"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" - ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს
27-05-2013
"თამთამ მშობლებს ნინი გამოუგზავნა" -  ტრაგედიის შემდეგ თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს

"შვილი მიწაში მყავს, მაგრამ მის საწოლში რომ წევს ნინი და მისი ლოგინი ახლა თბილია, ეს დიდი შვებაა ჩვენთვის"


ბრეივიკისთვის სულ მცირე, სამუდამო პატიმრობას ვითხოვდით, მაგრამ იმ ქვეყანაში ასეთი კანონები აქვთ...

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა გოგონა იშვილეს. 23 წლის თამთა, რომელიც ტერორისტის ტყვიამ იმსხვერპლა, მათი ერთადერთი შვილი იყო. ახლა თამთას ოთახში 10 წლის ნინი ცხოვრობს, თამთას საწოლში სძინავს და რუდუნებით უვლის მის დანატოვარ
ნივთებს.


ლეილა ასათიანი, თამთა ლიპარტელიანის დედა: "ეს მოულოდნელად მოხდა. ჩვენი ნათესავები, მეგობრები და ახლობლები ძალიან მონდომებული იყვნენ, რომ მე და ავთოს ბავშვი გვეშვილა. ერთხელ წამომცდა ბიძაშვილთან, თუ იქნებოდა ბავშვი, რომელსაც მზრუნველობა სჭირდება, გავზრდიდი-მეთქი. მოგვიანებით ჩემმა ბიძაშვილმა ლეჩხუმში გაგვაცნო ოჯახი, სადაც რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ობლობაში იზრდება.
დედა გარდაცვლილი ჰყავთ და ბავშვებს მამა ზრდის. ოჯახი სიდუხჭირეში ცხოვრობს. ყველა ამბობდა, თუ მამა ერთ-ერთი ბავშვის გაშვილებას მოინდომებს, მადლი იქნებაო. ის ჩვენს შეთავაზებას დათანხმდა. ყველამ ისე მიიღო ეს გადაწყვეტილება, როგორც ბავშვის მომავლისთვის საუკეთესო ნაბიჯი. ნინი შემდეგ მიყვებოდა, როგორ გაიგო ამის შესახებ. შინ მიმავალს თურმე გზაზე და შეხვედრია და უკითხავს, თამთა ლიპარტელიანის მშობლებმა რომ გიშვილონ, თუ წაჰყვებიო. რატომაც არაო, უთქვამს გახარებულს.

სანამ ჩვენ გადავწყვეტდით ლეჩხუმში გამგზავრებას და მის ნახვას, რამდენჯერმე დაარეკვინა მამიდას, მნახონო. ერთ დღესაც წავედით და ვნახეთ ბავშვი, ჩვენი პირობები ვუთხარით, მათ თავისი გვითხრეს და როცა დავაპირეთ წამოსვლა, ბავშვმა აღარ მოისურვა მშობლიურ სახლში დარჩენა და წამოგვყვა. ყველა ამბობს, ეს ბავშვი თქვენს სახლში თამთამ მოიყვანაო.

- ნინის ძალიან ამსგავსებენ თამთას, თქვენც ამჩნევთ ამ მსგავსებას?

- თამთას იმდენად არ ჰგავს, რამდენადაც მე მამსგავსებენ. თვალის ფერი მართლაც ერთნაირი გვაქვს. ახლობლები მეუბნებიან, თამთა მამას ჰგავდა, ნინი კი შენ გგავსო.

- როგორ შეეგუეთ ერთმანეთს?
- როგორც კი შემოვიდა ნინი ჩვენს ოჯახში, ისე იქცეოდა, თითქოს აქ დაიბადა და გაიზარდა, არც გაუცხოება გვქონია.

