გულსაკლავად სევდიანები ყოფილან საინგილოს ქართველები - კვირის პალიტრა

გულსაკლავად სევდიანები ყოფილან საინგილოს ქართველები

"დაიწყო გაჯიბრება - ვინ პირველი გაიტანდა კვალს. პაპას უჯობნია ყველასთვის, მეორე ვაჟა ყოფილა. გახარებულ პაპას მიუძახნია, - გაჯობე, ვაჟაო!  - შენ მკაში მაჯობე, მე კიდევ, ვაჟა ვარო!" - უპასუხნია სიცილით ვაჟა-ფშაველას

ყველანი წინაპართა სისხლი სისხლთაგანი ვართ. ყოველი ჩვენგანის ცხოვრებას სწორედ მათი განვლილი გზა განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ არ მიკვირს ნუკრი მჭედლიშვილის თავდადება ქართული ხალხური საბრძოლო ხელოვნების -  ხრიდოლის პოპულარიზებისა და აღორძინებისთვის, მისი განიადაგებული შრომა ბავშვებთან, რომ ყველა პატარა ქართველმა გაიგოს, ვისი გორისაა, როგორ უნდა გადარჩეს და გადაირჩინოს სამშობლო... მისი დიდი პაპა 15 წლისა გაიპარა საინგილოში, - რთული დრო იდგა საქართველოში. საინგილოში ასმაგად სისხლმდინარე იყო იარა. და იყვნენ ქართველები, რომლებიც ყველაზე მტკივნეულ ჭრილობებს მიაშურებდნენ ხოლმე სამკურნალოდ. სახლდებოდნენ იქ, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ასეთები იყვნენ ნუკრის წინაპრები, მისი დიდი პაპა ფილიმონ მჭედლიშვილი და ბებია ნინო უთიაშვილი (გიშელი ეპისკოპოსის ქალიშვილი, პირველი ქალთა ქრისტიანული სასწავლებლის დამაარსებელი საინგილოში) საინგილოში მოღვაწეობდნენ. კახის ეკლესიის ეზოში არიან დაკრძალულნი. ისინი, თუ შეიძლება ამას იღბალი დავარქვათ, ისე წავიდნენ, რომ საინგილოს აზერბაიჯანისათვის საბოლოო გადაცემას არ მოესწრნენ, იმედი გაიყოლეს, რომ ქართველებს სამშობლო არ დაუნაწევრდებოდათ...

KvirisPalitra.Geგულჩათხრობილი საინგილო

1918-21 წლებია. საინგილო ნეიტრალურ ტერიტორიად გამოცხადდა და მუსავატელებმა დაიწყეს მოძრაობა. ებრძოდნენ ყველაფერ ქართულს. პაპაჩემი - ნიკოლოზი, ფილიმონის ვაჟი ჩაუდგა სათავეში ჰერეთის დაცვას... მუსავატელები ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდნენ. სწორედ მათ მოკლეს პაპაჩემის დიდი მეგობარი - მღვდელი მიხეილ ყულოშვილი. ჯერი პაპაჩემზეც მიდგა. მაგრამ მისი ყონაღი ლეკი მისულა  და  გაუფრთხილებია - შენი მოკვლაა გადაწყვეტილი, მკვლელებს შორის მეც ვიქნები. შინ არ დაგვხვდე, ქალისა და ბავშვების დარდი ნუ გექნება, მათ ხელს არ ვახლებთო.

მართლაც მივიდნენ მუსავატელები პაპაჩემის სახლში. მაგრამ ის კი უკვე სამშვიდობოს იყო...

1920 წლის აპრილი დადგა. გაწითლდა აზერბაიჯანი... პაპა საინგილოში დაბრუნდა, იმედით, რომ საქართველოს შეუნარჩუნდებოდა ჰერეთი... მაგრამ ამდენი ხნის სიმწრით დაცული  ქართული მიწა აზერბაიჯანის ხელში გადავიდა.

ქართულად მოაზროვნეებზე მგლებივით დაიწყეს ნადირობა და პაპაც იძულებული გახდა,  ისევ დაეტოვებინა საინგილო. ოჯახი ქედში დასახლდა - პაპას დედულეთში.

