სკანდალი: "თურქიშ ეარლაინსმა" თბილისში ჩამოსაყვანი მიცვალებული კორეაში გაგზავნა - კვირის პალიტრა

სკანდალი: "თურქიშ ეარლაინსმა" თბილისში ჩამოსაყვანი მიცვალებული კორეაში გაგზავნა

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ "თურქიშ ეარლაინსის" რეისზე, "სტამბოლი-თბილისი" დაკარგულ მიცვალებულს სამხრეთ კორეაში მიაგნეს. გვამის მოძიება სავარაუდოდ მას შემდეგ დაჩქარდა, ჭირისუფლებმა აეროპორტში პოლიციის მისვლა და მიცვალებულის შეურაცხყოფის ბრალდებით საქმის აღძვრა რომ მოითხოვეს. სამართალდამცველების საქმეში ჩართვამდე, თურქული ავიაკომპანიის წარმომადგენლები ჭირისუფალთან შეხვედრას აჭიანურებდნენ და დაკარგულის მოძიებას დაახლოებით ოთხ დღეში ვარაუდობდნენ. ჟურნალისტების გამოჩენისას "თურქიშ ეარლაინსის" წარმომადგენლები საერთოდ თვალსაწიერიდან გაქრნენ და აეროპორტში ავიაკომპანიის კუთვნილი ოფისიც კი დროებით დაკეტეს.

13 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები სანკტ პეტებურგი-სტამბული-თბილისის რეისით მალხაზ ნონიაძის ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებოდნენ, თუმცა ცხედარი თვითმფრინავში არ აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ოჯახს მიცვალებულის გადმოსვენებაში ეხმარებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მიუხედავად იმისა, რომ გადმოსვენების პროცესი მაქსიმალურად დაზღვეული უნდა ყოფილიყო გაუგებრობებისგან, ცხედარი თვალსა და ხელს შუა გაქრა და თბილისამდე ვერ მოაღწია. როდესაც ოჯახმა დაკარგულის ასავალ-დასავალის გარკვევა სცადა, გაირკვა, რომ მიცვალებული სანკტ-პეტერბურგიდან თურქეთში ჩავიდა და კვალი სტამბოლში დაიკარგა. გარდაცვლილის დედამ დოდო კაკულიამ ჟურნალისტებს და სამართალდამცველებს წარუდგინა დოკუმენტი, რომელშიც ეწერა, რომ სანკტ პეტებურგიდან გარდაცვლილი გადმოსვენებულია.

აეროპორტში პოლიციის მე-6 განყოფილების წარმომადგენლების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა დაიწყო. "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ საქმე მალევე დაიხურა მიცვალებულის მოძიების გამო.

ვესაუბრეთ გარდაცვლილის ნათესავს, გურამ ბურდულს, რომელმაც განაცხადა, რომ ცხედრის გადმოსვენებას კორეიდან უზრუნველყოფს "თურქიშ ეარლაინსი":

"13 ივლისს საღამოს საათებში გვაცნობეს კორეიდან, რომ სტამბოლში ბარგის ბილეთის ნომრები აერიათ და ჩასასვენებელი შეცდომით კორეაში გაგზავნეს. იქიდან ფოტოებიც კი გამოგვიგზავნეს დასაზუსტებლად, რომ რასაც ვეძებდით, ნამდვილად იქ იყო. მალხაზი სამი კვირის გარდაცვლილია. მისი ცხედარს გამცილებელი არ ჰყავდა. ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, რომ პრობლემა არ უნდა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ასე მოხდა. სავარაუდოდ, მომსახურების წესებისადმი დაუდევრობის გამო მიცვალებული კორეაში გაგვიგზავნეს. დაგეგმილი გვქონდა, რომ ჩამოსვენებისთანავე თავის მშობლიურ ქალაქში, მცხეთაში დაგვეკრძალა. მალხაზი 43 წლის იყო, ახალგაზრდა, მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა."

ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას და ვიმედოვნებთ, რომ თურქული ავიაკომპანიის საქართველოსთან თანამშრომლობის პროცესში ეს უკანასკნელი სკანდალი იქნება. სამწუხაროდ, "თურქიშ ეარლაინსს" კარგა ხანია სახელი გაუვარდა, როგორც მოგებას გამოკიდებულ კომპანიას, რომელსაც მომხმარებლის ინტერესები აღარ ანაღვლებს. შესაძლოა ასეთი დამოკიდებულება არ არის სტამბულიდან ევროპის მიმართულების ქვეყნების რეისებზე, მაგრამ საქართველოსთან და პოსტსაბჭოურ ქვეყნების მომხმარებლებთან კარგა ხანია იგრძნობა.

თუ "თურქიშ ეარლაინსით" მგზავრობ და საქართველოს მოქალაქე ხარ, შესაძლოა ბილეთი გაგიყიდონ და ბოდიშიც კი არ მოგიხადონ, ისე დაგტოვონ აეროპორტში. როგორც ეს დაემართათ 2012 წლის მარტში სტამბოლიდან თბილისში მომავალ ქართველ სპორტსმენთა დელეგაციას, - თვითმფრინავში არ აუშვეს მძლეოსანთა გუნდის დელეგაციის დაახლოებით ნახევარი. მიუხედავად იმისა, რომ ხელთ ჰქონდათ უკან დასაბრუნებელი ბილეთები, კომპანია "თურქიშ ეარლაინსმა" გამოუცხადა, რომ თვითმფრინავში ადგილი არ იყო. როგორც აღმოჩნდა, მათ ნაყიდი ბილეთები დაუკითხავად გაუყიდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც თბილისიდან სტამბოლის გავლით სხვა ქალაქებში მიდიხარ და გადაჯდომის სამზადისში კარს ცხვირწინ ჩაგიკეტავენ, მერე, რა რომ ამ რეისით უნდა გემგზავრათ და ბილეთიც ხელთ გაქვთ, ადგილები უკვე შეივსოო. ანუ, თქვენი ბილეთი გაყიდულია და იძულებით გიწევთ დაუგეგმავი ღამე გაათიოთ ავიაკომპანიის მიერ შერჩეულ სასტუმროში, რომელიც თითქოსდა ხუთვარსკვლავიანია. მეორე დღეს სასურველ ქალაქში ჩაფრენის დროს კი აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ბარგი არ ჩამოსულა. მიზეზი? მიცვალებულის ამბის არ იყოს, ბილეთები აირია, რადგან ადგილი ხომ ორჯერ გაიყიდა და სავარაუდოდ, ამ პროცესში ბარგიც თქვენი ბილეთის "ტყუპისცალის" პატრონს გააყოლეს. ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც ასეთი დარღვევების მიუხედავად ავიაკომპანიის აეროპორტში მომსახურე პერსონალი მშვიდად გპასუხობს, რომ არაფერი იცის, ან საერთოდ არ გპასუხობს და ცხვირწინ გიფარებს რკინის ჟალუზებს, განურჩევლად იმისა, ბიზნესკლასით მგზავრობ, თუ ეკონომით. ამის შემდეგ სხვა გზა აღარ გრჩება და ფიქრობ, რომ "თურქიშ ეარლაინსში" არაფრად ანაღვლებთ მგზავრის კომფორტი. არადა, მათ საბორტო ჟურნალს გადაშლი თუ არა, გაოცდები პირველივე გვერდის წაკითხვისთანავე. "თურქიშ ეარლაინსის" ხელმძღვანელი თემელ კოტილი ამაყობს, რომ მსოფლიოს 89 ქვეყანაში დაფრინავენ, ფრენების რიცხვი დღითი დღე იზრდება, დღეში ათასი რეისი აქვთ, მგზავრებს უმაღლესი კლასის სერვისით ემსახურებიან და ამიტომაც თურმე მათი მოგება 1,9 მლრდ-დან 7,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კიდევ ვაპირებთ მოგების გაზრდასო. რატომაც არა?. მეტიც, უკვე საქმე იქამდე მივიდა, რომ მიცვალებულებსაც კარგავთ და არა მხოლოდ ცოცხლებისთვის ხდება "თურქიშ ეარლაინსით" მგზავრობა არაკომფორტული, მკვდრებიც წუხდებიან.