"უწმინდესს ერთი თხოვნა ჰქონდა, - წმინდა ნინოს როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა" - კვირის პალიტრა

"უწმინდესს ერთი თხოვნა ჰქონდა, - წმინდა ნინოს როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა"

"უწმინდესს  ერთი თხოვნა ჰქონდა, - წმინდა ნინოს როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა"

გიორგი  კერესელიძე ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორია, რომელიც აქამდე მხოლოდ ანიმაციურ ფილმებს ქმნიდა. ემიგრანტმა რეჟისორმა საკმაოდ მძიმე მისია აიღო საკუთარ თავზე. როგორც თავად გვიამბობს, ეს იქნება სურათი, რომელიც  საერთაშორისო დონის ფილმებს გაუწევს კონკურენციას. "ნინო", სავარაუდოდ, ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც წმინდა ნინოს ცხოვრება იქნება ასახული. პატრიარქის კურთხევით გადაღება მალე დაიწყება.

- 23 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ანიმაციურ ფილმებს ვაკეთებდი. თავდაპირველად, მინდოდა ეს ფილმიც ანიმაციური ყოფილიყო, თუმცა მერე მივხვდი, რომ უნდა გადამეღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. უწმინდესმა ჩათვალა, რომ ეს ფილმი აუცილებლად უნდა შექმნილიყო, თუმცა მას ერთი თხოვნა ჰქონდა, - მთავარი როლი არამსახიობს უნდა ეთამაშა, რათა მას სხვა პერსონაჟი მომავალშიც აღარ შეექმნა.  ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სცენარს ამერიკაში ვწერდი, შემდეგ ჩამოვედი და კასტინგი გამოვაცხადეთ.

- როგორც ვიცი, ბევრმა  გოგონამ  გაიარა სინჯები, სანამ მთავარი როლის შემსრულებელს აიყვანდით.

- დაახლოებით 4000 გოგონა მოვიდა კასტინგზე, მაგრამ ნინო ვერ ვნახეთ. ძებნა გავაგრძელეთ და ამაში ფილმში მონაწილე ერთ-ერთი მსახიობი, ლილიკო ელბაქიძე  დამეხმარა. მან "ფეისბუკში" ფოტოებს შორის ნიცა კაპანაძის ფოტო აღმოაჩინა. ის 16 წლის არის. არაჩვეულებრივი გოგონაა და ამ როლისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, განსაკუთრებით საოცარი თვალები აქვს. მისი ფოტო უწმინდესს გავუგზავნე, მოეწონა და მთხოვა, სასწრაფოდ ჩამოვსულიყავი და ნიცა მისთვის გამეცნო.

- სად გადაიღებთ  ძირითად სცენებს?

- გადაღებები იქნება კაპადოკიაში, იერუსალიმში, იტალიაში, სომხეთში და, რა თქმა უნდა, ძირითადად, საქართველოში. ახლა მეორე ფაზაში გადავდივართ. ფინანსური შემოთავაზებები არის სხვა ქვეყნებიდან, თუმცა მე ვცდილობ ფილმი იყოს ქართული და დაფინანსებაში საქართველომ მიიღოს მონაწილეობა. რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფილმი ხომ აღარ იქნება ჩვენი. ამიტომაც ვარ აქ და ვცდილობ, დავუკავშირდე იმ ხალხს, ვინც წვლილს შეიტანს ფილმის გადაღებაში. ეს ფილმი უპირველესად საქართველოსთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, ორი საათის განმავლობაში ეკრანს ვერ მოსწყდებით.

- ვინ ითამაშებს  ფილმში ქართველი მსახიობებიდან?

-  როლები უკვე განაწილებულია. მაგალითად, ზურაბ ბეგალიშვილი ითამაშებს კერპთაყვანისმცემელ ზევახის როლს. ჩემი მიზანია ფილმში რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა მსახიობმა ითამაშოს.

ქეთი საგინაშვილი