პროფესია "ბირჟა", ანუ ვიდგეთ რა, სად გვეჩქარება?! - კვირის პალიტრა

პროფესია "ბირჟა", ანუ ვიდგეთ რა, სად გვეჩქარება?!

შარშან ზაფხულს საქართველოს მთიანეთში ახალგაზრდა ტურისტებს შევხვდი. აღფრთოვანებულები ათვალიერებდნენ ყველაფერს... ყველაზე მეტად რამ გაგაკვირვათ-მეთქი, - ვკითხე ერთ-ერთს... ველოდი, რომელიმე ისტორიულ ძეგლს დამისახელებდა, ან არაჩვეულებრივ ხედებზე მიმითითებდა... მან კი უყოყმანოდ მიპასუხა: - მიკვირს, რომ თქვენს ქვეყანაში არავის არსად მიეჩქარება. დგანან, საუბრობენ, ახალგაზრდებიც და მოხუცებიც დინჯად მოძრაობენ... ჩვენთან სოფლებშიც სულ ჩქარობენ, წუთი-წუთში უნდა მოასწრონ ყველაფერი: შრომაც და გართობაცო...

ჩვენთანაც შრომობენ, აბა, ეს ყანები და ვენახები ისე, თავისთავად კი არ ჩნდება-მეთქი, - დავუზუსტე...

- შრომობენ, მაგრამ უფრო რომ დაიტვირთონ თავი და ცხოვრებაც უკეთ მოიწყონ, არ უნდათ... ძალიან ბევრი თავისუფალი დრო აქვთო.

ეს ხანმოკლე საუბარი არაერთხელ გამხსენებია, როცა ქუჩაში ფეხით მიმავალს შემინიშნავს, რა ნელა მიიწევენ წინ ადამიანები, განსაკუთრებით იქ, სადაც სადგური ახლოსაა და მილეთის ხალხი იყრის თავს... როგორი უსიხარულო სახეებით ათვალიერებენ ღია ცის ქვეშ, უხარისხო პროდუქციით სავსე დახლებს... როგორ უმისამართოდ იყურებიან... ცხადია, კარგი ცხოვრებისგან არ გვჭირს, რაც გვჭირს!

დგანან ან სხედან, ლაპარაკობენ, ან მდუმარედ შეჰყურებენ ერთმანეთს - პარკსა  და სკვერში კი არა - ქუჩაში, სადაც შუადღისას საქმიან და დასაქმებულ ადამიანს, წესით, ვერც უნდა ნახულობდე...

ის უცხოელი ტურისტი რას გაიგებს, რა მძიმე დღეში ვართ. მშრომელი გლეხები როგორ არ გვყავს, მაგრამ მათი საშუალო ასაკი, მგონი, 60 წელია, ახალგაზრდები გლეხურ საქმეებს არჩევენ, თბილისში ჩამოვიდნენ, ალალბედზე რომ ეძებონ სამსახური, რომელსაც ვერც პოულობენ. დგას ქუჩაში სამუშაოს მომლოდინე ადამიანთა არმია და მთელი დღე ერთმანეთთან საუბარში გაჰყავთ დრო. უმუშევრობამ წალეკა, გადაგვარებამდე მიიყვანა ადამიანები... არსად ეჩქარებათ... შენელებული კადრებივით ტაატით მიჰყვებიან ერთმანეთს... ზოგი თბილისელია - უმუშევარი და სახლკარდაკარგული, ზოგი - რაიონიდან ჩამოსული... ზოგი სამსახურს ეძებს, ზოგი - გასართობს! ზოგიც საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საჭირო შხამქიმიკატების საყიდლად მოხვდა ქალაქში... ქართლიდან ჩამოსულმა გიორგი ვანთიშვილმა  მითხრა, - გასულ კვირაში ნერგები გავყიდე და ახლა ნათესების დასაცავი წამლისთვის ჩამოვედი ამ "გადარეულ" ქალაქშიო.

