ლომისობა: სტომაქზე ზრუნვაში ქვეყანა გვავიწყდება
01-07-2013
ლომისობა: სტომაქზე ზრუნვაში ქვეყანა გვავიწყდება
ყოველ წელიწადს, სულთმოფენობიდან პირველ ოთხშაბათს, არაგვის ხეობაში, ლომისის წმინდა გიორგის დღესასწაული იმართება. ამ დღეს მლეთაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან მოდიან ქრისტიანები, რომ ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის წვერზე აგებულ  XIII საუკუნის ტაძარში თაყვანი სცენ ლომისის წმინდა გიორგის.

წელს პირველად გახლდით ამ დღესასწაულზე. გზად ისეთებსაც შევხვდი, უკვე მეცხრედ ან მეათედ რომ ადიოდნენ, თანაც ფეხშიშველნი.

დაბლა, მდინარე მლეთის სანაპიროზე ნანახმა შემძრა - ეკლესიის წინ, ჭალაში, მავანთ სასაკლაო გაემართათ. ზვარაკი დევის ქვაბებში იხარშებოდა.
ზოგიერთს შენაწირი ზურგზე მოეკიდებინა. ვკითხე, - იყიდეთ-მეთქი? არა, ეკლესიაში წმინდა გიორგის ცხვარი შევწირეთ და ახლა საქეიფოდ მივდივართო. თუ შესწირეთ, იქვე არ უნდა დაგეტოვებინათ-მეთქი? ვისთვისო, - გაიკვირვეს, - წრფელი გულით დავუკალით ცხვარი წმინდა გიორგის, თქვენც გეპატიჟებითო,
- მომიგო ზორბა კაცმა (?!)

გზად მწარე ფიქრი ვერ მოვიშორე - რა გვჭირს? თუ ქრისტიანები ვართ, პატრიარქისა არ უნდა გვესმოდეს? უწმინდესს არაერთხელ მოუწოდებია ხალხისთვის, თუ შესაწირის გაღება გინდათ, უფლის სახელით ქვრივ-ობოლთათვის პირუტყვი ცოცხლად შესწირეთ და გაჭირვებულებს ასე დაეხმარეთო...
ამ საზარელ სანახაობას ემატება ისიც, რომ იქაურობა ნაგავს მიაქვს. ე.წ. მომლოცველები იქვე ყრიან ყველაფერს - პოლიეთილენის ბოთლებს, ნაყინის შესაფუთ ქაღალდს...

თაკარა მზეში თითქმის სამსაათიანი სიარულის შემდეგ ეკლესიაც გამოჩნდა. ნატეხი ქვით ნაგები ტაძარი დაზიანებულია, ირგვლივ შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, შუა საუკუნეების ორსართულიანი ქვის სამრეკლოს ნახევარი...

გორაკზე ლომისას წითელი, ზანზალაკებიანი ბავრაყი (ხატის დროშა) ფრიალებს. ირგვლივ იმდენი ხალხია, რომ ფეხის აქცევა ჭირს. სწორედ ხალხის სიმრავლის და მათი უწესრიგობის გამო ვერ შევძელი, ტაძარში შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა საყელურიანი ჯაჭვი, რომელიც, გადმოცემებით, დადიანის ქალს სამეგრელოდან წამოუღია და ფეხშიშველს მხრებით აუტანია წმინდა გიორგის ხატისთვის შესაწირად. იმასაც ამბობენ, რომ თითქოს წმინდა გიორგის მიერ ტყვეობიდან სასწაულებრივად გადარჩენილმა ქართველმა ტყვემ მადლიერების ნიშნად აიტანა ტაძარში ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში ქედზე ედოო. ამ ჯაჭვზე ხალხს ლექსი შემოუნახავს:/"ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;/მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია, ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია./დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია". ჯაჭვის ნაწილი დაკარგულა, დარჩენილი კი 60 კგ-ს იწონისო. ამბობენ, ვისაც უნდა რაიმე აღუთქვას ან შეევედროს წმინდა გიორგის, ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვითო. ლომისობაზე ჯაჭვის ქედით ტარების უამრავი მსურველია. ჯაჭვთან მისწრების სურვილით ისე ავდებიან, რომ ერთმანეთს უშვერი პირით ლანძღავენ და არ ემორჩილებიან ბერებს. 

ბერების ძველი სადგომები დანგრეულია. მონასტრის სულიერი საძმო კარავში ცხოვრობს და ლოცულობს ზამთარ-ზაფხულ. ამდენმა მომლოცველმა რომ მოვინდომოთ, ისევ გავაბამთ არაგვიდან მთის წვერამდე ჯაჭვს და ნანგრევებს ისევ სენაკებად ვაქცევთ, მაგრამ...

ნანგრევებში, როგორც რესტორნის "ლუქსში", მოკალათებულან "სისხლიანი მსხვერპლის შემწირველები" და ღრეობენ. იქვე "ზვარაკის" ფაშვ-ტყავ-ჩლიქები და თვალღია თავები ყრია...
"საქეიფო ალაგები" ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქსნის ხეობას გადაჰყურებს. წმინდა გიორგის ამ დიდებული მიწის გათავისუფლებისთვის შემწეობა უნდა ვთხოვოთ. წმინდა გიორგისთან სავედრებლად ამოსულ ოკუპაციის ზოლს იქით დარჩენილ ქართველებსა და ოსებსაც გადავეყარე - თბილისელ მეგობართან, ძველი ქართული საბრძოლო ფედერაციის "ხრიდოლის" ხელმძღვანელ, ნუკრი მჭედლიშვილთან ერთად მომავალზე ბჭობდნენ. საზღვარს”იქით დარჩენილებმა, უსაფრთხოების მიზნით, მოკრძალებით იუარეს საუბარი. ერთი კი აღნიშნეს, წმინდა გიორგის მადლს ვთხოვთ მშვიდობას და დანარჩენს თვითონვე მივხედავთო.  

ნუკრი მჭედლიშვილი: - ლომისობის დაარსების თქმულება გვაიძულებს, ვიფიქროთ, რისთვის და რატომ შეიძლება დავისაჯოთ, როგორ გამოვისყიდოთ დანაშაული. XIII საუკუნეში 7000 არაგველის ტყვედ წასხმა იმის ბრალი იყო, რომ ჩვენი წინაპრები გაზულუქდნენ, ხიბლში ჩავარდნენ, ღმერთი დაივიწყეს და საკუთარი უძლეველობის მითი დაიჯერეს. თუმცა, სინანულში ჩავარდნილები არ გაწირა წმინდა გიორგიმ. თუ დღევანდელი ქართველობა გონს მოეგება, მიხვდება, რომ უბედურება ჩვენშია და არა მტერში და ხსნაც მოვა. უზარმაზარი იმპერიები დაგვიმარცხებია. მაგრამ ახლა, აქ რომ მოხვალ და სამრეკლოზე ჩამოკიდებულ ცხვრის გასისხლიანებულ თავებს, მიმოფანტულ ნამუსრევს დაინახავ, გული მოგიკვდება. განა საკლავი წინა საუკუნეებში არ იკვლებოდა?! გალავანს შიგნით ვერავინ გაბედავდა ამას. მხოლოდ სპეციალურ ნიშში უნდა დაეკლათ პირუტყვი და ქვრივ-ობოლთათვის, გაჭირვებულთათვის დაერიგებინათ. ამ საკითხს პატრიარქთა და მეფეთა განჩინება არეგულირებდა. ახლა ტაძრის ეზოებში გაურკვეველი მისამართით წირავენ "ზვარაკს" და ვერ ხვდებიან, რომ ამით საუკუნოვან ტრადიციებს კლავენ. ვის ახსოვს ქვრივ-ობოლი? ღვთის წინაშე ვცოდავთ და სტომაქზე ზრუნვაში ქვეყანა გვავიწყდება, ბრიყვებს ვგავართ. მიხარია, რომ რამდენიმე ოსი და ქსნისხეობელი ქართველები დღესაც ამოვიდნენ ლომისას. შარშან რუსებიც ამოჰყვნენ. ვუთხარით, რომ ქსნის ხეობაში ჩვენი წინაპრების ძვლებზე დგანან, რომელსაც არასდროს დავთმობთ. ამ დროს ერთმა ლარგვისელმა ჩოხოსანმა ქართველმა ცხენი ამოაგელვა აღმართზე და რუსებს თავზე გადააფარა უბიდან ამოფრიალებული ქართული დროშა. ოკუპანტებმა თავები ჩაღუნეს. ვაჟკაცობას მტერიც აფასებს.

