"ეშმაკნი" - რომანი-გაფრთხილება - კვირის პალიტრა

"ეშმაკნი" - რომანი-გაფრთხილება

თუ გსურს, გაიგო, რა ემართება სამყაროს და რა გემართება შენ; თუ გსურს შეეხო ადამიანის სიღრმისეულ საიდუმლოებებს, უნდა წაიკითხო დოსტოევსკი

გასართობად და სახალისოდ მის წიგნს ხელში არავინ აიღებს, - "მძიმე" მწერლად შემთხვევით კი არ მიაჩნიათ! ეს ე.წ. "სიმძიმე" იმით აიხსნება, რომ დოსტოევსკი აშიშვლებს ადამიანის შინაგან სამყაროს, წარმოგვიჩენს იმ უფსკრულს, რაც ყოველი ჩვენგანის სულის სიღრმეშია და რომელში ჩახედვასაც გავურბივართ. მწერალი გვეუბნება სიმართლეს ადამიანზე და ეს სიმართლე ხშირად შემზარავია.

დოსტოევსკი ახალგაზრდობაში თავად იყო რევოლუციონერი და საკუთარი მწარე გამოცდილება ჩააქსოვა რომანში "ეშმაკნი". საბჭოთა პერიოდში ეს რომანი, ფაქტობრივად, იგნორირებული გახლდათ. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ვკითხულობთ: "ეშმაკნი" დოსტოევსკის ყველაზე რეაქციული ნაწარმოებია, იგი იმ დროის რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული პამფლეტია". ის ფაქტი, რომ საბჭოთა იდეოლოგები რომანს ესოდენ უარყოფითად აფასებდნენ, რომანისვე სასარგებლოდ მეტყველებს და განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს.

ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკი დაიბადა 1821 წელს მოსკოვში. მამა მარიინსკის საავადმყოფოს ექიმი გახლდათ. წარმომავლობით დოსტოევსკთა გვარი რტიშჩევების საგვარეულოს განშტოებას წარმოადგენდა, რომელსაც სათავე დაუდო ასლან-ჩელები-მურზამ, რომელიც მოსკოვის მთავარმა დმიტრი დონელმა მონათლა XIV საუკუნეში. მწერლის ერთ-ერთი წინაპარი XV საუკუნეში ლიტვაში გადასულა, სადაც მამულად მიუღია სოფელი დოსტოევო და გვარი დოსტოევსკი აქედან წარმოდგება. მწერლის წინაპრებს XVI საუკუნიდან პოლონური აზნაურული გერბის ტარების უფლება ჰქონიათ (იმ დროისთვის პოლონეთი და ლიტვა ერთ სახელმწიფოს შეადგენდნენ).

მწერლის მამა სასტიკი კაცი გახლდათ. როგორც ცნობილია, იგი საკუთარმა ყმა გლეხებმა მოკლეს. დედა - მარია ნეჩაევა - მომხიბლავი, მეტად კეთილი ქალი, მდიდარი ვაჭრის ოჯახიდან იყო. მომავალი მწერლის პიროვნულ ჩამოყალიბებაზე მას დიდი გავლენა მოუხდენია. როდესაც ფიოდორი 16 წლისა შესრულდა, დედა ჭლექისგან გარდაეცვალა. მომავალი მწერალი და მისი უფროსი ძმა, მიხაილი (ოჯახში სულ შვიდი და-ძმა ყოფილა) მამამ პანსიონში მიაბარა.

1837 წელს მომავალი მწერალი შეიყვანეს პეტერბურგის "მთავარ საინჟინრო სასწავლებელში". სასწავლებლის დასრულებიდან ერთ წელიწადში დოსტოევსკიმ სამხედრო სამსახური მიატოვა, გადაწყვიტა პროფესიონალი ლიტერატორი გამხდარიყო. 1844 წელს თარგმნა და გამოაქვეყნა ბალზაკის "ეჟენი გრანდე", შემდეგ კი დაბეჭდა თავისი პირველი ნაწარმოები "საბრალო ადამიანები", რომელიც მკითხველმა აღტაცებით მიიღო. "ახალი გოგოლი გამოჩნდა!" - შესძახა თურმე ნეკრასოვმა.

1846 წელს დოსტოევსკი დაუახლოვდა რევოლუციონერ მიხაილ პეტრაშევსკის. საიდუმლო შეკრებებზე  პოლიტიკური სისტემის შეცვლის - "რუსეთში გადატრიალების მოხდენის" გზებს განიხილავდნენ. 1849 წელს პეტრაშეველები (მათ შორის, დოსტოევსკიც) დააპატიმრეს. დასახვრეტად გაიყვანეს და ბოლო მომენტში გამოუცხადეს, რომ იმპერატორმა შეიწყალა და კატორღაში უშვებს. დოსტოევსკიმ ციმბირში 10 წელიწადი გაატარა, აქედან 4 - კატორღაში, შემდეგ - რიგით ჯარისკაცად.

