საქართველო ფრანკფურტში წიგნის ფესტივალს უმასპინძლებს - კვირის პალიტრა

საქართველო ფრანკფურტში წიგნის ფესტივალს უმასპინძლებს

ტობიას ვოსი: "ვიმედოვნებ, რომ 2017 წელს ფრანკფურტში წიგნის ბაზრობას ისევე წარმატებით უმასპინძლებთ, როგორც თქვენს ქვეყანაში ახერხებთ წარმატებულ საგამომცემლო საქმიანობას"

საქართველო 2017 წელს ფრანკფურტში, მსოფლიოში ცნობილი და ყველაზე მასშტაბური წიგნის ფესტივალის მასპინძელი იქნება. ყოველ წელს წიგნის გამოფენა-ფესტივალს ერთი რომელიმე ქვეყანა მასპინძლობს.

საქართველოს სახელით მასპინძლის სტატუსის მომრგები გამომცემლობების დასათვალიერებლად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით თბილისს  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოსი ესტუმრნენ. "პალიტრამედიის" კრეატიულ დირექტორ მარიკა დარჩიასა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის დირექტორ თინათინ ასათიანთან ერთად სტუმრებმა დაათვალიერეს მედიასახლი და სიამოვნებით აღნიშნეს, რომ "პალიტრამედიის" სახით გაეცნენ წიგნის გამოცემისა და პოპულარიზაციის საინტერესო სისტემას. მათი აზრით, მედიასახლი, რომელიც ქართული წიგნის ბაზარზე ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელია, ფაქტობრივად, ყველა საშუალებას ფლობს იმისათვის, რომ  მკითხველთან წიგნი მიიტანოს, განავრცოს წიგნიერება და მუდმივად იზრუნოს მის პოპულარობაზე.

სტუმრებმა დაათვალიერეს წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" და "გაეცნენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ წიგნებს. მარიკა დარჩიამ სტუმრებს სიამაყით წარუდგინა უკვე ბრენდირებული, პოპულარული პროექტი "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" და აღნიშნა, პროექტის პოპულარობიდან გამომდინარე, როგორ გახდა აუცილებელი მისი გაგრძელება კიდევ "49 ავტორის" წიგნით.

მარიკა დარჩია: "სტუმრებს ვუამბე, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო საქართველოს წიგნის ბაზარზე, რომელიც კარგა ხნის განმავლობაში ფაქტობრივად დაკარგული გვეგონა. წიგნის მაღაზიები გაიყიდა. გარემოებათა გამო წამოვიდა თაობა, რომელსაც შინ ძალიან ბევრი რუსულენოვანი, ცნობილი ევროპელი და რუსი ავტორების წიგნი ჰქონდა, მაგრამ ენის უცოდინარობის გამო ვერ კითხულობდა. დროდადრო კვლავ გამოსცემდნენ ქართულ ენაზე თარგმნილ წიგნებს, მაგრამ იმის გამო, რომ ძვირი ღირდა, გაღარიბებულ საზოგადოებას ყიდვა არ შეეძლო. გადავწყვიტეთ რაიმე ხერხით დაგვებრუნებინა ხალხი წიგნებთან. ამისთვის წიგნის ფასი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ფასთან უნდა დაგვეახლოებინა. ჩვენი კუთვნილი 5 გაზეთიდან და 14 ჟურნალიდან შევარჩიეთ რამდენიმე ისე, რომ პერიოდულად წიგნიც მოჰყოლოდა დაბალ ფასად. გარკვეული პერიოდის შემდეგ ასეთი წიგნები უმნიშვნელო ფასნამატით იყიდება. პროექტს სიამოვნებით აჰყვა ხალხი, რადგან მომგებიანი აღმოჩნდა ჩვენი შეთავაზება. შედეგად გაირკვა, რომ საზოგადოებისთვის საზოგადოდ წიგნის ბაზარი კი არ იყო უინტერესო, არამედ, მანამდე არსებული წიგნის ფასები იყო ხელმიუწვდომელი. როგორც კი მკითხველმა წიგნზე მისთვის მისაღები ფასი დააფიქსირა, მოთხოვნა გაჩნდა".