გადარეული ეძახეთ და დარწმუნებული ვარ, თქვენი სოფლიდანაც ბევრი იქნება აქ ჩამოსული, ბევრიც ალბათ, ჩამოსვლაზე ოცნებობს-მეთქი...

არიან ეგეთებიცო, - დინჯად მიპასუხა.

ამასობაში ერთი წამლისთვის ჯერ გამოსაწერად იდგა რიგში, მერე მეორე რიგში გადავიდა გადასახდელად... ბოლოს, მესამეში ჩადგა - წამალი უნდა აეღო...

ბევრი დრო კი დაგეკარგათ ამ ერთი წამლის საყიდლად-მეთქი...

- ვისაც უნდა ეჩქარებოდეს, იმათაც არ ეჩქარებათ და მე სად გავიქცე? - მომიბრუნდა რიგში მდგომი და ხელისგულები გაშალა - ამ ხელების პატრონს, არ მეტყობა, რომ საქმე სულ მაქვს გასაკეთებელი? მაგრამ ქალაქში რომ ჩამოხვალ, სუ ეგრე ყატიყუტში გაგატარებინებენ დროს... რა არი, რო ერთი-ორი მაგიდა დაამატონ, დასვან სპეციალისტები... ერთ რიგში გამოგიწერონ და მოგცენ კიდეც...

- აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამიაო, - შეაშველა სიტყვა რიგში მდგომმა მოხუცმა, - ვიდგეთ, რა...

- ვიდგეთ კარგია! დროზე თუ არ მივუსწარი "მარშრუტკას", დაძეძგავენ ბარგით და ფეხს ვეღარ შედგამ შიგ... განა მარტო შაქარი და მაკარონი მიაქვთ ქალაქიდან, კარტოფილსაც ეზიდებიან, პამიდორსაც, პურსაც, ხორბალსაც, სიმინდსაც...

- ხორბალი და სიმინდი მაინც ხომ სოფლებიდან მოდის თბილისში და იქ უფრო იაფად არ იყიდით? - გავიკვირვე...

- არ ვიცი, სოფლებიდან მოდის თუ თურქეთიდან... გლეხების უმრავლესობას ცოტა აქვს მოსავალი, თავს ირჩენს და ნამატი კი არაფერი აქვს... შემოდგომით კიდევ იყიდი იქაც რამეს, მაგრამ ახლა - ვერა! - მითხრა, ბაღისთვის საჭირო ქიმიკატები გადაახვია და გარეთ გავიდა... ნელ-ნელა მიაბიჯებდა... ელექტროსაქონლის მაღაზიის ვიტრინასთანაც კარგა ხანს იდგა... მერე სიგარეტს მოუკიდა და ნება-ნება გაჰყვა ქუჩას, მგონი, სულ დაავიწყდა, მიკროავტობუსზე რომ ეჩქარებოდა...

სამარშრუტო ტაქსებთან ხალხმრავლობაა. განუწყვეტლივ ყვირის ვიღაც - აბა, ქუთაისი! ქუთაისი!.. ხუთ წუთში გადის... ზესტაფონი!.. ბათუმი!..

- ნახევარი საათია ვსხედვართ, ხუთ წუთში გადისო, გვითხარით! - თავი გადმოყო ტრანსპორტიდან გაბეზრებულმა მგზავრმა.

- ახლა მართლა ხუთ წუთში გადის! სულ სამი ადგილი დარჩა!.. აბა, ქუთაისი!

- იქნება არ მოდის ის სამი კაცი, - არ ისვენებს მგზავრი...

- ნუ აცდენ, თვარა "აახევს" სხვა იმ მგზავრებს და კიდე იჯდები "მარშრუტკაში" ერთი ნახევარი საათი. ჩქარა, თვარა შენც ახლა სამსახურში არ დაგაგვიანდეს, ბირჟაზე როცა გინდა, მაშინ მიგიღებენ, - ისევ მგზავრი ამშვიდებს მგზავრს.

