"უსაქციელო ცხოვრებას "მალიარობა" ვარჩიე" - კვირის პალიტრა

"უსაქციელო ცხოვრებას "მალიარობა" ვარჩიე"

"მალე  მეუღლეც მოვიდა და კაცურად აუხსნა, თორემ  ხელიდან ვერ გამომაცლიდნენ იმ კაცს"

ქეთევან ნაცარაშვილმა თელავის პროფსასწავლებელში ბუღალტრად მრავალი წელი იმუშავა, მაგრამ მისი გაუქმების შემდეგ, ქალისთვის ერთობ უცნაური საქმიანობა წამოიწყო.

- მანქანებს ვხეხავ, დაგრუნტვას ვუკეთებ და შესაღებად "ჩემს მეუღლეს ვუტოვებ. თავიდან კლიენტი ეზოში მანქანას რომ შემოაყენებდა და მის დასათვალიერებლად ქმართან  ერთად მეც გავდიოდი, თვალებს დამიბრიალებდა - შედი, ქალო, შინა, სირცხვილიაო. მაგრამ გავიდა დრო და მიხვდა, რომ მის გვერდით დგომა და მასთან ერთად ცხოვრების მძიმე ჭაპანის ზიდვა სირცხვილი არ იყო.

- თქვენი ხელობის ქალი ქალაქშიც იშვიათია. სოფელში ამ ამბავს მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლია?

- ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს, ზურგს უკან თუ ვინმე ჩურჩულებდა, ქეთინო საკაცო საქმეს აკეთებსო, არ ვიცი.  უხამსი არაფერი გამიკეთებია. უსაქციელო ცხოვრებას  "მალიარობა" ვარჩიე.

- კლიენტი ყოველთვის კმაყოფილია?

- ძალიან რთულია დაზიანებულ მანქანას ქარხნული იერი დაუბრუნო, მაგრამ  მაინც ვახერხებთ. ფაქტია, რომ 29 წელია კლიენტის ნაკლებობას არ განვიცდით. თუმცა იყვნენ "კაპრიზნი" კლიენტებიც.

როცა მანქანა "მალიარკაზე" მოჰყავთ,  აკუმულატორი რომ არ დაჯდეს, ამოღებას გვთხოვენ ხოლმე. ერთხელ ჭიშკარში ძახილი გავიგონე, გავიხედე და მანქანის პატრონი აღმოჩნდა. მივიდა, ახადა მანქანას კაპოტი და ცარიელი რომ დაინახა, ერთი ამბავი ატეხა, - აკუმულატორი მომპარეთო, აღარ ახსოვდა, რომ მისი თხოვნით ამოვიღეთ.

ერთმა კი, გასაღებია შეცვლილი  და ვერ ვქოქავო. ჩემი მეუღლე შინ არ იყო და მე მომიწია პასუხის გაცემამ, - ჩვენ მანქანის ფასადს ვაკეთებთ და  გასაღებს კი არ ვცვლით-მეთქი. მალე  რობერტიც მოვიდა და კაცურად აუხსნა, თორემ  ხელიდან ვერ გამომაცლიდნენ იმ კაცს. ყოფილა შემთხვევა, ფულის გადახდას ვინ ჩივის და კლიენტს მადლობაც კი არ უთქვამს.

ერთმა ექვსი თვის შემდეგ მოგვაკითხა, წინასაახალწლო სამზადისში ვიყავით, გავიხედე და ინდაურით, კარტოფილით და ფულით ხელდამშვენებული გამოგვეცხადა. მოგვიბოდიშა, - მაშინ არ მქონდა და ახლა მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ახალი წელიც მოგილოცოთო.

რობერტს მეზობლის ბიჭი ჰყავდა აყვანილი შეგირდად, მანქანა უკვე გამზადებულ-გაპრიალებული იყო, რომ სხვა მანქანის ჩასაყენებლად საჭეს მიუჯდა, ამოქოქა, უკან დასწია და ხეს არ გლიჯა?! უკანა კარნიზი შეიპრანჭა. ბავშვი გადაირია კინაღამ. შემთხვევით მოუვიდა, ვერ გათვალა, მაგრამ პასუხი ხომ უნდა გაგვეცა პატრონისა და პირველ რიგში ჩემი ქმრისთვის. ჰოდა, ეზოში შემოსვლისთანავე  მივეგებე რობერტს და პატარა ბავშვის გამომეტყველებით, ენის მოჩლექით ვუთხარი - ალ გაბრაზდე, რობიკო, საჭესთან მე ვიჯექი და მალცხი მომივიდა-მეთქი. გადავრჩით.

- მანქანის მართვა თუ გეხერხებათ?

- ხშირად არ მიწევდა საჭესთან ჯდომა. სახიფათო მანევრიც არასოდეს გამიკეთებია.

- სამაგიეროდ, ახლა მანქანას თქვენი ქალიშვილი მართავს. მანაც რომ ასეთი პროფესია აირჩიოს, მოუწონებთ?

- ჩემი ქალიშვილს  პროფესია უკვე არჩეული აქვს, ფარმაცევტია და თუ ასეთ რამეს მოინდომებს, რატომ უნდა  გავაპროტესტო, მთავარია, პატიოსანი შრომით იშოვოს ფული. ჩემი აზრით, საკუთარ კარ-მიდამოში ქმარ-შვილთან ყოფნა ყველაფერს ჯობია. ახლა პატარა შვილიშვილს ვუვლი, ბედნიერი დედა, მეუღლე და ბებია ვარ. მგონი, ქალისთვის  ესეც საკმარისია.

გურამ სოზაშვილი