- დედას გეძახით?
-  არ გვითხოვია, აუცილებლად დედა ან მამა დაეძახა ჩვენთვის. როცა ნათესავები ეუბნებოდნენ, ხომ იცი, ლეილას და ავთოს დედა და მამა უნდა დაუძახოო, ვსაყვედურობდი, თუ გინდა, ბებო დამიძახოს-მეთქი. თავიდან, როცა ნინი ტელეფონს პასუხობდა და ეკითხებოდნენ, ვინ ხარო, ლეილას და ავთოს შვილი ვარო, - ამბობდა, მაგრამ ერთი კვირა ლეილა დეიდას მეძახდა. შემდეგ თავისუფლად და რაც მთავარია, ბუნებრივად დედა დამიძახა, ჩემს მეუღლეს კი - მამა. რომ იცოდეთ როგორი  თბილი და მოსიყვარულე ბავშვია.

ნინის ზრუნვა სჭირდებოდა და ჩვენც სიამოვნებით ვიკისრეთ ეს: ხან თერაპევტთან წავიყვანეთ, ხანაც სტომატოლოგთან და ამან ძალიან დაგვაახლოვა. ავთოც ძალიან უყვარს ნინის. თამთას საფლავზე რომ  მიდის, უნდა ნახოთ, რას აკეთებს. მე აღარ მაცდის თამთას საფლავზე კანდელის, სანთლის ანთებას, ყველაფერს თვითონ აკეთებს. ყვავილებს რწყავს, თამთას სურათს გადაწმენდს ხოლმე.

- თამთას გარდაცვალების შემდეგ მის ოთახში ნივთებისთვისაც კი არ შეგიცვლიათ ადგილი, ახლა იქ ნინი ცხოვრობს?
- ნინი თამთას ოთახში ცხოვრობს და მის საწოლზე წევს. სახლში და განსაკუთრებით მის ოთახში, თამთას ძალიან ბევრი ფოტო გვაქვს. ალბათ, ეს ნორმალური არ არის, მაგრამ რა ვქნა, ამას ვერ გადავეჩვიე. ნინის ვკითხე, ამდენი ფოტო ხომ არ გაშინებს-მეთქი და არაო, მიპასუხა. რამეს რომ აჩუქებენ, მივა და თამთას სურათთან დებს. ასე მგონია, რომ უყვარს თამთა.

ერთხელ მეზობელმა მითხრა, რომ თამთა ნახა სიზმარში. ამბობდა, შემოვიდა ეზოში და გოგონა შემოიყვანა, დადგა პირველი სართულის ფანჯარასთან, გადათვალა სართულები (მეშვიდე სართულზე ვცხოვრობთ) და გოგონას უთხრა, მეშვიდე სართულზე ადიო და სადარბაზოსთან მოიყვანა. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე, ვფიქრობდი, იმდენად მონდომებულია ყველა, რომ ბავშვი ვიშვილოთ, იგონებენ-მეთქი. ამის გამო მეზობელი გამიწყრა და სამართლიანადაც. შემდეგ იმ მეზობელმა ნინი რომ დაინახა, გაოცდა, სიზმარში თამთასთან ერთად ასეთი გოგონა ვნახეო.

- როგორც მახსოვს, თქვენ არ დაგაკმაყოფილათ ნორვეგიის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელიც მან თამთას მკვლელს გამოუტანა...

- ასეა, მაგრამ ჩვენს ლაპარაკს აზრი არა აქვს. მისთვის სულ მცირე, სამუდამო პატიმრობას ვითხოვდით, მაგრამ იმ ქვეყანაში ასეთი კანონები აქვთ... გასაჩივრება გვინდოდა, მაგრამ ადვოკატმა პირდაპირ გვითხრა: ჩვენს კანონებს ვერავინ დაიწუნებს, ვერც ევროპა და ვერც მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა, რადგან ყველაზე ჰუმანური და სამართლიანი კანონები გვაქვსო. თამთას ვეღარავინ გამიცოცხლებს. საუკეთესო შვილი მიწაში მყავს, მაგრამ მის საწოლში რომ წევს ნინი და მის ლოგინი ახლა თბილია, ეს დიდი შვებაა ჩვენთვის.

