ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?! (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ნაწყენია თუ არა დიანა ღურწკაია მშობლებზე?! (ექსკლუზივი)

"მე არც წავსულვარ... სულით და გულით ყოველთვის საქართველოში ვარ"

როგორ მიიღეს კუჩერენკოებმა უსინათლო რძალი

"ყველაზე მეტად სახლიდან წასვლა არ მიყვარს - კართან აყუდებული ჩემოდნები ბავშვობიდან სახლთან განშორებასთან ასოცირდება და ძალიან მთრგუნავს"

რუბრიკის სტუმარია რუსეთში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალბატონი დიანა ღურწკაია. იგი სხვა ქართველების მსგავსად 90-იან წლებში წავიდა რუსეთში, კერძოდ კი მოსკოვში და წარმატებული კარიერაც აიწყო. დიანამ მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ფესტივალზე რუსეთს არაერთი გამარჯვება მოუტანა. 2008 წელს კი ევროვიზიაზე საქართველოს სახელით წარდგა. ორიოდე წლის წინ მომღერალმა და მისმა მეუღლემ პიოტრ კუჩერენკომ საქველმოქმედო ფონდი "გულის ძახილი" დააფუძნეს, რომლის ეგიდით მოსკოვში ფესტივალი "თეთრი ჯოხი" ტარდება, სადაც მონაწილეობენ უსინათლო და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. მათ შორის იყვნენ საქართველოდანაც, კერძოდ კი იმ სკოლა-ინტერნატის მოსწავლეები, რომელიც ერთ დროს თავად მომღერალმა დაამთავრა.

მომღერალს მოსკოვში, რესტორან "ჩერნომორსკაია რივიერაში" ვეწვიეთ:

- დედ-მამაზე ყოფილხართ ნაწყენი, რადგან სკოლა-ინტერნატში მიგაბარათ. თქვენს ბავშვობაზე გვიამბეთ, რა მოხდა?

- არა ნაწყენი კი არა ვარ, უბრალოდ ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო, რადგან ოჯახიდან შორს ყოფნა გამიჭირდა. 7 წლამდე  უბედნიერესი ბავშვობა მქონდა, სხვა ბავშვებისგან არ გამოვირჩეოდი, მეც ისევე დავრბოდი ეზოში, როგორც სხვები, ისევე ვთამაშობდი დახუჭობანას. მერე სკოლა-ინტერნატში მიმიყვანეს. სხვა გამოსავალი არც იყო, თუმცა გული მტკიოდა. დედის გარეშე ღამე განსაკუთრებით მძიმე იყო. ინტერნატში ძალიან თბილი მასწავლებლები და ძიძები მყავდა. იქ ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება, ცუდისა და კარგის განსხვავება, წიგნის სიყვარული. ამ ყველაფერს შინ ვერ ვისწავლიდი, რადგან მანებივრებდნენ... ინტერნატში კი სხვაგვარი რეალობის წინაშე დავდექი. ცოტა ხნის წინ ვიყავი ჩასული, აუცილებელი ნივთები ჩავიტანე, მომავალში მეტის გაკეთებას ვგეგმავ...

- მაგრამ პროფესიად მუსიკა აირჩიეთ..

- მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. მჯეროდა, რომ ესტრადაზე ოდესმე მაინც გამოვიდოდი. ამაში დედ-მამაც ძალიან დამეხმარა და განსაკუთრებით ჩემი უფროსი ძმა რობერტი. ისე 4 დედმამიშვილი ვართ, ყველა ძალიან მიყვარს და თითოეულთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ რობერტი ჩემთვის ყველაფერია, ჩვენ შორის 16 წელია სხვაობა. ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე და იცის ჩემი ხასიათი...…ტყუილს ვერ ვიტან და პატიებაც მიჭირს.

- ხშირად გატყუებდნენ?

- ახლობლები ნაკლებად. რობერტმა იცის ხოლმე თქმა, ჯობია ჩემგან გაიგო სიმართლე, თორემ სხვამ შეიძლება არც  კი გითხრასო. მას არასდროს მოვუტყუებივარ. ტყუილს ვგრძნობ, ისევე როგორც ყველა და არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული გრძნობა მაქვს.

- რა ჰქვია მაგ გრძნობას?

- ქალური ინტუიცია. ცხოვრებისეული გამოცდილებაც მაქვს და ჩემი მოტყუება ცოტა რთულია. ამიტომ მომაწერენ ხოლმე, ამას რაღაც ზეგრძნობა აქვს განვითარებულიო. არა, ბატონო, ქალური ლოგიკის და ინტუიციის ამბავია.

- თქვენს ოჯახზე გვიამბეთ, ვინ არის თქვენი მეუღლე, სად გაიცანით?

- პეტრე ირინა ხაკამადამ გამაცნო. ხაკამადასთან ჩემს საქმეზე ვიყავი მისული და იურიდიულ საკითხებზე მასთან გადაგვამისამართა. იგი დღეს პროფესორია,  პატრის ლუმუმბას სახელობის უნივერსიტეტში იურისპრუდენციაში ლექციებს კითხულობს. ასე გავიცანით ერთმანეთი, მერე დავმეგობრდით. ერთ დღესაც გასტროლებიდან ძალიან დაღლილი ჩამოვედი, პეტრე სახლში დამხვდა, ჩემები ყველანი სადღაც გაიფანტნენ, გავბრაზდი კიდეც, ეს კაცი რას შემატოვეს-მეთქი. ლაპარაკის თავიც არ მქონდა, მაგრამ რაღას ვიზამდი, ქართული სტუმართმოყვარეობის ამბავი ხომ იცით? ჰოდა, სიყვარულიც იმ დღეს ამიხსნა. თავიდან ძალიან გამიჭირდა დაჯერება, რადგან ჩემი მდგომარეობა კარგად მქონდა გაცნობიერებული.

- გეშინოდათ?

- არა, უბრალოდ არ მინდოდა, ამ მდგომარეობის გამო ჩემთვის ვინმეს ხელი ეკრა და ყოველთვის ვცდილობდი, სიტუაცია აქამდე არ მიმეყვანა. ისიც კარგად მესმოდა, რომ შეიძლებოდა, მის მშობლებს არ მოენდომებინათ უსინათლო ცოლი  შვილისთვის. თუმცა მსგავსი რამ არ მომხდარა. პეტრეს ავუხსენი, რომ 1-2 საათით სცენაზე მდგომი ქალი სხვა არის და მთელი ცხოვრება უსინათლო ქალთან ცხოვრება, სხვა რეალობა-მეთქი. ამ ამბიდან 2 წლის თავზე ვიქორწინეთ. მყავს ერთი შვილი, კონსტანტინე, რომელიც ნამდვილი ქართველია.

- გავიგეთ, მეუღლეც გაგიქართველებიათ?

- (იცინის) სახლში რაღაცის საიდუმლოს თქმა თუ მინდა, ვხვდები, რომ მეგრულზე უნდა გადავიდე, რადგან პეტრეს ქართული გადასარევად ესმის, მგონი, უკვე მეგრულიც ისწავლა და დავიღუპე (იცინის). მე დღეს ძალიან ბედნიერი ქალი და დედა ვარ, რისთვისაც პირადად პეტრეს მინდა მადლობა გადავუხადო. ვცდილობ, ჩემი შვილი ნამდვილ ქართველად აღვზარდო, ქართულ ცეკვაზე დადის და ქართულიც კარგად იცის. მისი აღზრდა არავისთვის არ მიმინდვია, შვილი დედამ უნდა აღზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული ვარ, ვცდილობ, მასთან ყოფნა ყოველთვის მოვახერხო. ყველაზე მეტად სახლიდან წასვლა არ მიყვარს, ტანსაცმელის ჩალაგება, ნივთების მოგროვება... კართან აყუდებული ჩემოდნები ბავშვობიდან სახლთან განშორებასთან ასოცირდება და ძალიან მთრგუნავს.

