”ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გამოცდილი ალპინისტები ტერორისტის ტყვიით დაიხოცებოდნენ.” - კვირის პალიტრა

”ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გამოცდილი ალპინისტები ტერორისტის ტყვიით დაიხოცებოდნენ.”

"იგორი ძლიერი და ხალისიანი ადამიანი იყო. მთაში 1984 წლიდან დადიოდა. ორჯერ ევერესტზე ავიდა, რვაათასიანი მწვერვალებიც ჰქონდა დალაშქრული"

22 ივნისს საშინელი ტრაგედია დატრიალდა პაკისტანში, 8 000-მეტრიანი მწვერვალის ნანგა პარბატის ალპინისტურ ბანაკში. საბაზო სადგურზე მესაზღვრეების ფორმაში გადაცმულმა ტერორისტებმა შუაღამისას 10 მთამსვლელი და ერთი პაკისტანელი მეგზური დახვრიტეს. ალპინისტებს ეძინათ და რომც არ სძინებოდათ, ბანაკებს შორის ძალიან დიდი მანძილია და საშველად ხმას ვერავის მიაწვდენდნენ... გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ისლამისტურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ”ჯუნჯულაჰ”-მა. განაცხადეს, დახოცილი უცხოელები მტრებად მიგვაჩნდა და მკვლელობებს მომავალშიც განვაგრძობთო...

თავდასხმის დროს მხოლოდ ერთმა პაკისტანელმა გიდმა შეძლო გაქცევა. მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ერთ-ერთ შუალედურ, ზედა ბანაკში ყოფნის წყალობით ტერორისტების თავდასხმას გადაურჩა გუნდის ორი ქართველი წევრი - ბიძინა გუჯაბიძე და აფი გიგანი. რთული გზის გამო ტერორისტები დანარჩენ ბანაკებს ვერ მისწვდნენ. პაკისტანში ქართველი ალპინისტები 8 ივნისს გაემგზავრნენ და ივლისის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყვნენ.

ბიძინა გუჯაბიძე ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში, პაკისტანის ერთ-ერთი 8 000-მეტრიანი მწვერვალიდან დაშვების შემდეგ დღიურში წერდა: ”...იყო ხანგრძლივი, რთული დაშვება მძიმე ზურგჩანთებით, უკვე საბოლოოდ დანგრეულ ყინულვარდნილზე, ნაპრალებსა და მდინარეებში ჩავარდნით... პაკისტანელი მეგობრებისგან შევიტყვე ახალი ამბავი, საქართველო-რუსეთის ომის დაწყება. ამის შემდეგ დაიწყო ყველაზე მძიმე დღეები ჩვენს ცხოვრებაში, ასე არასოდეს გაგრძელებულა უკან დაბრუნება, ასე არასოდეს ვყოფილვარ დამოკიდებული ინფორმაციაზე. გრძელი, გრძელი დღეები, არ არის ინტერნეტი, მხოლოდ მოკლე მესიჯები სატელიტურ ტელეფონზე. ტრაპიზონში ჩამოვაღწიეთ 14 აგვისტოს, 15-ში მატარებლით ჩამოვედით თბილისში...”

მაშინ ქართველმა ალპინისტმა მწვერვალიდან დაშვებისას ფოტოაპარატი და ცხადია, ის კადრებიც დაკარგა, მისი მეგობრები რომ იყვნენ აღბეჭდილი. ახლა მეგობრებიც დაკარგა, მათ შორის ჯგუფის ხელმძღვანელი - იგორ სვერგუნი, რომელთანაც განსაკუთრებულად მეგობრობდა.

ირაკლი გუჯაბიძე, ბიძინა გუჯაბიძის ვაჟი: - მამა ტელეფონზე მოკლედ გვპასუხობს, რომ კარგად არის, მეტს ვერაფერს გვეუბნება. ან რა უნდა ვკითხოთ? წარმომიდგენია, რას განიცდის. ჯგუფის ხელმძღვანელს, უკრაინელ იგორ სვერგუნს მეც კარგად ვიცნობდი. რამდენჯერმე იყო საქართველოში. ბოლოს ცოტა ხნის წინ მყინვარწვერზე ავედით ერთად. ძალიან თბილი, ძლიერი და ხალისიანი ადამიანი იყო. მთაში 1984 წლიდან დადიოდა. ორჯერ ევერესტზე ავიდა, რვაათასიანი მწვერვალებიც ჰქონდა დალაშქრული. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთი გამოცდილი ალპინისტები ტერორისტის ტყვიით დაიხოცებოდნენ. საქართველოდან ნანგა პარბატზე ასვლას პირველად მამა და აფი შეეცადნენ, მაგრამ...

მარინე ბერიძე, ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე:

- ტრაგედიის დროს ბიძინა და აფი 6100 მეტრზე იყვნენ ასული. საბაზო ბანაკი ძალიან შორს იყო, დაახლოებით ისე, როგორც ყაზბეგი და მყინვარწვერი, ან მესტია და უშბა.

ბიძინა ყოველთვის ამბობდა, პაკისტანელები განსაკუთრებით თბილი და სტუმართმოყვარე ხალხიაო. გამორჩეულად უყვარდა იქ მოგზაურობა. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ რამე უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო.