თავისუფლება ვანოს! ანუ შოუბიზნესი დიდ პოლიტიკაში
01-07-2013
თავისუფლება ვანოს! ანუ შოუბიზნესი დიდ პოლიტიკაში
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი უფრო დაუმძიმდა, მისი მხარდასაჭერი კამპანია არ წყდება. ცოტა ხნის წინ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი გამოჩნდა კლიპში, სადაც ისინი მერაბიშვილის დაკავებას აპროტესტებენ.

"თავისუფლება ვანოს" - ამ სახელწოდების ვიდეორგოლში სხვა ცნობილ თუ უცნობ სახეებთან ერთად ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი, ნუკი კოშკელიშვილი და მომღერალი ნინო ჩხეიძეც მონაწილეობენ. ამ უკანასკნელმა სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რომ ვანო მერაბიშვილი ოჯახთან ერთად მის სახლში ცხოვრობდა და თავიანთი ოჯახების მეგობრობაზე ისაუბრა. უნდა
აღინიშნოს, რომ არათუ  ნინო ჩხეიძე, არამედ მისი მეუღლე - ბიზნესმენი გიორგი კორახაშვილიც აქტიურად მოითხოვდა მერაბიშვილისა და  ბაჩო ახალაიას გათავისუფლებას. ბიზნესმენმა სოციალური ქსელით მიმართვაც კი გაავრცელა (სტილი დაცულია): "გამოუშვით უსამართლოდ და უსაბუთოდ დაკავებული მერაბიშვილი და ახალაია, გამოუშვით პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც მთელი ცხოვრება ომში იყვნენ და იბრძოდნენ
ჩემი, თქვენი და საქართველოს ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისთვის. დღეს და ღამეს ასწორებდნენ, რომ შემდგარიყო ეს ქვეყანა.

მიეცით საშუალება დასხდნენ დებატებში დღევანდელ ხელისუფლებასთან და გაირკვეს მტყუან-მართალი. ბევრი უტყუარი ვიდეო-აუდიომტკიცებულებები არსებობს, სადაც გაირკვევა სიმართლე, ნებისმიერ პროცესზე. ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში, უსასრულო არავინ არ ვართ ამ ქვეყანაზე. მოახდინეთ რევოლუცია თქვენს თავში და დარჩით სამართლიანი. ჩაატარეთ ექსპერიმენტი, ნუღარ ჩაერევით თქვენი რეიტინგით, რომელიც დაგროვებული გაქვთ მრავალწლიანი ქველმოქმედებით (ჩემი სუბიექტური აზრით, ქველმოქმედი და სასულიერო მოღვაწე არ უნდა ერეოდეს ქვეყნის საერო საქმეებში, ეს იმაზე მეტი სიკეთეა, რაც კი რამე შეიძლება გააკეთოს ვინმემ) პოლიტიკურ პროცესებში, მიეცით საშუალება ყველა ძალას დაანახონ ხალხს და ერთმანეთს თავიანთი რეალური სახე და არა გაბერილი, ცრუ პიარზე აწყობილი მონსტრების იმიჯი, რასაც ამტკიცებს ყოველდღე ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი და რაც დაამტკიცა ვანო მერაბიშვილის მიმართ წაყენებულმა უსაფუძვლო ბრალდებებმა. ცირკის და სანახაობის დრო დავამთავროთ და ავაშენოთ ერთად ეს ქვეყანა".

შევეცადეთ ამ თემაზე ნინო ჩხეიძეს გავსაუბრებოდით, თუმცა მან "კვირის პალიტრის" ზარებს არ უპასუხა. ამის შემდეგ კლიპის სხვა მონაწილეებს დავუკავშირდით:

გიორგი ნაზღაიძე, მოდელი: "ვიდეორგოლში მონაწილეობა არ მიმიღია როგორც შოუბიზნესის წარმომადგენელს, ვმონაწილეობდი როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც აქვს სიტყვის თქმის უფლება და დავაფიქსირე ჩემი აზრი: ქვეყანაში კორუფციამ და ძარცვამ მოიმატა, ამას მხოლოდ მე არ ვამბობ, სხვებიც ხედავენ. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ეს არ მომწონს და მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც მსგავს ფაქტებს ებრძოდა, ციხეში არ უნდა იჯდეს, ამიტომაც - თავისუფლება მას!"

კლიპის ერთ-ერთი მონაწილე ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილია, რომელიც რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ თვითმხილველად ითვლებოდა.

დაახლოებით ერთი თვის წინ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში ტელეწამყვანს არ დაუმალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია და მიუხედავად ოქტომბრის არჩევნებისა, მისი აზრი ასე ადვილად არ შეცვლილა, ამიტომაც ამ კლიპში მისი გამოჩენა გასაკვირი ნამდვილად არ იყო. 

თიკო სადუნიშვილი: "ამდენი პოლიტიკური განცხადების გაკეთება აღარ მინდა... კლიპში ჩემი აზრი დავაფიქსირე და მეტი არაფერი".

ქეთი საგინაშვილი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?