"ოქროს გალია" ბრეივიკისთვის

2011 წლის 22 ივლისს ნორვეგიაში ორი ტერორისტული აქტი მოხდა: 32 წლის ანდერს ბრეივიკმა ოსლოს სამთავრობო კვარტალში ბომბი ააფეთქა, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული და რადიომოწყობილობით იმართებოდა. დაიღუპა 8 და დაშავდა 92 ადამიანი. ოსლოს ცენტრში აფეთქებიდან დაახლოებით საათ-ნახევარში კუნძულ უტოიაზე, სადაც ახალგაზრდული ბანაკი მდებარეობდა და 14-25 წლის 665 ბავშვი იყო (მათ შორის ორი ქართველი გოგონა, თამთა ლიპარტელიანი და ნათია ჩხეტიანი), პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ბრეივიკმა თითქოსდა ტერაქტთან დაკავშირებით უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად რამდენიმე ათეული ბავშვი შემოიკრიბა და ცეცხლი გაუხსნა. კუნძულ უტოიაზე 69 კაცი დაიღუპა.

2012 წლის 24 აგვისტოს სასამართლომ ბრეივიკი შერაცხადად და 77 კაცის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სასჯელის 5 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. სასამართლომდე ის სპეციალურ იზოლირებულ კამერაში ჰყავდათ, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ბანაკი იყო.
ბრეივიკმა აღიარა ჩადენილი მასობრივი მკვლელობა, მაგრამ თავი დამნაშავედ არ ცნო. მისი თქმით, იგი ევროპელებისა და ნორვეგიელების დაცვასა და სამოქალაქო ომის თავიდან აცილებას ცდილობდა, რომელიც ქვეყანაში მიგრანტების შესვლითა და მულტიკულტურიზმის პოლიტიკით არის განპირობებული. სასამართლო პროცესზე, როცა მისი პროპაგანდისტული ვიდეორგოლის ჩვენება დაიწყო, ბრეივიკი ატირდა. ამჟამად ის სასჯელს იხდის სამარტოო საკანში, რომლის ფართობიც 24 კვადრატული მეტრია და სამი ოთახისგან შედგება: საძინებლის, სპორტდარბაზისა და კაბინეტისგან. ბრეივიკი ჩივის, რომ ბადრაგს მისთვის ხშირად ცივი კარაქი მიაქვს და პურზე მის წასმას ვერ ახერხებს. ციხეში არსებულ პირობებს ბრეივიკი სადისტურს უწოდებს.
lia
16 თებერვალი 2014 22:51
ქალბატონო ლეილა და ბატონო ავთო, ამ კეთილშობილი და
გონიერი ნაბიჯის შემდეგ, თქვენს სახლში სიცოცხლე აზეიმეთ მთელი ძალით, არავითარი მინიშნება ტრაგიკულობაზე და სიკვდილზე, ნინი გაზარდეთ უდარდელად, არც გარდაცვლილი დედის და არც თამთას ტრაგედიის მუდმივი ხსენებაა საჭირო, თქვენზე დატრიალებული უბედურება ყველას ტკივილით გვახსოვს და საერთო ტკივილად დარჩება მუდამ.

აზეიმეთ სიცოცხლე თამთას სახლში, დარწმუნებული ვარ ეს უნდა თამთას ჭირისუფალს--- სრულიად საქართველოს.
giorgi
12 ოქტომბერი 2013 14:18
ამ დამპალს სასათბურე პირობები შეუქმნეს და ახლა პროფესორებსაც იმ სანატორიუმ–ციხეში მიუყვანენ უმაღლესი განათლების მისაღებად, მაშინ როცა აქ ბევრი სწავლის მსურველი და მართლა მონდომებული ბავშვი ვერ ახერხებს განათლების მიღებას უსახსრობის გამო.. ამაზრზენია ეს ტიპი, არც უნდა გამოგედოთ მისი ბილწი სურათი მათ გვერდით.
teimurazi
17 ივნისი 2013 08:39
გულით და სულით გილოცავთ ბატონო ავთანდილ და ქალბატონო ლეილა შვილის შეძენას ღმერთმა ბედნიერი ქართველი დედა აღეგზარდოთ ის ნამდვილად თამთას მმყვანილია და ეჭვიც არ მეპარება რომ თქვენ და ნინიკო ერთმანეთს სითბოს არ მოაკლებთ
მადლობა და დიდი სითბო მინდა გამოვხატო ნინიკოს მამის მიმართ
ასეთი ვაჟკაცური საქციელის გამო

რედაქტორის რჩევით