ციმბირმა მწერლის პიროვნებაში სულიერი გადატრიალება მოახდინა (კატორღის დროინდელი განცდები და შთაბეჭდილებები აღწერილია მის "მკვდარი სახლის ჩანაწერებში"), მან უარი თქვა რევოლუციურ შეხედულებებზე და ადამიანის შინაგან სამყაროს, ღმერთის ძიებას ჩაუღრმავდა. გადასახლებიდან დაბრუნებული ინტენსიურად ეწევა ლიტერატურულ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. მისი მთავარი ნაწარმოებებია: "დანაშაული და სასჯელი", "იდიოტი", "ეშმაკნი", "ყმაწვილი", "ძმები კარამაზოვები".

დოსტოევსკის ორი ცოლი ჰყავდა: მარია ისაევა (რომელიც ციმბირში გაიცნო) და მისი გარდაცვალების შემდგომ - ანა სნიტკინა, ახალგაზრდა სტენოგრაფისტი ქალი, ვისთანაც ოთხი შვილი შეეძინა.  მწერალი  გარდაიცვალა 1881 წელს პეტერბურგში, დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

რომან "ეშმაკნის" შესაქმნელად მწერალმა ბიძგი რეალური ცხოვრებიდან მიიღო. 1869 წელს პეტერბურგში რევოლუციონერმა სერგეი ნეჩაევმა და მისი ჯგუფის წევრებმა თავიანთი ამხანაგი, სტუდენტი ივან ივანოვი მოკლეს პოლიტიკური მოტივით - პოლიციაში დაგვასმენსო. გახმაურებულმა დანაშაულმა დოსტოევსკი მეტად ააღელვა, მწერალმა ამ ფაქტში დაინახა პირველი ნიშანი იმ უბედურებისა, რაც რუსეთს ემუქრებოდა. გადაწყვიტა, სასწრაფოდ დაეწერა მოკლე პამფლეტი უღმერთო რევოლუციონერებზე, მაგრამ წერის პროცესში აღმოაჩინა, რომ სათქმელი მცირე ფორმაში ვერ ეტეოდა. ასე შეიქმნა რომანი "ეშმაკნი".

არსებითად თუ ვიტყვით, "ეშმაკნი" არის რომანი-გაფრთხილება, რომანი-წინასწარმეტყველება, შემაძრწუნებელი ანალიზი იმ სულიერი სენისა თუ შეპყრობილობისა, რომელმაც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე წლის შემდეგ საშინელი ნაყოფი გამოიღო - როდესაც ნეჩაევისა და ნეჩაეველების იდეურმა მემკვიდრეებმა იმპერია დაამხეს, სისხლის მდინარეები და ზღვები დააყენეს. დოსტოევსკიმ განჭვრიტა, რომ "რევოლუციას რუსეთში რელიგიური ხასიათი ექნებოდა" (ბერდიაევის სიტყვებია), ამიტომ გასაგებია მეტაფორა, რომელსაც მწერალი იყენებს - რომანი იწყება ნაწყვეტით ლუკას სახარებიდან, სადაც მოთხრობილია ეშმაკებით შეპყრობილი კაცის ამბავი. იესომ უბრძანა და ეშმაკები ღორებში შევიდნენ, კლდიდან გადაიჩეხნენ, ზღვაში დაინთქნენ. რუსეთი, დოსტოევსკის აზრით, სიმბოლურად, არის ეშმაკებით შეპყრობილი კაცი, რევოლუციონერები კი ის ღორები არიან, რომლებშიც ეშმაკნი შევიდნენ. მწერალს იმედი ჰქონდა, რომ რუსეთი გათავისუფლდებოდა მათგან, მაგრამ მისი გაფრთხილება ყურად არ იღეს...

თავის დროზე ცენზურამ რომანიდან ამოიღო მეორე ნაწილის  IX თავი ("ტიხონთან"), სადაც აღწერილია მთავარი გმირის, სტავროგინის საუბარი ბერთან, ვისაც თავის საზარელ საიდუმლოებას გაანდობს - როგორ გააუპატიურა პატარა გოგონა... ეს თავი ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება.

...რისთვის უნდა წაიკითხო კაცმა დოსტოევსკი? - თუ გსურს, გაიგო, რა ემართება სამყაროს და რა გემართება პირადად შენ; თუ გსურს შეეხო ადამიანის სიღრმისეულ საიდუმლოებებს, ეს სრულიად აუცილებელია. ვინც გაიარა დოსტოევსკის "სკოლა", იცნობს მის შემოქმედებას, "აღჭურვილიცაა" და "შეიარაღებულიც"; ესმის ამ ცხოვრებისა და ადამიანის, გრძნობს მას, იცის, როგორ დაეხმაროს; თუ თანახმა ხარ, იარსებო მცენარესავით ანდა ცხოველივით, დოსტოევსკის ნუ წაიკითხავ. თუ არა და - წიგნი შენ წინაშეა!

ირაკლი ლომოური