მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!.. - კვირის პალიტრა

მგზავრებო, "კანფეტებიანი მძღოლი" გასაჭირშია!..

თემის გაგრძელება

"არ ვიცი, რა წყალს მივცე თავი"

მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებს, გასაჭირშია. თუმცა, სანამ ამის შესახებ გიამბობთ, შეგახსენებთ "კანფეტებიან ძიას", რომელიც "კვირის პალიტრამ" რამდენიმე თვის წინ გააცნო მკითხველს.

ქუთაისელი თემური თბილისში, #66-ის ხაზზე მოძრავი ყვითელი სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. მასთან მგზავრობა ყველას მოსწონს, რადგან ტრანსპორტში ასვლისთანავე კანფეტს გიწვდის და გიღიმის, გემოვნებიან მუსიკას გასმენინებს, სიცხეში კონდიციონერის ჩართვა არ ავიწყდება... ქართველი მძღოლებისთვის უჩვეულო საქციელის გამო თავიდან იბნევი, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო, რა ხდება. შემდეგ კი სამუდამოდ გამახსოვრდება, რომ ქალაქში ყვითელი "მარშრუტკით" დადის კაცი, რომელიც სიკეთეს და ღიმილს თესავს. ყველა მგზავრს გვეგონა, რომ თემური ძალიან ბედნიერი კაცია, მას კი თურმე თავშესაფარიც არა აქვს და უკვე 4 წელია, გასაჭირში ცხოვრობს, ცოლ-შვილისგან შორს. მიუხედავად ამისა, სითბო და სიკეთე არავისთვის ენანება.

2008 წელს უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა. 6 თვის განმავლობაში თავიდან აწყობდნენ ექიმები. გადარჩა, მაგრამ ერთბაშად დაკარგა ჯანმრთელობა, სახლი, ქონება. დარჩა ღია ცის ქვეშ ოჯახთან ერთად. მეუღლე და 19 წლის ვაჟი დღეს დაგირავებულ ბინაში ცხოვრობენ ქუთაისში. მიტოვებული ჰყავს მოხუცი დედა.

თემური კარგა ხანს ღამეს ღია ცისქვეშ ათევდა, სანამ მუხიანში, საბავშვო ბაღის შენობაში ერთმა მოხუცმა არ შეიფარა.  მანამდე მონასტერშიც იცხოვრა. აღდგომის დღესასწაულზე ბერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ წამოვიდა და მძღოლი გახდა. "ჩემი ვალი და ტვირთი ვერ ავკიდე ოჯახს, ისედაც მძიმე დღეში ჩავარდნილს. ვერ გავბედე, მხოლოდ ღვთისთვის მიმენდო მათი თავი და წამოვედი მონასტრიდან, იქნებ რაღაც საქმე ვნახო, რომ ვალი გავისტუმრო და შვილი აღარ შემიწუხოს ვინმემ-მეთქი. წელიწადზე მეტია ვმუშაობ და იმედი გამიჩნდა, რომ ისევ დავალაგებ ცხოვრებას", - იხსენებს თემური. ღმერთმა გადმოხედა და თბილისის რკინიგზის სადგურზე ცხრა ღამის გათენების შემდეგ უცნობმა ახალგაზრდამ სამსახური აპოვნინა. სამარშრუტო ტაქსების გარაჟში თითქმის მაშინვე აიყვანეს მძღოლად. მას შემდეგ თვეში ერთდროულად სამ ვალს ისტუმრებს, ერთი წლის ბოლოს დამთავრდება, ორსაც წელიწად-ნახევარში მორჩება, მაგრამ კიდევ რჩება ვალი, 12 ათასი დოლარი. არაფერია, ღმერთი შემაძლებინებს და მაგასაც გავისტუმრებო, - ამბობს სევდიანი ღიმილით, მაგრამ საქმე არც ისე იოლად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ამ კეთილ მძღოლს მასავით კეთილი მეგობრები ჰყავს. ავტოავარიამდე, სანამ საქმე კარგად მისდიოდა, ბიზნესის გასაფართოებლად ფული დასჭირდა და რადგან ბანკმა გაუჭიანურა კრედიტის მიცემა, საქმე კი არ იცდიდა, მეგობარმა შესთავაზა, ჩემი სახლი დავაგირაოთ და კერძო პირებისგან ავიღოთ ვალი, ამასობაში ბანკიც დაგიმტკიცებს სესხს და ჩემს ბინასაც გამოვიხსნითო. სამწუხაროდ, მეგობრებს ბედმა დასცინა. თემური მალე ავარიაში მოყვა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. ისევე, როგორც მისი ქონება, მეგობრის სახლიც დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

თემური: - ამდენი ხანი აცალა აღმასრულებელმა ჩემს მეგობარს თავის სახლში ყოფნა, მაგრამ როდესაც ჩემ შესახებ გაზეთში დაიბეჭდა და ტელესიუჟეტები მომზადდა, იმ კერძო პირებმა, ქალბატონებმა, ვისი ვალიც გვაქვს, ერთი ამბავი ატეხეს, მაგას სამსახური უშოვია, ფული აქვს და სასწრაფოდ ვალი გაგვისტუმროსო. ვიმუშავებ და გავისტუმრებ, მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ვერა და არ ვიცი, რა წყალს მივცე თავი. ის ჩემი მეგობარი, დიდებული ადამიანი, თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად სახლიდან რომ გამოაგდონ, ჩემს სიცოცხლეს რა ფასი ექნება? არადა, 12 ათასი გადასახდელი გვაქვს.

- იმ ქალებს არ დაელაპარაკეთ? არ აუხსენით, რომ არსად გარბიხართ...

- მათ ადვოკატს ველაპარაკე. მითხრა, 12 ათასი დოლარიდან რაღაც ნაწილი ერთიანად დაფარე და შემდეგ პერიოდული გადახდის ცხრილი შევადგინოთო. ასე მეგობრის ოჯახიც გადარჩება და მეც შევძლებ ვალის გასტუმრებას, მაგრამ იმ თანხის ნაწილი საიდან მივცე? სასამართლოსი და აღმსრულებლისაც ვერ გავიგე. ახლახან წავიკითხე, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით იპოთეკარების საკითხი უმტკივნეულოდ უნდა გადაწყდეს და ადამიანები ხელაღებით არ უნდა გამოასახლონ ბინებიდან. მათ შანსი უნდა მისცენ. ნუთუ ეს გადაწყვეტილება ჩემს ვალზე არ მოქმედებს? მეც მომცენ შანსი. ჯერ იყო და, უცხოელმა მძღოლმა გამანადგურა და მე მთხოვდნენ იმის ნაცვლად პასუხს, მერე ყველაფერი წამართვეს ბანკებმა და არავინ გაითვალისწინა, რომ მომაკვდავი ვიყავი. დროებით რომ შეეჩერებინათ ვალის დაფარვა, დავდგებოდი ფეხზე, ისევ მივხედავდი ჩემს აწყობილ ბიზნესს და არავის დავრჩებოდი ვალში. უბედურ კაცს ქვა აღმართში ეწევაო, ჩემზეა ნათქვამი. ყველას ვთხოვ, დამეხმარეთ. ჩემს კოლეგებს, მძღოლებსაც უნდა ვთხოვო. ყველამ რომ ლარი მასესხოს, ვპირდები, რომ გავისტუმრებ. ვაპირებ, ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელებსაც ვთხოვო დახმარება, მასესხეთ ფული, გაგისტუმრებთ, დღეს ვერა, მაგრამ ხვალ-ზეგ უთუოდ გაგისტუმრებთ და ნუ დამატოვებინებთ ჩემი მეგობრის ოჯახს ღია ცის ქვეშ. მე თუ არა, მისი შვილები შეიბრალეთ. თუ ფულს სასწრაფოდ არ გადავიხდი, ორ კვირაში მათ სახლიდან გამოყრიან.

P. S. "კვირის პალიტრით" გაცნობის შემდეგ "კანფეტებიანი ძიას" დასახმარებლად ნუცუბიძის ქუჩის მობინადრეებმა წერილით მიმართეს მერიის სატრანსპორტო სამსახურს და მისთვის თავშესაფრის გამოყოფა სთხოვეს. თუმცა, ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ. კომპანიამ, რომელშიც თემური მუშაობს, მელომანი მძღოლი "დიპ ფარფლის" კონცერტის ბილეთით დაასაჩუქრა. სიკეთე გადამდები აღმოჩნდა და გამრავლდა. ხალხმა მისი ანგარიშის ნომერი მოითხოვა, ფულს გადავურიცხავთო.  ადამიანები გაჭირვებული კაცის სიკეთემ გაახარა, თანაც ისე, რომ გაზეთის ვებგვერდზე "კანფეტებიანი ძიას" ამბავი რეკორდულად ბევრმა მკითხველმა გაიზიარა. როგორც ჩანს, ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია და თუ ვინმე გამოხატავს ამას, ხალხი ბედნიერია... მოგვწერეს, "კარგი იქნება, ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნოთ. ასეთ კაცს დაფასება სჭირდება, ეგებ მისი პრობლემაც მოგვარდესო. იმის გამო, რომ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ გაკოტრებულს ბანკებმა ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს და ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი ვალი, მის ანგარიშზე შესული თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება. თემურს კი მეგობრის სახლის ამბავი ადარდებს, ახლა მისი ვალის გასტუმრება უფრო საშურია. ამიტომაც ახალი ანგარიში მეგობრის სახელით გახსნა.

ლიბერთი ბანკი

GE72LB0711131484698000

გელა შიუკაშვილი