"მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა..." - კვირის პალიტრა

"მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა..."

"ძალიან მიჭირს, ძალიან განვიცდი, რომ ჩემი თაობა წავიდა უკვე..."

ბევრს არ ვიცნობ მისნაირი გაუტეხელი სულის ადამიანს... მიუხედავად იმისა, რომ 11 წლისამ უკვე ცხოვრების უმძიმესი დარტყმა მიიღო - ტრავმის შედეგად ფეხი დაკარგა, წუთითაც არ დამორჩილებია ბედს... სწორედ ისე, როგორც ალბათ პირველად საავადმყოფოდან გამოსულმა თავის თავს სძლია და თანატოლთა გვერდით დგომა არ შეწყვიტა, მერეც, მთელი სიცოცხლის მანძილზე მტკიცედ იდგა იქ, სადაც სწამდა, რომ უნდა მდგარიყო...

მის ცხოვრებაში ბავშვობის დროინდელმა მოგონებამ ბევრი რამ განსაზღვრა. გიგა ლორთქიფანიძე ასე ჰყვებოდა იმ დრამატულ ეპიზოდს: "1938 წელს, ტრავმის შემდეგ ფეხი მომკვეთეს. საავადმყოფოში ვიწექი. სათუოდ იყო ჩემი საქმე, ეგრეთ წოდებული ჰაეროვანი განგრენა დამემართა. პროფესორი ჭეიშვილი მადგა თავზე. ამ დროს გაიღო კარი და მამაჩემი შემოვიდა. დედა მისკენ გაქანდა: - ახლავე, წადიო. ვაითუ, ვინმეს ეცნო და მთავრობისთვის შეეტყობინებინა. მამა მოვიდა, საწოლზე ჩამომიჯდა, საბანი გადამხადა და ამპუტირებულ ფეხზე მაკოცა...

მითხრა: მთავარია, კაცი იყოო! დედამ ძლივს გააგდო. ფანჯრის ახლოს ვიწექი და იქიდან დავინახე, ქუჩაში შავი "ემადინი" იდგა... მამა ძალით შეტენეს მანქანაში. ათ წუთში ჩეკისტები დაგვადგნენ თავს. დედას ჰკითხეს, - თქვენი მეუღლე იყო აქო? არაო. ერთი მე ჩამომიჯდა.

- ბიჭიკო, მამაშენი იყო აქ? - მკითხა.

პროფესორი ჭეიშვილი მიუბრუნდა: - გთხოვთ, ბავშვს თავი დაანებოთ. კრიზისულ მდგომარეობაშია. აქ უცხო არავინ ყოფილაო.

ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ. დედა პროფესორ ჭეიშვილს მივარდა მადლობის გადასახდელად, არავითარი მადლობაო... მაინც დაიტოვა სათქმელი - არაფერი დამინახავსო. ეს იმ დროს გმირობა იყო".

ჯერ კიდევ პატარას თავისი ავტორიტეტი ჰქონდა თბილისში: "ომის დროა. მარიკა დაბადების დღეზე იყო და შინ გვიან ბრუნდებოდა. დახვდნენ... ყაჩაღობა იყო, პალტოს ხდიდნენ, აბა, ფული ვის ჰქონდა!.. დაიწყო მარიკამ გახდა. უცებ გაიგონა, ერთი ეუბნება მეორეს, - ეს გიგას და არ არისო!? ეტყობა, ან ჩემი კლასელი იყო, ან ვიღაც ვერელი ბიჭი, რომელიც მიცნობდა. გამოუშვეს. მოვარდა შინ მარიკა - მოგკლავ, ეს რა ხალხში გაქვს საქმეო... არაფერი საქმე არ მქონდა, მაგრამ მიცნობდნენ და რა ვქნა", - ჰყვებოდა ხალისით...

გიგა ლორთქიფანიძის შემოქმედებაზე საუბარი ალბათ უსასრულოდ შეიძლება... თუმცა მისი შემოქმედება სათავეს მისივე ცხოვრებიდან იღებს და იმ განცდებით არის გამდიდრებული, რაც სრულიად ახალგაზრდამ თავის თავზე გამოცადა... "1951 წელი იყო. ინსტიტუტში მქონდა გაკვეთილი. ტელეფონთან დამიძახა ქალბატონმა გოგუცამ - თანამშრომელმა. დედა მირეკავდა: ვახტანგი და თინიკო (ევგენი მიქელაძის შვილები) წაიყვანესო. მაშინ იმ ბავშვებსაც ასახლებდნენ, ვისაც მშობელი დაპატიმრებული ჰყავდა, თან ნათესავები უცხოეთში ცხოვრობდნენ. დედამ მითხრა: - ნავთლუღის სადგურში არიან და რაღაცის მიტანა და გადაცემა შეიძლებაო. ქალბატონი გოგუცა ურთიერთდამხმარე სალაროსაც განაგებდა. ვთხოვე ფული. 3.000 მანეთი გამომიტანა. წავედი ნავთლუღში. ბავშვები სატვირთო ვაგონებში შეეყარათ. თინა და ვახტანგი ძალიან პატარები იყვნენ. წასაყვანად რომ მისულან, თინას უტირია, - ვერ წამოვალ, საკონტროლო მაქვსო...

