1 ივნისი - "პალიტრამედიამ" ერთი ლამაზი დღე აჩუქა პატარებს
03-06-2013
1 ივნისი - "პალიტრამედიამ" ერთი ლამაზი დღე აჩუქა პატარებს
მედიასახლმა პატიმარ დედებს და მათ შვილებს დღესასწაული მოუწყო

პირველი ივნისი ბავშვთა უფლებების დაცვის დღეა. ამ თარიღს მედიასახლი "პალიტრა" და "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი ღონისძიებებით  გამოეხმაურა


მედიასახლმა განსაკუთრებული ყურადღება იმ პატარებს დაუთმო, რომლებიც მსჯავრდადებულმა დედებმა პატიმრობაში გააჩინეს. ბავშვთა დღის აღსანიშნავად მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" იმ პატარებისთვისაც მოამზადა საჩუქრები, რომლებიც დედებთან ერთად #5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამ წლამდე იზრდებიან. ასეთი პატარა დღეს სულ ექვსია - ხუთი ვაჟი და ერთი გოგონა.

ბავშვები თვალებგაბრწყინებული შეხვდნენ სათამაშოებს, რაკი
ასაკის სიმცირის გამო სიხარულის სიტყვებით გადმოცემა მათთვის შეუძლებელია, ყველაფერი მათ თვალებში ამოვიკითხეთ - ეს იყო მათი ერთი ბედნიერი დღე.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინ
ამ 4 თვის ნინო გულზე მიიკრა. პატარა მშვიდად მიენდო სტუმარს:


- ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამოვიჩინოთ ამ ბავშვების მიმართ. დღეს მედიასახლმა "პალიტრამ" და მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" ბევრი საჩუქარი მოუტანეს პატარებს. ხედავთ, რომ სათამაშოები ფაქტობრივად აღარ იყო გასართობ ოთახში. ბავშვები თამაშობენ, სათამაშოები იმსხვრევა, ფუჭდება... ეს სათამაშოები  მართლაც ძალიან გამოადგება ამ ბავშვებს.
პატარა ნიკოლოზი ერთ თვეში გახდება 3 წლის, ვატო - სექტემბერში. მათ მოუწევთ დედებთან განშორება... ყველა მშობელს თვალებში შიში აქვს ჩამდგარი, ცხადია, უნდათ, რომ შვილები გარეთ, თავისუფალ სამყაროში გავიდნენ და თან ეძნელებათ იმის წარმოდგენა, როგორ უნდა დარჩნენ ბავშვების გარეშე... ნიკოლოზის დედა - სედა სოღომონიანი ოთხი წელია იხდის სასჯელს. ერთი წელი დამრჩა და უმორჩილესად გთხოვთ, შვილთან არ დამაშოროთ, იქნებ შემიწყალოთო, - ივედრება...
თანაგრძნობას თვალცრემლიანი ითხოვს ვატოს დედაც, იქნებ ოდნავ მაინც შემიმცირდეს აქ გასატარებელი წლებიო...

ცხადია, ბავშვები ძალიან ბევრს განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებაში და მათ გარეშე დარჩენა, თუნდაც ცოტა ხნით, ყველა სასჯელზე სასტიკია.

დედათა და ბავშვთა კორპუსი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მართლაც განსაკუთრებულად მოვლილია. საბავშვო შპალერით დაფარული კედლები მხიარულ გარემოს ქმნის. რომ არა გისოსებიანი სივრცე, შეიძლება ითქვას, რომ პატარებს საუკეთესო გარემო აქვთ... და მაინც, ეს ბავშვები, გარკვეულწილად, დასჯილები არიან, რადგან მათ მშობლებთან განუყრელად ყოფნა არ შეუძლიათ. ამიტომაც მათთვის გაწეული ქველმოქმედება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

სალომე ჯანელიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 დაწესებულების დირექტორი:
- თქვენც ნახეთ, როგორ პირობებში არიან დედები და შვილები. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყურადღება არ მოვაკლოთ, მათთვის უპირველესად უნდა გამოიყოს ნოყიერი საკვები და ჰიგიენის საშუალებებიც... დიდი მადლობა, რომ ასეთი ყურადღება გამოიჩინეთ ამ პატარების მიმართ, ერთი მხიარული და ბედნიერი დღე აჩუქეთ, საჩუქრებით გაახალისეთ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია პატიმარი დედებისთვის, ბავშვებისთვისაც და ჩვენთვისაც...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით