ყველაზე მოდური პრიალა ჟურნალი დახვეწილი მკითხველისთვის! - კვირის პალიტრა

ყველაზე მოდური პრიალა ჟურნალი დახვეწილი მკითხველისთვის!

"ბომონდი" ყველაზე პრეტენზიული მკითხველის გემოვნებასაც აკმაყოფილებს

უკვე 17 წელია, ის ამკვიდრებს გემოვნებასა და სტილს, აცნობს მომხმარებელს მოდის უახლეს ტენდენციებს. "ბომონდი" - პრიალა ჟურნალი მაღალი პოლიგრაფიული ხარისხითა და მრავალფეროვანი რუბრიკებით, გამორჩეული დიზაინით, ორიგინალური ლიტერატურული სტილით და განსაკუთრებული საავტორო ფოტოსესიებით. ეს ჟურნალი ყველაზე პრეტენზიული მკითხველის გემოვნებასაც კი აკმაყოფილებს.

"ბომონდის" ყოველი ახალი ნომერი, თვეში ერთხელ, თვის დასაწყისში გამოდის და სიახლით ერთი ნაბიჯით უსწრებს დროს. მოდა, პერსონა, კულტურა და ყველაზე ბომონდური ისტორიები - ეს ყველაფერი ერთ ჟურნალშია!

17-წლიანი ისტორიის ჟურნალმა 7 წლის წინ რებრენდინგი განიცადა (გაიზარდა გვერდების რაოდენობა, ხარისხი, რუბრიკები), მაგრამ სარედაქციო კოლეგია მიღწეულით არ კმაყოფილდება - "ბომონდის" ყოველი ახალი ნომერი სიახლესა და სიურპრიზებს სთავაზობს მკითხველს!

თეა აგლაძე, ჟურნალ "ბომონდის" მთავარი რედაქტორი: 17 წლის განმავლობაში ჟურნალი მუდმივად იხვეწებოდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში მოდის განვითარებაში "ბომონდი" ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თითქმის ყველა დიზაინერსა თუ მოდელს (წარმატებულია ის თუ დამწყები) ჟურნალის ფურცლებზე მოხვედრის შანს ვაძლევთ...

"ბომონდი" წერს მოდაზე, კულტურაზე, კინოზე, თეატრზე, გამოჩენილ პერსონებზე - ყველაფერზე, რაც ბომონდურია. ყოველ ახალ ნომერში მკითხველს ვთავაზობთ კონცეპტუალურ ფოტოსესიას. ეს ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია: სარედაქციო ჯგუფი საგანგებოდ ვარჩევთ დიზაინერს, მოდელს, სამოსს, ინტერიერს... ცხადია, ფოტოსესიასა და სამოსს სეზონს ვუხამებთ. შედეგად, "ბომონდის" მკითხველი საინტერესო სანახაობის - ცნობილი ადამიანების გარდასახვისა და მოდური ტენდენციების გამზიარებელი ხდება.

რთულია ყდაზე მუშაობის პროცესიც: თავიდან მხოლოდ მოდელებს ვიღებდით, შემდეგ - წარმატებულ და საინტერესო გარეგნობის ქალებს. ყოველი ნომრის ყდას თავისი კონცეფცია აქვს და ჩვენც ამის მიხედვით ვთავაზობთ ქალბატონებს გადაღებას. ყოფილა შემთხვევა, ორჯერ ან მეტჯერაც მოხვედრილან ბომონდის ყდაზე. აქ მთავარი გარდასახვის უნარია. მაგალითად, ივნისის ნომრის ყდაზე გვყავდა მოდელი სანდრა პაიჭაძე, რომელმაც 1 წლის წინ, 2012 წლის საზაფხულო ნომრისთვის აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი შექმნა.

ბევრისთვის "ბომონდი" ტრამპლინია წარმატებისკენ, რაც ძალიან მახარებს. ცოტა ხნის წინ მივიღე შეტყობინება უცხოეთში მცხოვრები დამწყები ქართველი ფოტოგრაფისგან, რომლის ფოტოსესიაც "ბომონდში" დაიბეჭდა. მივეცით შანსი, თავისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო და ჩვენი დახმარებით უცხოეთში სამსახურიც იშოვა. როცა "ბომონდში" იბეჭდები, ეს ძალიან პრესტიჟულია. ჩვენი ერთ-ერთი დანიშნულებაც ხომ ეს არის - აღმოვაჩინოთ ნიჭი და განვითარების საშუალება მივცეთ!

"ბომონდს" მკითხველთა მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს. მრავალფეროვანი რუბრიკები ყველას საშუალებას აძლევს ჟურნალში მისთვის საინტერესო თემა აღმოაჩინოს. განსაკუთრებით მახარებს ის, რომ ყოველი ახალი ნომრის გამოცემამდე რედაქციაში უამრავი სატელეფონო ზარი შემოდის - აინტერესებთ, როდის გამოვა ახალი ნომერი, ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველი გველოდება.

ყოველი სექტემბრის ნომერი ჩემთვის განვლილი წლის შეფასების ეტაპია. ყოველი შეფასებისას ვხვდები, რომ წინსვლა გვაქვს, რაც ძალიან მახარებს".

წელიწადში ერთხელ ღონისძიებას ვაწყობთ, სადაც ჩვენს რესპონდენტებს, მკითხველებს და რეკლამის დამკვეთებს ვხვდებით. წელს დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა "ბომონდის" ყდებისგან კაბა შექმნა. თავის დროზე ასეთი კაბა ყველა საერთაშორისო მოდის ჟურნალმა შექმნა და მიხარია, რომ ჩვენს რედაქციაშიც ანალოგი არსებობს.

ქეთი ფოფხაძე, პროექტის მენეჯერი: "არსებობს სტერეოტიპი, რომ პროდუქტი აუცილებლად უნდა მოარგო მომხმარებლის მოთხოვნებსა და გემოვნებას. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, რადგან მიგვაჩნია, რომ თავად უნდა გაზარდო შენი მკითხველი და იზრუნო მისი გემოვნების ჩამოყალიბებასა და დახვეწაზე.

საქართველოში ძალიან ძნელია, გამოსცე პრიალა ჟურნალი, რადგან ბაზარზე ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო პრესაც არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მკითხველიც მომთხოვნი და კრიტიკულია. ამიტომ მოდისა და ხელოვნების სფეროში უცხოურ სიახლეებსაც გთავაზობთ - გვაქვს აქტიური კომუნიკაცია რამდენიმე ძალიან ცნობილ უცხოურ საიტთან, რომლებიც ექსკლუზიურად გვაწვდიან მსოფლიო მოდის ტენდენციებს, გამორჩეულ ინფორმაციას, რომელსაც სხვაგან ვერსად წაიკითხავთ. მერწმუნეთ, არ არის მარტივი, დაარწმუნო უცხოური საიტი, ითანამშრომლოს შენთან, მით უფრო, როცა ასეთ მცირე ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. ხშირად, ჩვენთან ურთიერთობის განმსაზღვრელი გამოცდილება და ავტორიტეტია, რომელიც "ბომონდმა" 17 წლის განმავლობაში მოიპოვა.

ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვცდილობთ, რაიმე ახალი შევთავაზოთ მკითხველს. ბოლო ორი ნომერია, დავამატეთ რუბრიკა ინტერიერის დიზაინის შესახებ. ვფიქრობთ, გემოვნებიანი ადამიანისთვის საცხოვრებელი სივრცის დიზაინი ისევე საინტერესოა, როგორც ჩაცმულობა.