ვინ იცის, რას ვჭამთ?!
10-06-2013
ვინ იცის, რას ვჭამთ?!
"მოსახლეობა თანხის დაზოგვის მიზნით ჯანმრთელობას იზიანებს"

"ზოგი მარკეტი მოგების გაზრდის მიზნით პერიოდულად მაცივრებს თიშავს"(?!)


საქართველოში სურსათის უვნებლობა კვლავ დიდი პრობლემაა. დაბალი დონის წარმოება, დისტრიბუცია თუ სავაჭრო ობიექტები საკვები პროდუქტების ხარისხს აუარესებს. სახელმწიფოსთვის "კვლავ აქილევსის ქუსლია გარე მოვაჭრეები - მოსახლეობის უმრავლესობა დაბალი ფასების გამო საკვებ პროდუქტებს მათთან ყიდულობს. სახელმწიფოს უმოქმედობასა და ბიზნესოპერატორების თუ მყიდველების გულგრილობას არაერთი მოქალაქე დაუზარალებია. წლების განმავლობაში არავინ აკონტროლებს სხვა ქვეყნებიდან შემოსულ პროდუქტებსაც. ეროვნულ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით,
ყოველწლიურად იზრდებოდა საკვები პროდუქტებით მოწამვლის მაჩვენებელი. ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის დასაწყისიდან სურსათის უვნებლობის კონტროლი გაამკაცრა და უვარგისი საკვები პროდუქტი გაანადგურა, თუმცა...


ხათუნა კოიძე, მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე:
- ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება რისკი, რომ   მომხმარებელმა შეიძინოს უვარგისი პროდუქტი. ხომ ვიცით, რომ ბევრ სამომხმარებლო ქსელში არ იცავენ
პროდუქტის შენახვის წესებს. ზოგი ბიზნესოპერატორი მოგების გაზრდის მიზნით პერიოდულად მაცივრებს თიშავს(!), ტემპერატურის ცვალებადობა კი პროდუქტის ვარგისიანობაზე გავლენას სწრაფად ახდენს. იგივე შეიძლება ითქვას მარკეტებზეც. ამიტომაც მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს პროდუქტის გამოშვების ვადას, თუ რა პირობებში ინახება, დარღვეულია თუ არა ვაკუუმ-შეფუთვა და ა.შ.

- როგორც ვიცი, ბოლო დროს გახშირდა საკვებით მოწამვლის შემთხვევები.
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვის შემთხვევები. ეს ლოგიკური შედეგია იმისა, რომ ქვეყანაში 2012 წლის მაისამდე შეჩერებული იყო "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონის ის მუხლები, რომლებიც სახელმწიფო კონტროლს ითვალისწინებდა. სურსათის უვნებლობის სამსახურს მხოლოდ მონიტორინგის უფლება დაუტოვეს.

ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევებით, მალფუჭებადი საკვები პროდუქტების უმეტესობა ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, განსაკუთრებით თუ პროდუქტი შეძენილია იმ ადგილებში, სადაც დარღვეულია ელემენტარული სანიტარიული პირობები.

- ძირითადად, რომელი პროდუქტები  საჭიროებს მეტ ყურადღებას?
- ყველა სახის პროდუქტს თავისი შენახვის წესი აქვს. მაგალითად, მოხარშული და ნახევრად შებოლილი ძეხვი უნდა ინახებოდეს 00C-დან 40C-მდე ტემპერატურის პირობებში, ხშირად კი მათ პირდაპირ ღია დახლზე დაინახავთ. ხორცპროდუქტები, თევზეული ან სხვა მალფუჭებადი პროდუქტები ანტისანიტარიულ პირობებში - მტვერსა და ნაგავში იყიდება. 

მომხმარებელთა ფედერაციამ" ამ საკითხზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება, თუმცა სურსათის უვნებლობის სააგენტომ ვერაფერი მოიმოქმედა, რადგან არ არის უფლებამოსილი გარევაჭრობაზე კონტროლი აწარმოოს. გარევაჭრობაზე ზედამხედველობა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველობებს ევალება. არის სამომხმარებლო განათლების პრობლემაც. მოსახლეობა თანხის დაზოგვის მიზნით ჯანმრთელობას იზიანებს.

- სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებს საზღვრებზე თუ აკონტროლებენ?

- საზღვრებზე სურსათის ვარგისიანობას შემოსავლების სამსახური აკონტროლებს და ინფორმაციას სააგენტოს აწვდის.

2013 წლიდან საზღვრებიც და შიდა ბაზარიც მკაცრად კონტროლდება. ერთი თვის წინ 80 ტონა ხორცპროდუქტი განადგურდა. უვნებლობის სამსახურმა გაანადგურა საზღვარზე შემოსასვლელად გამზადებული უვარგისი 250 ტონა კარტოფილიც, ნაწილი კი უკან დააბრუნა.

მოწმდება სხვა პროდუქტებიც, რომლებიც ქვეყანაში შემოდის.  
ადრე სათანადო კონტროლი არ იყო, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან არავინ თანამშრომლობდა. სააგენტოს ვებგვერდზე დებდნენ მხოლოდ ციფრებს, რომ ამოღებულია ამდენი და ამდენი უვარგისი პროდუქტი, რომელიც განადგურდა, ფაქტებს არავინ გვაჩვენებდა.

- ახლა რა მექანიზმები გაქვთ პროდუქტის გასაკონტროლებლად?

- სამომხმარებლო ქსელში ვყიდულობთ პროდუქტებს და ლაბორატორიებში ვგზავნით შესამოწმებლად. იმისთვის, რომ დაცულ იქნეს ყველა ნორმა და კვლევა გამჭვირვალე იყოს. სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ერთობლივი კვლევა დავიწყეთ. ვიყიდეთ ხორცი ერთსა და იმავე ადგილზე და სხვადასხვა ლაბორატორიაში გავგზავნეთ. ამ კვლევისთვის ნიმუშები ავიღეთ როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. სურსათის უვნებლობის სამსახური უფრო სიღრმისეულად იკვლევს ამ პრობლემას და ცდილობს, დაადგინოს, სად, რომელ ეტაპზე ბინძურდება პროდუქტები - წარმოებისას თუ სავაჭრო ქსელებში... გადავწყვიტეთ, გავააქტიუროთ მოსახლეობაც. მუდმივად მირეკავენ მოქალაქეები და სხვადასხვა ფაქტს მაცნობენ. 

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩვენ მიერ მიწოდებულ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება. ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენ ერთად შევამცირებთ იმ რისკებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად დგას მომხმარებელი.

კონტროლი  გამკაცრდა

სურსათის უვნებლობის სააგენტომ თბილისში, კასპსა და ქუთაისში აგრარული ბაზრების ხორცპროდუქტების შემოწმების შედეგად დაბინძურების მაღალი დონე დააფიქსირა. განსაკუთრებით საგანგაშო სიტუაციაა თბილისში, სადაც, შემოწმებული 5 პუნქტიდან, ყველაში დაბინძურებული ხორცპროდუქტები აღმოჩნდა(!).
შემოწმებულ ნიმუშებში დაფიქსირებული იყო ისეთი ბაქტერიები, რომლებიც ხორცის სიძველეზე და გაფუჭების სტადიაზე მიუთითებს, თუმცა ეს ერთი შეხედვით შეუმჩნეველია რიგითი მყიდველისთვის და მხოლოდ ლაბორატორიული შემოწმებისას ჩანს რეალობა. საბურთალოზე მდებარე მარკეტიდან ქართული წარმოების 1143 ცალი ვადაგასული კვერცხის პარტია ამოიღეს. ვადაგასული კვერცხი დაილუქა და კანონის შესაბამისად განადგურდა. სააგენტოს სპეციალისტებმა ასევე, ვადაგასული ძეხვეული, მცენარეული ცხიმი, ერბო, ნამცხვარი, არაქისი, რძის პროდუქტები ამოიღეს დიღმის მასივში მდებარე მარკეტიდან.

უტა ბიწაძე
borjomi
17 ივნისი 2013 06:33
ძალიან მაინტერესებს რამე თუ მოწმდება საქართველოში??? გავიგეთ კარტოფილი უკან გააბრუნეს არ მჯერა თუ ვინმე ამოწმებს თუნდაც ნიკორას ან 1,5 ლარიან ძეხვებს ასევე რესტორნებში რას ვჭამთ რას ვსვავთ, გარე ვაჭრობას თუ ვერ კძალავთ თავისუფლად შეიძლება გაკონტროლება შეუმოწმე სასწორი პროდუქციის ხარისხი და უკვე კრიმინალია მარა ამის კეთება არავის არ უნდოდა და არც ეხლა იკლავს ვინმე თავს ვაის გავეყარეთ უის შევეყარეთ
გურამ ბრეგვაძე
16 ივნისი 2013 21:48
ხალხოოოო!! დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა. გივლის წლები და ქართული სამომხმარებლო ბაზარი, იქნება ისეთივე, როგორიც ამჟამადაა.... უხარისხო და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციით გაჯერებული. ვერ უშველის ნაცბანდის მირ დფუძნებული, მაღალ ბიჯეტიანი და კორუფციაზე ორიენტირებული მაკონტროლებელი სამსხურები და მათი ფინია ნ.ჯ.ო.-ბი მაგ საქმეს. გაიგეთ და შეუშვით მაგ როგანა თავებში ის, რომ აუცილელია სავალდბულო სერთიფიკაციის კანონმდბლობა, თავის ადმინისტრაციული სამსხურით. ფუნქციონირებდა ეგ სამსახური (სავალდბულო სერტიფიკაციის) სულ რაღაც შვიდი თვე და შედეგები ჰქონდა ფანტასტიური. პ.ს. თუ ვინმე სერიოზული ოპონენტი გამოუჩნდება ჩემს კომენტარს, თქვენ ორასი და ჩვენ ორნი გამოვალთ საპაექროდ. დავსხდეთ ბატონებო და ვისიც აჯობებს იქ გამოჩნდება.
gulnazi.zhizhiashvili@mail.rug
13 ივნისი 2013 09:35
ნამდვილად უნდა სემოწმდეს ყველა პროდუქტი ტუ გვინდა ჯანმტელი სტამომავლობა გვყავდეს, უნდა გაუქმდეს გარე ვაცრობა აუზილებლად, სადაზ დაზული არ არის არანაირი პირობა პროდუქტის ვარგისიანობისტვის

რედაქტორის რჩევით