საჯარიმო ქვითარი სომხური კომპენსაციით
08-07-2013
საჯარიმო ქვითარი სომხური კომპენსაციით
"ცავატანემ" - ანუ ამბავი ქართველი მძღოლისა და სომეხი პოლიციელისა

გაგიგონიათ, პოლიციელს მოძრაობის წესების დამრღვევი მძღოლი ერთდროულად დაეჯარიმებინოს და დაესაჩუქრებინოს კიდეც? თურმე ყველაფერი ხდება. მძღოლმა მტკიცებულება სოციალურ ქსელში ფოტოფაქტად გამოფინა - კადრზე აღბეჭდილი არიან ქართველი მძღოლი და სომეხი პოლიციელი. ეს ამბავი ერევნის ახლოს მოხდა...  


M-1 Georgia- ს და შიდოკანის (აღმოსავლური ორთაბრძოლები) ფედერაციის ხელმძღვანელმა იოსებ კობერიძემ "კვირის პალიტრას" სომხეთში გადახდენილი ამბავი მოუთხრო. ეს ის იოსებ კობერიძეა, სპორტის სამყაროში "ბრძოლა წესების გარეშედან"
რომ იცნობენ. იყო მსოფლიოს ჩემპიონი (მოყვარულთა შორის), მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი (პროფესიონალებში) და შავი ქამრის მე-5 დანის მფლობელი. ამასთან, ის არის 2004 წელს საქართველოში ჩატარებული ყველაზე ხმაურიანი და შთამბეჭდავი "ბრძოლა წესების გარეშეს"' ერთდროულად ორგანიზატორი, მონაწილე და კომენტატორი. მაშინ საქართველო
-რუსეთის მატჩი ქართველების გამარჯვებით დაგვირგვინდა. 

იოსებ კობერიძე: - სომხეთში ორთაბრძოლების საერთაშორისო შეჯიბრებაზე სამსაჯოდ მიმიწვიეს. ხშირად მიწევს ჩვენს მეზობლებთან სტუმრობა, დიდი ხანია მათთან მეგობრობა და სპორტი მაკავშირებს. ბოლოს ერევანში სამი წლის წინ ვიყავი, ამჯერად კი კვირაში ორჯერ ჩავდიოდი და მაგარი ამბავიც გადამხდა - პოლიციელმა დამაჯარიმა და თან დამასაჩუქრა. ჩემზე უფროსი თაობის ხალხიც კი ვერ იხსენებს პოლიციელ-მილიციელისგან მსგავს რამეს.

- "შეაწერეთ" საჩუქარი, თუ რა მოხდა?
- მოკლედ, შეჯიბრებაზე ჩავედით კვირა დღეს, ჩავატარეთ ტურნირი და ორშაბათს თბილისისკენ წამოვედით. დილიჟანსა და იჯევანს შორის გზაზე  საპატრულო მანქანამ გაგვაჩერა. არ ვიცი, მაგათ "გაის" პოლიცია ჰქვია, მილიცია, თუ "ააი"... პოლიციის თანამშრომელმა, სახელად არაიკმა (გვარი არ მახსოვს), საბუთები მომთხოვა- სიჩქარეს გადააჭარბეო. რა თქმა უნდა, შევეწინააღმდეგე, - მაგას მე არ ვიზამდი-მეთქი, თან მეღიმებოდა. მერე ვიდეო მანახა, სადაც დაშვებულზე მეტი სიჩქარით მოვდიოდი. სხვა რა გზა მქონდა, - ვაღიარე დანაშაული და გამომიწერა ჯარიმა. ამასობაში, არაიკს გამოველაპარაკე და ვკითხე, - სომხური კონიაკის ყიდვა სად შეიძლება-მეთქი. მიმასწავლა, სად უნდა შემეძინა  და რა ფასად. გავეხუმრე, - აი, ერთი ბოთლი კონიაკის ფასით უკვე დამაჯარიმე-მეთქი. მანქანის კაპოტზე ეწყო საჯარიმო საბუთები და აფორმებდა, ქვემოდან მშვიდად ამომხედა და მკითხა: - "ცავატანემ", აქ კიდევ როდის მოხვდები, ჩემი ნომერი ჩაიწერე და ერთი კაი კონიაკი ჩემზე იყოსო. ვიფიქრე, ალბათ "მიმინო" გაახსენდა და მიზანდარი-ხაჩიკიანის მეგობრობის ხათრით გული აუჩუყდა-მეთქი, ცალყბად ჩავილაპარაკე, რა ვიცი, აქ როდისღა მოვხვდები-მეთქი' და ასე დავშორდით ერთმანეთს...

საქართველოში დავბრუნდი. მიუხედავად იმისა, რომ სომეხმა პოლიციელმა ჯარიმა გადამახდევინა, ისეთი კეთილი განწყობა გამომყვა, თითქოს დავესაჩუქრებინე... ორი დღის შემდეგ, მეგობრის თხოვნით, ისევ მომიწია სომხეთში წასვლამ. გზაში მეგობარს ამ ამბავს ვუყვებოდი, რომ დაახლოებით იმავე ადგილზე საპატრულო მანქანა შევამჩნიეთ. მივუახლოვდით და ისევ ის ეკიპაჟი არ აღმოჩნდა?!..  არც ვაციე, არც ვაცხელე, ფანჯარაში თავი გავყავი და ნახევრად ხუმრობით მივაძახე, - ფრუნზიკ-ჯან,  სად არის კონიაკი-მეთქი...

კაცი გადმოვიდა მანქანიდან, მოგვესალმა, ჩაგვაწერინა ნომერი და ისევ გვკითხა, უკან როდის ბრუნდებით, დამირეკეთო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, საღამოს, შინ მომავალმა, დავურეკე ამ ჩემს არაიკს. დამხვდა ტრასაზე და 5-ვარსკვლავიანი სომხური კონიაკი "იჯევანიც" დიდი სიყვარულით ჩამახუტა. გული გამითბა, თითქოს ოქრო მოეცა...  გადავეხვიეთ ერთმანეთს, ფოტოც გადავიღეთ. ასე აღმოვაჩინე ჩემი ფრუნზიკა. ახლა მე და არაიკი მეგობრები ვართ და შემდეგ ჩასვლაზე, ჩემი ჯიგარი პოლიციელი როგორც მითხრა, ნამდვილ სომხურ ტოლმასაც გამასინჯებს... 

- კონიაკი თუ დააჭაშნიკეთ?
- მაგარი კონიაკია. გაიხაროს არაიკმა. მეცინება, როცა მახსენდება, საბუთებს რომ ავსებდა, საეჭვოდ გამომხედა, - სომეხი ხარო? არა-მეთქი, თან სარკეში ჩემი სახე შევათვალიერე... ვახ, ალბათ, ცხვირმა დააეჭვა-მეთქი და გამეღიმა. ეტყობა, იფიქრა, გვარი კი ქართული აქვს, მაგრამ  ეს ცხვირი მაინც ყიდისო...

P.S. XXI  საუკუნის ვალიკოსა და ფრუნზიკას ამბავმა ისე ამაღელვა, რომ სომეხ კოლეგას ერევანში მივწერე, - ხედავ, თქვენს ავტომაგისტრალებზე მეგობრობის როგორი ცეცხლი გიზგიზებს-მეთქი და ფოტოც ვაჩვენე. იმის აღფრთოვანებაც უნდა გენახათ, ამ ამბავს სომხურ პრესაშიც დავწერ და დარწმუნებული ვარ, ის პოლიციელიც გამოგვეხმაურებაო.

