ორ-ომტრიალში დაღვრილი საგვარეულო სისხლი - კვირის პალიტრა

ორ-ომტრიალში დაღვრილი საგვარეულო სისხლი

შინმოუსვლელი წინაპრის შინმოუსვლელი მემკვიდრე

9 მაისმა უხმაუროდ ჩაიარა საქართველოში... არა, "წესი და ეტიკეტი" დაცული იყო: პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა II მსოფლიო ომის ვეტერანებს, მიულოცა და მიეფერა, საჩუქრებიც გადასცა; ვაკის პარკსაც ერთი დღით ისევ "გამარჯვების პარკი" დაერქვა და იქ შეკრებილ ნაომარ პაპა-ბებიებსაც დასდეს პატივი მთავრობის წევრებმა.

მაინც, ნუ მოვიტყუებთ თავს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ 3000 კაციც აღარ დარჩა საქართველოში იმ 400 ათასიდან, ვინც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ომს გადაურჩა, არამედ იმიტომაც, რომ დრომ ისტორიის გადაფასება მოიტანა, ისევ ამ ნაამაგარი მოხუცებისადმი რიდის გამო არ ამბობს ბევრი ხმამაღლა და მოთხოვნის ტონით (თუმცა, ასეთებიც არიან), თორემ ეს თარიღი დღესასწაულად ბევრს აღარავის მიაჩნია.

ისტორიკოსებმა იდავონ: უნდა ვიზეიმოთ თუ არა ის, რომ ფაშიზმის დამარცხებაში წვლილი შევიტანეთ და ბოლშევიზმი გავახანგრძლივეთ; "წითელი კომუნიზმი" უფრო ხრავდა ქართულ ეროვნულ სხეულს, თუ "მიხაკისფერი ნაციზმი" უფრო მოგვიღებდა ბოლოს? მაგრამ მეომარი და ნაომარი კაცის (ქალისა, მით უმეტეს) პატივისცემა რომ უცვლელი უნდა იყოს საქართველოში, ეგ კი დანამდვილებით ვიცი...

ისიც სათქმელია, რომ ჩვენ მიერ სრულიად გულწრფელად წარმოთქმულ გმირ წინაპართა სადღეგრძელოში ან მათ მოსახსენიებელ ლოცვებში ნაგულისხმებ მეომართა უმეტესობაც (ალბათ  90 პროცენტზე მეტი), სწორედ "სხვათა ომში" იჩენდა გმირობას და ერეკლე რომ ინდოეთში ნადირ-შაჰისთვის იქნევდა ხმალს და თორნიკე ერისთავი რომ ბიზანტიელთა კანონიერი კეისრის სადიდებლად ავლებდა მუსრს ბიზანტიელსავე მეამბოხე ლაშქარს, ორივენი საქართველოსთვის იხარჯებოდნენ; რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს თანამედროვე ვაჟკაცებზე, ავღანეთში, ცივილიზებული მსოფლიოს ჯარისკაცებთან ერთად რომ ებრძვიან ტერორიზმსა და ფანატიზმს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ომში, პაექრობაში, ჩხუბსა თუ ჭიდაობაში გამარჯვებულს, მით უმეტეს, როდესაც წაგების საფასური სიცოცხლეა, პატივი არ უნდა მოაკლდეს. თუ არა და, ამოვშალოთ ქართველ ჩემპიონთა სიიდან ყველა, ვინც ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონობა საბჭოთა იმპერიის სახელით მოიპოვა! ჰოდა, მაპატიონ ჩემპიონებმა და, ბევრად უფრო ძნელი და დასაფასებელი იყო ხელთოფიანი ქართველების ბრძოლა მტრის წინააღმდეგ, თუნდაც რუსული ჩექმით გაევლო ათასეული კილომეტრები ქერჩიდან და კავკასიიდან ბერლინამდე...

იმის დასტურად, რომ ეს ყველაფერი მართლაც ასეა, რომ არაფერი იკარგება და უფრო მეტიც - მაგიური სიზუსტით მეორდება ისტორია, ერთ საოცარ ამბავს გიამბობთ: წელს, გაზაფხულზე, ერთ-ერთ ქართულ ჟურნალში გამოქვეყნდა ამბავი მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა არმიის რიგებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის შესახებ, რომელიც ესტონეთის ტერიტორიაზე დაიღუპა; უფრო ზუსტად, სტატია ეხებოდა ესტონელ ქალბატონს, რომელიც უანგაროდ ცდილობს უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეულთა ცხედრების ადგილსამყოფელი ამდენი წლის შემდეგ შეატყობინოს მის ახლობლებს ყოფილი საბჭოთა კავშირის უკიდეგანო ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში.

ასე მოვიდა მოულოდნელი ცნობა გურიის ერთ სოფელში, რომ მათი ოჯახის წევრი ალექსი ბერაძე 1944 წლის 3 აგვისტოს დაღუპულა. საფლავის ადგილსამყოფელიც ცნობილია და იმ ქალბატონს სწორედ ცხედართან არსებული საბუთებითა და ჟეტონით დაუდგენია მისი ვინაობა.

9 მაისს ძმისშვილებიც ჩავიდნენ საფლავის მოსანახულებლად და პატივი მიაგეს ბიძის ხსოვნას (თვითონ დაღუპულს დაოჯახება ვერ მოუსწრია).

