გარემოს დაცვა - უპირველესი პრობლემა დედამიწისთვის - კვირის პალიტრა

გარემოს დაცვა - უპირველესი პრობლემა დედამიწისთვის

მედიასახლი "პალიტრა" გარემოს დაცვის დღეს აღნიშნავს

ეს ერთგვარი "ომია", რომელიც ცივილიზაციას ახლავს თან

სუფთა ჰაერი და ანკარა წყალი, მზის სხივები, მსუბუქი სიო და დილის ნამი, ფრინველთა გალობა და მობიბინე ბალახი - ეს ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს სანატრელი გაგვიხდეს... აი, მაშინ კი ყველა ირწმუნებს იმ შემზარავ სიმართლეს, რასაც XX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული გვეუბნებიან მსოფლიოს ეკოლოგები - გარემოს დაცვა არის და იქნება  უპირველესი პრობლემა დედამიწისთვის.

რადგან ჯანსაღი გარემოს გარეშე აღარც პოლიტიკას ექნება აზრი და აღარც კულტურას, ადამიანი სიცოცხლის გაქრობის საშიშროების პირისპირ დარჩება... მართალია, რასაც ახლა ვამბობთ, ცოტა დაუჯერებელია, მართალია, იმისი წარმოდგენა რეალობაში, რაც ადრე მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში გვაქვს ნანახი, ცოტა გვეძნელება, მაგრამ მართლაც არსებობს საფრთხე, რომ ადამიანმა ცივილიზაციის კვალდაკვალ გაჩენილ გარემოს დაბინძურებას ვერაფერი უშველოს და კატასტროფამდე მივიდეს.

ფაქტია, სამყარო ჩვენს გარშემო საოცრად შეიცვალა; ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომია; ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება... პოლიეთილენის პარკები ლამის ჩვენი ყოველი ხისა და ბუჩქის მუდმივი მოსართავია... ადამიანები დაუნდობლად ჩეხენ ნარგავებს - ზოგს მშენებლობის გამო, ზოგსაც იმიტომ, რომ გადაამუშაონ და თუნდაც ქაღალდით მოამარაგონ საზოგადოება... ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც თუნდაც გასულ საუკუნეში იყო...

მედიასახლი "პალიტრა" კაცობრიობის უდიდეს პრობლემას - ეკოლოგიის დაცვას ყოველთვის ეხმაურებოდა, ჩვენთან იბეჭდებოდა როგორც საგანმანათლებლო ტიპის წერილები, ისე პრობლემურიცა და ეკოსისტემის ხელმყოფთა მამხილებელიც... ჩვენ ვრგავდით ხეებს, ვცდილობდით, სამომავლოდ გვეფიქრა და შვილების თაობისთვის შეგვენარჩუნებინა მწვანე საფარი... ალბათ, გახსოვთ, რომ "კვირის პალიტრამ" თავისი ოქროს დაბადების დღე 18 აპრილს სწორედ გამწვანების უმნიშვნელოვანესი აქციით აღნიშნა თბილისის მერიასა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად. უკვე ერთი წელია, მედიასახლი "პალიტრა" ახორციელებს თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს - "მაკულიტერატურას", რითიც ცდილობს, გამოუყენებელი მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ ახალი წიგნები შესთავაზოს მომხმარებელს და ამით მწვანე საფარი გადაარჩინოს.

შეგახსენებთ, რომ ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება გადაარჩენს 17 ხეს. ამის შედეგად დაიზოგება 26 კუბმეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწის მოცულობა(!).

5 ივნისი გარემოს დაცვის დღეა. მედიასახლი "პალიტრა" ამჯერადაც მათ გვერდითაა, ვინც გარემოზე ზრუნავს და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, მერიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ვერის პარკის დასუფთავებაში. მდინარე ვერეს ხეობაზე არაერთხელ გვისაუბრია, იქ შექმნილი პრობლემებისა და ანტისანიტარიის შესახებაც კარგად იცის საზოგადოებამ... თუმცა შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რომ ნაგავი, რომელსაც უგულოდ ყრიან ბუნებაში, ეკოლოგიური კატასტროფის საწინდარია - პოლიეთილენის პარკები ნიადაგში არ იხრწნება, ის კლავს ყველაფერს, რაც ცოცხალია...

ჩვენ თვალს მივადევნებთ გარემოს დაცვის სამინისტროს ღონისძიებებსაც. 9 ივნისიდან სამინისტროს ეგიდით გამოცხადდება გარემოს დაცვის ერთთვიური, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა ექნება.

ქალაქში თუ სოფლად, ყველგან ნახავთ ხეებზე, გზებსა და მდინარის პირებზე შეფენილ და ჰაერში მოფარფატე" პოლიეთილენის პარკებს. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 1 წამის განმავლობაში 1 მილიონზე მეტი პოლიეთილენის პარკი იყრება, რომელიც ბუნებაში 1000 წელზე მეტხანს რჩება.

სტატისტიკა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ, მართლაც შემაშფოთებლია. პოლიეთილენის პარკების დაწვის დროს გამოიყოფა მავნე ნივთიერებები, რომელიც ატმოსფეროს აბინძურებს. მათი განადგურება გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად, ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან მათ შეგროვებას დიდი დრო სჭირდება. მათი გაუვნებლობისთვის ერთადერთი გამოსავალი პოლიეთილენის პარკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებაა.

პოლიეთილენის პარკების შეგროვებაზე საუბრისას საქართველოში დღემდე მოუგვარებელი ნაგავსაყრელების თემაც არ უნდა გამოგვრჩეს. მთელ ქვეყანაში გამართულად მომუშავე სულ თითზე ჩამოსათვლელი ნაგავსაყრელი გვაქვს. ქარის, მეწყრისა და წყალდიდობის დროს ნაგავი თავისუფლად იფანტება, რადგან ბევრ მდინარეს სადრენაჟო სისტემა არა აქვს. ასევე, არ ხდება ნარჩენების რეგულარულად დატკეპნა. არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად აზიანებს - თვითნებურად მოწყობილ ნაგავსაყრელებზე დაგროვილ პარკებში იწყება თვითაალება, ამ დროსაც მიმდინარეობს მხრჩოლავი წვა. ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამ დროს ატმოსფეროში საშიში ნივთიერებები გამოიყოფა.

ამ ფონზე გარემოს დასუფთავება ისეთივე "გადამრჩენელი" გახლავთ, როგორიც, მაგალითად, შუა საუკუნეებში სამშობლოს დაცვა - იარაღით... ეს ერთგვარი "ომია", რომელიც ცივილიზაციას ახლავს თან და რომელშიც თუ თითოეული ჩვენგანი არ ჩაება, დამარცხება გარდაუვალი იქნება...

5 ივნისს მედიასახლი "პალიტრა" თავის წვლილს შეიტანს გარემოს დასუფთავების საკითხში... მთელი კვირა მწვანე კვირეულად გამოცხადდა. 8 ივნისს კი გეპატიჟებით ვერის პარკში, ერთად დავასუფთაოთ დაბინძურებული გარემო.