ეს იყო "ჯინსების თაობის" ყველაზე სასტიკი დღე!
03-06-2013
ეს იყო "ჯინსების თაობის" ყველაზე სასტიკი დღე!
1983 წელს სოსო წერეთლის სახით პატარა საქართველო დაიკარგა...

საბჭოთა სახელმწიფომ ის და მისი მეგობრები ტერორისტებად გამოაცხადა... მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მათი "ტერორისტობა" და რომანტიკული სახელით მონათლეს - "თვითმფრინავის ბიჭები". ეს სახელი დამკვიდრდა კიდეც, არა იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირიდან გაქცევის და თავის დაღწევის სურვილმა ეს ახალგაზრდები თვითმფრინავის გატაცების მცდელობამდე მიიყვანა, უფრო იმიტომ, რომ თითოეული მათგანისთვის არსებობდა ზეაღმატებული სამყარო, რომლისკენ ლტოლვაც შინაგან მდგომარეობად ჰქონდათ ქცეული. ეს განცდა კი რაღაცით ჰგავდა ფრენას...

სოსო წერეთელი "თვითმფრინავის ბიჭი" იყო... თუმცა მანამდე, ვიდრე ამ საბედისწერო სახელით გაიცნობდა მსოფლიო, მის სამშობლოში, რომლის სატკივარიც თავის არისტოკრატიულ წარმოშობასთან ერთად მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული, იცოდნენ, რომ იზრდებოდა არაჩვეულებრივად კარგი ახალგაზრდა. მის გარეგნულ დახვეწილობას ჰარმონიულად ავსებდა შინაგანი სიფაქიზე, ინტელექტი, აზროვნების საინტერესო სტილი... და თუ ვინმეზე შეიძლებოდა
თქმულიყო, საჯიშე ბიჭიაო, ეს ნამდვილად იყო სოსო წერეთელი.

მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერის, კოტე წერეთლის ვაჟს დედა სულ ახსენებდა, - ისე არსად მოიქცე, მამის სახელი შეარცხვინოო. არც სჭირდებოდა გაფრთხილება, მასში უკვე იყო აღზრდილი არისტოკრატი, რომელიც არასოდეს შერყვნიდა თავის მეტყველებას უცენზურო სიტყვებით, არასოდეს დაარღვევდა ზნეობისა და ღირსების პრინციპებს... თვითმყოფადი და საინტერესო მხატვარი იყო. იმ ტრაგიკულ მოვლენას რომ არ შეწირვოდა, დღეს ალბათ მსოფლიოში ეცოდინებოდათ მისი შემოქმედება...

პირველი გამოფენა 1989 წელს მოუწყვეს (მეორე - სულ ახლახან, 26 მაისს გაიხსნა "თიბისი" გალერეაში), მას მერე, რაც 9 აპრილის მოვლენებმა გაათკეცებული ძალით მოაწყურა თავისუფლება საქართველოს... გამოფენის გახსნაზე უთქვამს ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ბერიძეს სოსოს დედისთვის - მსოფლიო მაქვს შემოვლილი, არაერთი მხატვარი მინახავს, მაგრამ რომელიმეს 25 წლის ასაკში ამდენი მოესწროს, არ შემხვედრიაო... ქალბატონი ლეილა ბრეგვაძე-წერეთელი  ცდილობდა, სოსო ღირსეულ კაცად აღეზარდა. მეტს და მეტს სთხოვდა შვილს - თითქოს ქვეცნობიერად ვიცოდი, დრო ბევრი არ ექნებოდაო...

მის სახლში ახლა მემორიალური სახლ-მუზეუმია. ქალბატონი ლეილა იხსენებს:
- ორი წლის რომ შესრულდა, მისი დაბადების დღეზე კოტეს მეგობრები მოვიდნენ, ცნობილი მეცნიერები. სიტყვა ბროს ტიტოზე ჩამოვარდა, იუგოსლავიაზე ლაპარაკობდნენ. უცებ სოსიკო არ ჩაება საუბარში?! თამაზ გამყრელიძემ: რა პოლიტიკურად ზრდით ბავშვსო, - გაიცინა. პოლიტიკურად კი არ მზრდიან, რომ ვთამაშობდი, თან რადიოს ვუსმენდიო, - "ახსნა" სოსიკომ.

ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავდა. მახსოვს, სარეცხს ვფენდი, ხელი მაღლა მქონდა აწეული. გვერდით მომიდგა, ხელი გაჭიმა და - ლენინმა თქვა, სწავლა, სწავლა და სწავლაო... ერთხელ სტუმარი გვეწვია, ლამაზი შავი კაბა, შლაპა და ვუალი ემოსა... სოსიკომ მომახარა, - ანა Kკარენინა მოვიდაო!

სამწლინახევრისამ დაიწყო ხატვა.  4-5 წლისას უკვე  ჰქონდა გამოფენა მუშტაიდის ბაღში. გამოფენილი იყო მისი დახატული ერეკლე მეფე, ფიროსმანი, რუსთაველი... იქვე ვიდექი და მესმოდა, ერთმა ქალმა მეორეს უთხრა, ალბათ მშობლები უხატავენო. მესამე შეეწინააღმდეგა,  მოცარტი სამი წლისა თხზავდა მუსიკასო. სოსიკოს "დამცველს" ვუთხარი - მე ვარ ამ ბავშვის დედა-მეთქი...

"მე ვარ სოსო წერეთლის დედა" - ეს ფრაზა არაერთხელ გაუმეორებია ქალბატონ ლეილას, უთქვამს სიხარულით, სიამაყით, ტკივილით, დარდით...
მასწავლებლები აღფრთოვანებული იყვნენ სოსოს განათლებით. იცოდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, ბოლოს იტალიურსაც სწავლობდა. სოსო უკვე ცოცხალი აღარ იყო, კოტე წერეთლის თანამშრომელმა ქალბატონ ლეილას უთხრა, სოსომ სირიული ისწავლა თავისითო.
რომელ ოლიმპიადაზეც გავიდა, ყველგან პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო... ერთ-ერთ ოლიმპიადას ესწრებოდნენ კონსტანტინე გამსახურდია და ბესო ჟღენტი. სოსო წერეთლის ნამუშევარი რომ უნახავთ, ვინაობა უკითხავთ. იმ საღამოს წერეთლებთან ბესო ჟღენტმა დარეკა, - ბატონო კოტე, ეს რა შვილი გყოლიათ, კონსტანტინე გამსახურდია აღფრთოვანებულიაო!

- ვცდილობდი, რაც შეიძლება მეტი მეჩვენებინა სოსიკოსთვის, მოსკოვში წავიყვანე, ყველა კონცერტსა და გამოფენაზე ვატარებდი... არ დამავიწყდება, მე, სოსიკომ და ეკა მამალაძემ (ჩემი ბიძაშვილია ნანი ბრეგვაძე, ეკა სოსოზე ორი წლით უმცროსი იყო) ღამე გავათენეთ, რომ დილით მუზეუმში შევსულიყავით და ევროპიდან ექსპონირებული "მონა ლიზა" გვენახა. ბავშვები ძალიან გაწვალდნენ, მაგრამ დილით დარბაზში რომ შევედით და სოსო ამ შედევრის წინ გაჩერდა, ისე მოინუსხა, ფეხი ვერ გადადგა. მეცხრე კლასში იყო, მოსკოვში მოუსმენია ლექცია კომპოზიტორ გერშვინზე. სკოლის დამთავრებისას მასზე საოცარი თავისუფალი თემა დაწერა.

მარტო ნიჭიერებით არ იყო გამორჩეული. სკოლაში ფანჯარა რომ გატყდებოდა, თვითონ იბრალებდა - აბა, იმას მამა არ ჰყავს, იმას უჭირს და ცოდოაო... ჩვენც არ ვართ მილიონერებიო, ეტყოდა დედა... სოსო გაიღიმებდა. ერჩივნა, სხვის ნაცვლად გადაეხადა, ოღონდ სხვა არ დაჩაგრულიყო... ამაზე არ ელაპარაკებოდნენ, მაგრამ სხვიტორელ წერეთელს ერეკლე მეფის პირდაპირი შთამომავლის, ციციშვილის სისხლი ერია - სოსო პატარა კახის მეცხრე თაობა იყო. ის, რაც კოდირებული იყო - მზრუნველობა სხვაზე, ვერ აღმოიფხვრებოდა.
არასოდეს უთქვამს ტყუილი. მეორე კურსამდე სიგარეტიც არ მოუწევია. მერე მამასთან გაუმხელია, კურსზე ყველა ეწევა და დედამ მომცეს ნება, რომ მოვწიოო.

