სასიკვდილო მონაკვეთი - ბაბუის საბედისწერო ანდერძი
22-07-2013
სასიკვდილო მონაკვეთი - ბაბუის საბედისწერო ანდერძი
რუსეთში გადახვეწილი ქართველები მიწამ  სამშობლოში სამუდამოდ დააბრუნა...

"ამ ხიდიდან გადავარდნა ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდნას ნიშნავს"


14 ივლისი იყო. სვანეთი სტუმრებს ელოდებოდა. ლოგინად ჩავარდნილ ბაბუას 6 წლის უნახავი ქალიშვილი უნდა ენახა. უკვე საათებს ითვლიდა. იცოდა, გზაში იყვნენ და მონატრებულ შვილიშვილებსაც მალე ნახავდა. ფიქრობდა, რომ ბედნიერი დღე გაუთენდა. არადა, რა იცოდა, რომ მათ ვეღარასოდეს შეხვდებოდა...

საღამოს 6 საათი იყო. რუსეთიდან ჩამოსულები უკვე სვანეთში იყვნენ. მანქანა ჭუბერს უახლოვდებოდა. ტრაგედიაც ამ დროს მოხდა, -
მანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ენგურმა მორიგი მსხვერპლი მიიღო. დინებამ ოთხი კაცი წაიღო - 24 წლის ტყუპი
და, თათია და ნათია სახოკიები, მათი დედა, 45 წლის ირმა კვანჭიანი და ბიძა გოჩა მიქავა.

სახოკიების ოჯახი მოსკოვში 1984 წლიდან ცხოვრობდა. ნათია და თათიაც მოსკოვში დაიბადნენ. გოგონები ქართულად წერდნენ და მშობლიურ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდნენ. მოსკოვში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდნენ... საქართველოში ბოლოს 6 წლის წინ იყვნენ. ახლა კი გოგონები ბაბუის, რომელიც მოსკოვში ცხოვრობდა, ანდერძის აღსასრულებლად ჩამოვიდნენ. მოხუცმა სიკვდილის წინ სამშობლოში წაყვანა ითხოვა, ჩემს მიწაზე უნდა დავიკრძალოო... უკანასკნელი სურვილი აუსრულეს, საქართველოში ჩამოასვენეს და სენაკში ქართული ტრადიციებით დაკრძალეს... დაკრძალვიდან მესამე დღეს გოგონები დედასთან ერთად სვანეთში მეორე ბაბუის სანახავად მიდიოდნენ...

ზაალ სახოკია, გოგონების ბიძა: "თვითმხილველები გვიყვებოდნენ, მანქანა როგორ ჩაიტანა მდინარემ, მერე სამჯერ ამობრუნდა, შემდეგ ლოდს დაასკდა, შუაზე გაიპო და მგზავრები გადმოცვივდნენო. მათი მანქანის უკან სამარშრუტო ტაქსი მიდიოდა და იქიდანაც დაუნახავთ, რა მოხდა.
ის ადგილი, საიდანაც მანქანა ხიდიდან გადავარდა, დაცული არ არის. ორი ჯებირი აკლია. რამდენიმე დღის წინაც გადავარდნილა იქ მანქანა. არავინ აქცევს ყურადღებას. ჯებირები რომ ყოფილიყო, ეს უბედურება არ დატრიალდებოდა და ჩემი ძმისშვილებიც არ დაიღუპებოდნენ. ოთხი დღეა ამ გზაზე დავდივართ და იმდენი ჯვარია აღმართული, გული გაგისკდება, ჩანს, ამ საბედისწერო ადგილმა ბევრი იმსხვერპლა".

"გოგონებმა დაიჩემეს, ბაბუს ანდერძი უნდა აღვასრულოთ, ისე არ ცხონდება, თუ ქართული მიწა არ დავაყარეთო. ფიქრობდნენ, მოხუცის სამშობლოში დასაფლავების შემდეგ მეტი კავშირი ექნებოდათ საქართველოსთან და ხშირად ჩამოვიდოდნენ. წყნარი და მშვიდი გოგონები იყვნენ. გამზრდელი ბაბუა გარდაეცვალათ, და გოგონებიც თან ჩაჰყვნენ, ბიძა და დედაც გაიყოლეს... მოუნელებელი ტკივილია. საშინელი ტრაგედია დაგვატყდა თავს...

ამ ტრაგედიამ რუსეთიც შეძრა. დაღუპული ბავშვების მეგობრები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. რუსეთიდან გვიკავშირდებიან, აქ აქციასაც მოვაწყობთ და ყველანაირად დაგეხმარებით, ოღონდ ჩვენი მეგობრები იპოვეთო. რომ ნახოთ, რას წერენ სოციალურ ქსელში, გული მოგიკვდებათ", - იხსენებს ოჯახის ახლობელი.

ტრაგედიის შემდეგ უბედურმა ბებიამ თავის მოკვლა სცადა.
"ახლა წამლების ზემოქმედების ქვეშ გვყავს. მისი გაკონტროლება შეუძლებელია, ან ვინმეს გააუბედურებს, ან თავს დაიღუპავს. სახე სულ ჩამოხოკილი აქვს. გვემუდარება, საავადმყოფოში წამიყვანეთო, მაგრამ სად წავიყვანოთ? ყველაზე მძიმე მიცვალებულის გარეშე ჭირისუფლობაა. მოლოდინი გვკლავს. საშინელებაა, როცა ვერაფერს აკეთებ, ვდგავართ და ველოდებით, როდის გამორიყავს მდინარე, როდის დაგვიბრუნებს ბუნება მიცვალებულებს. ამბობენ, თუ წყალქვეშ რამეს არ გამოედვნენ, ან ლოდის ქვეშ არ მოჰყვნენ, ამოტივტივდებიანო", - ამბობენ ნათესავები.
მას შემდეგ, რაც მიცვალებულებს იპოვიან, დაღუპულებს ქართული მიწა მიიბარებს - ახლობლების გადაწყვეტილებით, გარდაცვლილებს საქართველოში დაკრძალავენ.

ჭირისუფლები შიშობენ, თუ კატასტროფის ადგილას ჯებირები არ გაკეთდა, ენგურის მსხვერპლი სხვებიც გახდებიან.
"ეს ხიდი სასიკვდილო მონაკვეთია. აქ დინება ძალიან სწრაფია, წყალი დიდი წნევით მოდის და ამ ხიდიდან გადავარდნა ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდნას ნიშნავს", - აცხადებენ ნათესავები.
დაკარგულებს სპეცტექნიკით ეძებენ, - მობილიზებულია კატარღები და ნავები, სვანეთში თბილისიდან და ბათუმიდან მყვინთავებიც ჩავიდნენ.

გოგონები დედასთან ერთად რუსეთში დაბრუნებას 21 ივლისს აპირებდნენ...
P.S. გაზეთის დაბეჭდვამდე დაღუპულები ჯერ კიდევ არ იყვნენ ნაპოვნი...

მინდია აფციაური
tea
10 აპრილი 2015 20:25
Gmertma natelshi amyopos mati sulebi
ნაზი
10 აპრილი 2015 08:59
სასინელებაა! ჯებირების გაკეთებაც ვერ შეძლეს? ნეტა ეხლა გაკეთდა?
mari
24 ივლისი 2013 09:57
უდიდესი ტრაგედია მატი სიკვდილი ნატელსჰი იყოს მატი სული

რედაქტორის რჩევით