"როგორც პროფესიონალი, ნუკა გვალიას პირველ ადგილზე დავაყენებდი" - კვირის პალიტრა

"როგორც პროფესიონალი, ნუკა გვალიას პირველ ადგილზე დავაყენებდი"

"ნუ აყვირებენ ამ ბავშვებს!"

გასულ ორშაბათს "რუსთავი 2"-ის მუსიკალური პროექტი "საქართველოს ვარსკვლავი" დასრულდა. ფინალში სამი კონკურსანტი მოხვდა: ნუკა გვალია, მარიკო ლეჟავა და ნინა სუბლატი, რომელთაგანაც გამარჯვება და "საქართველოს ვარსკვლავის" ტიტული ამ უკანასკნელს ერგო. გავრცელდა ხმა, რომ სუბლატის გამარჯვება ბერა ივანიშვილმა დააფინანსა, რადგან ნინა მის სტუდიაში დადიოდა, თუმცა გამარჯვებულმა ეს უარყო. ნინას ეკა კვალიაშვილმაც მიულოცა და "რუსთავი 2"-ის ვარსკვლავი" უწოდა. შემდეგ დასძინა, რომ ეს პროექტი "რუსთავი-2"-ისაა და ამაში გასაკვირი არაფერია. პროექტის შეფასება მუსიკოს რომა რცხილაძეს ვთხოვეთ:

- მუსიკალური პროექტები ქვეყნისთვის მისასალმებელია, მაგრამ ახალ თაობას ზრდიან არა სიმღერით, არამედ ყვირილით. რაც უფრო მეტს იყვირებ, მით კარგი ხარ. სანამ ამას ბოლო არ მოეღება, ეს ბავშვები ვერ ისწავლიან სიმღერის კულტურას და დიდ ბაზარზე არავინ იყიდის ამ პროდუქციას. საჭიროა, მცოდნე ხალხმა მისცეს ბავშვებს რჩევა და არა ისეთებმა, ვისთვისაც ეს უბრალოდ ჰობია. ნუ აყვირებენ ამ ბავშვებს! ასწავლონ სიმღერა გულიდან და სულიდან. ხანდახან პროფესიონალები თუ გავახსენდებით, არ იქნება ურიგო.

- რას იტყვით "საქართველოს ვარსკვლავის" გამარჯვებულზე?

- ჩემთვის სამივე გოგონა გამარჯვებულია. თუმცა გული მწყდება ნუკა გვალიაზე. ეს ბავშვი კონკურსგარეშე უნდა ყოფილიყო. ის მეტის ღირსია. არა იმიტომ, რომ არაჩვეულებრივ მუსიკალურ ოჯახში აღიზარდა, მას უბრალოდ ღვთისგან აქვს ნიჭი მომადლებული. სადაც ეს-ემ-ესებით და სატელეფონო ზარებით წყდება ყველაფერი, მხოლოდ ცუდ შედეგებს ვიღებთ. ეს არასწორი და არაჯანსაღია... გულწრფელად ვულოცავ ნინას, თუმცა როგორც პროფესიონალი, მაინც გვალიას დავაყენებდი პირველ ადგილზე.

არ უნდა იყოს აქცენტი გადატანილი ფულზე. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ვერ გავიდა, მაგალითად, მასპინძელაშვილი. ამ პროექტის არასწორმა ფორმატმა, რომ ყველაფერი ზარებზეა დამოკიდებული, ასეთი ცუდი შედეგი მოგვიტანა. იგივე შემიძლია ვთქვა "ახალ ხმაზეც".

ქეთი საგინაშვილი