- სამხატვრო აკადემიაში წარმატებით ჩაირიცხა. იმ დროს გოგი თოთიბაძე იყო აკადემიის რექტორი. თავიდან ძალიან მოსწონდა სოსო, მერე გაუჯინიანდა - იმას და ისე არ ხატავდა, როგორც უნდოდათ. როგორც მესმის, ისე უნდა დავხატოო, - ამბობდა. აკადემიიდან გარიცხვას უპირებდნენ. დახატა სურათი "რა დავაშავე?!" წინ სოსო დგას გაკვირვებული, უკან აკადემიის რექტორი და დეკანი, ჩანს, როგორ უთითებენ, უნდა გაირიცხოო...
სოსომ ერთი-ორჯერ თქვა, როდემდე უნდა იყოს საქართველო რუსების მონობაშიო. მაშინვე შევეკამათე, ეგ არ გაიმეორო-მეთქი. სხვა დროს აღარაფერი უთქვამს. ხატვაში კი არ დათმო! ერთ დღეს რექტორმა დაგვიბარა - ეკლესიაში დადისო. მერე ეგ რა დანაშაულია, თუ წმინდა ტაძარში დადის და ათ მცნებას იცავს-მეთქი. არაფრით შეეგუა რექტორი სოსოს ტაძარში სიარულს, თანაც ის პირველი სტიქაროსანი იყო პატრიარქისა, ყვითელი და ვარდისფერი სტიქარი ეცვა...

ამის გამო დიპლომზეც არ უნდოდათ გაეშვათ. ერთ თვეში დახატა დიდი ტილო "მხატვრის ოჯახი", ჯიბსონ ხუნდაძე ყოველ დღე მოდიოდა და ნახულობდა, რას აკეთებდა...

სოსო მის აზრს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა. ჯიბსონი ამაყობდა, - ასეთი მოწაფე არ მყოლიაო... აკადემიაში ამასაც "ცოდვად" უთვლიდნენ სოსოს. დაგვიბარეს, - ჯიბსონმა სოსო გააფუჭა, სოსომ კი გია ბუღაძე და სხვა სტუდენტებიო!..

ძალიან ჰყვარებია პატრიარქს სოსო, როგორც ჩანს, მასში დიდ ინტელექტუალურ და სულიერ ძალას ხედავდა, ამიტომაც დაიბარა მისი მშობლები და სთხოვა, შვილისთვის კურთხევა მიეცათ, რათა ბერად აღკვეცილიყო. თუ ეს, ცხადია, სოსოს ნებაც იქნებოდა. ისიც უთქვამს, - მე თავად აღვზრდი და მოვამზადებ სასულიერო სარბიელზე მოღვაწეობისთვისო... დედას ძალიან გაუჭირდა ამისი მიღება, ერთადერთი ვაჟის შთამომავლებზე ოცნებობდა...

- ოპერაში პატრიარქმა ერთ-ერთ იუბილეზე ბრძანა: ბედნიერი ვიყავი, როცა ერთ გვერდს სოსო წერეთელი მიმშვენებდა, მეორეს - ზურა ჭავჭავაძეო... ყველა ფეხზე წამოდგა, მე ავტირდი. მკითხეს, ქალბატონო, რა მოხდაო, მე სოსოს დედა ვარ-მეთქი... უწმინდესი და უნეტარესი ილია II სულ მეუბნებოდა, რატომ წამართვით სოსო, ის არ იყო თქვენი შვილი, უფლის შვილი იყოო... მე კი არა, კომუნისტურმა რეჟიმმა წაგვართვა-მეთქი".
სოსო წერეთელი თავისი არსით მართლაც აღარ იყო მხოლოდ კოტე წერეთლისა და მისი მეუღლის შვილი, ის საქართველოს შვილად იყო განმზადებული, მაგრამ წარმოუდგენელი რამ მოხდა!

- 18 ნოემბერს თითქოს ადგომა არ უნდოდა ლოგინიდან. გავაღვიძე, სამსახურში უნდა წასულიყო. გარეთ თურმე ელოდნენ... წინადღეს გეგას ქორწილში წავიდა, მეჯვარე იყო. შავი პიჯაკი ჩაიცვა და ცისფერი პერანგი. ძალიან უხდებოდა. მართლა ლამაზი ყოფილხარ-მეთქი, ვუთხარი. ადრე არასოდეს გითქვამსო, - შემომხედა  და შუბლზე მაკოცა. ის იყო ბოლო კოცნა.