მოკლედ, ერთმა ბოთლმა კონიაკმა მეგობრობის მაგარი ცეცხლი დაანთო, ისეთი, როგორიც ცნობილ ფილმ "მიმინოშია": "ესლი ტებე ბუდეტ პრიატნო, მნე ტოჟე ბუდეტ პრიატნო..."
გული მიგრძნობს, ამ ამბავს მხურვალე გაგრძელება ექნება...
ამბოკარი
10 ივლისი 2016 21:16
ჩერნობილის ავარია რომ მოხდა, იმ დღეს ჩავედი ერევანში,სასტუმროს ძებნაში ვართ და უცებ ვიგრძენი უკნიდან ბიძგი, გავხედე სარკეში, თეთრი 011-ია. შევანელე სვლა, გააჩერებს მეთქი, იმან კი კაი ხოშიანად შეგვიკურთხა და გაზს მიაწვა. მე გაბრაზებულმა დავედევნე, რაღაც მომენტში მოვახერხე გასწრება და კუდი მივაქნევინე მანქანას, წინა მარცხენა ფრთაში დავარტყი, ბორდიურზე შევაგდე, მეც მოშნად შევუკურთხე მათივე ენაზე და არხეინად გავაგრძელე გზა კმაყოფილმა. საღამოს, სასტუმროს საუნაში, უკვე ტანთ ვიცვამდით,შემოგვივარდა ერევნის მილიცია, დაგვადეს ბრასლეტები და ისე ნახევრად ჩაცმულები წაგვიყვანეს ერევნის მილიციის სამმართველოში. სხვათა შორის, რომ გაიგეს ქართველები ვიყავით, ზედმეტი არაფერი უკადრებიათ ჩვენთვის. მოკლედ წარგვადგინეს სამმართველოს უფროსის კაბინეტში და ვხედავ ეს ჩვენი შავტუხა დაზარალებული არ ზის თამადის ადგილზე? ჩემმა ძმაკაცებმა ისეთი თვალებით გადმომხედეს, უკვე ტრუპად უნდა ჩამეთვალა თავი. ადგა ეს სერჟიკა, მოვიდა ჩვენთან, ასე 1,5 მ სიმაღლისაა, შეგვათვალიერა ქვემოდან სამივე, ბოლოს გაჩერდა ჩემს წინ და წავიდა მზერით ჭიდილი. არაფრით მოვარიდე თვალი, არც მზერა შევარბილე და დაახლოებით ერთი წუთის მერე,დამარტყა მხარზე ხელი და მეუბნება, რესტორანში რომ გავაგრძელით რას იტყვიო. რა უნდა მეთქვა? ასე შევიძინე კაი სომეხი მეგობარი და 2010 წლამდე საკმაოდ ხშირი კონტაქტები გვქონდა, აცხონოს ღმერთმა, მარტოხელა იყო, არავინ ჰყავდა ამქვეყნად, დედმამა ჯერ კიდევ პატარას დაეღუპა ავარიაში და ბავშვთა სახლში გაზრდილი იყო. შენი სახით ოჯახის წევრი შევიძინეო და ძმად აცნობდა ყველას ჩემს თავს, სომხურსაც მასწავლიდა და მთელი სომხეთიც მომატარა იმ წლებუს განმავლობაში, რაც ურთიერთობა გვქონდა. არასოდეს მისგან არ გამიგია ერთი სიტყვაც კი, რაღაც მითიურ არმენიაზე, ჩვეულებრივი საღად მოაზროვნე კაცი იყო, სტუმარ-მასპინძლობის ფასიც იცოდა მტერ-მოყვარისაც. ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არაფერი შეშლია, პირიქით, ძმური სიყვარულით ვიგონებ ყოველთვის და ჩემი სამეგობროც, ვისაც გავაცანი,ყველა თბილად იგონებს ხოლმე...
იოსებ კობერიძე
24 ივლისი 2013 14:14
გუშინ გამახარეს: 100 ლარიანი ჯარიმის ქვითარი მომივიდა, ეგეც სიჩქარის გადაჭარბებაზე. აბა, მშობლიურო პატრულო, კაი საჩუქარი შენზეა!)))
napoeloni
14 ივლისი 2013 02:26
EBRA ELI!
აუ საღოლ შენ რა მაგარი ხარ .

რედაქტორის რჩევით