"მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო"
10-06-2013
"მინდა, შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო"
თანამედროვე ტექნოლოგიების დროშიც კი ყველა ერთხმად ადასტურებს, რომ წიგნი განათლების გავრცელების საუკეთესო და შეუცვლელი საშუალებაა. მეტიც, ინტერნეტის, კომპიუტერისა და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში წიგნი, და ზოგადად, ბეჭდური პროდუქცია სულ უფრო მეტ ღირებულებას იძენს. პირველი წიგნის დაბადებიდან დღემდე უამრავმა საუკუნემ განვლო, მაგრამ დღესაც რთულია განსაზღვრო წიგნის ფასი: მასში არის პასუხები ჩვენს კითხვებზე, გვეხმარება ცხოვრების გზის არჩევაში, გვაძლევს ფასეულ რჩევებს, გვასწავლის სხვების მაგალითზე, ისტორიასა და კულტურულ ტრადიციებს საგულდაგულოდ ინახავს და ა.შ. მოკლედ, წიგნის
შესაძლებლობები განუსაზღვრელი და დღემდე შეუფასებელია. თუმცა, წიგნის შეფასებას სჯობს მისი დაფასება ვისწავლოთ. სწორედ ამას ემსახურება პატრიარქის ინიციატივა - შაბათი წიგნის დღედ დაწესდეს. ეს ინიციატივა "პალიტრამედიამ" სიამოვნებით აიტაცა.  

ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი: "რით განსხვავდება ჩვენი და ჩვენი წინაპრების ცოდნა - ისინი ღრმად აზროვნებდნენ, ჩვენ კი
ყველაფერს ზერელედ ვუყურებთ. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ზედაპირულად. ადამიანი მხოლოდ ტელევიზიით და პრესით არ უნდა დაკმაყოფილდეს. ადამიანის უპირველესი მეგობარი წიგნი უნდა იყოს. ადამიანი უნდა იყოს მწიგნობარი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ წიგნებს, უწინარესად ბიბლიას და შემდეგ სხვა წიგნებს.

მინდა შაბათი დღე წიგნის დღედ დავაწესო, რათა ყოველი ჩვენგანი კითხულობდეს წიგნებს და მიდიოდეს ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკები ჩვენი ხალხით უნდა გაივსოს. იქ ვნახავთ უამრავ საინტერესო წიგნს. საპატრიარქოს ერთ-ერთი მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს და იქ ისეთი წიგნებია, რასაც სხვაგან ვერ შეხვდებით. შაბათობით, 10:00-დან 19:00 საათამდე ღია იქნება ბიბლიოთეკები და ჩვენ უნდა მივიდეთ, რათა ვიკითხოთ წიგნები. იქ დაგხვდებათ სათანადო პირობები და ბევრს ისწავლით.
ყველას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ შაბათი ლოცვასთან ერთად წიგნის დღეც იქნება. ღმერთმა მოგცეთ ძლიერი, მტკიცე, ჭეშმარიტი სარწმუნოება და დიდი ცოდნა".

ქეთი საგინაშვილი
zurabi
10 ივნისი 2013 16:12
სანამ თბილისი მათხოვრების ქალად გადაიქცეოდა მაშინ უნდა გეფიქრათ რომ დაგეარსებიანთ წიგნის დღე...ეხლა ამ დაქცეულ და მშიერ ქვეყანაში რომელი მშიერ-მწყურავლი იფიქრებს წიგნის კითხვაზე??? ყოველ შემთხვევში გაჭირვებულ ხალხს არ ეხბა თქვენი პრეტენზია...
Gavakheli
10 ივნისი 2013 14:05
დიდება უფალს!!! დიდება პატრიარქ!!!
დღევანდელ თაობას ყველაზე მეტად ჭირდება წიგნი.

რედაქტორის რჩევით