ლომისას წმინდა გიორგი


გადმოცემების თანახმად, ხვარაზმის მბრძანებელს არაგვის ხეობიდან 7000 ტყვესთან ერთად მთიულეთის მთავარი სიწმინდეც - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი წაუღია, რომელსაც ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე შეუკრავს - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, კაცი და პირუტყვი გაბერწებულა, ქვეყანაში სიკვდილის შიში გამეფებულა. სულთნისთვის მკითხავებს უთქვამთ, - უბედურების მიზეზი ქართველების თანმხლები ხატიაო. სულთნის ბრძანებით, ხატი საკირეში ჩაუგდიათ, მაგრამ უვნებლად ამოფრენილა და თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. ერთი კოჭლი დედაკაცი დაჰკლებიათ, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარი საქართველოსკენ დაძრულა. სადაც კი ხარი შეისვენებდა, ხალხი იქ ჯვრიან ნიშებს აგებდა. ხარი ქსან-არაგვის ხეობების წყალგამყოფი ქედის წვერზე ასულა და სულიც დაულევია. ხატიც იქვე დაფრენილა. სასწაულის მხილველი ხალხი მთის წვერიდან არაგვამდე ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი ასე აუშენებია. ამბობენ, ხარს ლომა ერქვა და სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი ამიტომ უწოდესო.  

ტაძრის კარმა ჯარს თვალისჩინი წაართვა


ლომისის ტაძრის რკინაგადაკრულ მუხის კარზე ამოკვეთილი ხუცური წარწერით (XVI-XVIIს.ს.) ირკვევა კარის შემჭედი ოსტატების, პურისა და რკინის შემომწირველთა ვინაობა. ლეგენდის თანახმად, ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენია. მოშივებულ მოლაშქრეებს კერძის მოსამზადებლად შეშა ვერ უპოვიათ და მეთაურის ბრძანებით, ლომისის კარი დაუპიათ. დანაყრებულან და დაბრმავებულან კიდეც. სარდალი ლომისას შევედრებია, - ოღონდ თვალისჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია, სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს.
11 ივლისი 2017 14:27
Gamarjobat .lomisoba rodis ixureba ?xsnili xom amaglebidan 14mete dges aris .
levani
05 ივლისი 2013 23:31
თუზუ აქ საუბარი იყო ლომისობას ეკლესიის შესასვლელში განვითარებულ მოვლენებზე, თუ რატომ არ ვდგები პირადად მე "რიგში" და არა იმაზე, როდის და რამდენჯერ ავდივარ ლომისაში..

რაც შეეხება ნაგვის ურნებს, რომელი მლეთაში ყოფილა, უკაცრავად ბარემ ისიც გვითხარი რამდენი ურნა დგას და იქნებ მიახლოვებით ის ციფრიც დაასახელოთ, რამდენი ადამიანი სტუმრობს ლომისობის დღესასწაულზე მლეთას???

რათქმაუნდა, მთლად ურნები ვერ მოაგვარებს დასუფთავების პრობლემას, რადგან ზოგმა დაბლა თუ არ დაყარა უბრალოდ არ შეუძლია, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებდა ამ პრობლემის მაშტაბებს....
tuzu
05 ივლისი 2013 20:41
აქ ზოგი იმას გაიძახის ამდენი წელია ლომისობას დავდივარ და ტაძარში ვერ შევდივარო...ერთი გამაგებინეთ ქართველებს მარტო დღესასწაულებზე რატო გვიყვარს ტაძარში სიარული, რა ისე რო მივიდეთ და მოვილოცოთ არ შეიძლება თუ მაინცდაიმანც რამე ეგრეთწოდებული პრაზდნიკი უნდა იყოს რომ სალოცავად მივიდეთ...ყოველთვის საქართველოში დღესასწაუკლებზე ტაძრებში ხალხის ტევა არ არსი და ჩვეულებრივ წირვა ლოცვაზე ხანდახან ზოგიერთი ტაძარი საერთოდ ცარილია...ლომისაზე მარტო ლომისობას კი არ უნდა ადიოდეს ადამიანი არამედ წლის ნებისმიერ დროს...ვინც არის ნამყოფი ყველამ კარგად იცის რა პირობებში ცხოვრობენ მამაოები იქ...და მარტო შორიდან ნუ შეგვტკივა გული თუ რამეს გაკეთება გვინდა ნებისმიერ დროს შეგვიძლია ლომისაზე ასვლა წირვა-ლოცვაზე დასწრება და მამაოებისგან უფრო ბევრი სასარგებლო რამის გაგება...

ხო კიდევ კინაღამ დამავიწყდა რამდენადაც ვიცი ნაგვის ურნები დგას დაბლ;ა წყაროსტან მაგრამ ნაგავი მაინც აქეთ იქით არის მთელ გზაზე მიმობნეული...ეს ქართველების ყველაზე ცუდი ჩვევაა რასაც სამწუხაროდ ჯერ ვერ გადავეჩვიეთ...

რედაქტორის რჩევით