადლობელოდ გავედით, ალე მომიახლოვდა, ხელი მომკიდა, სცენაზე წინ დამაყენა და თავად უკან დაიხია. დარბაზი კინაღამ ტაშით ჩამოიქცა. მსახიობებმაც მომილოცეს. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე...

თეატრის სცენამ და წარმატების ხიბლმა თავისი ქნა, ვერსადაც ვერ წავიდა გივი ბერიკაშვილი. სამაგიეროდ, მაყურებლის უდიდესი სიყვარული ერგო "ჰონორარად"... რვა ათეული წლის მერე უკან რომ მიიხედავს, იმდენი კარგი და ტკბილი დღე აქვს მოსაგონარი, რომ ნამდვილად ღირდა ამისთვის სიცოცხლე!

- "ლონდრე" 27 წლისამ ვითამაშე...
ეროსი მანჯგალაძე უდიდესი ტკივილით მახსენდება. თუ დაინახავდა, რომ წესიერი კაცი ხარ, გულში ჩაგიხუტებდა და აღარც მოგიცილებდა გვერდიდან. "ლონდრეს" გადაღებისას ერთად ვცხოვრობდით. რამაზმა და ეროსიმ შუაში ჩამიდგეს საწოლი - აქ დაიძინეო.

ერთ დღეს მივედი და ეროსის თავისი საწოლი გარეთ გაუტანია. რა ხდება-მეთქი. ეროსიმ - კუბოში ნაწოლ კაცთან (ფილმის გადაღებისას კუბოშიც მომიწია "ჩაწოლამ", ეროსის კი ტყვიასავით ეშინოდა კუბოსი და მკვდრისა) არ დავიძინებო. გოგი თოიძის ოჯახში ვცხოვრობდით. დავუძახე გოგის, ეროსის საწოლი შევიტანეთ და ჩემი გამოვიტანეთ. ეროსის ვუთხარი, - კუბოში მე ვიწექი და გარეთაც მე დავწვები-მეთქი. იმ ღამეს ათჯერ მაინც გამომძახა: - არა გცივა, ბიჭოო?

გივი ბერიკაშვილის მონაყოლი ერთი ფილმი და სპექტაკლია თავისი შინაარსით. მას ინტერესით და ხალისით უსმენენ... ხალხის მოთხოვნას არც დიდი არტისტი ეკიდება გულგრილად და ასე ვრცელდება სახალისო ამბები, რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წიკითხავთ - ეს გივი ბერიკაშვილის რეალობაა, მისი ღიმილიანი თავგადასავალი:

- "ღვინის ქურდები" განსაკუთრებით უყვართ... ფილმში არის კადრი, როდესაც ხორცი იხარშება დიდ ქვაბში. მე იქ ქვაბს ვუტრიალებ. კარლო საკანდელიძეზე არაფერს ვამბობ, მაგრამ ცხონებული კუკური ლაფერაძე მაგარი მჭამელი გახლდათ და ეტყობოდა კიდევაც.

ასეთი ადგილია ფილმში - ხორცს ვსინჯავ, მოხარშულია თუ არა. საზიზღარი გემო ჰქონდა იმ ხორცს და ჩავაბრუნე ისევ ქვაბში. დამთავრდა ერთი დუბლის გადაღება, ხვალ მეორე უნდა გადავიღოთ. დავტოვეთ ის ხორცი ქვაბში.
- ხვალაც ამ ხორცს გვაჭმევენ? - მეკითხება კუკური.
- ალბათ, - ვპასუხობ დარდიანად.
მეორე დღეს, გადაღებაზე, ისევ ის საზიზღარი ხორცი ყრია ქვაბში.
წავიდა კუკური, გააღო თავისი მანქანის კარი, გადმოიღო სადილის თერმოსი, გადმოყარა იქიდან ცხელი ხაშლამა სინზე და შევექეცით გემრიელად მშვენიერ ხორცს".

ან კიდევ:
- "შთამომავლობაში" ბონდო ლანჩავას როლს ვთამაშობდი... ერთხელ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა მოუწყვეს ვერიკო ანჯაფარიძეს, მეც იქ გახლდით... ერთმა ქალბატონმა მისაყვედურა, - რა არის, ექვსჯერ ნასამართლებ კაცს თამაშობთ და იმის ნაცვლად, რომ თავი შეაძულოთ მაყურებელს, პირიქით, სიმპათიას იწვევთო... ვუთხარი, - იუსტიციის სამინისტრო თქვენ ხართ და რომ მოიპარა ოთხჯერ, რატომ გამოუშვით ციხიდან. მეხუთედ და მეექვსედ ხომ ვეღარ მოიპარავდა-მეთქი...
დაუსრულებლად შეიძლება უსმინო გივი ბერიკაშვილს, როგორ იდგა ვერიკოსთან ერთად სცენაზე, როგორ ეთამაშებოდა ნარდს... როგორ "მუშაობდა" ვასო გოძიაშვილის მძღოლად....
რომელი ერთი გავიხსენოთ...

საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიების ლაურეატი გივი ბერიკაშვილი 15 მაისს 80 წლის გახდა...
მზეგრძელობას და სიკეთეს ვუსურვებთ ბატონ გივის. რაც მას ღიმილი უჩუქებია ქართველი მაყურებლისთვის, ყველა სიკეთედ დაუბრუნოს  ცხოვრებამ...
klara
26 მაისი 2013 17:43
გულით ვუერთდები დაწერილ თბილ კომენტარებს




ქონების შოვნა უფრო ადვილია, ვიდრე სახელისა და ვიდრე ხალხის სიყვარულისა და ბედნიერია, ვინც ქონების ნაცვლად კარგ სახელს და ხალხის სიყვარული იშოვის(დაიმსახურებს)

იცოცხლეთ სულ ცოტა 79 წელი კიდევ, ბ-ნო გივი :D


თქვენ ადამიანებს დარდს ავიწყებთ თქვენი კეთილი იუმორით, კეთილი გულით,

თქვენ ადამიანებს, რომლებსაც ღიმილი დაავიწყა ქვეყანაში გამეფებულმა კოშმარმა, ღიმილი დაუბრუნეთ

იცოცხლეეეთ!!!!!!!!!!!
koki
22 მაისი 2013 11:15
გივი გილოცავ, დალევაში როგორ ხარ? შეგიძლია კიდე? ღმერთმა შეგაძლებინოს და დიდხანს გაცოცხლოს.
meri
22 მაისი 2013 01:36
მარტლა ზალიან მიყვარხარტ და ამ სიყვარულიტ გილოცავტ დაბადების დგეს ...დიდხანს იცოცხლეტ ზალიან დიდხანს ბატონო გივი...სულ რამდენიმე სანტელი შემოგვრჩიტ თატრისა კინოს სამყაროში...მიყვარხართ...გმადლობტ ....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები