"თავდადებულ ადამიანებს ვერ ვხედავ" - კვირის პალიტრა

"თავდადებულ ადამიანებს ვერ ვხედავ"

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ აშშ-ის ადამიანის ბიოგრაფიის შემსწავლელმა ინსტიტუტმა ცნობილი ქართველი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე 2009 წლის ადამიანად დაასახელა. "ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იყო ჩემთვის", - გვითხრა ბატონმა გიგამ, რომელთან ინტერვიუც მის შემოქმედებაზე საუბრით დავიწყეთ, მაგრამ საუბარი სავსებით ბუნებრივად ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე მსჯელობაში გადაიზარდა. რას ფიქრობს ცნობილი რეჟისორი დღევანდელ საქართველოზე, მისი მონათხრობიდან შეიტყობთ:

- ბატონო გიგა, "დათა თუთაშხიას" შესახებ ამბობთ, ეს ფილმი ყველაზე საუკეთესოა, თუკი რამ შემიქმნია ცხოვრებაშიო. მაინც რამ განაპირობა მისი წარმატება?

- "დათა თუთაშხია" საუკუნის რომანია, ლიტერატურული შედევრი, რომლის გადაღების ბედნიერებაც მე მხვდა წილად. გიგამ ათიანში მოარტყაო, - ეს ჭაბუას სიტყვებია. ქართველ ხალხში ყოველთვის იყო სურვილი თავისუფლების, თვითმყოფადობისა და ქართული აზროვნების შენარჩუნებისა. ასე მგონია, თუთაშხია ყოველივე ამის სიმბოლოდ იქცა. ის, რაც ხდება ამ ნაწარმოებში, ძალზე ახლოსაა ჩვენს დღევანდელ ყოფასთანაც. ვფიქრობ, რომანის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობს: შეუძლებელია კეთილი საქმის კეთება მაღალი ზნეობის გარეშე. არ შეიძლება გქონდეს პრეტენზია ერის წინამძღოლობაზე, თუ უზნეო ხარ. ყველაზე დამაგვირგვინებელი იდეა კი, რომელიც რომანშიც არის და ფილმშიც, შემდეგია: დათესე სიკეთე და ნურავის მადლობას ნუ დაელოდები, ეს სიკეთე, ადრე თუ გვიან, მაინც წინ დაგხვდება! ფაქტობრივად, ამ იდეას ეწირება თუთაშხია.

- ჩვენი ინტელიგენცია ყოველთვის აქტიურად ერეოდა ქვეყნის ცხოვრებაში. ალბათ, მკითხველსაც აინტერესებს, თუ ხედავთ ადამიანს, ვინც ამ ქვეყანას მიხედავს და მოუვლის?

- სამწუხაროდ, არავის. მგონი, ჩვენი ქვეყნის უბედურება სწორედ ის არის, რომ არის ოპოზიცია, არის ხელისუფლება, მიდის მათ შორის ჭიდილი, მაგრამ ნამდვილი ძალა, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს, ჯერჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია. როდის ჩამოყალიბდება,  ძნელი სათქმელია. ამიტომაც შეიძლება ძალიან გაგვიგრძელდეს გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნა. თავდადებულ ადამიანებს ვერ ვხედავ, ადამიანებს, რომლებიც მზად არიან სიცოცხლე გასწირონ ქვეყნის კეთილდღეობისათვის.

- როგორც ვიცი, თქვენი სიმპათია ადრე ირაკლი ალასანიასკენ იხრებოდა.

