მოგზაურობა უსასრულო ჰალუცინაციების სამყაროში - კვირის პალიტრა

მოგზაურობა უსასრულო ჰალუცინაციების სამყაროში

ფრთხილად! სტრესი ახლა ყოველ ნაბიჯზეა!..

"განძრევა ვერ მოვასწარი, ისე წამოვარდა 20 წლის პაციენტი და ფანჯარაში თავით გადაეშვა"

"უბედურება  ის არის, რომ ფსიქიკური გადახრები ხშირად აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ"

"წლების განმავლობაში განმივითარდა ჩვევა - დაუცველი ზურგით ჯდომა არ მიყვარს, ჩემ ზურგს უკან მირჩევნია კედელი იყოს"

მათ აქვთ უსასრულო ბედნიერების მარაგი - შეუძლიათ მარად მხიარულები იყვნენ, თანაც უმიზეზოდ; მაგრამ აქვთ უსასრულო უბედურების მარაგიც - თქვან, რომ სამყარო უბედურია ან თავად არიან უბედურები და გამუდმებით იგლოვონ. უსასრულობა მათი ფსიქიკის თვისებაა, - უსასრულოდ შეუძლიათ შექმნან არარსებული სახეები, გააფთრებით იბრძოლონ მათ დასამკვიდრებლად და ამისთვის არაადამიანური ფიზიკური ძალა დახარჯონ. და ისინი თავიანთი უსაზღვრო და დაუსაბამო წარმოსახვებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ადამიანი შეუცნობელი არსებაა. მართალია, მათ მედიცინა ძალზე უბრალო სახელს, - ფსიქიკურად დაავადებულებს უწოდებს, მაგრამ მათგან ზოგიერთს შეუძლია მთელი საზოგადოება გააოგნოს ან შოკში ჩააგდოს. ისტორიასაც ხშირად ფსიქიკური გადახრების მქონე დიქტატორები მართავდნენ.

გლდანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მისული ვფიქრობდი, ვაითუ, შესვლის უფლება არც მომცენ-მეთქი, რომ უეცრად რკინის ბადეაკრულ ფანჯარაში სიგარეტის ბოლში მოღიმარი სახე დავინახე, ხელს მიქნევდა და შორიდან სულაც არ ჩანდა საშიში. ეს ამ საავადმყოფოს მთავარ  ექიმს, კახა ყიფიანს ვუთხარი კიდეც. მან კი თავი გადააქნია:

- წლების წინ, როცა ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვარდა. იქიდან ჩემი თანაკურსელი გოგონა გადმოიყვანეს. გავოცდი, აქ რა უნდა-მეთქი და ოთახში შემოვიყვანე. უეცრად თვალები აუელვარდა, წამოვარდა და დანას სტაცა ხელი (მანამდე თანამშრომელი კომშს თლიდა და დანა ფანჯრის რაფაზე დადო). არ ვიცი, როგორ, მაგრამ მოვასწარი და ხელები დავუჭირე. ასე გადავრჩი...

ჯანმრთელი ფსიქიკა გამაოგნებლად პლასტიკურია, - ადამიანმა შეიძლება გადაიტანოს ენით აუწერელი უბედურებაც, მაგრამ ფსიქიკურად ჯანმრთელი დარჩეს. თუ ფსიქიკაში სტრესის გამშვები მექანიზმი ოდნავ მაინც არის დარღვეული, ის ადვილად ნადგურდება. სტრესი კი ახლა ყოველ ნაბიჯზეა...

- და შედეგიც სავალალოა. ამას წინათ რუსთავში, მამამ ორი თვის ჩვილი  ფანჯრიდან გადააგდო. ბავშვის ბებიამ მითხრა, - როცა ბავშვი ფანჯრიდან ისროლა, მოტრიალდა და ჩუმად გამიმხილა, - შევწირეო!

- ეს ხმებია. მათ რაღაც ხმები ესმით, რომელიც არავინ იცის, საიდან მოდის,  მაგრამ თვითონ ამბობენ, - ხმა მეუბნება, ასე და ასე ქენიო. ასეთ დროს კაცს შეიძლება  ელაპარაკებოდე, ის კი თავისთვის ამუშავებდეს თეორიას, რომ შენ მისი მკვლელი ხარ, წამოვარდეს და დანა დაგარტყას. ერთხელ პალატაში გამოველაპარაკეთ პაციენტებს. ისინიც მშვიდად გვპასუხობდნენ, უცებ ერთი წამოხტა, სტაცა ხელი სანიტარს, აიტაცა და იქვე, ლითონის პლინტუსზე დაარჭო. ის მაშინვე მოკვდა... ერთმა დედამ ნაჯახით შვილები დახოცა და თქვა, - თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ ხმამ მითხრა, შენი სული შენს შვილებშია, ესენი თუ არ მოკალი, არც შენ მოკვდები და ამიტომ დავხოცეო.

ეს საშიში, უსასრულო ჰალუცინაციების სამყაროა... წლების განმავლობაში განმივითარდა ჩვევა - დაუცველი ზურგით ჯდომა არ მიყვარს, ჩემ ზურგს უკან მირჩევნია კედელი იყოს.

უბედურება ის არის, რომ ფსიქიკური გადახრები ხშირად აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნებს მართავენ და ათასობით ადამიანს ანადგურებენ. ისტორიამ ამის არაერთი მაგალითი იცის. მაგალითად, კალიგულა, რომელიც მხოლოდ 4 წელიწადი მართავდა ქვეყანას, პირველ ორ წელიწადს ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მერე ინფექციური ენცეფალიტი შეეყარა და არ იცოდა, რას აკეთებდა, ვიდრე არ მოკლეს.

- ბოლო დროს ძირითადად რა სახის ფსიქიკური გადახრები გახშირდა?

- თვითმკვლელობა. განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ესეც ჩემს შემოვლაზე მოხდა, - განძრევა ვერ მოვასწარი, ისე წამოვარდა 20 წლის პაციენტი და ფანჯარაში თავით გადაეშვა.

- საავადმყოფოს ფანჯრებს გისოსები არ ჰქონდა?

- არა. ასე უფლებადამცველებმა მოინდომეს, -  ფანჯრებიდან გისოსები ჩამოგვახსნევინეს და ხალხმა რომ დაიწყო ცვენა, ისევ დაგვამაგრებინეს. უცნაურია, რომ უფლებების დაცვის სახელით მძიმე შედეგები დგება. რახან ამაზე დავიწყეთ ლაპარაკი, ჰომოსექსუალიზმზეც ვიტყვი. ყველა სამედიცინო კანონით, ეს უმძიმესი ფსიქიკური დაავადებაა და ამ დროს ჩვენ მათი უფლებების დაცვაზე ვლაპარაკობთ. მაშინ დავიცვათ ნეკროფილები, პედოფილები ან ვთქვათ, კიფროფაგები - მე ექიმი ვარ და მაქვს ამის თქმის უფლება - ეს არის ის ფსიქიკური ანომალია, როცა ადამიანი თავისი განავლის ჭამას იწყებს. მოდი, დავიცვათ ეს ხალხი, მივცეთ ამის უფლება, ეს სწორი იქნება?! ჰომოსექსუალიზმი არის სერიოზული ფსიქოპათოლოგია. ასე რომ არ იყოს, რატომ უნდა უნდოდეს ჯანსაღ ადამიანს, რომ ქალის ნაცვლად, რომელიც მშვენებაა სიცოცხლისა, კაცთან დაწვეს? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, - ნამდვილი სქესობრივი პათოლოგიით დაავადებული (ჰერმაფროდიტიზმი) შეიძლება მხოლოდ ათასში ერთი იყოს და ისინიც ძალზე ადრე იხოცებიან, ჰომოსექსუალები კი მხოლოდ ფსიქიკურად დაავადებულები არიან და მათ მკურნალობა ესაჭიროებათ. იმ წაქეზების ფონზე, რაც ჩვენ გვაქვს, სამწუხაროდ, რა მკურნალობაზეა ლაპარაკი, ეს სენი საზოგადოებას კიბოს უჯრედებივით ედება...

- პაციენტებთან შეხვედრა, შეიძლება?

ამ შეკითხვაზე ექიმმა კარგა ხნის დუმილის შემდეგ მიპასუხა, - როცა სასადილოში წავლენ, ეზოში გამოივლიან და იქ ნახეთო. მეც ამ იდუმალ სამყაროს ეზოში დავხვდი. ისინი კი გისოსებიანი სასადილოს მიღმა მოულოდნელად მოვარდნილი წყალივით ჩაიკარგნენ, ამ "წყალს" კი ისეთი ხმა ჰქონდა, მასთან მიკარებაც სათუო იყო. ამასობაში წინ მიმავალმა სანიტარმა ხელით გამწია და სასადილოს გისოსები დახურა. მხოლოდ ის შევძელი, რომ გისოსებს მიღმა გაშლილი გრძელი მაგიდები დავინახე და შიშმაც შემიპყრო - ისინი არცთუ ისე ცოტანი მომეჩვენენ.