"არ მეკადრება ჩიორასთან კამათი, მაგრამ მიჭირს თავხედობის პატიება."
08-07-2013
"არ მეკადრება ჩიორასთან კამათი, მაგრამ მიჭირს თავხედობის პატიება."
"არ ვიცი, ვანო ხერხემალია თუ ანტრეკოტი, მაგრამ ვანო ციხეშია"

"რანაირად უნდა ვიყო კმაყოფილი, როდესაც მეტი სასიკეთო შედეგი მინდა გამოჩნდეს. რაღაცები სწრაფად არის გასაკეთებელი, მაგრამ ხელის შემშლელი ობიექტური მიზეზების გამო ვერ კეთდება",” - მეუბნება მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი.


- რომანტიკული ბუნების კაცი ვარ, მაგრამ ახლა პრაგმატულ რამეებზე მიწევს ფიქრი. აღმოვაჩინე, რომ ზოგიერთ ადამიანზე იმაზე კარგს ვფიქრობდი, ვიდრე იმსახურებდა. არჩევნები ადამიანებს კი არა, ვითარებას ცვლის, მაგრამ ქვეყანაში უკეთესობისკენ რომ შეიცვალოს
რამე, ადამიანები უკეთესები უნდა გახდნენ.

ამდენ მოწამლულ ადამიანს, ამდენ მოწამლულ ტვინს და გონებას ერთბაშად რა შეცვლის. ზოგმა ნირი იცვალა, ზოგმა დაინახა, საითაც დაუბერა ნიავმა და ლურჯ მელიასავით გადაიღება, ზოგმა მაისური გამოიცვალა.

ის ადამიანები კი, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში ბოროტებას ებრძოდა, უარყოფილები და მიტოვებულები არიან. ამის
ყურებაE გულს მწყვეტს. რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ჭრიჭინობელასავით გვიცხოვრია, არაფრის ფასი არ გვცოდნია, არც სახელმწიფოს ინტერესი გაგვისიგრძეგანებია და ახლა ჩვენი უდარდელობა დაგვაწვა ტვირთად. ერთი ხსნაა - კანონიერად უნდა ვიცხოვროთ. ხშირად გვესმის "ბანბანერკა" ქართველების გამრუდებული მსჯელობები, რომლებიც არ არიან საქართველოს სიყვარულის ნექტრით ნაკბენები. როდესაც სამშობლოზე ვლაპარაკობთ, მათ მაინცდამაინც ჩოხა და ჩიხტიკოპი წარმოუდგენიათ, ან კიდევ ქალი სამზარეულოში. დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას თავისი ნება, კოდი და დანიშნულება აქვს. არ ვამბობთ, რომ ვინმეზე უკეთესი ვართ, მაგრამ რითაც სხვებისგან განვსხვავდებით, რა პეწი და მარილიც არის ჩემს ჯიშში, იმის გაფრთხილება და გადარჩენა მინდა. ასეთი "ბანბანერკა" ქართველებისთვის კი პატრიოტიზმი დასაცინი აღმოჩნდა.

- ასეთი ადამიანების რა ქმედებამ გაგაღიზიანათ?
- გამუდმებით აკრიტიკებენ საზოგადოებას 17 მაისის გამო. ისეთები ლაპარაკობენ ამ თემაზე, რომელთა გულწრფელობაში ძალიან მეპარება ეჭვი. ამ თემით სპეკულირებენ და სულაც არ აღელვებთ არც სექსუალური უმცირესობები და არც სხვა რელიგიური კონფესიების ადამიანები სად ილოცებენ. უკანონობას რომ ვებრძოდით, მაშინ სად იყო ეს ხალხი? სანამ ციხის კადრები არ ნახეს, მანამ არ დაჭკნა ვიღაცებისთვის ვარდები. რატომ არ ღელავდით მაშინ, როდესაც ეს კაცი, რომელსაც პრეზიდენტს ეძახით, ყოველ ნაბიჯზე ჩაგრავდა ადამიანებს, კონსტიტუციას ავერანებდა და ქვეყნის ფულს ფლანგავდა. ეს არ იწვევდა თქვენში საპროტესტო განცდას? მხოლოდ 17-მა მაისმა აღგაშფოთათ? როდესაც იცის, ჩვენს საზოგადოებაში ასეთი აქცია რას გამოიწვევს, ხომ არის ამ აქციის ორგანიზატორი მოძალადე? ეს ხომ შეგნებული პროვოკაციაა იმის სათქმელად, ვითომ ქვეყანას არაპროგრესული ხალხი მართავს. მათი ჭკუით ამით "დაგვასტოპეს". ვერ აკრძალავ ვერც ჰომოსექსუალიზმს, ვერც მრუშობას და ვერც კაცის კვლას, ეს კაცობრიობის თანამდევი მანკიერებებია, მაგრამ კანონი იმისთვის არსებობს, რომ რისკი შემცირდეს და დანაშაულმა იკლოს.

სახლში რაც გინდა, ის გააკეთე, მაგრამ თავს რომ აძლევ უფლებას, ქაშუეთის წინ გაიარო და შენი ხუშტური, ახირება თუ ავადმყოფობა ნორმად აქციო, ეს არ მომწონს.

როდესაც ამის გამო წინააღმდეგობას აწყდები, მერე ამბობ, რომ დევნილი ხარ. თუ ბრძოლას გვიცხადებენ, ჩვენც მოგვცენ უფლება ბრძოლის ველზე გამოვიდეთ და ვნახოთ, ვინც გაიმარჯვებს. ჩემი პროგრესულობის ხარისხი რატომ მოწმდება მაინცდამაინც იმ პუნქტით, რამდენად ტოლერანტული ვარ სექსუალური უმცირესობებისადმი?

