"ჩემი რჩეული მსოფლიო" - ოჯახის ბიბლიოთეკის მშვენება გახდება
15-07-2013
"ჩემი რჩეული მსოფლიო" - ოჯახის ბიბლიოთეკის მშვენება გახდება
მსოფლიოს უნიკალური კრებული ჟურნალ "გზასთან" ერთად

"პალიტრამედიის" წიგნის პროექტებს უკვე კარგად იცნობს საზოგადოება. სხვადასხვა გამოცემასთან ერთად, მკითხველს შეუძლია თავის გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებული ტომეული შეარჩიოს და წიგნები ჟურნალთან ან გაზეთთან ერთად განსაკუთრებულ ფასად შეიძინოს.
1-ლი აგვისტოდან წიგნის მოყვარულთ კიდევ ერთი საინტერესო შეთავაზება ელით - ჟურნალ "გზასთან" ერთად მსოფლიო კლასიკოსების ტომეულების გამოცემა იწყება.

ჟურნალ "გზასთან" ერთად, მკითხველს სხვადასხვა დროს შესაძლებლობა ჰქონდა საკუთარი ბიბლიოთეკა გაემდიდრებინა. ჯერ იყო "ქართული პროზის საგანძური", შემდეგ -
"ჩემი რჩეული", რომელიც მკითხველთა რჩეული ქართველი მწერლებისა და ნაწარმოებებისგან შეიქმნა. ორივე პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მკითხველთა მრავალრიცხოვანი აუდიტორიის სურვილების გათვალისწინებით, საგამომცემლო სახლმა კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ჩაუყარა საფუძველი. 1-ლი აგვისტოდან, გამომცემლობა "პალიტრა L" მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებსა და თანამედროვე მწერლებს ერთი პროექტის ფარგლებში შემოგთავაზებთ. პროექტი "ჩემი
რჩეული მსოფლიო", ისევე როგორც მისი წინამორბედი "ჩემი რჩეული", მოხერხებულია იმიტომ, რომ შეგიძლია მთელი სერია შეაგროვო ან აირჩიო საყვარელი მწერლები და მხოლოდ მათი ტომეულებით შეავსო ბიბლიოთეკა.
"ჩემი რჩეული მსოფლიო" - სხვადასხვა დროის გამოჩენილი მწერლების საუკეთესო ნაწარმოებებს ერთ პროექტში გააერთიანებს. თითოეული წიგნი ჟურნალ "გზასთან" ერთად ხუთშაბათობით გამოვა. უცხოური ლიტერატურის შედევრების შეძენა ხელსაყრელ ფასად, შესაძლებელი იქნება, როგორც პრესის გამავრცელებლებთან, ასევე წიგნის მაღაზიებში.

"პალიტრამედიის" ყველა პროექტი, რომელიც წიგნების სერიულ გამოცემას გულისხმობს, სოციალურ ინტერესებზეა ორიენტირებული. სოციალურ მედიაში საზოგადოების ჩართულობით ხდებოდა პროექტისთვის "50 წიგნი" მკითხველების გამოკითხვა და ამ გამოკითხვის შედეგების საფუძველზე წიგნების გამოცემა. ყოველი პროექტი სოციალურ ქსელებში მკითხველის მოსაზრების, შენიშვნის, იდეების და წინადადებების გაზიარებით იბადება და ვითარდება. საგამომცემლო სახლს სურს, რომ "ჩემი რჩეული მსოფლიოც" საზოგადოების ინტერესს პასუხობდეს. ამიტომ, ნებისმიერი მკითხველის მოსაზრება, რომელიც შესაძლებელია დატოვოთ "ჩემი რჩეულის" "ფეისბუკის" გვერდზე, საინტერესო და ყურადსაღები იქნება. სწორედ სოციალური ჩართულობის სურვილით არის ნაკარნახევი, რომ პროექტ "ჩემი რჩეული მსოფლიოს" მთავარი ფრაზა - "მსოფლიომ დაწერა, რომ შენ ..."დაუსრულებელია. სლოგანი თავად მკითხველმა უნდა დაასრულოს. სწორედ მკითხველს შეუძლია გახდეს პროექტის მთავარი სლოგანის ავტორი, რომელიც აქტუალური იქნება პროექტის განმავლობაში და მარადიულად დარჩება მასთან ერთად. საუკეთესო სლოგანის ავტორები "პალიტრამედიისგან" საინტერესო პრიზებით დაჯილდოვდებიან. იმისათვის, რომ თქვენ მიერ დასრულებული ფრაზა - "მსოფლიომ დაწერა, რომ შენ ...", პროექტის ძირითად ფრაზად იქცეს, ის "ჩემი რჩეულის" "ფეისბუკის" გვერდზე უნდა ატვირთოთ.
"ჩემი რჩეული მსოფლიო" თითოეული ჩვენგანის არჩევანია. ეს არის უცხოელი მწერლების რჩეული შემოქმედება, რომლის გარეშეც რთულია შეიცნო სამყარო, სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, ისტორია და ღირებულებები.