ასე რომ, ყველაფერი "კარგად" დასრულდა: ჯარისკაცს საფლავი ეღირსა, ევროკავშირის წევრ ესტონეთში კი, მოვლა და სათანადო პატივი არ მოაკლდება და ისეთი კეთილი ხალხიც, როგორიც ის ქალბატონია, უამრავია რუსეთსა თუ ევროპაში, დღემდე რომ ეძებენ და "ერთმანეთს ახვედრებენ" დაღუპულებსა და მათ ნათესავებს. ასე რომ, ეს ამბავი კარგი, მაგრამ "ჩვეულებრივი" ამბავი იქნებოდა და არც ჩვენს გაზეთში მოხვდებოდა, რომ არა ალექსი ბერაძის ისტორიის გაგრძელება:

ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავდა ოჯახს. ორი სრულწლოვანი ვაჟი ომის დაწყებისთანავე გაემგზავრა ფრონტზე. არც ალექსი და არც შალვა არ დაბრუნებულან. უმცროს ძმებს საფიცრად ჰყავდათ დაღუპული ბიჭები და როდესაც ომის დამთავრებიდან 20 წლის შემდეგ პირველი ბერაძე კვლავ დაიბადა ოჯახში, ცხადია, ალექსი დაარქვეს.

პატარა ალექსიც უნახავი ბიძის სიყვარულით იზრდებოდა: იცოდა, რომ ვაჟკაცი იყო, რომ ძალიან კარგად სწავლობდა, რომ დედა, სოფელი და სამშობლო უყვარდა და რომ ერთი წამით არ დაფიქრებულა, როდესაც მისი თანატოლები წავიდნენ ომში - უწყების ლოდინი სირცხვილად მიიჩნია და მოხალისედ წავიდა... ეს ყველაფერი იცოდა და ამაყობდა, რომ თვითონაც ალექსი ბერაძე იყო.

სოფელ ბუკნარში დღემდე დგასII მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი. იქ 63 გვარ-სახელია ამოტვიფრული.

აფხაზეთის ომში კი, ამ სოფლიდან მხოლოდ ერთი დაიღუპა - ალექსი ბერაძე-უმცროსი. მისი თავგადასავალი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო: კარგად სწავლობდა - "საქმის ჩაწყობა-მოკვარახჭინების" მაშინდელ ეპოქაში მარტო გაემგზავრა თბილისში და პირველივე წელს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა; ეროვნული მოძრაობა დაიწყო და 9 აპრილსაც იქ იდგა უნივერსიტეტელებთან ერთად. არავის გაგვკვირვებია, რომ პირველთა შორის იყო, ვინც ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე რუსთაველზე შემოსულ ტანკებს ჩაუწვნენ და უკან გააბრუნეს;

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თბილისში აღარ დარჩა, სოფელში დაბრუნდა და ჩოხატაურში დაიწყო მუშაობა, მაგრამ მალე ომი დაიწყო.

არავის დაუძახია, მაგრამ ალექსი ბერაძე იყო და წავიდა. მეგობრები არ გაჰყოლიან, სამაგიეროდ იქ შეიძინა ბევრი და სექტემბერში შვებულებით შინ დაბრუნებულმა, სწორედ იმ მეგობრების ხათრით - ჩვენებს უტევენო, ისევ სოხუმს მიაშურა!

სულ ბოლომდე იბრძოლა. იმიტომ, რომ ასე ჰქონდა ნასწავლი და ასე გაიზარდა. თანამებრძოლების სამშვიდობოს გამოსვლა უზრუნველყო, მაჯამოწყვეტილმა ბოლო ვაზნამდე ცალი ხელით მიაცალა მტერს მჭიდი და აქეთა მხრიდან დაინახეს, როგორ წაიყვანეს ავადსახსენებელი "ბაგრამიანის ბატალიონის" წევრებმა დაჭრილი... იმედი გვქონდა, ტყვეთა გაცვლის ან გამოსყიდვის საშუალებით გაათავისუფლებდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მითხრა მისმა ძმამ: პირველივე დღიდან მეშინოდა, რომ დახვრეტდნენ, "ეგ იქ ენას არ გააჩერებდაო" - ყველანი ასე ვიცნობდით, მტერს თავს არ დაუხრიდა, არ დაუჩოქებდა.

ნახევარი საუკუნის შემდეგ მეორე ალექსი ბერაძე დაიკარგა ამ ოჯახიდან უგზო-უკვლოდ და ორივე, დიახ - ორივე, საქართველოსთვის იბრძოდა!

P.S. გასული საარჩევნო კამპანიის დროს, ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატმა, "ქართული ხმების" ცნობილმა მომღერალმა თემურ ჭკუასელმა თქვა ინტერვიუში: სოფელ ბუკნარში ქვრივი ქალბატონი ვნახე, რომელსაც შვილი აფხაზეთში დაღუპვია და დღემდე სახელმწიფოსგან არც დახმარება მიუღია და არც - პენსია. ესეც სხვებმა მითხრეს, რადგან როდესაც დახმარებას დავპირდი, მიპასუხა: "არ მინდა, ბატონო, არაფერი, საქართველოს მიხედეთ თქვენო".

ლექსო ბერაძის დედა იყო ეს ქალბატონი და მე ეს სულაც არ გამკვირვებია...