18 ნოემბერს გვიან დაგვირეკეს - თუ შეიძლება, აეროპორტში მობრძანდითო. ვიცოდი, გეგა და თინა მიდიოდნენ საქორწინო მოგზაურობაში, მეგობრები აცილებდნენ ბათუმში, მაინც მეგონა, ვიღაცამ იხუმრა... წავედით ტაქსით. კოტე არ იყო საქართველოში. აეროპორტის გზაზე მანქანა მანქანაზე მიდიოდა, სასწრაფოც დავინახე... მერე ჩვენს მანქანასთან შავი ვოლგა გაჩერდა, გადმოვიდა ოთხი ინკუბატორის წიწილებივით ერთნაირი კაცი, სოსოს დედა ხართო. კი-მეთქი... მივხვდი, უბედურება იყო ჩემს თავს. ინაურთან მიმიყვანეს. ინაურმა, ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად იქნებაო. ეგერ არის ედუარდი, მიდით, დაელაპარაკეთო. რომ მივიდე, რა ვუთხრა-მეთქი. თვითონ ჩემმა შვილმა დაუშავა თავის თავს, ამ საქმიდან ვინ გაუშვებდა.

ეს იყო ყველაზე სასტიკი დღე!  დაიწყო სროლა. მშობლებმა ვიცოდით, ჩვენს შვილებს ესროდნენ. გეგას დედა ცუდად გახდა, დაეცა. სპეცრაზმელი მივიდა და წიხლი ჩააზილა... ვეღარ მოვითმინე: ტირილის უფლება მაინც მოგვეცით, შვილები გვეხოცებიან... ან დედა არ გყავთ, ან ძმა, ასე როგორ იქცევით-მეთქი! ერთი ღვთისნიერი იყო, იმან გაიყვანა მეორე, აგრესიული, თავი დაანებეო. ვიყავით გასაცოდავებულები, ტუალეტიც კი ჩაგვიკეტეს. ვიდრე ყვირილი არ დავიწყე, - საპირფარეშო გაგვიხსენით-მეთქი, არ გახსნეს!

ქურთი პილოტი ყოფილა, გვარად გასოევი, იმას უსვრია და ტყვია სოსოს მოხვედრია საძილე არტერიაში. მიიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მეორე დღეს გარდაიცვალა. არ უმკურნალეს, ბრძანება იყო, არ უმკურნალოთო. ასე ჯობდა... რომ გადარჩენილიყო, უნდა ეწამებინათ და დაეხვრიტათ...
მომიტანეს წერილი. ეწერა, ყველაფერი ჩემი ბრალია, ეს ბიჭები ჩემი თხოვნით წამოვიდნენ, იდეაც ჩემი იყო და გეგმაცო... ეს სოსოს დაწერილი წერილიაო. დავხედე თუ არა, მივხვდი, მისი ხელი არ იყო. ვიცოდი, დაჭრილი რომ იყო და ვიგრძენი, რაც ხდებოდა. ეს სოსოს ხელი არ არის, მაგრამ თუ ეს გადაარჩენს დანარჩენებს, არაფერს ვიტყვი-მეთქი...

კოტე ერთი კვირის მერე ჩამოვიდა... მოსკოვში დახვდნენ... მელაპარაკა ტელეფონით. მამშვიდებდა, ჩამოვალ და რამეს ვიღონებო... არ იცოდა, რომ სოსო უკვე აღარ იყო ცოცხალი... მისთვის საჩუქრად ჯინსის პიჯაკი და სიგარა მოჰქონდა...

როგორცვ მოგვიანებით გაირკვა, გაჩიანისკენ დაუკრძალავთ. პატრიარქი სულ გვეუბნებოდა, სოსოს საფლავი უნდა ვიპოვოთო... წლების მერე მართლაც ვიპოვეთ. ღამით დაგვირეკა გია ბუღაძემ, - ძია კოტე, სოსო გამოჩნდაო... კოტემ თქვა, რაღაც ცუდი სჭირს ამ ბიჭს, ამბობს, - სოსო გამოჩნდაო... მეორე დღეს მოვიდნენ გია და ნათია მეგრელიშვილი. ვიღაცას დაურეკავს მათთვის, - აქ და აქ არის ბიჭების საფლავიო. მერე ნათია მიამბობდა, რომ დაიწყეს მიცვალებულის ამოყვანა, განათდა ცა, გამოჩნდა ცისარტყელა და რომ ჩავასვენეთ, გაქრაო. ვიფიქრე, წარმოსახვამ მოაჩვენა ყველაფერი-მეთქი. მერე ჩემს მეზობელ რეზოს ვთხოვე, ენახა სოსოს ცხედარი, ის პათანატომია და შეძლებდა გარკვევას, ნამდვილად ჩემი შვილი იყო თუ არა... იმანაც იგივე მითხრა: რომ ამოიყვანეს, ცა იყო განათებული, მაშინ გადავიწერე პირველად პირჯვარიო.

