"ლოტოთი ლოთობა ქუთაისში"
08-07-2013
"ლოტოთი ლოთობა ქუთაისში"
"ბიოგრაფიული რომანი ნოველებად" - ასე უწოდებს როსტომ ჩხეიძე ელგუჯა თავბერიძის წიგნს - "აკაკის ლანდი", რომელშიც შთამბეჭდავად არის გამოძერწილი აკაკი წერეთლის ფსიქოლოგიური პორტრეტი.

ძველ პერიოდიკასა და საარქივო მასალაზე დაყრდნობით, ავტორი მკითხველის თვალწინ აცოცხლებს იმდროინდელი ქუთაისის კულუარულ ამბებსაც და ერთი შეხედვით "წვრილმანებზე" აგებული თხრობით ძალუმად გვაგრძნობინებს ეპოქის სუნთქვას.
გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი ნოველიდან:


ლოტოს თამაში იმერეთში ჩყნგ წლიდან გახშირდა - წერს აკაკი. ჩყნგ 1853 წელია, როცა დაიწყო რუს-თათართა მორიგი შერკინება. მამაკაცები ომში წავიდნენ.
შინ დარჩენილი ქალები ლოტოს თამაშით იქცევდნენ თავს. ექიშპებოდნენ, ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ზოგს ფეხს უქებდნენ, ზოგს წყევლიდნენ, თვალებს უბრმავებდნენ, სულ იმათი ნავსი მზერა-შემოხედვის ბრალი ეგონათ წაგება.
თამაშით დაიღლებოდნენ, დაიქანცებოდნენ, გასავათდებოდნენ, დაათენდებოდათ თავზე და ერთი იტყოდა:

- არ ავდგეთ?
- რაღა დროს ადგომაა, შე ქალო, ცისკარზე წავიდეთ, დეკანოზ
გიორგაძეს ლოცვის გულმოდგინება ვაჩვენოთ.
მიდიოდნენ, მაგრამ იქაც ლოტო ელანდებოდათო, - ამბობს აკაკი:
ეკლესიაში რომ შევიდოდნენ და გაიგონებდნენ - კირილეისონ... წარმოიდგენდნენ, ვითომ ლოტოს ციფრებს ამბობენო, ესიამოვნებოდათ და შეელაპარაკებოდნენ ერთიმეორეს: "ქა, ბევრი წავაგე! ბევრი წავაგე! ღმერთო, შენზეა ჩვენი იმედი".

ქვეყანა იქცეოდა, ხალხი ქალაქიდან გარბოდა. ქალები ღმერთს ლოტოში გამარჯვებას შესთხოვდნენ. რუსთაგან სევასტოპოლის დათმობამაც ვერ მოაშლევინათ ლოტოს თამაში - გვეუბნება აკაკი. თამაშის დროს ვიღაც მოხუცი შესულა, ეს რა მომხდარა, ღმერთო დაგვიფარე, ეს რა მომხდარა, ღმერთო გვიშველე, თათრებს სევასტოპოლი აუღიათო. ქალებს ერთი ალმაცერად გაუხედავთ და, ვითომ არაფერიც არ მომხდარიყოს, გაუგრძელებიათ თამაში.

ქუთაისში ჩამოიტანეს წაკვეთილი თავი ხასან-ბეგ თავდგირიძისა, დაჰქონდათ ქუჩა-ქუჩა და ყველას აჩვენებდნენ. ქალები ლოტოს თამაშს თავს არ ანებებდნენ, გარეთ არ გადიოდნენ, მზერასაც არ აპარებდნენ ქუჩისკენ, ისე ჩაგულისურებოდნენ ლოტოს, სულაც არ აინტერესებდათ მოჭრილი თავი თავდგირიძისა.

მამაკაცები გაფითრებულ თავს იმოდენა მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ თბილსიში წაიღეს, იქაურთათვისაც რომ ენახებინათ.
არც ქუთაისში, არც თბილისში მიუტანიათ ქალებს გულთან ეს ამბავი. მათთვის სადარდო და სავალალო ლოტო იყო. ლოტოში მოგება ერჩივნათ ომში გამარჯვებას - იმასთან რა ხელი გვაქვს, ესაა ჩვენი საქმე და, ღმერთო, ამაში გაგვამარჯვებინეო.
თითქოს სხვა ყოველივე მოგვარებულიყო. პიროვნულ-საქვეყნო წუხილი წყალს წაეღო, ლოტო დარჩენილიყო, ლოტო, ლოტო და ლოტო. ოთხმოცდაათი თუ ვინმეს ამოუვიდოდა, ატყდებოდა ქალებში ჯერ კისკისი, მერე პუტუნ-პუტუნი.

