დანერგე წიგნი! - კვირის პალიტრა

დანერგე წიგნი!

უწმინდესის აზრით, საჭიროა გამოიცეს წიგნი მცენარეთა ნერგების გამოყვანის შესახებ

"ჩვენი კავშირი წიგნებთან არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შაბათი დღით, წიგნი ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და თანამგზავრი"

გამომცემლობა "პალიტრა L", საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით, კიდევ ერთ წიგნს დაბეჭდავს.

შაბათს, 15 ივნისს, წიგნის კითხვის დღეს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტის, "საქართველო - ჩვენი ფასეულობების", პრეზენტაციაზე უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამომცემლებს მცენარეთა ნერგების გამოყვანის შესახებ წიგნების გამოცემა შესთავაზა. პატრიარქმა დალოცა "პალიტრა"მედიის" ხელმძღვანელები და ბრძანა, რომ მათ შეძლეს პროექტით გათვალისწინებული წიგნების - "საქართველოს ბუნება" და "ქართული სპორტის ოქროს წიგნის" გამოცემა. ილია მეორემ ასევე ბრძანა, რომ ჩვენ არასოდეს უნდა დავკმაყოფილდეთ გაკეთებულით და მუდმივად უნდა ვიფიქროთ გასაკეთებელზე. უწმინდესის აზრით, საჭიროა გამოიცეს წიგნი მცენარეთა ნერგების გამოყვანის შესახებ, რომლითაც მომავალში სკოლაში მოსწავლეებს ასწავლიან ამ დარგს და ბუნების სიყვარულს. პატრიარქმა ბრძანა, რომ საპატრიარქოს ბიბლიოთეკას აქვს მსგავსი თემატიკის მდიდარი, მაგრამ, სამწუხაროდ, არაქართულენოვანი ლიტერატურა.

"პალიტრა L"-მა სიამოვნებით აიტაცა ეს ინიციატივა და ახლო მომავალში საზოგადოებას ამ წიგნსაც წარუდგენს. მანამდე კი"  "საქართველოს ბუნება" და "ქართული სპორტის ოქროს წიგნი" ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ პრეზენტაციაზე შეაფასეს. ამ დღეს დამსწრე საზოგადოება, უმაღლესი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ეროვნული აკადემიის წევრები, უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები და სპორტსმენები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ წარმოდგენილი წიგნები საგანძურია, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა.

პრეზენტაციაზე "საქართველოს ბუნების" ავტორმა, ნოდარ ელიზბარაშვილმა, ვრცლად ისაუბრა წიგნში თემატურად ასახული საქართველოს ბუნების მრავალფეროვნებაზე. გამოცემაში წარმოდგენილია დაცული ტერიტორიები, ღირსშესანიშნაობები, მაღალმთიანი სოფლები. საგულისხმოა ისიც, რომ უკეთ აღსაქმელად წიგნი უნიკალური ფოტომასალით არის დასურათებული.

მეორე წიგნის, "ქართული სპორტის ოქროს წიგნი", ავტორის, ელგუჯა ბერიშვილის განმარტებით, გამოცემაში წარმოდგენილია მასალა სპორტის ეროვნული, ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობების შესახებ, ასევე ლაპარაკია სახელოვან ქართველ სპორტსმენებზე, მათ მიღწევებზე.

საქართველოს ბუნებისა და სპორტის შესახებ წიგნების გამოცემის გამო საპატრიარქოსა და გამომცემლობა "პალიტრა L"- ის მიმართ პრეზენტაციაზე მადლიერება გამოხატეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ.

წიგნის კითხვის დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ათეულობით ადამიანმა შეასრულა უწმინდესის კურთხევა და შაბათი დღე წიგნთან ერთად გაატარა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენი კავშირი წიგნებთან არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შაბათი დღით, წიგნი ყოველთვის უნდა იყოს ჩვენი მეგობარი და თანამგზავრი.

ანა მარშანია