როგორ გაიფლანგა მენაშენეების 11 მილიონი?! - კვირის პალიტრა

როგორ გაიფლანგა მენაშენეების 11 მილიონი?!

"იმედია, მოჯადოებულ წრეზე აღარავინ გვატარებს"

შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურამ "ცენტრ პოინტის" აფერა გაშიფრა და მის წარმომადგენლებს - მაია რჩეულიშვილს, რუსუდან კერვალიშვილსა და მათ ყოფილ პარტნიორს, ივანე ცაგურიას თაღლითობის, მითვისების, გაფლანგვის მუხლებით ბრალი წაუყენა. პროკურატურის ხელთ არსებული მასალებით 11 მილიონამდე ლარის მითვისება-გაფლანგვაზეა საუბარი.

გასულ კვირას "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა წაყენებული ბრალი სამართლიანად მიიჩნია და თავად მოითხოვა აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება. მაგრამ მხოლოდ "დექსუსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ივანე ცაგურია დააკავეს.

"კვირის პალიტრამ" სცადა გაერკვია, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს რატომ დაუგროვდათ ვალი, ჩიხიდან გამოსასვლელად რა სქემა შეადგინეს და რატომ დააკავეს მხოლოდ "დექსუსის" თანამშრომელი?

მარინა კორძაძე, "ცენტრ პოინტ ჯგუფისა" და "დექსუსის" მიერ დაზარალებულთა ადვოკატი: "ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მითვისება-თაღლითობა-გაფლანგვისთვის რუსუდან კერვალიშვილს, მაია რჩეულიშვილსა და ივანე ცაგურიას წაუყენეს ბრალი, რამდენიმე ეპიზოდს ეხება. 2004 წლის 15 აგვისტოს ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ს და "ცენტრ პოინტ ჯგუფს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მშენებლობა 2007 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა არც დასრულდა და ვერც დასრულდებოდა, რადგან მენაშენეების ფულის ხარჯვა თავიდანვე არასწორად დაიწყო. რჩეულიშვილმა და კერვალიშვილმა ფულის შეტანა ცალკე შექმნილი ფონდის სალაროში დაგვავალეს. ცოტა ხანში დებმა ამ სალაროდან ფულის გამოტანა დაიწყეს და პირამიდის პრინციპით ახალ-ახალი ქონება (ფართები, მიწა) შეიძინეს. სალაროდან ფულს ისე ვერ გასცემდა ბუღალტერი, თუ არ გააკეთებდა შესაბამის ჩანაწერს თანხის გაცემის მიზნობრიობის თაობაზე. სწორედ აქ იპოვა პროკურატურამ ხელის ჩასაჭიდი.

წინასწარ შემუშავებული სქემით ცრუმაგიერი კომპანიებიდან თითქოს მიწის ნაკვეთებს ყიდულობდნენ ან პირიქით, მათ მიყიდდნენ, სინამდვილეში კი ამით მხოლოდ ფულის გაწერა ხდებოდა. მაგალითად, პროკურატურის მასალების მიხედვით, ამხანაგობა "წყნეთი 2004"- მა თითქოს შეიძინა 15 ათასი კვმ მიწის ნაკვეთი, რაშიც უკანონოდ გაიწერა სააგენტოს სალაროდან გატანილი მილიონ ხუთასი ათასი ლარი. ე.ი. ამხანაგობა "წყნეთი-2004"-ის თავმჯდომარე გიორგი ზარიძემ გააფორმა ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელოვნურად გაზარდა უძრავი ქონების ღირებულება. ასეთი ხერხებით გამოჰქონდათ ფული ფონდიდან. "ცენტრ პოინტ ინვესტის" დირექტორი კი მაშინ "დექსუსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ივანე ცაგურია იყო.

- როგორც პროკურატურამ განაცხადა, ივანე ცაგურია კერვალიშვილისთვის ხელის შეწყობის გამო დააკავეს, ხოლო თავად კერვალიშვილი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ეს რამდენად სამართლიანი გადაწყვეტილება იყო?

- ჩემი აზრით, რადგან რუსუდან კერვალიშვილი პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი იყო, მისი დაკავება პროკურატურამ უხერხულად მიიჩნია. თუმცა, ეს არ იყო სამართლებრივად სწორი მიდგომა - სამივე უნდა დაეკავებინათ. მიმაჩნია, რომ საჭიროა საზოგადოებისგან სამივეს იზოლირება, რათა არ განაგრძონ სხვისი თანხებისა და ქონების მითვისება-განკარგვა. ეს ბოლო პერიოდშიც გრძელდებოდა და თუ პროკურატურა მოინდომებს, ამის დამადასტურებელ მასალებსაც ნახავს.