აკაკი: "რადგან ლოტოში 90 უკანასკნელი ციფრია, სათვალავითაც უმეტესი და ჩვენს ქუთაისში ყველა კეთილშობილზე სტეფანე ქორქაშვილი არის ხნიერი, ამისათვის მას უწოდეს ეს სახელი, რომლის ყმაწვილი მეუღლე ამ თამაშობაში ესწრება და მის გასაჯავრებლად მოიგონეს".
ამოუვიდოდა ვინმეს 90 და ოთხმოცდაათს კი არ იტყოდა, სტეფანეო, თვალდახუჭული ჩაილაპარაკებდა, სტეფანეს ყმაწვილი ცოლი ანა თავიდან არ იმჩნევდა, ვითომ სულაც ვერ გაეგო, სად სტეფანე და სად ოთხმოცდაათიო, ერთი იტყოდა, მეორე, მესამე და ანაც აფეთქდებოდა, მიაყრიდა ლოტოს რიცხვებს და გაიქცეოდა. მერე "სტეფანეს" თქმაზე გულიანად ხარხარებდნენ, თან აქეთ-იქით იხედებოდნენ, ანა ხომ არ მობრუნებულაო. ვინ იყო და მაინც რამდენი წლისა უნდა ყოფილიყო ეს სტეფანე ქორქაშვილი?
1847 წელს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატთა კომისიამ სტეფანე ქორქაშვილი და მისი ოჯახი თავადაზნაურებში ჩარიცხა. როგორც ჩანს, გვარიანი სამხედრო დამსახურება ჰქონდა, ალბათ, რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ომებშიც მონაწილეობდა. სხვანაირად, ამოდენა ჩინს ვერ გააჩალიჩებდა. ამ ომების მონაწილე კაცი ასაკითაც კაი ხნის უნდა ყოფილიყო.

ადრე ქორქაშვილები წყალტუბოში სახლობდნენ. 80-იან წლებში ქუთაისშიც ბლომად ჩანან. იმ დროს, უფრო სწორად, 1861 წელს, როცა აკაკიმ თავად იმერელის ფსევდონიმით "ლოტოთი ლოთობა ქუთაისში" "ცისკარში" გამოაქვეყნა, ეს ერთი, ანუ სტეფანესა და ანას ოჯახი უნდა ყოფილიყო ქუთაისში დაფუძნებული.

ქუთაისში ცხოვრობდნენ, ანა ლოტოს მოაშიკეთა მარაქაში გარეულიყო, ოთხმოცდაათი წლის ან ამ ასაკს მიტანებული, ან სულაც გადაცილებული სტეფანე რას აკეთებდა, არ ვიცით.
აზნაურ სტეფანე ქორქაშვილის მეუღლე, ლოტოს მოყვარული ანა, რა გვარის ქალი ბრძანდებოდა, უცნობია. სამაგიეროდ, აკაკისაგან ვიცით, რომ იმ მანდილოსანთა შორის, რომელნიც ღმერთზე არანაკლებ ლოტოს ეთაყვანებოდნენ, ანაც ერია.

მეც დავესწარი ლოტოს თამაშსო, - გვეუბნება. დასწრებით ხშირად უნდა დასწრებოდა, სხვანაირად ქუთაისელი ქალების ლოტოთი გატაცებას ასე დეტალურად ვერ აღწერდა.
იმ ლოტოობისას ქარიან-წვიმიანი დღე ყოფილა. ზეციდან კოკისპირულად წამოსულ ნიაღვარს მდინარესავით აშხეფებდა თურმე, მაგრამ ქალები არ შემკრთალან, ცუდი ტაროსი აინუნშიაც არ ჩაუგდიათ, დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას  შეკრებილან, დაუწყიათ თამაში და ერთ ნომერზე ოთხს მოუგია. ამტყდარა ცილობა და ჩხუბი.

მე მოვიგეო, - უთქვამს პირველს, შენ კი არა, მეო, - დაუჟინია მეორეს. მესამეს პირველ-ორი იქით მიუჩოჩებია და სათავისოდ მიუჩნევია მოგებული. მეოთხე აყაყანებულა: "არა, გრცხვენიათ, ჩემს მოგებულზე რომ ჩხუბობთო. პირველ ვიღაცას უთქვამს: პურკა ვუყოთო, მეორე ვიღაცას უკითხავს - პოვერკა რა არისო. ხელდახელ გაუწევიათ, თმით დაუთრევიათ ერთმანეთი. აკაკის შეშინებია, ამათი ჩხუბისა და აყალმაყალის მოწმედ არავინ დამასახელოსო, და სასწრაფოდ დაუტოვებია იქაურობა. გზაში სამმანეთიანი დაუკარგავს. ან დაუკარგავს, ან - არა. იქნებ ამით ამბავის გამძაფრება სურდა; ისე გაოცებული და შეშინებული წამოვედი, ფულიც დავკარგეო, თუმც ის რატომ არ უნდა ვირწმუნოთ, რომ დაკარგა.

