"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება" - კვირის პალიტრა

"ნინის შვილი ბადურაშვილი იქნება"

იმედა კახიანი: "ნაციონალებმა" ჩემგან მტრის

ხატი შექმნეს"

"ალბათ, არ უნდა ამ კაცს მშვიდობა, აღიარება და რას ვიზამთ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ნამდვილად კარგი გვარია -კუტალაძე, მაგრამ ბაგრატიონიც რომ იყოს,  ვერ შევეხვეწებით თუ არ უნდა. ბავშვი დედის გვარზე იქნება!"

კახიანების ოჯახის ირგვლივ ატეხილ სკანდალს სკანდალი ემატება. ჯერ იყო და, წლების წინ ეკა კახიანმა ბავშვების ძიძას სამკაულების ქურდობა დააბრალა, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, ძიძა არაფერ შუაში იყო და სამკაულები შინ იპოვეს... ცოტა ხნის წინ კი საზოგადოება კახიანების უფროსი შვილიშვილით, ნინი ბადურაშვილით იყო დაინტერესებული. რამდენიმე თვის წინ ნინი მოსკოვში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, ირაკლი კუტალაძეს გაჰყვა ცოლად, თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, მაგრამ ქორწილიდან სულ ცოტა ხანში ფეხმძიმე ნინი მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა და პროექტ "საქართველოს ვარსკვლავში" ჟიურის ერთ-ერთ წევრად მოგვევლინა. როგორც ნინი ამბობდა, მსოფლიოში ყველაზე გამგებიანი ქმარი ჰყავდა, რომელიც კარიერულ წინსვლაში მაქსიმალურად უწყობდა ხელს.

კულუარებში კი ხმა გავრცელდა, რომ ნინის ოჯახური იდილია არცთუ ისე იდეალური იყო, როგორც წარმოგვიდგენდა. მიუხედავად ჭორებისა, კახიანები ყველაფერს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ნინისა და ირაკლის ახალშექმნილ ოჯახს არაფერი ემუქრებოდა, თუმცა კუტალაძის მოულოდნელად გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. კუტალაძის თქმით, ნინი ბადურაშვილი მას ანგარებით მისთხოვდა და მიზანი კანონიერი გზით შვილის გაჩენა იყო. ინტერვიუს გამოქვეყნებას სკანდალი მოჰყვა. სოციალური ქსელი აივსო ნინის მეგობრების მხარდამჭერი კომენტარებით. ქეთა თოფურიამ, რომელიც ნინის მეჯვარეა, კუტალაძეს კრეტინი უწოდა. მოგვიანებით თავად ნინიმაც გააკეთა კომენტარი, სადაც წერდა, რომ ირაკლი კუტალაძე მხოლოდ სიბრალულს იმსახურებს: "თუ თვლის, რომ ეს კაცური საქციელია, კი ბატონო! ორსული რომ გყავს ცოლი და რედაქციებში რეკავ და სტატიების დაწერას ითხოვ, ცოტა ცოდო ხარ".

ეს ამბავი გაცივებულიც არ იყო, რომ კახიანების ოჯახი მორიგ სკანდალში გაეხვია. ამჯერად დავა კერძო საკუთრებაზეა. ოჯახსა და მოქალაქე ნატალი ჭეიშვილს შორის დავა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. სწორედ ამ დროს კახიანები ჭეიშვილის ბინაში კორპუსის მშენებლის თხოვნით შესახლდნენ. როგორც ნატალი ჭეიშვილი ამბობს, ბინა კახიანებს უფასო რემონტის სანაცვლოდ დროებით დაუთმო:

- როდესაც მშენებელმა ბინა დამინგრია, სანაცვლოდ ახალ აშენებულ კორპუსში ერთ სართულზე ორი ბინა მომცა. დამიკავშირდა ამხანაგობის თავმჯდომარე და მთხოვა, იქნებ ამ ბინაში 6-7 თვით კახიანები შეუშვა და სარემონტო სამუშაოებს მე დაგიმთავრებო. გამიხარდა, რადგან მატერიალურმა მდგომარეობამ მაიძულა, ამ წინადადებას დავთანხმებოდი; თან ჩვენ და კახიანებს ბევრი ახლობელი და საერთო ნაცნობი გვყავდა და ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა. ვინ იფიქრებდა იმას, რაც მერე მოხდა. მშენებელმა ბინაში სარემონტო სამუშაო მართლაც დაამთავრა... გავიდა 6-7 თვე და ისინი იქიდან არ გამოსულან. არ ვიცი, რა ბინძური გარიგება მიდიოდა მშენებელსა და კახიანებს შორის... მერე ჩემმა შვილმა ცოლი მოიყვანა და კახიანებს ბინის დაცლა კატეგორიულად მოვთხოვე. ფეხებში ჩამივარდნენ, ცოტა ხანში მოგვარდება ჩვენი პრობლემა და აქედან გადავალთო, თუმცა არსად წასულან. როდესაც გავაპროტესტე, დამემუქრნენ, ბინას აგახევთო.

ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ კახიანების ოჯახს ბინა 15 ივლისს უნდა დაეცალა, თუმცა როგორც ჭეიშვილი აცხადებს, იმედა კახიანმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და სააღსრულებლო სამსახურის წარმომადგენელსა და ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სააღსრულებლო სამსახურმა ბინის დაცლის ბოლო ვადად 30 ივლისი დაასახელა.

"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის იმედა კახიანს დაუკავშირდა:

- ხელშეკრულება ამხანაგობასთან 2000 წელს გავაფორმე, რომელიც გუდაურის ქუჩაზე რამდენიმე კორპუსს აშენებდა. ხელშეკრულებაში წერია, რომ მივიღებდი ბინას, რომლის შესაბამისი თანხაც მექნებოდა გადახდილი. 2000 წელს ბინის გადასახადი მთლიანად დავფარე, ხელშეკრულებაში მეოთხე სართული მქონდა ჩაწერილი. როცა მშენებლობა დამთავრდა და ბინები განაწილდა, ამხანაგობის თავმჯდომარემ ბინა მაჩვენა, მაგრამ ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მსურდა. მითხრა, დამემატებინა თანხა, გვერდით ერთსადარბაზოიანი კორპუსის მშენებლობა ჰქონდათ დაწყებული და ისეთ ბინას მომცემდნენ, როგორზეც შევთანხმდებოდით. ამდენად, გადახდილ 20 000 დოლარს კიდევ დავამატე 10 000 დოლარი. თავმჯდომარემ მშენებლობის დასრულებამდე შემომთავაზა, მერვე სართულზე ცარიელი ფართი გვაქვს, გავარემონტებთ და იცხოვრე, მანამ არ დამთავრდება შენი კუთვნილი ბინაო. 2004 წელს შევედი ამ ბინაში და მას შემდეგ ვცხოვრობ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოვიდა ქვარცხავა და მისი მეუღლე, გვარად ჭეიშვილი. გამომიცხადეს, თქვენ რომ ამ ბინიდან გადახვალთ, შემდეგ ჩვენ გვეკუთვნისო. მეც  ვუთხარი, რომ ამხანაგობასთან შეთანხმებით დროებით ვცხოვრობდი ბინაში და როცა დამთავრდება ჩემი ბინა, გადავალ-მეთქი (ჩემი ბინა ახლაც მშენებარეა და არ დამთავრებულა). ქვარცხავასა და ჭეიშვილთან არავითარი მოლაპარაკება არ მქონია, არც ვიცნობდი. რა უფლება მქონდა, მეთქვა, თქვენი იყოს, ან არ იყოს-მეთქი. ფართი ამხანაგობის იყო და როდესაც ჩემს ბინას მივიღებდი, ეს ბინა ისევ ამხანაგობისთვის უნდა ჩამებარებინა. Mმერე ჭეიშვილს მისცემდნენ თუ ეშმაკურაშვილს, რას ვჩიოდი?!

- სასამართლოს გზით საქმის გადაწყვეტა რატომ გახდა აუცილებელი?

