ავლაბრის რეზიდენცია მუზეუმად გადაკეთდება?! - კვირის პალიტრა

ავლაბრის რეზიდენცია მუზეუმად გადაკეთდება?!

"ბევრი ვეცადე ჩემთვისა, გამომივიდა შენთვისა"

ათონელის ქუჩაზე, ორბელიანების ყოფილ სასახლეში, რამდენიმე წლის წინ აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც საელჩო დიდ დიღომში გადავიდა და შენობის წინ ბარიკადივით შუა ქუჩაში აღმართული კედელი მოშალეს, აქ სამშენებლო სამუშაო მიმდინარეობს.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აქ ვანო მერაბიშვილს უნდა დაედო ბინა. პრემიერ-მინისტრის სავარძელში გადაბარგებისთანავე თვალი სწორედ ამ შენობისთვის დაუდგამს და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის აშენებაც აქ გადაუწყვეტია. ბიუჯეტიდან სასწრაფოდ გადაურიცხავთ თანხა სამშენებლო კომპანიისთვის. ხმა დადის, ამ კომპანიის უკანაც "ნაციონალები" იდგნენ და ხარჯებს ავლაბრის რეზიდენციის მსგავსად ზრდიდნენ, რომ "ატკატი" მსუყე გამოსულიყოო.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის რიგით მეოთხე პრეზიდენტი ორბელიანების ყოფილი სასახლიდან შეუდგება ქვეყნის მართვას. მანამდე კი ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას ვესაუბრეთ:

- ბატონო დავით, რა თანხა დაჯდება ახალი საპრეზიდენტო რეზიდენციის მშენებლობა?

- რაც დაჯდება, იმ თანხის ძირითადი ნაწილი დახარჯული ჰქონდა კომპანია "არტეს", რომელმაც სამუშაოს ნაწილი შეასრულა, - სრულად აქვს ნაყიდი სამშენებლო მასალა, შიდა ფასადის მოწყობილობები და ავეჯიც კი. ეს არის ქართული სამშენებლო კომპანია, რომელსაც ბევრი პროექტი აქვს გაკეთებული და კონტრაქტი გაფორმებული  ჰქონდა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის მოსამზადებლად. თუმცა, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით აქ არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პრეზიდენტის რეზიდენცია გაკეთდება.

-  რა ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი მშენებლობისთვის?

- უკვე 15 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული. კომპანია, რომელსაც ეს თანხა მისცეს, სახელმწიფოსთან ვალშია, რადგან იმაზე მეტი თანხა აქვს წაღებული, ვიდრე შესრულებული სამუშაო ღირს, მაგრამ ამ ეტაპზე აგრძელებს მუშაობას და სახელმწიფოსთან ვალს გაასწორებს. როდესაც ვალი ამოიწურება, საქმეს ჩვენ განვაგრძობთ.

- ვინ არის რეზიდენციის იდეის, პროექტის ავტორი?

- არ ვიცი, ალბათ, იდეა მას ეკუთვნის, ვისაც ეს შენობა სჭირდებოდა, ანუ ვანო მერაბიშვილს. პროექტი კი ქართული საპროექტო ორგანიზაციის მომზადებულია და მათთან შევთანხმდით მოდიფიცირებაზე. ცვლილებები ძირეული არ არის, წვრილმანი ტექნიკური საკითხებია, მაგალითად, როგორ უნდა განლაგდეს ოთახები იმის მიხედვით, რამდენი კაცი დასჭირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციას. შენობა ორსართულიანია, ორი - A  და  B ბლოკისგან შედგება. A ბლოკი ყოფილი ორბელიანების სასახლეა, რომლის რეკონსტრუქციაც მიმდინარეობს. B ბლოკს უკანა ნაწილში უნდა მიედგას მცირე ფართობის ახალი შენობა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის საკმარისი იქნება.

- ამავე შენობაში პრეზიდენტის საცხოვრებელიც იქნება?

- არა, ეს იქნება სამუშაო დანიშნულების შენობა.

- თქვით, რომ უკვე 15 მილიონი ლარი გაიხარჯა. ეს თანხა საკმარისია მშენებლობის დასასრულებლად?

- დამატებითი თანხები საჭირო აღარ იქნება. მხოლოდ ადმინისტრირებასთან დაკავშირებული თანხები იქნება საჭირო, რაც ჯამში მილიონ ლარსაც არ უნდა შეადგენდეს. თუმცა, ჯერ საპროექტო ორგანიზაციამ უნდა გადააკეთოს პროექტი და იმის მიხედვით დავითვლით დამატებით ხარჯებს.

- როდესაც აქ აშშ-ის საელჩო იყო, მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული იყო ე. წ. დამცავი კედელი, რაც აღიზიანებდა საზოგადოებას. თქვენც ხომ არ აპირებთ "ბარიკადის" აღმართვას?

- მიმდებარე ტერიტორიისა და ეზოს კეთილმოწყობის საკითხი შემდგომში მოგვარდება. თუ რამე კედელი აღიმართება, ეს იქნება ეზოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც არ შეუქმნის დისკომფორტს საზოგადოებას.

- პრეზიდენტი რომელ სართულზე იქნება და რამდენი ოთახი ექნება დათმობილი?

- ამ ეტაპზე დეტალურ ინფორმაციას ვერ გავცემთ იმის გამო, რომ შენობა სპეციფიკური დანიშნულების იქნება.

- რა ბედი ელის ავლაბრის რეზიდენციას?

- ამ საკითხზე ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს. ამბობენ, შენობა სასტუმროდ ან მუზეუმად გადაკეთდებაო. ცოტა ხნის წინ ერთ ტოქშოუში სტუმრად მისულმა სააკაშვილმაც გამოთქვა მოსაზრება, - მისი ვარაუდით, ავლაბრის რეზიდენცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მთავრობამ და მისმა მეთაურმა უნდა დაიკავონ.

წინასწარი ინფორმაციით ივანიშვილი ავლაბარში გადასვლას არ აპირებს.

P.S. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ეკონომიკურად და პოლიტიკურად ჯერაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ერს ახალი საპრეზიდენტო რეზიდენცია კი არა, საქმის გამკეთებელი პრეზიდენტი სჭირდება. ამასთან, ხალხი გადამეტებულად მიიჩნევს საპრეზიდენტო რეზიდენციებისთვის დიდი თანხების გამოყოფას. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით,  ავლაბრის რეზიდენცია 80 მილიონამდე დოლარი დაჯდა, არაოფიციალურით კი - 800 მლნ დოლარი(!!!).