ადრე დღესა და ადგილს დათქვამდნენ, მელოტოეებს მიიპატიჟებდნენ, მერე ყოველღამე ლოთობდნენ ლოტოთი. არც დღის, არც ადგილის არჩევა სჭირდებოდათ, მიპატიჟებაზეც აღარც წუხდნენ, შებინდდებოდა, იწყებდნენ, ირიჟრაჟებდა, იშლებოდნენ.
ერთი მელოტოეთაგანი თავის რიცხვებსაც ხედავდა, სხვისასაც. მანდ გყავს ქა, დაგიდგეს თვალი, - ეუბნებოდა დაბნეულს. ის კიდევ: თვალიც დაგიდგეს და ყურიცაო, - პასუხობდა.
მეორე ქუთაისელ მელოტოეს, თამაში ისე არ გასრულდებოდა, ქაღალდი რომ არ გამოეცვალა.
მესამე, ვიღაც ს., ლოტოს უსტაბაში იყო.

მეოთხე, მეხუთე - ხაზინადარნი.
ვიღაც ორსახელიანი ქალბატონი, ნათლობისა ვ. რომ ერქვა, ლოტოს წინამძღოლი ყოფილა.
კიდევ ვიღაც ორნი ნაკლებად ეტანებოდნენ ლოტოს, ერთმა ორი წლის წინათ, წყლის სახელი არ იცოდა რუსულად, ახლა ლერმონტოვის თხზულებებს რუსულად გიამბობთო, გვეუბნება აკაკი.
ახალგაზრდა ყმაწვილს გააბრიყვებდნენ. თამაშში ჩაითრევდნენ. ამ ბიჭს რა ხელები ჰქონია, მისი ყურება სჯობს ლოტოს თამაშსო, - იტყოდა ერთი. ყმაწვილი გახალისდებოდა, ხელებს თავზე შემოიდებდა, მელოტოენი რიცხვებს უყურებდნენ.

ყმაწვილი აგებდა, ისინი იგებდნენ, ლაღობდნენ, ახალგაზრდა ვერაფერს ხვდებოდა.
რამდენიმე გაუთხოვარი ქალი, ორ აბაზს რომ მოიგებდნენ,M ამით რაღაცას ვიყიდითო, გაიფიქრებდნენ, მაგრამ მერე ისევ ის აზრი გაუჯდებოდათ გონებაში, რომ მეორე დღესაც ეთამაშათ ლოტო, მოგებულისთვის მოგებული დაემატებინათ - წააგებდნენ, დანაღვლიანდებოდნენ.
აკაკის ამ წერილის იმდროინდელ მკითხველთათვის ლოტოს მოაშიკე ქალბატონები, წინამძღომელი თუ უსტაბაში, ხაზინადარნი თუ გაუთხოვარნი, ვ. თუ ს. ცნობილი იქნებოდა, ზოგი თავის თავს ამოიცნობდა, ზოგი თანამელოტოეს, ზოგი ვის და ზოგიც ვის.

ლოტოში მოგებული ლაღობდა, წაგებული ისეთი სახით ბრუნდებოდა შინ, იფიქრებდი: "უსათუოდ ამ ქალს შვილი უნდა მოკვდომოდესო". ლოტოს თამაშიდან მომავალი ქალები აღდგომის ცისკრიდან დაბრუნებულებს ჰგავდნენ. ხელში ფარნები ეჭირათ და მათი სინათლე "გაზოვოე ასვეშენიეს" მოგაგონებდათ. თითო ლოტოს მოყვარულ ქალს ზამთარში ოთხი-ხუთი ფარანი და ამდენივე პოლსაპოშკი არ ჰყოფნიდათ: "ღმერთმა აცოცხლოს ჩვენი გუბურნატორი ივანოვი, - წერს აკაკი, - ისეთნაირად დააგებინა ქვები, რომ პოლსაპოშკებზე კალოშები თითქმის აღარ არის საჭირო. წარსულ წელიწადებში ისეთი ქუჩები იყო, ბევრჯერ პოლსაპოშკები ლაფში რჩებოდათ".

დიდი მარხვის პირველი კვირიაკე ჭირივით ეზარებოდათ, ერთი სული ჰქონდათ, როდის ჩამოდგებოდა თეოდორას შაბათი, ძველებური ჟინითა და თავდავიწყებით რომ ელოტოვათ.
არც ღამის დამოკლება ეხატებოდათ გულზე: ღამე დაგვშორდა, დღე შემოგვეახლაო, - ამბობდნენ, გრძელ ღამეში უფრო გრძელი იყო თამაში, მოკლეში - მოკლე, განთიადს ეკრძალებოდნენ, მთელი ღამის ლოტოთი ნალოთებნი, მოგებულნი ხმაურით, წაგებულები ფეხმორიდებით ბრუნდებოდნენ სახლებში.
დაბოლოს, აკაკი ქართველი ქალის ნიჭიერებაზეც ამახვილებდა ყურადღებას, მათ მონდომებასა და გულისხმიერებასაც არ ივიწყებდა, მაგრამ ლოტოს თამაშს ეშმაკის ჩაგონებით ჩაუბუდებია მათ გულებშიო, რის გამოც აკლდებიან ისინი წირვასა და ლოცვას, შვილებს ვეღარ ზრდიან, წიგნებს აღარ კითხულობენ, უფრო მეტიც, "ცისკარსაც" იმიტომ არ იწერენ, ლოტოთი ერთობიანო.

მოამზადა
მანანა ჯანელიძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით