კოტე თოლორდავა ილია ჭავჭავაძეს განასახიერებს - კვირის პალიტრა

კოტე თოლორდავა ილია ჭავჭავაძეს განასახიერებს

სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ცნობილი გმირი, დიტო, იგივე კოტე თოლორდავა ილია ჭავჭავაძეს განასახიერებს. როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე ფილმის გადაღებები მალე დაიწყება, სადაც ილიას როლს კოტე თოლორდავა შეასრულებს. ვინ არის ფილმის რეჟისორი და როდის დაიწყება გადაღებები, ეს დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ფილმის გადაღებას  შს სამინისტრო კურირებს.

კოტე თოლორდავა: "ერთ მშვენიერ დღეს მოულოდნელად დამირეკეს და ფანტასტიკური ამბავი მითხრეს - მალე, არქივის მასალებზე დაყრდნობით, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე ფილმს გადაიღებენ, სადაც ილიას როლი მე უნდა შევასრულო. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება გადაღებები".

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერბიჭაშვილის როლს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი შეასრულებს, მეურმის როლს კი გივი ბერიკაშვილი".

ზაზა კოლელიშვილი: "ჯერ არც ხო მითქვამს და არც არა. ყველაფერი აგვისტოში გაირკვევა. ახლა ვერ გიპასუხებთ, ხომ არ ვიცი, რა გეგმები მექნება აგვისტოში? წინასწარ ვერფერს გეტყვით".

გივი ბერიკაშვილი: "ფილმს შს სამინისტრო კურირებს. დეტალების გახმაურების უფლება ჯერ არ გვაქვს. გადაღებები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყება. მე შევასრულებ მეურმის როლს, რომელიც მკვლელობას შეესწრო და შემდეგ სწორედ მისი ურმით გადაასვენეს ილია. ეს იქნება მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი. დამირეკეს და მითხრეს, რომ ასეთი ფილმი კეთდებოდა და როგორ შეიძლებოდა უარი მეთქვა?!

ქეთი საგინაშვილი