ვყვირი სახელებს. უცებ საქონლის თავის გამოსაყოფიდან ვახტანგს ვხედავ. მანიშნებს, - ჩუმადო. ხომ არ გაგიჟდა ეს ბავშვი-მეთქი. იმან: ნუ ყვირი, თინიკო ტიროდა და ახლა ჩაეძინაო. უკვე კაცი იყო! მივაწოდე ფული. აიღო. ყველაზე შემზარავი ის იყო, რომ ვეღარ ვუძლებდით ამ საშინელების ყურებას! მატარებელი რომ დაიძრა, ატყდა ყვირილი, ტირილი, ხალხი პალტოებს იხდიდა, ვაგონში ტენიდა... წაიყვანეს ყაზახეთში"

შემთხვევით ხომ არაფერი ხდება ამქვეყნად... არც ის იყო შემთხვევითი, რომ ორმა დიდმა მწერალმა თავისი ნაწარმოებების ხელნაწერები მას წააკითხა: "სასწაული იყო, როცა ჩემმა უბნელმა, ნოდარ დუმბაძემ "მე ბებია, ილიკო და ილარიონის" (მაშინ "სოფლელი ბიჭი" ერქვა) ხელნაწერი მომცა. მთელი ღამე ვკითხულობდი. ხან ვხარხარებდი, ხან ვტიროდი. ქეთინო ცოლად ახალი მოყვანილი მყავდა. იმან და დედაჩემმა იფიქრეს, გაგიჟდაო... გადავწყვიტე, დამედგა სპექტაკლი. მისი ყველა ნაწარმოები მაქვს დადგმული... ჩემი მწერალი ვიპოვე!

ასევე მომცა ჭაბუა ამირეჯიბმა "დათა თუთაშხიას" ხელნაწერი"...

სპექტაკლმა "მე ბებია ილიკო და ილარიონი" და კინოფილმმა "დათა თუთაშხიამ" უდიდესი პოპულარობა მოუტანა... ბუნებრივად გამიჩნდა კითხვა და ერთხელაც ვკითხე: პოლიტიკის სიახლოვეს საერთოდ რა გინდოდათ-მეთქი... პოლიტიკას ჩემთვის თანამდებობა არ მოუცია და კეთილდღეობა... ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო საქართველიო და მისი კულტურაო... მაგრამ ხასიათს ვერაფერი მოუხერხა, ბავშვობიდანვე მებრძოლი და შემტევი იყო, უსამართლობას უნდა დაპირისპირებოდა... პოლიტიკაში კი უსამართლობა, მოგეხსენებათ, ყოველთვის იყო...

გიგა ლორთქიფანიძეს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა, ცხოვრება ხუმრობით სამად დაყო: ახალგაზრდობა, შუახანი და "რა კარგად გამოიყურებით", ანუ კიდევ ცოცხალი ხართო... ახლა მესამე ეტაპზე ვარ და ყველა მეუბნება, რა კარგად გამოიყურებიო... არადა, მართლა კარგად გამოიყურებოდა, როგორც გარეგნობით, ისე პროფესიონალური თვალსაზრისითაც. 80 წლის იუბილეს სამი სპექტაკლით ("წათეს წითელი წაღები", "ლამანჩელი", "ქეთო და კოტე") შეხვდა... ასე ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე ცხოვრებაში...

სულით ძლიერი იყო, მაგრამ მას მერე, რაც უამრავი ადამიანი დაკარგა, რაც მეგობრები გარდაეცვალა, გულისტკივილს ვერ მალავდა: - ვზივარ შინ და ვფიქრობ, ვის დავურეკო... ის აღარ არის... ისიც გარდაიცვალა... ასეთ დროს ძალიან მიჭირს, ძალიან განვიცდი, რომ ჩემი თაობა წავიდა უკვეო...

ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი გიგაც წავიდა... თუმცა, როგორც ერთხელ ბატონმა თამაზ ჭილაძემ ბრძანა, ცხოვრება და ადამიანები კი არ მიდიან, პირიქით, მოდიან და ჩვენთან რჩებიან, როგორც ყველაზე ძვირფასი საუნჯე...