ახლა მოდაშია წიგნები!
10-06-2013
მკითხველის თხოვნით, "კვირის პალიტრის" ამ ნომერთან ერთად  ბიბლია ისევ სპეციალურ ფასად – 14 ლარად გაიყიდება

50 პლუს 1 და კიდევ 49 -100 წიგნი თქვენს თაროზე

წიგნები, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, 2010 წლის ნოემბერში გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში... უფრო სწორად, ეს წიგნები არსებობდა, მკითხველიც ჰყავდა და უამრავ ადამიანს უყვარდა კიდეც, მაგრამ მათ გაერთიანებასა და არჩევაზე ამ დრომდე არავის უფიქრია. თუმცა მსგავსი საერთაშორისო პროექტი არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოკითხვებით, სოციოლოგიური
კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს. გამოკითხვები 10-15 წელიწადში მეორდება იმისათვის, რომ საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებები აისახოს.


მკითხველმა აიტაცა "პალიტრამედიის" წამოწყება და "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ბესტსელერად იქცა. მაშინვე აღინიშნა, რომ შერჩეული 50 წიგნი არ
იქნებოდა მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარი საგანძურის სრული სახე და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებდა. მკითხველის ინტერესი ძალიან დიდი აღმოჩნდა და ორი მოთხოვნა განსაკუთრებით გამოიკვეთა, - არ გავჩერებულიყავით 50 წიგნზე და რაც მთავარია, მის ფარგლებში მკითხველისთვის მიგვეცა ყველაზე მთავარი წიგნი - ბიბლია. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ორივე მოთხოვნა გაითვალისწინა - პროექტი გაგრძელდა და მკითხველს ასი წიგნი შესთავაზა: "50+1+49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ეს განცალკევებით მდგომი ერთი წიგნი - ბიბლიაა, მისი ამ ფორმით სერიაში ჩართვა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, ბიბლია ორი ტირაჟით უკვე გამოიცა და ქსელში მოხვედრისთანავე საოცარი სისწრაფით გაიყიდა. მკითხველის თხოვნით, 10 ივნისს "კვირის პალიტრასთან" ერთად ისევ ჩაიდება ბიბლია და კვლავ სპეციალურ ფასად - 14 ლარად გაიყიდება. ეს უკვე მესამე ტირაჟია!

რაც შეეხება "კიდევ 49 წიგნს, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ", პირველი ათეული ყველასთვის ცნობილია:

რემარკის "ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა", ბრემ სტოკერის "დრაკულა", შექსპირის "მეფე ლირი", "მაკბეტი", "ოტელო", დანიელ დეფოს "რობინზონ კრუზო", დოსტოევსკის "ეშმაკნი" (ორ ტომად), ჯეკ ლონდონის "დიდი სახლის პატარა დიასახლისი", სტივენ კინგის "უიმედოთა ქალაქი", დიუმას "გრაფი მონტე-კრისტო", კარლოს ფუენტესის "დამშვიდებული სინდისი" და "არტემიო კრუსის სიკვდილი" და ალფრედ დობლინის "ბერლინი. ალექსანდერპლაცი"...

როგორც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორმა თინათინ ასათიანმა გაგვიმხილა, უკვე ცნობილია მომდევნო ხუთი წიგნიც: - მომდევნო ხუთეულში შევიდა ის წიგნები, რომელთაც ჩვენს გამოკითხვებში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს. ესენია: სტივენსონის "განძთა კუნძული", სალმან რუშდის "შუაღამის შვილები" (სალმან რუშდი ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა, ეს თანამედროვე ცნობილი ავტორია, რომელმაც ბუკერის პრემია აიღო რომანისთვის "შუაღამის შვილები", ხოლო "სატანური ლექსების" გამო 1989 წელს ირანმა მის წინააღმდეგ ფატვა გამოაცხადა ისლამის შეურაცხყოფის გამო. რუშდი რამდენიმე წელი გასაიდუმლოებულად ცხოვრობდა, ხოლო ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა).

ანტონ ჩეხოვის "ალუბლის ბაღი", ფრანსუა რაბლეს "გარგანტუა და პანტაგრუელი", რომლებიც პირველ 50-ეულში ვერ მოხვდა, მაგრამ ახლა 49 წიგნის ფარგლებში მეთოთხმეტე ტომად გამოვა და ჰარიეტ ბიჩერ სტოუს "ბიძია ტომის ქოხი". გამოკითხვა გრძელდება...

- ცხადია, იმ წიგნებზე საუბარი, რომელსაც ითხოვს მკითხველი, დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ თუ შეგვიძლია გამოვყოთ თუნდაც რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც უცხოენოვან წიგნს ეხება, მისი თარგმანი კი ქართულად არ არსებობს?
- ძალიან საინტერესოა, რომ მკითხველი ითხოვს წიგნებს, რომელიც აქამდე ქართულად არ გამოცემულა. ჩვენც, ცხადია, დაინტერესებული ვართ, ასეთი წიგნები შევმატოთ ქართული წიგნების რიცხვს, ამიტომაც გამოვაცხადეთ კონკურსი მთარგმნელებისთვის. ამჯერად გვინდა ვთარგმნოთ მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნი".
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ განცხადების გამოქვეყნება გთხოვოთ:

განცხადება

გამომცემლობა "პალიტრა L" აცხადებს კონკურსს მარგარეტ მიტჩელის "ქარწაღებულნის" თარგმანზე.
კონკურსანტებმა სანიმუშოდ უნდა თარგმნონ 3-5 გვერდი და გამოგზავნონ მისამართზე book@palitra.ge ივნისის ბოლომდე. სარედაქციო კოლეგია შეარჩევს და განიხილავს თარგმანებს ივლისის ბოლომდე.