- მკაცრი დედა ხართ?

- მამა გვყავს რბილი და ამიტომ ბუას როლი მე ვიკისრე (იცინის). კონსტანტინეს "აშინებენ", აი, მოვა დედა და ყველაფერს ვეტყვითო.  ადრე უფრო დამთმობი ვიყავი, მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ შევიცვალე, ისეთი სამსახური მაქვს, სხვაგვარად არ გამოვა.

- რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას როგორ შეაფასებდით?

- პოლიტიკაში არ ვერევი. რაც შემიძლია, ის არის, რომ ტაძარში ვიარო და საქართველოს კეთილდღეობაზე ვილოცო. პოლიტიკაზე კი პოლიტიკოსებმა ისაუბრონ.

- თქვენ ერთი აფხაზეთის ომი გამოიარეთ. 2008 წლის ომს როგორ შეაფასებთ?

- ომი როგორ შეიძლება ვინმეს მოსწონდეს? ჩემი ოცნებაა საქართველოში ნებისმიერმა ბავშვმა ბედნიერად იცხოვროს.

- როგორც ქართველს თვითდამკვიდრება ხომ არ გაგიჭირდათ?

- არა, ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს, რადგან  პრობლემას არასდროს არავის ვუქმნი.

- რუსეთშიც და საქართველოშიც აშკარად გწყალობენ, მტრად არ გამოგაცხადეს, მაშინ, როცა დღემდე სხვებს მხოლოდ იმიტომ აგინებენ, რომ რუსეთში ცხოვრობს. ეს როგორ ავხსნათ?

- მეც და ყველა აქაურ ქართველს სხვაზე ნაკლებად არ გვიყვარს საქართველო, რაც საქმით არაერთხელ დაგვიმტკიცებია და რაც ქართველმა ერმა თავისი სიყვარულით დაგვიფასა. დანარჩენი  პოლიტიკის ნაწილია.…

- საქართველოში ხომ არ გეგმავთ სოლო კონცერტს?

- დათო კენჭიაშვილთან ერთად  ალბომის ჩაწერას ვაპირებ, ხოლო კონცერტს ცოტა მოგვიანებით გავმართავ. მინდა, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდეს და ჩემი ქართველები გავახარო...

-  ყველა აქაურ ქართველს ვეკითხები და თქვენც გკითხავთ, საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

- მე არც წავსულვარ... სულით და გულით ყოველთვის საქართველოში ვარ.

პუტინის ბრძანებით ინვალიდთა კომისიის წევრი გახდა...

დიანა ღურწკაია 1978 წლის 2 ივლისს სოხუმში დაიბადა. მშობლებმა 7 წლის ასაკში თბილისის ავლაბრის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში სასწავლებლად  მიაბარეს, რაც მისთვის არასასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, რადგან ოჯახიდან შორს, დედ-მამის გარეშე,  რეალობასთან პირისპირ აღმოჩნდა. თუმცა სწორედ ეს რეალობა გახდა მისი წარმატების საწინდარი. ინტერნატში მან დამოუკიდებლად ცხოვრება ისწავლა, განათლებაც მიიღო და ცოტა ხნის წინ მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურაშიც ჩააბარა.

გარდა იმისა, რომ ღურწკაია რუსეთის დამსახურებული არტისტია, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს წევრიცაა, 2010 წლიდან კი რუსეთის ვოლგისპირეთის სამოქალაქო ინსტიტუტების განვითარების საზოგადოებრივი საბჭოს წევრია; 2011 წლიდან რუსეთის მე-4 მოწვევის საზოგადოებრივი პალატის სამუშაო ჯგუფს "საზოგადოებაში თანაბარი უფლებებისათვის" ხელმძღვანელობს. 2013 წლიდან კი უშუალოდ პუტინის ბრძანებით პრეზიდენტთან არსებული ინვალიდთა კომისიის წევრი გახდა. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რისთვისაც ღურწკაიას ცხოვრებაში მიუღწევია.

თეა ღვანია

მოსკოვი-თბილისი