მიწიური საქართველო, ზეციური საქართველოს სამჭედლოა! - კვირის პალიტრა

მიწიური საქართველო, ზეციური საქართველოს სამჭედლოა!

მინდა მოგმართოთ, ქართველებო, სიტყვით და გულისყურით მოისმინეთ ნათქვამი!

როდესაც ადამიანი გაემიჯნა სიმშვიდეს და იწყო წუთისოფელში მოღვაწეობა, მას დაევალა საღმრთო ცნებებით წარემართა ცხოვრება. ამ დავალებას და უფრო მეტიც, საღმრთო ნაბრძანებს ქართველი ხალხი დიდი თავდადებით და სიბეჯითით აღასრულებდა, რადგანაც ქართველებმა იცოდნენ, რომ გამარჯვება და საზღვრებს შიგნით სიმშვიდე უფლის მცნებების აღსრულებაზე იყო დამოკიდებული. დღევანდელობა ატყუებს ადამიანს, თითქოს სხვა ღირებულებები იყოს მოსაძიებელი და სხვა უნარ-ჩვევები აღსასრულებელი. მე კი გეუბნებით, რომ ღმერთს არ შეუცვლია არც მცნებები და არც ნაბრძანები და იგივეა ჩვენი საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის საღმრთო კანონი და სამართალი.

ათმაგი თავდადებით, ათმაგი სიბეჯითით და თავგანწირვით უნდა ვიტვირთოთ წინაპრების ნაბრძანები და საღმრთო ცნებები.

ჩვენ არ უნდა გავაკერპოთ არც რომელიმე პოლიტიკური ძალა და არც რომელიმე ლიდერი, ეს ჩვენ, ქართველებს, ცოდვაში გვეთვლება და ამიტომ არის, რომ ჩვენივე გაკერპებული პოლიტიკური ძალა თუ ლიდერი მტანჯველად ექცევა ჩვენს საზოგადოებას. ვამოწმებ, „არ უნდა გავაკერპოთ, ხოლო უნდა ვემორჩილებოდეთ კანონს, რადგან ყოველი მთავრობა ღმრთისგანაა. ჩვენ არ უნდა ვეძებდეთ შველას პოლიტიკურ ძალებში, ისინი ვერ წვდებიან საქართველოს დედააზრს და ქართველი ხალხის მისიას. მათ ევალებათ მსოფლიო პოლიტიკური მოვლენების თვალყურის დევნება და ჩვენი ხალხისა და ქვეყნის არამზაკვრულად სამსახურში ყოფნა. მაგრამ არის ამაზე მაღლა მდგომი: ქართული ენის, ქართული მიწის და ქართველი ხალხის ყოფიერების მთავარი არსი.

ამ წერილში ქართულ მიწაზე გეტყვით და გთხოვთ, დაუკვირდეთ ყოველ წინადადებას და მის არსს, ხოლო შემდეგ წერილებში ქართულ ენაზე და ქართველ ხალხზე გესაუბრებით.

საქართველოს მიწა მადლიანია. „მადლიანია“ სიტყვის მასალად არ მითქვამს და არც ჩემი სამშობლოს მოფერებით, არამედ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამოვთქვამ. როგორც ქრისტიანულ ცხოვრებაში მადლია ის, რაც ყველაფერს აკეთილშობილებს, ასიცოცხლებს და ყოველივეს ღვთის მოსაწონად სახავს. აქედან გამომდინარე უვარგისობაა მადლზე უარის თქმა და მისი მიტოვება.

ჩვენი მიწის მოუვლელობა და მიტოვება უკეთურებაში გვეთვლება.

ქართველებს ევალებოდათ ამ მიწის დაცვა და დამუშავება, რათა ღვთის წინაშე მადლიერება დაემოწმებინათ. ვიმეორებ, ქართველებს ევალებოდათ.

დიდი ხანია მარნეულში ვმოღვაწეობ და გაოცებული ვარ, როგორ ეფერებიან ქართულ მიწას აზერბაიჯანელები. დილიდან საღამომდე როგორც საკუთარ შვილს, ისე უვლიან თავიანთ ნაკვეთებს.

ქართული მიწა თუ არ დამუშავდა და მოსავალი არ მოიწია, ეს უვარგისი ქმედებაა და უმადურობაა ღმრთის წინაშე. ამიტომ, დიდ მადლობას ვუხდი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, რომლებმაც იტვირთეს ჩვენი საკეთებელი, თან დიდი სიყვარულითა და მადლიერებით.

ჩვენს მიწა-წყალს დაცვა და მოვლა სჭირდება.

ყველას გასაგონად ვიძახი:

მიწიური საქართველო, ზეციური საქართველოს სამჭედლოა!

ალექსანდრე (ნუკრი) ჯოხაძე

R