სოფელში ახალგაზრდების და ხნიერების მთავარი "გასართობი" ბირჟაა... თითქოსდა არაფერია განსაკუთრებული, ადამიანებმა სადმე ხომ უნდა ნახონ ერთმანეთი, პოლიტიკაზეც ილაპარაკონ და მეურნეობის მოწყობაზეც, თანასოფლელებზეც და ქალაქელებზეც... საქმე ის არის, რომ ბირჟაზე ხშირად უმუშევრები (საქმეგამოლეულები) სხედან დილიდან დაღამებამდე, საქმის დასრულების მერე კი არ იკრიბებიან, მათი საქმე აქ დგომა გახლავთ: სვამენ ან აზარტული თამაშებით იქცევენ თავს...

არსად გვეჩქარება! რაც დავკარგეთ, დავკარგეთ, მაგრამ იმ მიწებსაც ვერ ვუვლით, ჩვენი რომ ჰქვია... იმ სახლებს ვერ ვპატრონობთ, რომელიც წინაპართაგან დაგვრჩა. უამრავ სოფელში ნახავთ წარწერას: "იყიდება სახლი", ან უარესი: "იყიდება დაშლით" - მასალად. თუ კარგ ფასს შემოგვაძლევენ, უცხოტომელებსაც მივყიდით... მაინც ვერ ვიტყვი, გადაგვარებული ხალხი ვართ-მეთქი... ქედმოდრეკილი ვახსენებ ჩემს ხალხს თუნდაც იმ მცირეოდენი გლეხების გამო, რომლებიც დაჩოქილი უვლიან ვაზს... მე ვიცნობ ასეთ გლეხებს, მინახავს მათი გაცრეცილი სამოსი და ძირგალეული ფეხსაცმელი, მომისმენია მათი სიბრძნე, მათი მიწასთან ლაპარაკი. ხელში მოფშვნეტილი ქართული მიწის ბელტი ნელა გაუსინჯავთ: ხვნის დროაო, - უთქვამთ... ტრაქტორით კი არა, ხარებით გასულან სახნავად XXI საუკუნეში... როგორც გიჭირდეს, ისე გილხინდესო, - უთქვამთ და ხმელი პური გაუტეხავთ, თავისი დედაკაცების ჩადებული მწნილი მიუყოლებიათ...

ამ ბედნიერებისას მართლა ვერაფერს გაიგებს უცხოელი ტურისტი. თუმცა ეს გლეხებიც დაცოტავდებიან და გაილევიან, თუკი ქალაქში უსაქმოდ, უმიზნოდ მობორიალე ადამიანები ივლიან მიმართულებით - არსად მომავალში!..

ყველა ბედნიერია

მართალია, ბედნიერება შეფარდებითი ცნებაა და რთული ფილოსოფიური განმარტებაც აქვს, ისიც ვიცით, რომ ბედნიერება ხშირად ერთი წამითაც შეიძლება იყოს განპირობებული, მაგრამ 2012 წელს ზოგადი გამოკითხვის ფურცელში ჩაწერილ ასეთ შეკითხვაზე - შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ხართ ბედნიერი, - პასუხები მოულოდნელი აღმოჩნდა: ძალიან ბედნიერი - 3.3%; საკმაოდ ბედნიერი - 67.2%; არც ისე ბედნიერი - 27.2%; საერთოდ არ ხართ ბედნიერი - 2%; \მიჭირს პასუხის გაცემა - 0.3%

სად იკრიბებიან?

2012 წელს საზოგადოების კვლევის ცენტრმა (მარინა მუსხელიშვილი, ლია მეზვრიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, მარიამ ელიზბარაშვილი) გამოკვლევა ჩაატარა: "სოციალური კაპიტალის როლი  საქართველოს სოფლის განვითარებაში". კვლევას ახლავს  20 სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა. კითხვაზე, სად იკრიბება ხოლმე სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო ხშირად?

პასუხები ასე გადანაწილდა:

სოფლის კლუბი - 4.6%

ეკლესია–- 5.4%

სოფლის ე.წ. ბირჟა”- 59.7%

სტადიონი–- 2.6%

სოფლის სკოლა - 9.5%

სოფლის რესტორანი, დუქანი და ა.შ. - 5.1% - 13%