- სხვათა შორის, სიმპათიას ბევრი იმსახურებს: პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას, ძალიან მიყვარს ლევან გაჩეჩილაძეც, საინტერესო და ჭკვიანი ქალია სალომე ზურაბიშვილიც, ნინო ბურჯანაძეც, მაგრამ ვინ შეძლებს ამ მძიმე ტვირთის ზიდვას, ჯერჯერობით გაურკვეველია. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ: მთელ მსოფლიოში ბელადობის პერიოდი წავიდა. სტალინის, ჰიტლერის ან ჩერჩილის დრო უკვე აღარ არის. თანამედროვე ქვეყნების სათავეში დგანან განათლებული, ეკონომიკაში გათვითცნობიერებული პოლიტიკოსები, ჩვენ კი რატომღაც მცდარ გზაზე ვდგავართ და ახალ-ახალ კერპებს ვეძებთ. მე იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ჰყავდეს. უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე და ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი. ისინი მოაწესრიგებენ ხალხის ყოფას, მისი ცხოვრების დონეს. ჩვენ კი გვინდა სალოცავი კაცი ვიპოვოთ, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელი იქნება. ვფიქრობ, ეს მოძველებული და დამღუპველი გზაა, რომელიც ისტორიას ჩაჰბარდა. ლაპარაკი უნდა იყოს განათლებულ, საქმის მცოდნე ადამიანებისაგან შემდგარ სახელმწიფო აპარატზე, რომელიც სწორად წარმართავს ქვეყნის ცხოვრებას. ჩვენ კი ვიღაცას გავაკერპებთ, მერე აღარ მოგვწონს, გადავაგდებთ და ისევ ახალ ბელადს ვეძებთ. იყო ზვიადი, მერე იყო შევარდნაძე, ახლა სააკაშვილია. საბოლოოდ კი არ ჩანს გზა, რომლითაც ქვეყანამ უნდა იაროს. ვფიქრობ, დემოკრატიულ, ადამიანურ, საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადავიქცეთ.

- ქართველი ინტელიგენცია ყოველთვის კრიტიკულად აზროვნებდა და რაც არ მოსწონდა, ალალად ამბობდა. ამ ხელისუფლების მთავარი შეცდომა, ალბათ, ისიც იყო, რომ ვინც რაიმე საწინააღმდეგო თქვა, ყველა მტრად შერაცხეს.

- კი ბატონო! "ჩარეცხილებად" მიგვიჩნიეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი აზრი გვაქვს ხვალინდელ დღესა და იმაზე, საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ისევ ბელადომანიითა ვართ შეპყრობილი. ეს არის ჩვენი მთავარი ნაკლი, უფრო მეტიც, დანაშაული. ინტელიგენციას უპირველესად უნდა შეეძლოს არსებულის გაკრიტიკება და მომავლის ხედვა. ყოველთვის არსებობდნენ ხელოვანები, რომლებიც ხელისუფლებას ემსახურებოდნენ და ხოტბას ასხამდნენ, მაგრამ ისინი გაქრნენ და დარჩა მაღალი რანგის ხელოვნება, რომელიც თავისი ბუნებით დისიდენტურია. საბჭოთა ეპოქაში ვახერხებდით ჩვენი აზრის აშკარად თუ ფარულად გამოხატვას და თავისუფალ საქართველოში თუ ვეღარ შევძლებთ, დავღუპულვართ და ეგ არის!

- დასასრულ, თქვენი აზრით, რა გზა უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, რომ ამ ურთულეს ეპოქაში არ გადაგვარდეს და ეროვნული ფასეულობები შეინარჩუნოს?

- ეს პრობლემა ჩვენ წინაშე ნებისმიერ ეპოქაში იდგა! შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ, მაგრამ თუ გვინდა ქართველი ხალხის ბედი სწორად წარიმართოს, ჩვენი პოლიტიკა ხისტი არ უნდა იყოს, არ უნდა ვიყოთ ასე დაპირისპირებული თუნდაც რუსეთთან. ეს დიდი იმპერიაა და მოდი, ნუ შევაკლავთ მას ქართველი ერის ინტერესებს! გენიალური ხალხი გვყავდა - ბაგრატიონები, რომლებმაც ათასგვარ განსაცდელს გამოატარეს ქვეყანა. ჩვენზე დიდი ერები განადგურდნენ, ქართველმა ხალხმა კი დღემდე შეინარჩუნა თვითმყოფადობა. ეს გონივრული, უფრო მეტიც, ბრძნული პოლიტიკის შედეგია. ისინი ცდილობდნენ თურქეთსა და სპარსეთს შორის არსებული ბნელი ლაბირინთები სწორად გაევლოთ და როგორმე საქართველო გადაერჩინათ. საჭიროა უფრო მეტი ჭკუა და დიპლომატია, როგორმე უნდა მოვახერხოთ სწორი პოლიტიკური კურსის არჩევა, თორემ სხვაგვარად დავიღუპებით!

ხათუნა ჩიგოგიძე