ირაკლი კილაურიძის ღია წერილი საქართველოს მთავარ პროკურორს - კვირის პალიტრა

ირაკლი კილაურიძის ღია წერილი საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ არჩილ კბილაშვილს

ბატონო პროკურორო,

მოგეხსენებათ, კომპანია „დექსუსის“ და კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას აქვს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის გამოძიების ობიექტურად და სწორი მიმართულებით წარმართვას.

ვფიქრობთ, რომ ზემოხსენებული საქმის მოცულობითი და სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, ჭეშმარიტების დადგენის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია საქმის შესწავლა მოხდეს ფინანსურ ჭრილში, ფინანსური დოკუმენტაციის დეტალური შესწავლის გზით. თქვენ, როგორც უდავოდ კომპეტენტურ იურისტს, გაქვთ სოლიდური გამოცდილება კომპანიების სამართლებრივი პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით და მოგეხსენებათ, რომ სამართლებრივი პრობლემების გადაჭრა შეუძლებელია საფუძვლიანი ფინანსური შესწავლის გარეშე.

ამის დასტურია ის, რომ კეთდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ცენტრ პოინტის მიერ გადმოცემული აქტივების ღირებულების, დექსუსის მიერ გაწეული სამუშაოს და  კომპანიის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმე იწვევს ძალიან დიდ საზოგადოებრივ ინტერესს და აქვს განსაკუთრებული მოცულობითი ხასიათი, გვინდა გთხოვოთ, გამოძიების ეტაპზე საქმეში ჩართოთ ისეთი სპეციალისტები (აუდიტორული კომპანიები), რომელთა მიმართ არსებობს როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ნდობა (PwC, Deloitte, Ernst & Young, KPMG). გვესმის, რომ ასეთი სპეციალისტები ვერ მისცემენ ფაქტებს სამართლებრივ შეფასებას და ეს არც არის მათი ვალდებულება, არამედ ფინანსურ დოკუმენტაციას გაუკეთებენ სწორ ანალიზს და გასცემენ ობიექტურ დასკვნას. ისიც გვესმის, რომ გამოძიებაში საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების  ჩართვა არ არის დამკვიდრებული პრაქტიკა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმდინარეობს  საზოგადოებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება, როგორც ხსენებული საქმეა, დაგვეთანხმებით, რომ კარგი იქნება ამ პრაქტიკის ჩამოყალიბებაც. საქმის სირთულიდან გამომდინარე, გამოძიებაში სპეციალისტების ჩართვას, ვფიქრობთ, ისედაც განახორციელებდით, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიების მონაწილეობა გარანტი იქნება სწორი ფინანსური ანალიზისა, რის გარეშეც, გაჭირდება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა.

გარდა ამისა, გვესმის, რომ ხსენებულ საქმეში უშუალო მონაწილეობა კანონმდებლობის თანახმად, არ არის თქვენი, როგორც მთავარი პროკურორის, ვალდებულება. თუ გავითვალისწინებთ საქმის სირთულეს და აგრეთვე თქვენს პირად დიდ გამოცდილებას ამ კატეგორიის სამართლებრივ დავებში, გვინდა გთხოვოთ, რომ, შეძლებისდაგვარად უშუალოდაც ჩაერთოთ საქმის გამოძიებაში მეტი სიცხადის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, აღნიშნული თხოვნა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ თითქოს ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ გამოძიებას და ეჭვქვეშ ვაყენებთ კომპეტენციას. პირიქით, ვადასტურებთ, რომ არავითარი საფუძველი არ გვაქვს გამოძიების მიმართ ნდობის ან კომპეტენციის კუთხით  ეჭვის შეტანისთვის.

ვფიქრობთ, რომ იმ საშუალებებით, რომელთა გამოყენებასაც ამ წერილით გთხოვთ, მოხდება გამოძიების სწორი მიმართულებით იმგვარად წარმართვა, რაც საბოლოოდ მიგვიყვანს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე და ამასთან უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების შედეგების მიმართ საზოგადოების  ნდობის  მაღალი ხარისხი.

პატივისცემით, კომპანია „დექსუსის“ მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე