თქვენც სუ და ჩვენც სუ
15-07-2013
თქვენც სუ და ჩვენც სუ
ნოდარ დუმბაძე-85

14 ივლისს ნოდარ დუმბაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა. ქართველმა ხალხმა დიდი სიყვარულით აღნიშნა თავისი რჩეული მწერლის დაბადების დღე. განსაკუთრებული გამოცოცხლება იგრძნობოდა მწერლის მშობლიურ მხარეში, გურიაში. სოფ. ზენობანში, სადაც ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, დიდი სახალხო დღესასწაული გაიმართა. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუმრებს შორის ბევრ უცხოელ სტუმარსაც შენიშნავდით, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ეწვივნენ საქართველოს.

ჩვენც ვუერთდებით ამ საყოველთაო ზეიმს, მკითხველებს კი ვთავაზობთ ბატონი ნოდარის ერთ იუმორისტულ მოთხრობას.

იქნებ ყველა მანდილოსნისთვის არც
არის ცნობილი, რომ საზოგადოების განვითარების რომელიღაც ქვედა საფეხურზე მამაკაცი არ იყო ქალის თანასწორი. ეს ამბავი ადამიანის გონების დანისვლის იმ დაწყევლილ პერიოდს მიეწერება, როდესაც დე
დაკაცი იყო მამაკაცი და პირიქით. ამას მატრიარქატი ერქვა. ეს იყო დრო, როდესაც არ არსებობდა ცნება "შინაბერა", ქალების მისამართით, ხოლო შინდარჩენილ გაუთხოვარ გონჯ და დაფეხვილ ვაჟებს მშობლები და შუამავლები ათასნაირი მოტყუებითა და შანტაჟით ათხოვებდნენ სოფლის ვაჟკაც დედაკაცებზე. ყველა ამ სიკეთესთან ერთად იყო ვაჟების მოტაცებაც, ძალადობაც და, წარმოიდგინეთ, ფიზიკური შეურაცხყოფაც კი.
არ იქნებოდა ზედმეტი, წარმოგვედგინა ეპიზოდი ამ ჩვენთვის სამარცხვინო და თავმოსაჭრელი ისტორიული წარსულიდან.

...სოფელ გამოქვაბულეთის ტერიტორიას მთვარე დაახლოებით ისე ანათებდა, როგორც ახლა ანათებს ხოლმე. გასათხოვარი ვაჟის პატრონის საკარმიდამო ნაკვეთზე ბნელოდა. გამოქვაბულის წინ კავკასიური ჯიშის იხტიოზავრი ება, ხოლო ჭიშკარზე ეწერა: "ეზოში ავი ძაღლია".

ეზოში ფრთხილად შემოვიდა შავთვალწარბა, მაღალი, მკერდზე წაბლისფერთმაჩამოშლილი ვაჟკაცი გოგონა. იხტიოზავრმა ყურები ცქვიტა და დაიღრინა, მაგრამ უმალ იცნო სასიძო და მიწაზე კუდის ბაკუნით ჩაუგორდა ფეხებში. სასიძო გოგონამ პირში ოთხი თითი ჩაიდო და გაბმულად დაუსტვინა, გამოქვაბულში რაღაც გაფაჩუნდა, კარი აჭრიალდა და ეზოში ნატიფი ჩრდილი გამოსრიალდა. მან ფრთხილად გაიხედ-გამოიხედა და ამჟამად გადაშენებული ბუჩქნარის იქით გაუჩინარდა.