სოსოს სულ ვეუბნებოდი, მე რომ მოვკვდები, მარტო იები მომიტანე-მეთქი. იცოდა, რომ მიყვარდა... ერთ ჟურნალისტს უნახავს ტაძარში, სვეტთან იდგა, ხელში იები ეჭირაო... ჩემთვის ყიდულობდა იებს, ეკლესიიდან გვიან მოდიოდა და მოჰქონდა... ვერ შემისრულებს თხოვნას, ვერ მოიტანს იებს ჩემს საფლავზე... ისე მოხდა, მე დამქონდა მასთან საფლავზე იები... ჩემმა დამ, გულნაზიმ, რომელიც არ გათხოვილა და ჩვენთან ცხოვრობდა, ბოლომდე არ დაიჯერა სოსოს სიკვდილი, ამბობდა, რეჟიმი შეიცვლება და აუცილებლად გამოჩნდებაო... ავად რომ გახდა, თქვა, სოსო მოვიდაო... მთელი კვირა სულ სოსოზე ლაპარაკობდა. შუაღამისას გამაღვიძა, - კარი გააღე, სოსო რეკავს, ცოლ-შვილით არის მოსულიო... ასე სოსოს ხსენებით დალია სული...

P.S. 1983 წელს სოსო წერეთლის სახით პატარა საქართველო დაიკარგა... საქართველო, რომელსაც თავის თავში ატარებდა, რომელიც ასე საამაყო და საჩვენებელი იქნებოდა ყველასათვის...

"თვითმფრინავის ბიჭები"

1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა საქართველოდან თურქეთში გადასვლას შეეცადნენ გეგა კობახიძე, მისი მეუღლე თინა ფეტვიაშვილი, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა და პაატა ივერიელები და გია ტაბიძე. ახალგაზრდებს იმედი ჰქონდათ, თვითმფრინავის ეკიპაჟს დაიყოლიებდნენ და უმსხვერპლოდ შეძლებდნენ თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრას.

მცდელობა ტრაგიკულად დამთავრდა. გია ტაბიძე თვითმფრინავშივე გარდაიცვალა. სოსო წერეთელი ყელში დაიჭრა და მოგვიანებით სისხლისგან დაიცალა. მასთან, როგორც ამბობენ, ექიმები არ მიუშვეს. სასოწარკვეთილმა დათო მიქაბერიძემ კი, როგორც კი თბილისის აეროპორტში დასხდნენ, თავი მოიკლა. ძმები ივერიელები, გეგა კობახიძე და მამა თეოდორე (ეს უკანასკნელი საერთოდ არ იმყოფებოდა თვითმფრინავში), სიკვდილით დასაჯეს. 14-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თინა ფეტვიაშვილსაც. ის ხუთ წელზე მეტხანს იხდიდა სასჯელს...
Lia
17 აგვისტო 2017 12:54
კომენტარი
adamianebis shesadzleblobebi nebismier saqmianobashi usazgvroa,amitom rac ar unda charchoebi dauweson,mainc gaargvevs.tumca kargi adamianebi yvela sazogadoebashi karg adamianebad rchebian da tavs aravis ameteben.
ბეთქილი
27 იანვარი 2017 13:33
ტერორისტები იყვნენ. მებრალებიან. სხვანაირად იმიტომ არ წავიდნენ, რომ ამით ქულები ჩაიწერეს დასავლეთის თვალში. ხელისგულზე რომ ეტარებინათ საბჭოეთის იდეოლოგიურ მტრებს. მღვდლის დახვრეტა მართლაც დიდი დანაშაული იყო. ის იქ არ ყოფილა. გმირებად ნუ შევრაცხავთ. არ იქნება სამართლიანი
IIII
09 თებერვალი 2016 10:36
ჩემთვის ტერორისტები და გატუტუცებული, წინდაუხედავი ახალგაზრდები არიან.

რედაქტორის რჩევით