თითოეულ მანქანას ულმობელი ბედისწერის ბეჭედი აზის
29-07-2013
თითოეულ მანქანას ულმობელი ბედისწერის ბეჭედი აზის
არასოდეს დაფიქრებულხარ, რა მოგვდის ავტოკატასტროფების დანახვისას? ტრაგედია წამიერად, მაგრამ ახერხებს ჩვენი სხეულისა და სულის დანგრევას. თუმცა დაზარალებულებისაგან განსხვავებით გვგონია, რომ ეს შეგრძნება მალევე გაქრება. სულ ტყუილად! ეს შეუცნობელი შიში კარგა ხანს არ გვტოვებს.

საშინელი გრძნობა დამეუფლა, როცა საბურთალოს გორაზე, სასაფლაოსთან ათეულობით დალეწილი მანქანა აღმოვაჩინე - ყველა მათგანს ულმობელი ბედისწერის ბეჭედი ეტყობოდა.


მახლობელი "პროფილაქტიკის" ბიჭებმა მაზუთიანი თითები ჩვრით შეიწმინდეს და გაკვირვებულებმა მკითხეს, - ქალბატონო, რით მოგემსახუროთო.
არაფრით,  მაგრამ მოსვლა აკრძალული ხომ არ არის-მეთქი. რთული ამოსაცნობი არ იყო, რომ კლიენტი არ ვიყავი, როგორც ჩანს, არც ლაპარაკის თავი ჰქონდათ. პირი იბრუნეს და დალეწილი მანქანებიდან ხარახურის ამოღება განაგრძეს.

- აქაურობის შემხედვარე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მანქანების სასაფლაოზე მოვხვდი, არა? - ვეცადე ყურადღება მოექციათ.

ეტყობა უსიტყვოდ რომ მიმატოვეს, თავი
უხერხულად იგრძნეს და რამდენიმე ჩემკენ ღიმილით გამოემართა.
-  ეს მანქანები თქვენ ბევრი გგონიათ? ათასჯერ ამდენი ჯართად არის უკვე გასული საზღვარგარეთ. საქართველოში "პროფილაქტიკაში" შესაკეთებლად იმ მანქანას არავინ მოიყვანს, სადაც კაცი მოკვდა, უბრალოდ ყიდიან. მყიდველიც ნაწილებად შლის, ყიდის და ფუტლარს ჯართად აბარებს. ასეა წესი.

- წესი თუ საკრალური მოვლენის შიში, რომ იგივე არ განმეორდეს?
- ქალბატონო, ჩვენებური კაცი ჩვენებურ კაცს სცემს პატივს და ეგ არის! თორემ ეგ საკრალია თუ რაც არის, საზღვარგარეთიდან ვეღარ ჩამოვა?! იქიდან აუქციონზე გაყიდული იმდენი დალეწილი მანქანა შემოჰყავთ ჩვენებს, ფოთში შემოსულ გემებში ტარანივით აწყვია. ბევრი ისეთ დღეშია, პატრონიც ვერ ცნობს. მაგრამ რა ენაღვლებათ, ადრე უცხოელებიც ჯართში აბარებდნენ ნაავარიებ მანქანებს, მაგრამ რაც ჩვენებმა მეორადი მანქანების შემოტანა დაიწყეს, ეშველათ, - ამ მილეწ-მოლეწილ ავტოებს აუქციონზე გამოიტანენ, დაედებიან ჩვენი ბიჭები და ყიდულობენ. მერე ჩვენ ნაწილებად ვუშლით და ასე ვაყიდვინებთ, ზოგიერთი მანქანის მხოლოდ ნაწილები რამდენიმე ათას დოლარად იყიდება. ანდა ისე ვურემონტებთ, რომ ნაკაწრიც აღარ ეტყობათ და ყიდიან.

- ნაკაწრი არ ეტყობათ, მაგრამ სინამდვილეში  ეს ნაავარიები მანქანები ხომ მაინც ძალზე საშიშია?

- მერე, რა?! აბა, ახალი მანქანის მუშტარი სად არის? 100 ათას დოლარს და მეტს ახალ მანქანაში ვინ ჯანდაბა მისცემს?!

- ბიჭებო, ალბათ წლებია, აქ მუშაობთ და რას აკვირდებით, ვინ არის ავარიის ყველაზე ხშირი მსხვერპლი?
- მაგას რა დაკვირვება უნდა, ქალბატონო? ახალგაზრდები! პატარა ბიჭს რომ გასაღებს მისცემს მამიკო ხელში, იმას მთელი ქვეყანა, თავისი ტრასიანად თავისი ჰგონია. არც სიკვდილი იცის რა არის და არც მისი ეშინია.

- მძღოლ  ქალებზე რას მეტყვით?

- ქალს კაცივით სწრაფი რეაქციის უნარი არ აქვს, მაგრამ არც კაცივით გარისკვა შეუძლია, ამიტომაც ხშირად გადარჩება.

- რა იოლად ლაპარკობთ ამ თემებზე. შეეჩვიეთ ალბათ საშინელებების ყურებას და მოსმენას...
- ცხოვრება ასეა,  რას არ შეგაჩვევს. მაგრამ ამ ცხოვრებაში ყველას თავისი თავი აბარია და ის თავი მართლა ამ ჯართს რომ არ შესწიროს, ცოტა ჭკვიანურად უნდა მოიქცეს! - მითხრა ერთ-ერთმა და  ჯართად ქცეულ ერთ დროს ბრწყინვალე "პორშეს" ფეხი ჰკრა. ამით საუბარიც დაამთავრა და თავისი განწყობაც გამოამჟღავნა ცხოვრებისადმი, რომელიც ასე დაუნდობელია. ასეთი კი ის ხშირად ისევ ჩვენი დახმარებით ხდება.
გინდათ, ეს არ მოხდეს?

მაშინ არასოდეს გაუშინაურდეთ უბედურებას!


ავტოავარიების მსხვერპლნი

მსოფლიოში პირველი სატრანსპორტო შემთხვევა, რომელსაც მსხვერპლი მოყვა, 1869 წელს მოხდა: ირლანდიელი მეცნიერი მერი უორდი თავისი ბიძაშვილების ორთქლის მანქანიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა.
პირველი ავტოავარია კი 1891 წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ოჰაიოში მოხდა: ჯონ უილიამ ლამბერტი თავის მიერვე დაპატენტებულ ერთცილინდრიან, ბენზინზე მომუშავე მანქანით ხის ფესვს წამოედო, მართვა დაკარგა და ბოძს შეეჯახა.

საავტომობილო ინდუსტრიის განვითარების კვალდაკვალ კატასტროფულად იზრდება ავტოავარიების მსხვერპლთა რაოდენობა, - მსოფლიოში ყოველწლიურად 1.2 მილიონი კაცი იღუპება. მათგან პირველ ადგილზე 15-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. 20-დან 50 მილიონამდე ადამიანი კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს.
dato
31 ივლისი 2013 05:18
თავი მართლა ამ ჯართს რომ არ შესწიროს, ცოტა ჭკვიანურად უნდა მოიქცეს!
niko
29 ივლისი 2013 11:26
საიხელმწიფო რაც მეტად იზრუნებს სატრასპორტო საშვალების მზღოლებზე, და შექმნის ისეთ საშვალებებს სადაც შესადზლებელი იქნება მიზეზის გამოვლენა უბედური შემთხვევისა, თავიდან აცილებული იქნება ხშირი სემთხვევები /

რედაქტორის რჩევით