სწორედ მან დააარსა პირველი სკოლა ზემო და ქვემო ქედში, ასევე პატარა საწარმოები, სადაც ხალხი დაასაქმა. კოლექტივიზაციას რეპრესიები მოჰყვა. ერთხელ, წითელწყაროში, საქმეზე მიმავალ პაპას დამგზავრებია მეზობელი, რომელსაც დასახვრეტად მწყემსი სომხის ბიჭი მიჰყავდა. პაპას არაფერი ცოდნია... უცებ იმ კაცს მინდორში გაუშვია ბიჭი და... დაუხვრეტია. გაგიჟებულ პაპას დამხვრეტზე გაუწევია და უცემია. დიდი უსიამოვნება დატრიალებულა. პაპა სკოლის დირექტორი და მასწავლებელი იყო, პატივს სცემდა სოფელი, მაგრამ რევოლუციონერებმა ეს არად ჩააგდეს და დახვრეტა გადაუწყვიტეს. ისევ გააფრთხილეს მეგობრებმა, გაიქეციო. ამჯერად საცხოვრებლად ახმეტის რაიონში გადავიდა. მესამედ გამართა კერა ხოდაშენში, თავისი ცოლის ადგილ-მამულში... მაგრამ თურმე აღარ მღეროდა, აღარ იცინოდა, ჯერ საინგილოს დაკარგვამ და მერე სამჯერ აყრამ დაუკარგა ხალისი...

ვაჟას ძმადნაფიცი

ბებიაჩემის მამა, ჩემი დიდი პაპა, გრიგოლ აფშინაშვილი - ბაჩანას კლასელი იყო და ვაჟა-ფშაველასთან ფიცვერცხლნაჭამი. სასწავლებლის დამთავრების მერე სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო იყო მღვდლის რეკომენდაცია. მამამისი ნადირა აფშინაშვილი თავცოცხალი შვილს სემინარიაში არ გაუშვებდა. ისევ ვაჟამ იყოჩაღა. ბეჭედი მოჰპარა მამამისს, მღვდელ პავლეს, წერილი თვითონ შეადგინა და ისე გაუშვა სასწავლებლად გრიგოლი. პავლემ რომ გაიგო, ფშაველი კაცი სწავლობს სემინარიაშიო, უთქვამს, - ეგ უჩემნებართვოდ იქ ვერ მოხვდებოდა, მაგაში უთუოდ ლუკას ხელი ურევიაო... გასცინებია ვაჟას და მამისთვის სიმართლე უთქვამს.

ვაჟა, ბაჩანა, თედო რაზიკაშვილები და  პაპა გრიგოლი - ყველანი მასწავლებლობდნენ. ერთხელ, პურის საჭმელად თელავში,  დუქანში ჩასულან.

ვაჟა ფიცხი იყო, თანაც დაუმარცხებელი მოკრივე, ბაჩანაც მაგარი ყოფილა - არაგვში თავდაყირა, ხელებით გადიოდა თურმე.

სხედან დუქანში მასწავლებლები, წყნარად ქეიფობენ, ჩამოსულან თელაველი სომხები, მოუტანიათ ჩოჩქოლი, ხმაურობენ... მედუქნე ამშვიდებს - არ ესმით! - გაჩუმდით, სხვასაც უნდა მოლხენაო... იმათ აბუჩად აუგდიათ. ვაჟას მაგიდა აუყირავებია. ატეხილა ჩხუბი. წამოშლილან სხვებიც... ისე ვჩხუბობდით, გარეთ რომ არ გაგვქცეოდა არავინო, - ჰყვებოდა თურმე გრიგოლი. ერთი მაინც გაპარულა და პოლიცია მოუყვანია. დაუპატიმრებიათ ოთხივე. პოლიცმაისტერს ვაჟა-ფშაველას სახელი გაგონილი ჰქონია. ვაჟას ხათრით ოთხივე გაუთავისუფლებია.

ვაჟა გზაში ხუმრობდა თურმე - აგე, სად გიშველათ ვაჟამო...

მერე წასულან თიანეთს, ვაჟას ნათესავთან. მასპინძელს გახარებია, - პურის მკაში დამეხმარეთო. დაიწყო გაჯიბრება - ვინ პირველი გაიტანდა კვალს. პაპას უჯობნია ყველასთვის, მეორე ვაჟა ყოფილა. გახარებულ პაპას მიუძახნია, - გაჯობე, ვაჟაო!

- შენ მკაში მაჯობე, მე კიდევ, ვაჟა ვარო! - უპასუხნია სიცილით ვაჟა-ფშაველას.

უტეხი ქართველი

გრიგოლ აფშინაშვილისთვის თბილისის გუბერნიის განათლების კურატორს ურჩევია, გვარი გადაიკეთე აფშინოვად და განათლების საქმე ჩაიბარეო. გრიგოლს უარი უთქვამს. უტეხი ქართველი იყო.

სხვათა შორის, მიხა ხელაშვილს გრიგოლმა ასწავლა წერა-კითხვა. მერე მიხა ბარისახოში იყო დიაკვნად, გრიგოლი საინგილოში მასწავლებლობდა. მეტად აღარ შეხვედრიან ერთმანეთს... გრიგოლი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრიც იყო, ილიასთან მეგობრობდა. ილიას თხოვნა შეასრულა. 1912 წლიდან კახის სკოლის მასწავლებელი იყო.  იქ გაიცნო ხევსური ქალი, ნინო ფიცხელაური და მოიყვანა ცოლად.

გულსაკლავად სევდიანები ყოფილან საინგილოს ქართველები. კახის ინგილოები უფრო ყოჩაღად იყვნენ, სხვები იმდენად გულჩათხრობილები, არც კი მღეროდნენ თურმე... საინგილოში ყველანაირად ცდილობდნენ, ხალისი მოესპოთ, გასაქანი არ მიეცათ ქართველებისათვის.

ამ სიტუაციის მაგალითი იყო ბებიაჩემის - გრიგოლ აფშინაშვილის ქალიშვილისა და პაპაჩემის ქორწილი. დღე დაინიშნა. ინგილოები გაუფრთხილებია აზერბაიჯანელ წესრიგის დამცველებს: სროლა არ გაბედოთ, არ იხმაუროთო...

მაყრიონი ქედიდან ჩამოსულა... აბა, ფშავლებს ლხინს და ხმაურს ვინ დაუშლიდა... მისულან თუ არა კახში, დაუწყიათ ჯირითი. გამოსდევნებიან წესრიგის დამცველები იარაღის სროლით! ფშავლებს ჰგონებიათ, გახარებული გვხვდებიან ინგილოები მაყრებსო და ამათაც უსვრიათ...

წარმოგიდგენიათ, რა სანახაობა იქნებოდა! მოჯირითე, თავაწყვეტილი ქართველები და მათი უმწეო მდევარი...

გრიგოლს სამი შვილი ჰყავდა - ორი ქალი, ერთიც ვაჟი - შაქრო. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომი რომ დაიწყო, შაქრო 20 წლისაც არ ყოფილა, ომში წასვლა მოუთხოვია. შაქრო დედისერთად ითვლებოდა, არ წაიყვანდნენ, მაგრამ მამამ - გრიგოლმა მისცა ნება... ტრაპიზონთან დაიღუპა... მას მერე გრიგოლს სტრიქონი აღარ დაუწერია, აღარც ფანდური დაუკრავს.

ფიცხელი გენი

უკვალოდ არაფერი იკარგება. გრიგოლის ქალიშვილს 6 ვაჟი ჰყავდა... ყველანი გრიგოლთან ცხოვრობდნენ და მაგარი ვაჟკაცები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, თელავიდან სოფელში ამოსულა ერთი მოხელე ხალხის გასაწვევად და ასეთ ამბავს შესწრებია: გასახედნ ურა ცხენს ვერავინ ეკარებოდა თურმე. მამაჩემის ძმას, ზურაბს უთქვამს, - მე გავხედნი, ცხენები მორეკეთ სახლთან და სახურავიდან დავახტებიო. აუტანია აღვირი სახურავზე. დახტომია ცხენს. გაგიჟებულ ბედაურს გაუტაცნია ზურაბი... ხალხს რო ეგონა, მოკლავსო, ცოტა ხანში დაბრუნებულა აღვირამოდებული ცხენით...

იმ თელაველ კომუნისტს უთქვამს, ეს ყმაწვილი მე მჭირდება, ომში არ გავუშვებო. მაინც წავიდა ომში. აღარც დაბრუნებულა...

მეორე ბიძაც, ირაკლი არ დადგა ომში წაუსვლელად. დაიჭრა. ბებიაჩემის და ბერიას დედასთან მეგობრობდა, რომელიც ღვთისმოსავი და კეთილი ქალი იყო. იმას სთხოვა თურმე, დაჭრილი საქართველოში ჩამომაყვანინეო.... ჩამოიყვანეს. ფიცხელი გენი არ ასვენებდა. ივარჯიშა, კოჭლობა რომ არ დასტყობოდა და ფრონტზე გაბრუნდა... მანაც იქ დატოვა სიცოცხლე.