ამ საკითხს განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით, გვინდა, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის თარგმანი შევიდეს "49 წიგნის" შემადგენლობაში.

დაგვიმეგობრდით ჩვენს "ფეისბუკის" გვერდზეც facebook.com/Palitra.L.Publishing, "49 წიგნის" ხმის მიცემა ისევ გრძელდება მისამართზე www.49books.ge.


- ბევრმა გვიან გადაწყვიტა წიგნების შეძენა და ახლა გული სწყდება, უნდა ცოტა შეღავათიანად მოახერხოს გამოტოვებული ტომების ყიდვა...

- მათ ჩვენ არაჩვეულებრივი რამ შევთავაზეთ: თუკი გამოიწერენ "კვირის პალიტრასთან" ერთად "კიდევ 49 წიგნის" სერიას, გასული ტომების შეძენას კვლავ აქციის ფასად შეძლებენ, მათ შორის, იმ წიგნებისა, რომლებიც  ორმოცდაათეულში შევიდა... თითოეულ ტომს "ელვა სერვისი" 7 ლარად მიუტანს...

ასევე მინდა გაცნობოთ, რომ "წიგნების კარადის" ესკიზები 100 წიგნისთვის უკვე შერჩეულია, რომელთაც "კვირის პალიტრის" შემდეგ ნომერში გაგაცნობთ. მათ დამზადებაზე კი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
მკითხველი ისევ აგრძელებს კამათს, ერთნი ამტკიცებენ, უმჯობესია, სერიაში რაც შეიძლება მეტი ახალი ავტორი იყოსო, მეორენი ამბობენ, მთავარია, სწორედ იმ ძირეულ ღირებულებებზე ორიენტირება და იმ კლასიკოსების პოპულარიზება, რომელთა წიგნებით თაობები გაიზარდაო. ცხადია, სიმართლე ორივე მხარესაა, ამიტომაც "49 წიგნში" შევა როგორც სრულიად ახალი ნათარგმნი ლიტერატურა, ასევე უკვე კარგად ცნობილი ძველიც...
ვამბობდით, რომ ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ გამოგვეფხიზლებინა მკითხველი. წიგნი საუკეთესო თავშესაფარი, მეგობარია... ყველას გვჭირდება წიგნი, თუმცა ისეთი სოციალური მდგომარეობა გვაქვს, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფასსაც. ამ წიგნების ფასი ის ღირებულებაა, რომელიც ფასეულობაში გადადის. ყველაზე მთავარი შედეგი უკვე სახეზეა: წიგნზე ფიქრობენ, წიგნებს არჩევენ, წიგნებზე კამათობენ და რაც მთავარია, წიგნებს კითხულობენ...

როგორც ერთმა მყიდველმა მითხრა, ახლა, მგონი, მოდად იქცა, რომ აუცილებლად გავქანდეთ ორშაბათობით "ბიბლუსში" და წიგნები ვიყიდოთო... მეორემ, რომელიც თავის რიგს ელოდა, ღიმილით უპასუხა, საუკეთესო მოდა შემოსულა, ქალბატონო, ნეტავი ყველა ამ მოდას აჰყვებოდესო...
მართლაც ეს არის ყველაზე ელიტური და ღირსეული მოდა, რაც კი შეიძლება არსებობდეს კაცობრიობაში - მოდა, რომ ვიკითხოთ წიგნები...

P.S. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შაბათი წიგნის დღედ დააწესა. "რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა - ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ზედაპირულად. ადამიანი მხოლოდ ტელევიზიით და პრესით არ უნდა დაკმაყოფილდეს. მისი უპირველესი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს, უწინარესად ბიბლიას და შემდეგ სხვა წიგნებს. მინდა შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს..."

ამ ინიციატივას  ბიბლუსის წიგნების მაღაზიების ქსელმა უკვე აუბა მხარი. სწორედ ამიტომ, ყოველ შაბათს, "ბიბლუსში" მოსულ მომხმარებელს დახვდება გარკვეული აქცია - განსაკუთრებულად მიმზიდველი შეთავაზება.

ლეილა გაგუა
გიო
13 ივლისი 2014 14:24
ძალიან გთხოვთ,შეიტანოთ:ვიქტორ ჰიუგოს "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი","საბრალონი".
ლილუ
16 დეკემბერი 2013 12:08
ძალიააან მიხარია ქარწაღებულების ტარგმნას რომ აპირეეეებთ, კარგი მთთარგმნელი ააარჩიეთ
ნინო
07 ოქტომბერი 2013 10:49
უმბერტო ეკოს ვარდის სახელის ყიდვა მინდა, მაგრამ თავს ვიკავებ. ვფიქრობ რომ ეს გენიალური მწერალი თქვენს 49 წიგნის სიაში შევა. თუ არ აპირებთ იქნებ გამაგებინოთ რომ არ დაველოდომადლობა წინასწარ.

რედაქტორის რჩევით