- იაკინთე, შეენ?! - შეეგება მას აღელვებული ქსენია.
- მე, მე, ჩემო ყველავ! - წაიდუდუნა იაკინთემ და თავი მიაყრდნო მკერდზე ვაჟკაც ქსენიას.
ისინი უხმოდ გაყვნენ ოკეანის ნაპირს, და დაახლოებით იქ, სადაც ახლა ხანგრძლივი გეოლოგიური და ვულკანური პროცესების შედეგად კავკასიონის ქედია ამოზნექილი, ნავში ჩასხდნენ.
თბილი მუსონი უკოცნიდა იაკინთეს ახალამოყრილ წვერ-ულვაშს. ნავი ტალღებზე ირწეოდა, იმჟამად იმ მიდამოებში მყოფი ოკეანე იყო საოცრად მშვიდი.
- იაკინთე!
- რა, ქსენია?
- ჩვენ სახლში აღარ დავბრუნდებით, შენ ჩემი უნდა გახდე სამუდამოდ! - აღმოხდა ქსენიას.
- ასე შიშველი, სახლიდან გამოპარული? - თქვა იაკინთემ და მარაოსავით წამწამები მორცხვად აახამხამა.
- მე შენი ქონება არ მაინტერესებს. მამაშენივით კი არა ვარ.
- მამაჩემს ცუდად ნუ მიხსენებ. ჩემისთანა კიდევ ოთხი ჰყავს გასათხოვარი და რა ქნას? - იწყინა იაკინთემ.
- ნუ გეშინია, ქვაზე დაგასახლებ, - გატაცებით თქვა ქსენიამ.
- მეშინია! = წაიჩურჩულა იაკინთემ, ქსენიას მიეკრა და ცახცახმა აიტანა.
- ჩემთან რისი გეშინია! - დაიქუხა ქსენიამ, წელზე ჩამოკიდებულ ნაჯახზე ხელი წაივლო და ალვისტანა იაკინთე გულში ჩაიკრა.
- რას სჩადი, რას, ჯერ ნუ, სანამ ხელს არ მოვაწერთ, ნუ მაკოცებ... - აქვითინდა იაკინთე.
- მხოლოდ ერთხელ გაკოცებ... - გაიქაჩა ქსენია.
- არა, არა, თქვენ სულ ასე იცით, ჯერ ერთ კოცნას მოითხოვთ, მერე ორს, მერე ასს... ყველა დედაკაცები ერთნაირები ხართ!.. - თავს იცავდა სუსტი იაკინთე.

გათენებისას ისინი გადასხდნენ უსახელო კუნძულზე, ქვის ნაჯახით ამოკვეთეს კლდეზე ინიციალები, გააფორმეს საბუთები და დაიწყეს ცხოვრება. შემდეგ, როგორც წესია, იაკინთეს მშობლები შეურიგდნენ, მზითვად გამოატანეს ოთხი სიპის ტახტი, ექვსი ქვის სასთუმალი, ერთი გოდორი ლეღვის ფოთოლი - საცვალი და სხვა. დატრიალდა ცხოვრების ჩარხი, ქსენია დადიოდა სანადიროდ, იაკინთე უვლიდა ბავშვებს, ამზადებდა საჭმელს, მაგრამ ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. იაკინთემ უღალატა ქსენიას.

- მომჭერი ხომ თავი?! - იღრიალა ერთ მშვენიერ დღეს გახეთქილმა მთვრალმა ქსენიამ.
- ტყუილია, ჭორებს არ დაუჯერო! - შეიცხადა შეშინებულმა იაკინთემ და საყვარლის მიერ სიჩქარეში დარჩენილ ლეღვის ფოთოლს ფეხი დააბიჯა.
- მე ქმარი ვარ შენი თუ ვინ ვარ? - განაგრძო თვალებჩასისხლიანებულმა ქსენიამ და ქვის ნაჯახი იშიშვლა.
- მომკალი, მომკალი, არ მინდა ასეთი ცხოვრება, მეც ადამიანი ვარ თუ არა? შენ მთელი დღე ტყეში დაეთრევი, მთვრალი მოდიხარ, ჩემთვის არც კინოა, არც თეატრი. ის დღე დაიქცა, როდესაც ჩვენ, მამაკაცები, თქვენს მონებად დავიბადეთ! - აქვითინდა იაკინთე.
- რატომ მღალატობ, კაცო, რა გაკლია?! - თქვა გაბრაზებული ხმით ქსენიამ.
- ყველაფერი!
- ბუს კვერცხები ხომ გაქვს თავზე საყრელად?
- მაქვს.
- შუბა ხომ მოგიტანე?
- მერე რომ ისევ დახიე მთვრალმა?
- ვინ? მე შენი შუბა დავხიე? ო, არარაობავ, მამაკაცი უნდა გერქვას შენ!
- მამაკაცი კი არა, დედაკაცი, - ამოიკნავლა იაკინთემ...

ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ ბოლოს და ბოლოს მამაკაცებმა აღიმაღლეს ხმა და ერთ მშვენიერ დღეს ქალებთან გათანასწორებაც მოითხოვეს. მართალია, ეს ერთი ხელის დაკვრით არ მომხდარა, ამას მთელი ეპოქები და საუკუნეები მოუნდა, მაგრამ შეთანხმება მიღწეული იქნა და მამაკაცი ქალის თანასწორი გახდა.

შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ მამაკაცმა გაბატონებულ მდგომარეობასაც მიაღწია და დაიწყო ახალი ერა ჩვენს ცხოვრებაში - პატრიარქატი.

ყველაფერი თავიდან დაიწყო, ოღონდ - უკუღმა, ქალები დამონებულები აღმოჩნდნენ, დიდხანს ითმინეს, ითმინეს და ერთ მშვენიერ დღეს დედაკაცი მამაკაცის თანასწორი გახდა. ეს ბედნიერი დღე, 8 მარტი, დღესასწაულადაც კი გამოცხადდა, ჩვენ, მამაკაცებს, იმის ჭკუაც არ გვეყო, როდესაც დედაკაცები ვიყავით, რომ ჩვენი ქალებთან გათანასწორების დღე დღესასწაულად გამოგვეცხადებინა.
როგორ მიაღწიეს ამას ქალებმა, ეს ახლა დღესავით ნათელია და ჩვენ, მამაკაცებს, უდიდესი როლი მიგვიძღვის ამ უკეთილშობილეს საქმეში, მაგრამ მე შიშითა და ძრწოლვით ვადევნებ თვალყურს ქალთა სისხლში იმ ზვიად წინაპართა სისხლის აღზევებას, რომელთაც ცოლებად ვყავდით და წინდას გვაქსოვინებდნენ. ზოგიერთი ქალი უკვე აშკარად არღვევს თანასწორობის საზღვრებს.
აი, ერთი თანამედროვე მაგალითი:

- რა გინდა, ქალო. რომ დამტკვირე ცოცხლად, მაცივარი გაქვს?
- მაქვს!
- სარეცხი მანქანა?
- მაქვს!
- ტელევიზორი?
- კი.
- აბა, რა გაკლია?
- კუბო, რომ ჩაგასვენო და გაგასვენო!
- რატომ, რატომ?
- ნათელას ქმარი ჰყავს?
- ჰყავს.
- მისი ქმარი სარეცხს რეცხავს?
- რეცხავს.
- ბავშვებს უვლის?
- უვლის.
- საჭმელს ამზადებს?
- ამზადებს.
- საინებს რეცხავს?
- კი.
- ეჭვიანობს?
- არა.
- ღვინოს სვამს?
- არა.
- პაპიროსს ეწევა?
- არა.
- ჰოდა, რა ქვია ასეთ ქმარს?
- მთხლე და ჩვარი!
- მთხლე და ჩვარი შენა ხარ!

ძვირფასო ქალებო, ხომ ხედავთ, ამ პატარა სცენაში იმის ტენდენციას, რომ ზოგიერთი ისევ ისწრაფვის, ისევ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვოს? ჩვენ, მამაკაცებს, საუბედუროდ, ეს არ გვაძლევს ხელს.
უფრო ძვირფასო ქალებო! ეს ტენდენცია დღითი დღე უფრო და უფრო საშიში ხდება, მე ამას ვერ ავიტან.
გთხოვთ, ნუ გვიზამთ ამას. ნუ ჩაგვყრით იმ საცოდავ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით ამ რამდენიმე ეპოქის წინათ. დავრჩეთ თანასწორნი, თორემ შემდეგ ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება. ვიყოთ ასე, გავინაწილოთ ოჯახის ფუნქციები: ჩვენ რვა მარტს საჩუქრებს მოგიტანთ, თქვენ ტკბილები დაგვიცხვეთ და ასე შემდეგ...

ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ამის უფლება კონსტიტუციის ძალით გვაქვს.
მოკლედ, ჩვენც სუ და თქვენც სუ.
გახსოვდეთ, ქალებო, რომ მამაკაცი ქალის თანასწორია!.
ნადია
06 იანვარი 2015 12:56
auu martla yvelaze sasiamovno motxrobebi nodar dumbadzes aaqvs. zogi motxroba tavistvis dzalian sevdiania magram amas mainc iumoris grdznobit gadmosvems. chemi usayvarlesi mweralia
mazana
18 ივლისი 2013 15:13
ჩემი საყვარელიუ მწერალი ალბათყველა ქართველის და არაქართველისაც ვისაც კი წაუკიღხავს დუმბაძე ალბატ გულგრილი არავინ დარჩებოდა
cuca
16 ივლისი 2013 21:28
ნოდარ დუმბაძის შემოქმედება წყაროა ანკარა და ბევრი გაიზარდა და ბევრიც გაიზრდება და რაც მთავარია, მისეული სიკეთის თანაზიარი-ესაა მისი მთავარი სიძლიერე. უხერხული კი არა, რა აქტუალურია დღეს ეს მოთხრობა...

რედაქტორის რჩევით