საჯარიმო ქვითარი სომხური კომპენსაციით - კვირის პალიტრა

საჯარიმო ქვითარი სომხური კომპენსაციით

"ცავატანემ" - ანუ ამბავი ქართველი მძღოლისა და სომეხი პოლიციელისა

გაგიგონიათ, პოლიციელს მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი ერთდროულად დაეჯარიმებინოს და დაესაჩუქრებინოს კიდეც? თურმე ყველაფერი ხდება. მძღოლმა მტკიცებულება სოციალურ ქსელში ფოტოფაქტად გამოფინა - კადრზე აღბეჭდილი არიან ქართველი მძღოლი და სომეხი პოლიციელი. ეს ამბავი ერევნის ახლოს მოხდა...

M-1 Georgia- ს და შიდოკანის (აღმოსავლური ორთაბრძოლები) ფედერაციის ხელმძღვანელმა იოსებ კობერიძემ "კვირის პალიტრას" სომხეთში გადახდენილი ამბავი მოუთხრო. ეს ის იოსებ კობერიძეა, სპორტის სამყაროში "ბრძოლა წესების გარეშედან" რომ იცნობენ. იყო მსოფლიოს ჩემპიონი (მოყვარულთა შორის), მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი (პროფესიონალებში) და შავი ქამრის მე-5 დანის მფლობელი. ამასთან, ის არის 2004 წელს საქართველოში ჩატარებული ყველაზე ხმაურიანი და შთამბეჭდავი "ბრძოლა წესების გარეშეს"' ერთდროულად ორგანიზატორი, მონაწილე და კომენტატორი. მაშინ საქართველო-რუსეთის მატჩი ქართველების გამარჯვებით დაგვირგვინდა.

იოსებ კობერიძე: - სომხეთში ორთაბრძოლების საერთაშორისო შეჯიბრებაზე სამსაჯოდ მიმიწვიეს. ხშირად მიწევს ჩვენს მეზობლებთან სტუმრობა, დიდი ხანია მათთან მეგობრობა და სპორტი მაკავშირებს. ბოლოს ერევანში სამი წლის წინ ვიყავი, ამჯერად კი კვირაში ორჯერ ჩავდიოდი და მაგარი ამბავიც გადამხდა - პოლიციელმა დამაჯარიმა და თან დამასაჩუქრა. ჩემზე უფროსი თაობის ხალხიც კი ვერ იხსენებს პოლიციელ-მილიციელისგან მსგავს რამეს.

- "შეაწერეთ" საჩუქარი, თუ რა მოხდა?

- მოკლედ, შეჯიბრებაზე ჩავედით კვირა დღეს, ჩავატარეთ ტურნირი და ორშაბათს თბილისისკენ წამოვედით. დილიჟანსა და იჯევანს შორის გზაზე  საპატრულო მანქანამ გაგვაჩერა. არ ვიცი, მაგათ "გაის" პოლიცია ჰქვია, მილიცია, თუ "ააი"... პოლიციის თანამშრომელმა, სახელად არაიკმა (გვარი არ მახსოვს), საბუთები მომთხოვა- სიჩქარეს გადააჭარბეო. რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგე, - მაგას მე არ ვიზამდი-მეთქი, თან მეღიმებოდა. მერე ვიდეო მანახა, სადაც დაშვებულზე მეტი სიჩქარით მოვდიოდი. სხვა რა გზა მქონდა, - ვაღიარე დანაშაული და გამომიწერა ჯარიმა. ამასობაში, არაიკს გამოველაპარაკე და ვკითხე, - სომხური კონიაკის ყიდვა სად შეიძლება-მეთქი. მიმასწავლა, სად უნდა შემეძინა  და რა ფასად. გავეხუმრე, - აი, ერთი ბოთლი კონიაკის ფასით უკვე დამაჯარიმე-მეთქი. მანქანის კაპოტზე ეწყო საჯარიმო საბუთები და აფორმებდა, ქვემოდან მშვიდად ამომხედა და მკითხა: - "ცავატანემ", აქ კიდევ როდის მოხვდები, ჩემი ნომერი ჩაიწერე და ერთი კაი კონიაკი ჩემზე იყოსო. ვიფიქრე, ალბათ "მიმინო" გაახსენდა და მიზანდარი-ხაჩიკიანის მეგობრობის ხათრით გული აუჩუყდა-მეთქი, ცალყბად ჩავილაპარაკე, რა ვიცი, აქ როდისღა მოვხვდები-მეთქი' და ასე დავშორდით ერთმანეთს...

საქართველოში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ სომეხმა პოლიციელმა ჯარიმა გადამახდევინა, ისეთი კეთილი განწყობა გამომყვა, თითქოს დავესაჩუქრებინე... ორი დღის შემდეგ, მეგობრის თხოვნით, ისევ მომიწია სომხეთში წასვლამ. გზაში მეგობარს ამ ამბავს ვუყვებოდი, რომ დაახლოებით იმავე ადგილზე საპატრულო მანქანა შევამჩნიეთ. მივუახლოვდით და ისევ ის ეკიპაჟი არ აღმოჩნდა?!..  არც ვაციე, არც ვაცხელე, ფანჯარაში თავი გავყავი და ნახევრად ხუმრობით მივაძახე, - ფრუნზიკ-ჯან,  სად არის კონიაკი-მეთქი...

კაცი გადმოვიდა მანქანიდან, მოგვესალმა, ჩაგვაწერინა ნომერი და ისევ გვკითხა, უკან როდის ბრუნდებით, დამირეკეთო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, საღამოს, შინ მომავალმა, დავურეკე ამ ჩემს არაიკს. დამხვდა ტრასაზე და 5-ვარსკვლავიანი სომხური კონიაკი "იჯევანიც" დიდი სიყვარულით ჩამახუტა. გული გამითბა, თითქოს ოქრო მოეცა...  გადავეხვიეთ ერთმანეთს, ფოტოც გადავიღეთ. ასე აღმოვაჩინე ჩემი ფრუნზიკა. ახლა მე და არაიკი მეგობრები ვართ და შემდეგ ჩასვლაზე, ჩემი ჯიგარი პოლიციელი როგორც მითხრა, ნამდვილ სომხურ ტოლმასაც გამასინჯებს...

- კონიაკი თუ დააჭაშნიკეთ?

- მაგარი კონიაკია. გაიხაროს არაიკმა. მეცინება, როცა მახსენდება, საბუთებს რომ ავსებდა, საეჭვოდ გამომხედა, - სომეხი ხარო? არა-მეთქი, თან სარკეში ჩემი სახე შევათვალიერე... ვახ, ალბათ, ცხვირმა დააეჭვა-მეთქი და გამეღიმა. ეტყობა, იფიქრა, გვარი კი ქართული აქვს, მაგრამ  ეს ცხვირი მაინც ყიდისო...

P.S. XXI  საუკუნის ვალიკოსა და ფრუნზიკას ამბავმა ისე ამაღელვა, რომ სომეხ კოლეგას ერევანში მივწერე, - ხედავ, თქვენს ავტომაგისტრალებზე მეგობრობის როგორი ცეცხლი გიზგიზებს-მეთქი და ფოტოც ვაჩვენე. იმის აღფრთოვანებაც უნდა გენახათ, ამ ამბავს სომხურ პრესაშიც დავწერ და დარწმუნებული ვარ, ის პოლიციელიც გამოგვეხმაურებაო.

მოკლედ, ერთმა ბოთლმა კონიაკმა მეგობრობის მაგარი ცეცხლი დაანთო, ისეთი, როგორიც ცნობილ ფილმ "მიმინოშია": "ესლი ტებე ბუდეტ პრიატნო, მნე ტოჟე ბუდეტ პრიატნო..."

გული მიგრძნობს, ამ ამბავს მხურვალე გაგრძელება ექნება...