- თქვენი აზრით, რამ განაპირობა კონფლიქტი "ცენტრ პოინტსა" და "დექსუსს" შორის?

- მთავრობის შეცვლის შემდეგ "ცენტრ პოინტმა" იმ ქონების დაბრუნება მოინდომა, რომელსაც "დექსუსი" უკვე ყიდდა. ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა კიდეც, "დექსუსი" უგულავასი არისო. ე.ი. მას აღარ მოუნდა ჩაძირული "ნაცმოძრაობის" მერის სახელთან დაკავშირებულ კომპანიასთან თანამშრომლობა. ამიტომ ამ უკანასკნელმა ვადამდე ადრე გაწყვიტა მასთან ურთიერთობა.

- "დექსუსის" თანამშრომელთა განცხადებით, ისინი ქონებას (ფართებს) მენაშენეთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად ყიდდნენ.

- ეს მხოლოდ პიარის ნაწილი იყო! სინამდვილეში ეს კორპუსები ექსპლუატაციაში არ გაუშვიათ, მართალია, ზოგან შესახლდნენ დაზარალებულები, მაგრამ მათ სახელზე ქონება დღემდე არ გაფორმებულა.

- თუკი თქვენი მოვალეები დაიჭირეს, თქვენ ვინ ან როგორ უნდა დაგიბრუნოთ ქონება?

- თაღლითური სქემა გაიშიფრა, მოჯადოებულ წრეზე აღარავინ გვატარებს, აღარ გვეტყვიან, ქონების დარეგისტრირებაში ხელს ის გიშლით, რომ ესა და ის კომპანია გედავებათ და შესაბამისად, სადავო ქონება დაყადაღებულიაო. არაერთ ობიექტს ყადაღა მოეხსნება და ჩვენთვის ზარალის ანაზღაურებას მოხმარდება. დანაშაულებრივი სქემის წყალობით თაბუკაშვილის ქუჩაზე რამდენიმე ფიზიკურ პირს ფიქციურად გაუფორმეს უძრავი ქონება. მათ პროკურატურა დაჰკითხავს და მოსთხოვს ქვითრებს დასტურად იმისა, რომ ამ ქონების შეძენისთვის ფული გადახდილი აქვთ.

2006-დან 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის მთელ რიგ მუხლებზე ამნისტია მოქმედებს მხოლოდ ერთი დათქმით, დაზარალებულთა ინტერესი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენთვის ერთადერთი გამოსავალი დამნაშავეების დასჯა იყო. პროკურატურამ ისეთი თაღლითური სქემა გაშიფრა, რომ კიდევ ბევრ პირს მოუწევს პასუხისგება. საქმეში იკვეთება საჯარო რეესტრის მოხელეთა, ბანკის თანამშრომელთა დანაშაულებრივი ქმედებები და ა.შ.

რჩეულიშვილებთან გასაუბრება ვერ მოვახერხეთ, რასაც მომავალში შევეცდებით, თუმცა "დექსუსის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ირაკლი კილაურიძის პრესკონფერენციას დავესწარით და მას ივანე ცაგურიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალის ეპიზოდების თაობაზე კომენტარი ვთხოვეთ.

ირაკლი კილაურიძე: - პროკურატურა აცხადებდა, რომ 2004-2009 წლებში მითვისებულია "ამხანაგობა 88-ის" თანხები და ამას ხელს უწყობდა ივანე ცაგურია. არადა, ამ წლებში "დექსუსი" არ არსებობდა!

- "ცენტრ პოინტ ინვესტის" დირექტორი ხომ იყო ივანე ცაგურია?

- არ არის მართალი.

- მაშინ რატომ დააკავეს ცაგურია?

- ეს ჩვენც გვიკვირს. ივანე ცაგურია მზად იყო, პროკურატურასთან ეთანამშრომლა. ის არსად გაქცევას არ აპირებდა. არსებობს იურიდიული ნიუანსები, რომელზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ.

P.S. სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, რუსუდან კერვალიშვილსა და მაია რჩეულიშვილს 250-250.000-ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ. ივანე ცაგურია კი სასამართლო დარბაზიდან 100.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.