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაინტერესდა, თუ რა განაპირობებს გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წიგნების პოპულარობას. მან მოისმინა მედიასახლის დაარსების ისტორია, გაეცნო გაზეთ "კვირის პალიტრას", როგორც ყველაზე დიდტირაჟიან გაზეთს საქართველოში, რომელსაც დღიდან დაარსებისა ბევრი შვილობილი ორგანიზაცია, ახალი ჟურნალ-გაზეთები და ბოლოს, წიგნების გამომცემლობა "პალიტრა ლ" შეემატა. დღეს ყველა ეს რედაქცია "კვირის პალიტრასთან" ერთად, ერთი დიდი ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებულნი.

იურგენ ბოსი: "აღფრთოვანებული ვარ "პალიტრამედიის" მუშაობის სტილით. ის იყენებს მედიის ყველა საშუალებას, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს თავისი გამომცემლობის წიგნებს. არაჩვეულებრივი იდეაა, რომ გქონდეს ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები და ამით ხელი შეუწყო წიგნების გაყიდვას".

"შემიძლია თუ არა რაიმე რეკომენდაცია მოგცეთ უკეთ მუშაობისთვის? გულწრფელად გეუბნებით, ეს თქვენ უკეთ იცით. მე კი ვიმედოვნებ, რომ 2017 წელს ფრანკფურტში წიგნის ბაზრობას ისევე წარმატებით უმასპინძლებთ, როგორც თქვენს ქვეყანაში ახერხებთ წარმატებულ საგამომცემლო საქმიანობას", - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ტობიას ვოსმა.

თინათინ ასათიანი, "გამომცემლობა პალიტრა L"-ის დირექტორი: "ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი საგამომცემლო სამყაროში ძალიან დიდი მოვლენაა. ყოველი წლის ოქტომბერში აქ თავს იყრის მსოფლიოს თითქმის ყველა გამომცემლობა და წარმოადგენენ ახალ ავტორებს, ახალ თარგმანებს, აწყობენ ახალი გამოცემების პრეზენტაციებს. 2007 წლიდან ფესტივალში, საქართველოს ეროვნულ სტენდზე, რამდენიმე ქართველ გამომცემელთან ერთად გამომცემლობა "პალიტრა L"-იც არის წარმოდგენილი. მომავალ წელს, უკვე საავტორო სტენდით ვაპირებთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობის მიღებას, სადაც მხოლოდ ჩვენს ორიგინალურ პროექტებს წარვადგენთ და მათი საავტორო უფლებების ევროპულ ბაზარზე გაყიდვას შევეცდებით.  სტუმრების მიზანია გაეცნონ ქართულ საგამომცემლო ბაზარს, რომ 2017 წელს საქართველო ფრანკფურტში წარდგეს როგორც მასპინძელი ქვეყანა. მასპინძლის სტატუსისთვის აუცილებელია, გქონდეს რაც შეიძლება ბევრი უცხოურ - გერმანულ, ინგლისურ ან სხვა ენაზე - თარგმნილი ქართული ლიტერატურა, პროზა, საბავშვო ლიტერატურა, კულინარია, ისტორია, რომ მოიწონონ უცხოურმა გამომცემლობებმა, თარგმნონ და გამოსცენ სხვა ენებზეც. სტუმრები სწორედ იმის შესამოწმებლად ჩამოვიდნენ, რამდენად მივესადაგებით მათთვის მისაღებ კრიტერიუმებს.

გამომცემლობა "პალიტრა L"-ს 100-ზე მეტი საკუთარი ქართული პროექტი აქვს წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი უკვე თარგმნილია ინგლისურ და რუსულ ენებზე.  ფრანკფურტელ სტუმრებთან შეხვედრას მწერალი ბესო ხვედელიძეც ესწრებოდა, რომელიც ამავე დროს ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მოწვეული რედაქტორია. წიგნის ფესტივალის ხელმძღვანელებმა კმაყოფილება გამოხატეს იმის გამოც, რომ  ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" 2000-იანი ტირაჟით გამოდის. "ეს ძალიან კარგი შედეგია", - განაცხადა იურგენ ბოსმა.