- ამ ოჯახმა 2010 წელს შეიტანა საჩივარი, იმედა კახიანი გამოასახლეთო. ჭეიშვილი ამბობს, საკუთრება მქონდაო, ვუთხარი, საბუთი მაჩვენეთ-მეთქი. მოიტანა ხელშეკრულება, რომელიც 1999 წლით თარიღდება, სადაც წერია, რომ ჭეიშვილს ეკუთვნის გუდაურის სამ ნომერში, მერვე სართულზე, ბინა #29. რა სისულელეა, 1999 წელს ვინ იცოდა ბინის ნომერი? ამხანაგობის თავმჯდომარემაც განაცხადა, როგორ შემეძლო 1999 წელს ეს საბუთი გამეცა, ნებართვა გვქონდა შვიდსართულიანის აშენებაზე და როგორ დავწერდი მე-8 სართულსო? სასამართლოზე განვაცხადეთ, რომ საბუთი ყალბია და შემოწმება სჭირდება. მათმა დამცველმა ქეთი ქვარცხავამ თქვა, რომ საბუთს საერთო არაფერი აქვს ჩვენს დავასთან, ეს ამხანაგობის თავმჯდომარის დანაშაულიაო. თუმცა საბუთს ხელს ამხანაგობის თავმჯდომარეც აწერს და ჭეიშვილიც. სასამართლოზე მეორე საბუთიც წარმოადგინეს, თითქოს 2009 წელს შედგა ამხანაგობის კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ბინა ჭეიშვილს ეკუთვნოდა და კრების ოქმი არსებობდა. ოქმში წერია, რომ 2009 წლის ამა და ამ რიცხვში შედგა ამხანაგობის კრება. თუ რა იმსჯელა კრებამ, რამდენი ადამიანი ესწრებოდა, ვინ თანხმობა თქვა და ვინ შეეწინააღმდეგა, არაფერია ნათქვამი. აი, ასეთი "სრულფასოვანი" ოქმია. ვამბობ, რომ არა ვარ ამ ბინის მესაკუთრე და არ მინდა, იმიტომ, რომ მინდა ის ბინა, რომელიც უნდა მოეცათ 2011 წელს.

- როგორც ვიცი, ბინის საკითხს პოლიტიკურ დევნას უკავშირებთ?

- ქვარცხავები მოდიოდნენ და მეუბნებოდნენ, თქვით, რამდენ ხანში გადახვალთ ბინიდან და წყნარად ვიქნებითო. ვამბობდი, თუ ჩემი ბინა დამთავრდება, ხვალვე გადავალ-მეთქი. შემდეგ ქეთი ქვარცხავამ თავის ოფისში დამიბარა, სადაც ჭეიშვილთან ერთად დამხვდა. მითხრა, იცოდეთ, შავ პიარს აგიგორებთ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხალხმა გაიგოს, თქვენ ვინ ხართო. გადავირიე, რა შავ პიარს ამიგორებთ, რა დამიშავებია, რა წარსული მაქვს-მეთქი? პასუხად მივიღე, ჩვენ ყველაფერი ვიცით, ვისთანაც ხართ შეკრული და მხარს ვის უჭერთო. ყველაფერი იმის შემდეგ გამძაფრდა, რაც გამომჟღავნდა, რომ მე მხარს ბიძინა ივანიშვილს ვუჭერდი. განსაკუთრებით მაშინ გადაირივნენ, "ქართული ოცნებიდან" რომ მოსაწვევი მივიღე... ფილარმონიაში მოსაწვევზე მითითებული ადგილი რომ დავიკავე, რას ვხედავ, - ცალ მხარეს მიზის ლელიკო ჯაფარიძე (საოცარი მაგინებელი "ნაციონალების"), მეორე მხარეს - რეზო ამაშუკელი. წინ ზის რობიკო სტურუა და იქვე თამაზ წივწივაძე. რომ გამოვედი, ჟურნალისტებთან ვთქვი, მივესალმები საზოგადოების დაფუძნებას-მეთქი. ამის შემდეგ "ნაციონალებმა" ჩემგან მტრის ხატი შექმნეს.

ქეთი ქვარცხავა წინა მთავრობის ადვოკატი იყო და ქონება წაართვეს ბადრი პატარკაციშვილს. დიდი სურვილი მაქვს ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდეს. ჭეიშვილი ამბობს ჩემს ბინაში ბანდიტი იმედა კახიანი შეიჭრაო. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამ ქალს არაფერი ეკუთვნოდა, მის ოჯახს რაც ეკუთვნოდა, მიღებული აქვს და ახლა ჭეიშვილს სურს ბინა თაღლითური გზით მიისაკუთროს.

- რამდენიმე დღეა აქტუალურობას არ კარგავს ნინის ხანმოკლე ქორწინების სკანდალური დასასრული.

- ირაკლი კუტალაძეს დასაწუნი არაფერი სჭირდა. უბრალოდ, არ იყო ახლა იმის დრო, რომ ასეთი რამეები ეთქვა.

ნინი ფეხმძიმედ არის, წუთი წუთზე შვილს ელოდება და რა დროს ეს იყო... ეს არაკაცური საქციელია, თორემ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ. ნინიმ რომ თქვა, მომწონსო, გამიხარდა, რადგან ირაკლის ბაბუას ვიცნობდი. გივი ჩიქვანაიას უდიდეს პატივს ვცემ მეც და მთელი საქართველოც. იგი გამოჩენილი წყალბურთელი იყო და საქართველოს სახელი მთელ მსოფლიოში გაიტანა. დარწმუნებული ვიყავი, გივის შვილიშვილი საუკეთესო იქნებოდა. ირაკლი  მოსკოვში დაიბადა, გაიზარდა და ქართულად კითხვაც კი არ იცის. მხოლოდ ესმის და საუბრობს ქართულად. მახსოვს, ხელის სათხოვნელად რომ მოვიდა, ვუთხარი, ყველა ქართველი ოცნებობს და, ალბათ, შენც გაქვს ოცნება, შენს ქვეყანაში დაბრუნდე-მეთქი. ამ სიტყვებს მისი ოდნავი რეაქციაც კი არ მოჰყვა და ძალიან მეწყინა. ვფიქრობ, ნინის და ირაკლის შეხვედრა არასწორი და უიღბლო იყო. ნინი რომ წავიდა მოსკოვში, ირაკლიმ ისევ ისე განაგრძო ცხოვრება, როგორც ცხოვრობდა, ნინი მთელი დღეები მარტო იყო. ნინი ისე წამოვიდა, არავითარი ჩხუბი და დავა არ ყოფილა. რა გვაქვს გასაყოფი, გვეყოლება შვილიშვილი, ბავშვი მათიც არის და სურვილი თუ ექნებათ, არავინ დაუშლის ურთიერთობას. Mჩვენ მათთან არანაირი პრეტენზია არ გვექნება.

- ირაკლიზე არ გაბრაზდით და სურვილი არ გაგიჩნდათ, დაგერეკათ?

- ახალგაზრდა კაცია და ამიტომ არ გავბრაზდი. მესმის მისი. ის სხვანაირად აზროვნებს და ჩემს ჭკუაზე ვერ ივლის. რაც შეეხება ჩემს მეგობარ გივი ჩიქვანაიას, მას შეიძლებოდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გივიც გულნატკენია. მათ არ დაურეკავთ და ამიტომ მეც გაჩერებული ვარ. არავინ იცის, ხვალ შეიძლება ახალგაზრდები კიდეც შერიგდნენ და არ მსურს ჩარევა.

P.S. ინტერვიუ უკვე ჩაწერილი იყო, რომ ნინის გოგონა შეეძინა. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით იმედა კახიანს და შვილიშვილის დაბადება მივულოცეთ.

-  ბატონო იმედა, გილოცავთ ელენეს შეძენას.

- დიდი მადლობა ბატონო, ღმერთმა გაგახაროთ. დაიბადა პატარა ელენე, ღვთის წყალობით ყოველგვარი გართულების გარეშე.

- თუ გაიზიარა ეს სიხარული ელენეს მამის ოჯახმა?

- არა, არავინ გამოჩენილა.

- არც თქვენს მეგობარ გივი ჩიქვანაიას დაურეკავს?

- არა, არ ჩანან... ალბათ, არ უნდა ამ კაცს (ირაკლის ვგულისხმობ) მშვიდობა, აღიარება და რას ვიზამთ. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ, ნამდვილად კარგი გვარია - კუტალაძე, მაგრამ ბაგრატიონიც რომ იყოს,  ვერ შევეხვეწებით თუ არ უნდა.

- ანუ ბავშვი შესაძლოა ბადურაშვილის გვარზე იყოს?

- ალბათ, რადგან მამა არანაირ ინიციატივას არ იჩენს, ბავშვი დედის გვარზე იქნება, აბა, როგორ?! მე არ ვიცი, რა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული ადამიანი, ამ დროს რომ არ გამოჩნდეს. ლანძღვა-გინებას არ ვაპირებ ირაკლისას, ალბათ, არ იყვნენ ერთმანეთის ბედი და ვერ გაუგეს ერთმანეთს, მაგრამ ბავშვი გაჩნდა, კაცო, და ამ დროს უყურადღებობა გაგონილა?!..

- თავად ნინი როგორ გრძნობს თავს?

- ბედნიერია, გვერდით ჰყავს ბავშვი, ძუძუს აწოვებს და ამბობს, ჯერ არ ვიცი ვინ არის, საიდან მოვიდაო... მოკლედ, ელენემ ყველაფერი დაგვავიწყა. ამხელა სიხარული მოგვივლინა ღმერთმა და სხვაზე რაზე უნდა იფიქრო ადამიანმა?!

ქეთი საგინაშვილი

მანანა გაბრიჭიძე