ნინო დეკანოსიძე, გამომცემლობა "პალიტრა  L"-ის მთავარი რედაქტორი: "იმ პერიოდში, როცა პროექტით "ჩემი რჩეული" ქართველი მწერლების ტომეულებს გამოვცემდით, უამრავი წერილი შემოდიოდა, სადაც წიგნის მოყვარულები გვთხოვდნენ მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებებიც გამოგვეცა. ბევრი ვიფიქრეთ და ვიმუშავეთ, თუ რა შეგვეთავაზებინა მკითხველისთვის. ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. დავარღვიეთ ერთგვარი სტერეოტიპი და პროექტით - "ჩემი რჩეული მსოფლიო" არა მხოლოდ უცხოელი კლასიკოსი მწერლების ტომეულებს გამოვცემთ, არამედ თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებსაც დავბეჭდავთ. მაგალითად, "ჩემი რჩეული მსოფლიოს" კრებულში შევა ცნობილი ამერიკელი მწერლისა და სცენარისტის, სტივენ კინგის ნაწარმოებები. მას გაყიდული აქვს წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, სწორედ მისი პოპულარობისა და საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესის გათვალისწინებით შევაჩერეთ მასზე არჩევანი. თუმცა, წიგნების ამ სერიის გამოცემას გამოჩენილი ფრანგი რომანტიკოსითა და დრამატურგით, ვიქტორ ჰიუგოს შვიდტომეულით ვიწყებთ. ჯერ მისი უკვდავი რომანი "ოთხმოცდაცამეტი წელი", შემდეგ "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" და "საბრალონი" გამოიცემა. პირველი წიგნი ამ კრებულიდან 1-ელ აგვისტოს გამოვა და წიგნის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, ის ჟურნალ "გზასთან" ერთად შეიძინონ.
ვიქტორ ჰიუგოს შემდეგ ვგეგმავთ შტეფან ცვაიგის ნაწარმოებების გამოცემას რამდენიმე ტომად. მინდა გითხრათ, რომ ამ კრებულის ფარგლებში ისეთი ნაწარმოებებიც დაიბეჭდება, რომელიც აქამდე ქართულად არ იყო თარგმნილი და ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამ წიგნებს თარგმნის ორიგინალებიდან და მკითხველს შესთავაზებს. გვინდა, მსოფლიო ლიტერატურის ძალიან საინტერესო ნაკრები შევქმნათ, რაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს ყოველი მკითხველის ბიბლიოთეკასა და თვალსაწიერს.

მინდა აღვნიშნო, ჩვენი გამომცემლობა ყოველთვის ითვალისწინებს საზოგადოებრივ მოთხოვნას, რომ წიგნი ხელმისაწვდომი იყოს მკითხველთა ფართო წრეებისთვის. ამას კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წიგნის ფასი. ამიტომ, ყოველი ტომი ამ სერიიდან, ისევე როგორც "ჩემი რჩეული", 5 ლარად გაიყიდება, ჟურნალ "გზასთან" ერთად კი მისი შეძენა 6 ლარად იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვინდა ყველას მივცეთ შესაძლებლობა მსოფლიო ლიტერატურის რჩეული კრებული ჰქონდეს სახლში.
წიგნები სერიით "ჩემი რჩეული მსოფლიო" ახალი დიზაინით გამოვა. ჩვენმა დიზაინერებმა შექმნეს წიგნების ამ სერიისთვის სრულიად ახალი, განსხვავებული, ძალზე საინტერესო კონცეფცია, რაც წიგნს ვიზუალურადაც მეტად მიმზიდველს ხდის.

"ჩემი რჩეული მსოფლიო" წიგნების ის სერიაა, რომელიც ყველა ოჯახის ბიბლიოთეკას გაამდიდრებს, რადგან მასში მსოფლიო ლიტერატურის რჩეულია თავმოყრილი".
ვახტანგი
15 ივლისი 2013 16:42
აპირებთ თუ არა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების გამოცემას?

რედაქტორის რჩევით