ჩემი პროგრესულობა რატომ არ მოწმდება იმით, რომ ჩემს პატარა ქვეყანაში ამდენი ეროვნების ადამიანი ჰარმონიულად ცხოვრობს? რატომ არ მოწმდება ჩემი კულტურულობა ჩემი ხუროთმოძღვრებით, დამწერლობითა და ისტორიით? მაინც იძახით, 17 მაისიო?! მაშინ მე გეტყვით: 7 ნოემბერი, 26 მაისი, 2008 წლის გაყალბებული არჩევნები, გირგვლიანი, რობაქიძე, 6 მაისი, როდესაც გია გაჩეჩილაძე გავეშებული პოლიციელების ხროვაში გადახტა, რომ ბიჭები გაუპატიურებისაგან ეხსნა... კიდევ ჩამოვთვალო?
რატომ ვერ დავინახე მაშინ ამ "ბანბანერკა" ქართველების პროტესტი?

- სამალავებში აღმოჩენილმა ფირებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა სისასტიკის პირობებში გვიწევდა ცხოვრება...

- არ ვნახე ფირები, ვიცი, მერე გონებიდან ვერ ამოვიშლი, სანამ ცოცხალი ვარ. ზოგადად ასეთი ავადმყოფები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ჩვენ ის უბედურება დაგვემართა, რომ ასეთები ხელისუფლებაში მოვიდნენ. კაცთა მოდგმას რაც ბოროტება გააჩნდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩაინთხა. ესენი თანამედროვე ვამპირები არიან.

- დღევანდელი ხელისუფლება საყვედურებს იღებს ევროპისგან ვანო მერაბიშვილის, ე.წ. ხერხემლის ციხეში გამოკეტვის გამო.
- არ ვიცი, ვანო ხერხემალია თუ ანტრეკოტი, მაგრამ ცხოვრებას აქვს კანონზომიერება და ვანო ციხეშია, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს - სამართალმა პური ჭამა.

ჩემზე ამბობენ, რადიკალური და ემოციურიაო. არ ვიცი, რას გულისხმობენ. ემოციურობა ხომ მაინცდამაინც რაღაცის მტვრევა არ არის. სილამაზის აღქმაც ემოციას არ ბადებს ადამიანში? რადიკალურობაა, რომ ვამბობ, ადამიანს უსამართლოდ არ მოექცეთ, უდანაშაულო არ დასაჯოთ, ღირსება არ შეულახოთ, მაგრამ როდესაც 9 წელი ასე ბობოქრობდი თანამდებობაზე და დანაშაული ჩაიდინე, უნდა დაგკითხონ-მეთქი? რომ ყელყელაობდი, ქვეყანას ვაშენებთო, რატომ დამხვდა დაქცეული ქვეყანა? სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა გაკეთდეს, ვინ მართავდა ქვეყანას 9 წელი.

- ჩიორა თაქთაქიშვილთან თქვენი შეკამათება გამახსენდა...
- არ მეკადრება მასთან კამათი, მაგრამ მიჭირს თავხედობის პატიება. ისინი პოლიტიკოსები არ არიან. მხოლოდ ჰაერს აბინძურებენ, პროცესს შლიან. დრო იკარგება და რაღაცები ჭიანურდება ამის გამო.

- გიგი უგულავა მთაწმინდელია და არ მიხედა მთაწმინდას?
- თბილისი პარალიზებულია. მერია საბოტაჟს ეწევა.
მერია თუ არ გათავისუფლდა "ნაციონალებისაგან", თბილისს ვერაფერს ვუშველით. როგორ უნდა იყო თბილისის მერი, როდესაც ხალხი კვერცხებს გესვრის და გაგინებს? 50 მილიონის მიმთვისებელი ადამიანი როგორ ამბობს, რომ ქალაქზე ზრუნავდა?

პრინციპულად უნდა დაისვას "ნაციონალური მოძრაობის"  დროს აღზევებული კადრების თანამდებობებიდან დათხოვნის საკითხი.

რატომღაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რას იტყვის ევროპა, მაშინ როდესაც უპირველესად უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთთთან, ჩვენს თავსა და ჩვენს ხალხთან ვიყოთ მართლები. ქვეყანას თუ სიკეთით, ვაჟკაცობითა და პატიოსნად ავაშენებთ, მტერიც დაგვაფასებს. თუ დაინახეს, რომ ჩვენსავე ქვეყანას ვყიდით, არავინ დაგვინდობს.
qartveli
27 ივლისი 2013 11:05
აბა გამოუშვით მეტი და მეტი კომენტარები ნაც-ნახირო!
aleko
22 ივლისი 2013 15:04
და ვინ ხართ ბატონო ზაზა თქვენ?ხომ არ მეტყვით რა როლებით გააოცეთ ბრბო? ან რა ინტელექტის ბრძანდებით?-ესეც ვიხილეთ ერთ-ერთ გადაცემაში.
მღეროდი მგონი თქვენც ,,ბელა ჩაოს,, და არავინ გაქცევდა ყურადღებას.
თავი ვინ გგონია?-წაებით ბიძინას ვაგონებივით და შეგორდით პარლამენში. აკეთებ რაიმეს?
კუნთებზე და ბრბოს ემოციაზე კი ნუ თამაშობ-გონებას უხმე!
გიორგი
19 ივლისი 2013 08:12
ტუტუცი !

რედაქტორის რჩევით